იუსტიციის სახლთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
მესამე სექტორის მოთხოვნაა, ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსესუსის შედეგად.
აქციის მონაწილეების თქმით, შეუძლებელია მინისტრმა აირჩიოს დამოუკიდებელი პროკურორი, რადგან ის აუცილებლად იქნება მმართველი გუნდის გავლენების ქვეშ.
როგორც აქციაზე აცხადებენ, თეა წულუკიანი პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მათივე შეფასებით, არ განახორციელა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
არასამთავრობოები არ აპირებენ, დაასახელონ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. „ევროპული საქართველო“ არამარტო იუსტიციის მინისტრის გადადგომას მიესალმება, არამედ მთავრობის შეცვლის მომხრეა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი თეა წულუკიანს საქმიანობას უწონებენ და ამბობენ, რომ მესამე სექტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
როგორც უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია და პროკურატურის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ მესამე სექტორი პოლიტიკური მოთხოვნებით გამოვიდეს, რაც, სხვა დროსაც, არაერთხელ დაფიქსირებულა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს.
„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოებაში არსებულ პათოსთან, რომელსაც გააჩნია თავისი, აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“,- განაცხადა მარგველაშვილმა მედიასთან საუბრისას.
პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა“.
„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამას ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია. გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, როდესაც არასამთავრობო სექტორმა ამ თემაზე საუბარი დაიწყო. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ NGO-ების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.
მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, - აცხადებს კვირიკაშვილი.