ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში მიიჩნევს, რომ 20 იანვრის შემდეგ მსოფლიოში და საქართველოშიც ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება. ამ რეალობის კონტურები უკვე გამოიკვეთა. მისი თქმით, ტრამპის პირველი პოლიტიკური ნაბიჯი მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ლიდერთან, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კომუნიკაცია და ურთიერთობის დალაგება იქნება. ეს კი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის კრახია. მათ ფსონი ტრამპისა და ჩინეთის ურთიერთობის დაძაბვაზე ჰქონდათ დადებული. ამ კონტექსტში ელოდნენ, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან ჩინეთთან თანამშრომლობის გამო პრობლემები ექნებოდა. ეს გეგმა კი წყალში ჩაუვარდათ და ახლა ლობისტების დახმარებით ტრამპამდე მისვლას ცდილობენ.
ტრამპს უკვე გაცხადებული აქვს სამუშაო გეგმა, რომელსაც მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში შეასრულებს. საუბარია იმაზე, რომ ის ჩინეთთან, რუსეთთან პოლიტიკას გადატვირთავს. ასევე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს. თქვენი მოლოდინი როგორია, რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილებები, რომლებსაც თეთრ სახლში შესვლისთანავე მიიღებს?
- რა თქმა უნდა, ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი შეუდგება იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც თავის ამომრჩეველს მისცა. მისი გავლენა უკვე იგრძნობა - ვნახეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტრამპი საკმაოდ პრინციპული, ქარიზმატული პოლიტიკოსია და აპირებს, რომ ამერიკას ის დიდება დაუბრუნოს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეელახა.
სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გართულებაა მოსალოდნელი, უკვე დასრულდა. ტრამპის პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში სრულიად განსხვავებული იქნება. ასევე მოლოდინი, რომ საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გამო დაისჯება, წარსულს ჩაბარდა. ეს ყველაფერი უკვე ზღაპარია. ამ ორმა ლიდერმა - ტრამპმა და სი ძინპინმა - ზეპირსიტყვიერად გარკვეული კონტურები უკვე წარმოადგინეს. მათი შეთანხმების მთავარი მიზანია, რომ მსოფლიოში მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს. მეორე მხრივ, ჩვენ, საქართველოში, ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკით ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
ფიქრობთ, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბრის ფონზე გარკვეული გავლენების გადანაწილებაზეც იყო საუბარი? საქართველო ამ პოლიტიკურ და რეგიონულ გადანაწილებაში სად აღმოჩნდება და რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას?
- რა თქმა უნდა, სი ძინპინისა და ტრამპის საუბარი ძალიან საინტერესოა, რადგან ამერიკელი ექსპერტები უკვე გააქტიურდნენ და მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რა იქნება ამ ორი ქვეყნის ლიდერის შეხების წერტილები. ცენტრალური აზია ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროსაც ინტერესის საგანი იყო და ახლაც ასე იქნება. ტრამპს ჰქონდა შეხვედრები ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან. უბრალოდ, ეს თანამშრომლობა ვერ გაგრძელდა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და დღეს 47-ე პრეზიდენტი კვლავ აპირებს ამ საინტერესო რეგიონს, როგორც ბიზნესმენი, დაუბრუნდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის პოლიტიკას მეტწილად ბიზნესინტერესები ქმნის და არა მარქსისტული იდეოლოგიები, რომლებიც სოროსმა შექმნა და ახლა მისი შვილი ჩაუდგა სათავეში.
ამიტომ ტრამპის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენს. ეს შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ყველა სკეპტიკოსს მინდა მივმართო - ვინც ფიქრობს, რომ შუა დერეფნის საკითხმა ჩაილურის წყალი დალია, ძალიან ცდება. თითქოს ტრამპსა და სი ძინპინს შორის არანაირი ურთიერთობები არ დალაგდება - ეს ყველაფერი აღმოჩნდა დეზინფორმაცია. ისევე, როგორც ჩვენი ოპოზიციის მოლოდინებია ალოგიკური. თითქოს ტრამპის ინტერესები ცენტრალური აზიის მიმართ გაორმაგდება და გასამმაგდება, მაგრამ ამ ინტერესებში მხოლოდ ცენტრალური აზიის შემავალი ქვეყნები შედის. ასევე სამხრეთ კავკასიაში მისთვის საინტერესო მხოლოდ აზერბაიჯანი იქნება. წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა ტრამპმა დასაჯოს იმისთვის, რასაც თავად გამოუცხადა ომი - ეს არის სოროსის მარქსისტული სისტემა, ლგბტ პროპაგანდა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობა. ამაზე საუბრობს სწორედ ჩვენი ხელისუფლებაც, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაციამ მასზე შური იძია.
ჩვენ ვნახეთ ტრამპის ინაუგურაციაზე წასული ჩვენი ოპოზიციის ნაწილი და ლიდერები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კონსერვატორების მიწვევით იმყოფებიან. აქვე საინტერესო ფიგურა გამოიკვეთა - კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპს საქართველოს შესახებ პირადად ესაუბრა. ვინ არის ეს ადამიანი და რა კომუნიკაცია აქვს ჩვენს ოპოზიციასთან? ხელისუფლება ამბობს, რომ ის დაქირავებული ლობისტია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან არანაირ კავშირში არ იმყოფება.
