ვაშინგტონში სიცივის გამო, აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა, რომ მისი ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის როტონდაში გამართოს და არა შენობის მახლობლად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ამასობაში, ინაუგურაციის წინ, ტრამპის ოფიციალური პორტრეტი გამოქვეყნდა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დაწყებამდე გამოყენებული ფოტოსგან.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა, რომ არ სურდა მისი მხარდამჭერები, ინაუგურაციის მონაწილეები და ისინი, ვინც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ჰიპოთერმიის საფრთხის ქვეშ დააყენოს.
აშშ-ს ახალი პრეზიდენტი თანამდებობას ორშაბათს, 20 იანვარს, ვაშინგტონის დროით შუადღისას ოფიციალურად დაიკავებს. მეტეოროლოგების აზრით, ამ დღეს ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს.
„ამინდის პროგნოზი მოითხოვს, რომ ვაშინგტონში ტემპერატურამ მიაღწიოს რეკორდულ დაბალ დონეს Wind Chill Index-ზე დაყრდნობით“, - წერს ტრამპი. „არ მინდა ვინმე დაშავდეს“.
ტრამპმა გაიხსენა, რომ აშშ-ს ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც შენობაში გაიმართა, იყო რონალდ რეიგანი: 1985 წელს მისი ინაუგურაციის ცერემონიაც გადაიდო სიცივის გამო.
ცნობისთვის, ინაუგურაციის ორგანიზატორები მაყურებლისთვის 220 ათასი ბილეთის დარიგებას აპირებდნენ.
ტრამპისა და ვენსის პორტრეტები: ნაკლები ღიმილი
პარასკევს გამოქვეყნებულ ოფიციალურ პორტრეტებზე ტრამპი და ვენსი გამოსახულნი არიან ლურჯი კოსტუმებით, თეთრი პერანგებითა და ლურჯი ჰალსტუხებით. ამავდროულად, ტრამპის სახის გამომეტყველება საკმაოდ მკვეთრად ეწინააღმდეგება ვენსის გარეგნობას: არჩეული პრეზიდენტს თავი ოდნავ ქვემოთ აქვს დახრილი, ერთი წარბი აწეული, ტუჩები მოკუმული.
ვენსი კი კამერას უფრო მოდუნებულ პოზაში ხელებგადაჯვარედინებული უღიმის.
ბევრმა იპოვა მსგავსება ტრამპის ახალ გამოსახულებასა და 2023 წელს ფულტონის ოლქის ციხეში გადაღებულ სურათს შორის.
პორტრეტი, რომელიც ტრამპმა ამჯერად აირჩია, საგრძნობლად განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც მან გამოიყენა 2017 წელს, როდესაც ის პირველად გახდა პრეზიდენტი.
მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი ტანსაცმელი აცვია, წინა პორტრეტზე ის იღიმის.
„ტრამპი შესაძლოა დაუმორჩილებელი პერსონაა, მაგრამ შესაძლოა სიძლიერის სიმბოლოდ იქცეს“, - განუცხადა BBC-ს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა, კვადრიკოს დრისკელმა.
„მკვეთრი კონტრასტი მის წინა, უფრო ტრადიციულ პორტრეტთან შეიძლება ასევე მიუთითებდეს მის საჯარო პერსონაში ცვლილებაზე. ის ხაზს უსვამს უფრო მკაცრ, უფრო მებრძოლ პოზიციას, რადგან ემზადება თანამდებობის მეორედ დასაკავებლად“, - თქვა ექსპერტმა.
2017 წელს ტრამპისა და მისი მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ოფიციალური პორტრეტები არ გამოქვეყნებულა იქამდე, ვიდრე მათ თანამდებობა არ დაიკავეს.
წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c6266vz440xo