ტრამპის ინაუგურაციისთვის ნაყიდი მოსაწვევები

ტრამპის ინაუგურაციისთვის ნაყიდი მოსაწვევები

რა ფასი დაუჯდათ ქართველ ოპოზიციონრებს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, ამის შესახებ კითხვები უკვე ჩნდება. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ვრცელდება ხმები, რომ მარტო ბადრი ჯაფარიძემ ტრამპის ინაუგურაციის აბონემენტი 500 ათას დოლარად 5 კაცისთვის შეიძინა.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიგით მეორე ინაუგურაცია მოსალოდნელი უამინდობის, არქტიკული სიცივის გამო კაპიტოლიუმის როტონდაში ჩატარდება, მსგავსად რეიგანის ინაუგურაციისა, რომელიც, ასევე, ცივ ამინდს დაემთხვა და ამავე შენობაში გაიმართა. 40 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია ქუჩის ნაცვლად შენობაში გაიმართება.

ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს ორშაბათს ვაშინგტონის დროით 12 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე) დადებს. ამ დროს შესაძლოა, ტემპერატურა 11 გრადუსამდე დაეცეს. ამიტომ ტრამპის რეკომენდაციაა ღონისძიებაზე მიმსვლელთათვის, თბილად ჩაიცვან.

ინაუგურაციის დღე წმინდა იოანეს ეკლესიაში მსახურებაზე დასწრებით დაიწყება, შემდეგ თეთრ სახლში ბაიდენის და ტრამპის ოჯახების ჩაის დალევის ფორმატით გაგრძელდება, ბოლოს კი ფიცის დადების ცერემონიალით და ამერიკელი ხალხის მიმართ ტრამპის სიტყვით დასრულდება. პარალელურად, ბაიდენები თეთრ სახლს ვერტმფრენით დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება იმის მიუხედავად, რომ თავად ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დასწრებია.

ამერიკის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი შეუერთდება ამ ღონისძიებას - ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი. ინაუგურაციაზე მიწვეულნი არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი, სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და სხვები.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოდან ოფიციალური მიწვევა არავის მიუღია, მათ შორის, არც პრეზიდენტყოფილ ზურაბიშვილს, რომელიც დონალდ ტრამპ უმცროსთან, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან გადაღებულ ფოტოებს ნიშნის მოგებით აქვეყნებს და ავიწყდება, რომ იგი ოფიციალურად არ მიუწვევიათ. ზურაბიშვილის შუამავალი ამ შეხვედრებში რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონია, რომელიც ცდილობს, ზურაბიშვილი ამერიკის ისტებლიშმენტს წარუდგინოს.

აშშ-ში ზურაბიშვილის ვოიაჟს ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან იმისთვის, რათა 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ.

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს, სინამდვილეში, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ მაკრონმა შეახვედრა ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს, საკუთარი ინაუგურაციის წინ ტრამპს სულაც არ ცხელა იმ საკითხზე დაფიქრებისთვის, თუ ვის მიიწვევს 20 იანვარს საზეიმო ცერემონიალზე. ამდენად, ტრამპის ნდობით სარგებლობა მის გარემოცვას ბოროტად შეუძლია და ამ გარემოცვას ხელეწიფება საკუთარი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შეადგინოს ინაუგურაციაზე დამსწრეთა სია.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავისთავად ინაუგურაციაზე დასწრება არაფერს ნიშნავს, ასე სააკაშვილიც ესწრებოდა ტრამპის პირველ ინაუგურაციას ყოვლად სამარცხვინოდ, რადგან იმდენი ფული არ ჰქონდა მაშინ, ყოველ შემთხვევაში, ბიძამისმა არ მისცა ფული, ამიტომ სააკაშვილი სადღაც შორს, მართლაც ბუჩქების იქით, სადაც ნებისმიერი რიგითი ადამიანი იდგა, თავჩაღუნული ტელეფონში იყურებოდა. ამ სამარცხვინო ფოტომ მსოფლიო მოიარა და ყველასთვის ცხადი ხდება, რომ გარკვეული ადგილები იყიდება ინაუგურაციებზე.