- ის, რომ ჯო უილსონი ლობისტია და ამაში ფულს იღებს, გასაკვირი და უცხო არავისთვის არის. ეს კონგრესმენი ისეთივე რესპუბლიკელია, როგორიც იყო ადამ კინზინგერი. ეს ადამიანი საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იყო. ამ პიროვნებას ზიანის გარდა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში არაფერი შემოუტანია.
ჯო უილსონი ტრამპის ადმინისტრაციის გუნდს არ წარმოადგენს. ის არცერთ საკვანძო თუ არასაკვანძო პოზიციაზე წარმოდგენილი არ არის. ორი დღის წინ მოვიძიე და გამოვაქვეყნე იმ ადამიანების სრული სია, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ვიზიტით დონალდ ტრამპს ფლორიდის რეზიდენციაში ეწვივნენ. ამ რეზიდენციაში წყდება დღეს გლობალური პოლიტიკა და არა საპირფარეშოების წინ, როგორც ეს ბადრი ჯაფარიძემ დაგვანახა თავის პირდაპირ ჩართვაში. ჯო უილსონი ტრამპთან რეზიდენციაში ნამყოფიც კი არ არის. ამით ხაზს ვუსვამ იმას, რომ მას რომ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანად ვინმე თავად რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევდეს, ჩვენ ამას ადვილად გადავამოწმებდით. არანაირი ფაქტით ეს დეზინფორმაცია არ მტკიცდება. ფარას კანონის მიხედვით კი ყველას შეუძლია ნახოს, „ფორმულას“ სახაზინო არხებით რამდენს უხდიან ჯო უილსონს თითოეულ პოსტსა თუ ფოტოსურათში.
თუმცა ოპოზიციასთან ერთად ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფება. ის სხვადასხვა ამერიკულ მედიას ინტერვიუს აძლევს, სადაც ამბობს, რომ ტრამპის გარემოცვის მიწვევით ჩავიდა ინაუგურაციაზე. შეხვდა ტრამპ უმცროსს და მომავალ სახელმწიფო მდივანს. მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. ასევე დაამატა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა ტრამპამდე მიიტანოს ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში და რომ არჩევნები „ქართული ოცნების“ მიერ არის „მიტაცებული“. რას იტყვით მის ვიზიტზე, რა მოთამაშეა ახლა ოპოზიციისთვის და აქვს თუ არა მას იმის რესურსი, რომ „ოცნებას“ ახალ ადმინისტრაციასთან საქმე გაუფუჭოს?
- თუ დავაკვირდებით, ზურაბიშვილი ჯერჯერობით ჯიუტად, საკუთარ თავზე სვეტლანა ტიხანოვსკაიას როლის მორგებას ცდილობს. ეს ქალბატონი მე-5 წელია საერთაშორისო არენაზე ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ასაღებს. ამ ხნის განმავლობაში ლუკაშენკოს პრეზიდენტობას რამე ზიანი მიადგა? - არანაირი, გარდა ამ ე.წ. კარწინკის შექმნისა, რომ ვითომ რაღაცა პარალელური ლეგიტიმური პრეზიდენტი არსებობს. თუმცა ზურაბიშვილი ბოლომდე ამ ტიხანოვსკაიას როლსაც არ ირგებს. მან ძალიან კარგად იცის, რის ხარჯზე ჰყავს ვაშინგტონსა და პარიზში საკუთარი შვილები საკმაოდ მაღალ თანმდებობებზე დასაქმებული. ძალიან კარგად ესმის, რომ ბოლომდე უარის თქმა, საკუთარი აგენტურული მოვალეობების შესრულებაზე არ შეუძლია. ეს ცუდად აისახება მისი შვილების მომავალზე. მხოლოდ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ ამ ქალბატონის ყველა ქმედება.
გასაგებია, მაგრამ ისმის კითხვა - საქართველოს ხელისუფლება ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან, ორი ქვეყნის საკმაოდ მძიმე ურთიერთობის დარეგულირებას ვისი შუამავლობით შეძლებს? ჰყავს მოკავშირეები, ვისი დახმარებითაც ამ ურთიერთობის გამოსწორების ალბათობა არსებობს?
- მოდით, პირდაპირ ვთქვათ - საქართველოს ხელისუფლების და დონალდ ტრამპის საერთო მეგობარი უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანია. სამხრეთ კავკასიაში კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ალიევიც საქართველოს ძალიან გულმხურვალე მეგობარი და პარტნიორია. მან კარგად იცის საქართველოში სიმშვიდეს კავკასიისთვის, მისი ქვეყნისთვისაც რა ფასი აქვს. ორბანი იყო პირველი ადამიანი, რომელიც არჩევნების შემდეგ პირველი ჩამოვიდა და არჩეულ პარლამენტს მხარი დაუჭირა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის უილსონთან გადაღებული ფოტოების დაკავშირება როგორ შეიძლება?! ისიც ვნახეთ, როგორ მიეპარა და რანაირად შედგა ტრამპისა და ზურაბიშვილის პარიზში შეხვედრა, ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც აღარ შეიძლება.