მასობრივი დეპორტაცია, შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან, ომის დასრულება ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში - რა ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის 47-ე პრეზიდენტი, მმართველობის პირველ 100 დღეში, მსოფლიო 20 იანვრის შემდეგ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინშია.
უკვე ცნობილია, რომ ტრამპი ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. უფრო მეტიც, ტრამპი ამბობს, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს. ორი ლიდერის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს.
დონალდ ტრამპს და ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შორის, სატელეფონო საუბარის შესახებ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტმა გაახმოვანა.
„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი შედგა, როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ერთად მოვაგვარებთ ბევრ პრობლემას და ამის გაკეთებას დავიწყებთ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გავხადოთ!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
რაც შეეხება პუტინს, დონალდ ტრამპის განცხადებით, მასთან შეხვედრას ძალიან მალე აპირებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის განმარტებით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს და ეს მისი ოვალურ კაბინეტში შესვლის შემდეგ მოხდება.
კითხვაზე, რა არის ომის დასრულების სტრატეგია? - ტრამპი ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გეგმა და მისი შესრულება პუტინზეა დამოკიდებული.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ისრაელის პრემიერსა და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შორის საუბარი შედგა.
ბენიამ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „ისრაელი იტოვებს უფლებას დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს, თუ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები „ჰამასთან“ უშედეგოდ დასრულდება.
პუტინის ინაუგურაციამდე კი ახლო აღმოსავლეთში ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და 19 იანვარს უკვე ძალაში შევიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ იდეას ემხრობიან ამერიკის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები.
თავად დონალდ ტრამპი კი, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე აცხადებს, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ მხარეები შეთანხმებას არ შეასრულებენ.
ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია საქართველოც. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმედოვნებს, რომ ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა სრულიად სხვა კონტექსტში გადაინაცვლებს. „ოცნებას“ მოლოდინი აქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გადაიტვირთება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი გაგრძელდება.
20 იანვარს მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში ვაშინგტონი იქნება. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ფიცს ადგილობრივი დროით 12 საათზე დადებს, ხოლო თბილისის დროით საღამოს 9:00- საათზე. მანამდე კი შტატებში ბოლო სამზადისია.
ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი და ბარაკ ობამა - ცერემონიაში მონაწილეობას ამერიკის ყველა ცოცხალი ექსპრეზიდენტი მიიღებს.
კაპიტოლიუმში იქნება ჰილარი კლინტონიც, რომელსაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აჯობა და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მან ნოემბერში დაამარცხა.
მსოფლიო დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის მოლოდინშია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი უკვე მეორედ მიიღებს.
ამის შემდეგ, ახალი პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვით გამოვა და თავის გეგმებზე ისაუბრებს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და ტრამპის გარემოცვის გადაწყვეტილება ნათელი და, შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც კია ჩინეთთან დაკავშირებით. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დიდი პოლიტიკური გათვლა და ინტერესები დგას.
„ტრამპის ასეთი ღია განცხადებები ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით და ამ ორი გიგანტი ქვეყნის თანამშრომლობის მზადყოფნა ძალიან სიღრმისეული პოლიტიკის საფუძველია. როგორც ჩანს, ტრამპმა და მისმა გარემოცვამ ჩინეთთან დაკავშირებით პოლიტიკა რადიკალურად შეცვალეს და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ამერიკის ძალიან გამოცდილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ კისინჯერის განცხადება მინდა გავიხსენო, როდესაც მან თქვა, რომ ამერიკას გიგანტ და მსოფლიოში დიდ ქვეყნებთან დაჯახება არაფერში აწყობს და არც წაადგება. საბჭოთა კავშირის პერიდოში კისინჯერი მიიჩნევდა, რომ დიდ ქვეყნებთან პირდაპირი შეჯახება ამერიკისთვის წამგებიანი იქნებოდა. როგორც ჩანს, იგივე პოლიტიკას იზიარებს ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ჩინეთთან დაკავშირებით.
ფაქტია, რომ ტრამპმა გადაწყვიტა ჩინეთთან თანმშრომლობის ფორმა მონახოს და გავლენების გაყოფაზე მშვიდად შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, აქ როლს უკრაინის ომის ფატქორიც თამაშობს. გვახსოვს, ალბათ, ტრამპის განცხადება, რომ სიძინპინს შეუძლია პუტინზე გარკვეული გავლენის მოხდენა, რათა უკრაინის ომის საკითხი და ცეცხლის შეწყვეტა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ტრამპი აქაც მართალია და სიძინპინის გამოყენება პუტინზე გარკვეული ზეგავლენის მოსახდენად ძალიან კარგი იქნება. ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მომსწრენი ვართ. მიმაჩნია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ძალიან სწორი და ლოგიკურია, რადგან უნდა თუ არა, მას ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. ის არის უძლიერესი და უდიდესი სახელმწიფო, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და მასთან დაპირისპირება ტრამპს არაფერში აწყობს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად და ძალიან სწორად დადო ფსონი, როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოვაწერეთ. მისი თქმით, ჩვენი ოპოზიციისგან განსხვავებით, ივანიშვილი ზუსტად მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ტრამპის მოქმედების ლოგიკა ჩინეთთან მიმართებით.
„მესმის ჩვენი ოპოზიციის, რადგან მათი პოლიტიკური ალღო და შესაძლებლობები ძალიან მწირია. ისინი დაეყრდნენ ტრამპის 2016 წლის მმართველობას და ურთიერობას ჩინეთთან. გვახსოვს, ალბათ, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში ჩვენთან ამერიკის თავდაცვის მინისტრი იყო ჩამოსული და პირდაპირ უთხრა ჩვენს ხელისუფლებას, რომ ანაკლიის პორტი ჩინელებს არ უნად აეშენებინთ. ამიტომაც ოპოზიციამ ფსონი დადო ისევ ტრამპის ძველ პოლიტიკაზე, სადაც ძალიან შეცდა. პოლიტიკა ასეთი ერთხაზოვანი და მარტივი არ არის. ტრამპი მოქმედებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე - ამერიკამ შეძლოს და ისევ ძველი დიდება დაიბრუნოს, რასაც ჩინეთთან დაპირისპირებით ვერ გააკეთებს. ტრამპს ჰყავს მრჩევლები, რომლებიც მას ყველა მოქმედებას უგეგმავენ. ამიტომ ჩინეთთან ახლა ბევრი რამ ექნება ტრამპს გასარკვევი და დასაგეგმი, მათ შორის კავკასიაც და ის სატრანზიტო გზა, რომლითაც საქართველო ძალინ დიდი ინეტრესის ობიექტია. ბაიდენის ადმინისტრაციის შურისძიება „ქართულ ოცნებაზე“ სწორედ ჩინეთთან ურთიერთობა იყო. სანქციები და ეს არნახული ზეწოლა, რომელიც ჯერ კიდევ მოდის დასავლეთიდან, სწორედ ამ დიდი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზია. ამიტომ „ოცნების“ გათვლა სწორი იყო და ამ პოლიტიკის შედეგს უკვე 20 იანვრის შემდეგ დავინახავთ“, - ამბობს საყვარელიძე.