პეტრე მამრაძე იმასაც იხსენებს, რომ თავის დროზე, როცა ტრამპი ციხეში შეიყვანეს და სახაზავის ფონზე ფოტო გადაუღეს ანფასსა და პროფილში, ტრამპმა მაშინვე დააბეჭდინა ეს ფოტოები ფერადად, საფოსტო ბარათი გააკეთა ციხეში გადაღებული ორი ფოტოთი და ძალიან დიდი ტირაჟით გაყიდა ეს ფოტოები. ამ დროს სხვა ადამიანისთვის ეს სირცხვილი იქნებოდა, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ციხეში შეიყვანეს. ტრამპმა კი დიდი ფული იშოვა ამით, თანაც, ტელევიზიით გამოაცხადა, იმ ხალხს, ვინც შეიძენს ჩემს ბარათს და მომიტანს, ავტოგრაფს დავუწერო და მსურველთა რიგი დადგა...

სულ სხვა დროა მსოფლიოში. რაც 25 წლის წინ იყო, ახლა ყველაფერი შეცვლილია, რაღაც დროით მაინც. ეს ის დროა, როდესაც შეუძლია ჯო უილსონს შეახვედროს რუბიოსაც და სხვებსაც ეს პათოლოგიური, ანტიეროვნული ადამიანი, საქართველოს მტერი ზურაბიშვილი. ჯო უილსონი ფოტოებს იღებს და ამბობს, რომ ბედნიერია, რომ ასეთი ოპოზიცია გაიცნო საქართველოდან. ის ბედნიერია მხოლოდ იმის გამო, რომ აშკარად ფულს იღებდა და, ალბათ, ახლაც იღებს ე.წ. ოპოზიციისგან. სხვათა შორის, მეუბნებიან, რომ ბადრი ჯაფარიძემ ინაუგურაციაზე დასასწრებად 500 ათასი დოლარი გადაიხადა, მაგრამ ამის შემოწმება რთულია, 5 ადამიანის დასასწრები ბილეთი უყიდიათ ერთად. ახლა მთავარია, როგორი ბილეთი იყიდეს და სად დადგებიან, როგორც თეატრებში, მსოფლიოს წამყვან ოპერებში სულ სხვაა მილიონერთა დასასწრები ძვირადღირებული ბილეთები და სრულიად განსხვავებულია გალიორკის და იარუსების ბილეთები. არის კიდევ სტუდენტებისთვის ძალიან იაფი ბილეთები, რომლებიც ფეხზე დგანან. სერიოზული პოლიტიკური მდგენელია ლობიზმი. იმ ფონზე, როდესაც ტრამპს ყოველი ხმა სჭირდება სენატში, მას რომ უთხრა, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეო, გარანტიას ვერ მივცემ ვერავის, რომ ტრამპი ამას არ გააკეთებს, რასაც შემდგომში ჩვენი ოპოზიცია ხელზე დაიხვევს. მერე დრო გავა და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ განცხადების უკან არაფერი არ იყო, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოსის განმარტებით, ანტიეროვნულ ძალებს, სააკაშვილის თანამზრახველებს ნამდვილად ჰყავთ ლობისტები კონგრესსა და სენატში. წლების განმავლობაში ეს ლობი ძლიერდებოდა მათ მიერ ინტენსიური მუშაობის შედეგად, გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური კავშირებიც შეიქმნა, როგორც ეს დაიწერა ჯო უილსონის შესახებ, რადგან უილსონი კადრულობს ისეთ ლექსიკას, რაც არ შეეფერება სენატორს, ჟირინოვსკი რომ კადრულობდა რაღაცებს, მასზე უარესი ჩანს ჯო უილსონი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, პეტრე მამრაძე ასკვნის, რომ ლობიზმი გარკვეულ წარმატებას აღწევს ხოლმე. ამდენად, არ შეიძლება ზურაბიშვილის დასწრება ინაუგურაციაზე ზერელედ და უპასუხისმგებლოდ განვიხილოთ.

უილსონი თავიდანვე პოზიციონირებდა, როგორც ტრამპთან დაახლოებული პირი, ტრამპისტი. მაშინ, როცა ტრამპთან ურთიერთობა არ სურდა ბევრ რესპუბლიკელს, ჯო უილსონი მუდამ ამბობდა, მე და ტრამპი, მე მოვახსენე ტრამპს, რა კოშმარიც არის საქართველოში. ჩვენი ანტიეროვნული ძალების მიზანი აშკარაა - გავიდნენ ტრამპზე. ისინი ცდილობენ, ათქმევინონ ტრამპს, უნდა დავასრულოთ კოშმარი საქართველოში, თურმე ეს რა ხდება საქართველოში. არადა, ტრამპისთვის სენატში ყოველი ხმა ძვირფასია, რადგან მიმდინარეობს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურების დამტკიცება, რაც ადვილი საქმე არ არის. ხშირ შემთხვევაში, ეს ისეთი კანდიდატურები არიან, რომელთაც გამოცდილება არ აქვთ, რომელთა ბიოგრაფიაშიც კომპრომატებს პოულობენ. ყველაფერი აგებულია აბსოლუტურ ტყუილზე, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის შემთხვევაში, როცა აშშ-ის წამყვანი პუბლიცისტები თანაუგრძნობდნენ ვითომ უსამართლოდ დაჩაგრულ სააკაშვილს. ასევე, სიენენ-ზე 12-წუთიანი ფილმი გაუშვეს, როგორ სასტიკად აწამებდნენ სააკაშვილს, როგორ შიმშილობდა ეს უბედური, გონებამიხდილი როგორ ხოხავდა იატაკზე, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა და იქვე ვარდებოდა. მერე აიწევდა მაისურს და ნეკნებს აჩვენებდა. ამ ყველაფერს მუქ ლურჯ ფერებში აჩვენებდნენ, ვერ გაიგებდი, ეს ფეშენებლური პალატა იყო, თუ საშინელი ადგილი. ამ დროს ყველამ იცოდა საქართველოში, რა პირობებშიც ცხოვრობდა ვივამედში, რამდენი მნახველი ჰყავდა და დედამისი ორჯერ შედიოდა. იგივე მეორდება ახლაც, აბსოლუტურ ტყუილზე აგებული საინფორმაციო კამპანია მოქმედებს და ეს კამპანია უფრო ძლიერდება, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

რაც შეეხება ზურაბიშვილის შეხვედრებს მარკო რუბიოსთან, თუ ტრამპის შვილთან, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ იგი თავიდანვე მოუწოდებდა ოცნებას, გასულიყვნენ ტრამპის ახლობლებზე - კუშნერზე, რომელიც ტრამპის სიძეა, ტრამპის ვაჟიშვილებზე, სხვებზე, ვინც არიან ტრამპის გარშემო, რადგან ტრამპს სჯერა პირადი ურთიერთობების, ნათესაური კავშირების, რაც მან ბევრჯერ დაამტკიცა.

ცხადია, ტრამპს ახლა არ სცალია იმისთვის, ვინ დაპატიჟოს ინაუგურაციაზე. ტრამპის მხრიდან უშუალო მიწვევა არ არსებობს, მაგრამ სენატორი უილსონი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც სრულიად უნამუსო ადამიანია და კოშმარულ რაღაცებს აბრალებს საქართველოს, ოპოზიციისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს ახორციელებს. პეტრე მამრაძის თქმით, ჯო უილსონი ჯერ ყვიროდა, ივანიშვილი ჩინეთის და ირანის მეგობარიაო, მერე ამ არაკაცმა ძინპინი თავისი სიიდან ამოიღო და ახლა ირანს აწვება. რა შუაშია ირანი?! როდის ყოფილა ივანიშვილი რაიმე კონტაქტში ირანთან?! ამერიკა კი ნამდვილად არის ასეთ კონტაქტში და ნავთობსაც მშვენივრად ყიდულობს ირანისგან, მიუხედავად სანქციებისა.