პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ პარტიაში დისკუსიები გრძელდება საკუთარი თუ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზეაო, სულ ცოტა - პოლიტიკურ უტაქტობად უნდა შეფასდეს.
მართლაც, ყოველგვარი ტაქტიდან არის ამოვარდნილი ამის თქმა, როცა აგვისტოს დასაწყისშივე მკაფიოდ გვამცნეს: მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება და მმართველი პარტია ამ არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს არ დაასახალებსო. ნათლად ახსნილი იყო ასეთი გადაწყვეტილების უეჭველი მოტივიც: ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი პარტიულ ფიგურად ვეღარ წარმოიდგინებაო.
ახლა, ბახტაძის, იმედია, მაინც უნებლიე, უტაქტობა, როგორც ჩანს, ქ-ნი სალომეს, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, წინააღმდეგ მიმართულ ლანძღვა გინებაზე არასწორი, დაბნეული ადამიანისთვის ჩვეული რეაქციაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიაც დაბნეულია: ან გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს, ანდა უკვე მიღებული გადაწყვეტილების დაცვასა და გატარებას. ერთი მეორეზე უარესია.
მმართველი პარტიის დაბნეულობა კი მთლიანად ქვეყანას გადაედება, ხოლო არაფერი ისე საშიში არ არის, როგორც ხალხის დაბნეულობა.
ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში გვაფრთხილებდა ცხონებული ოთარ ჩხეიძე: „დაბნეული ხალხი ბრბოა...“
დაბნეულობის მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ როგორც არა ხალხს, არამედ სწორედაც ბრბოს სჩვევია, ქვეყანა ლამისაა დაიხრჩოს ურთიერთლანძღვის მორევსა და გადაიჩეხოს ერთიმეორესთვის ძირის გამოთხრის უფსკრულში.
ამ საყოველთაო შეგინებითა და ძირის გამოთხრით ეს საბედისწერო შეკითხვაც წარმოიშობა:
რა უნდა გვაერთიანებდეს, როგორც ხალხსა და სახელმწიფოს, თუკი სიმართლის, თეთრისა და შავის გარჩევის უნარი აღარ გვაქვს და უარესიც: ნუთუ სულაც სჯულიც დავკარგეთ?!
თანამედროვე სახელმწიფოს სჯული - მისი კონსტიტუცია და სამართალია. ლანძღვა გინებაც სწორედ არა კონკრეტული კანდიდატის, არამედ სჯულის წინააღმდეგ არის მიმართული. ნახეთ, ვისგან მოდის ეს ლანძღვა-გინება, სადაა მისი სათავე და უმალ მიხვდებით, უსჯულოებაც სად იმალება.
კონსტიტუცია, ე.ი. ჩვენი სჯული (მერა რა, რომ ახალი მიღებულია) ამბობს - პრეზიდენტი, ვინაიდან საპარლამენტო მმართველობაა ქვეყანაში, პარტიულად მომართული არ უნდა იყოს, იგი კი არ უნდა ჰყოფდეს ქვეყანას იმისდა მიხედვით, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი და ინტერესების გამტარებელია, არამედ - უნდა აერთიანებდეს, როგორც ყოველგვარი პარტიული ინტერესებისა და დაპირისპირებისგან თავისუფალი, ვიწრო პარტიული პოლიტიკისგან დისტანცირებული და ყოველივე ამაზე ზემოთ მყოფი ლიდერი.
ვაი, რომ არსებულ კონიუნქტურაში, რასაც ისევ ეს, „ქართლის ჭირად“ ქცეული ნაცები განაპირობებენ, სჯულის აღსრულება, ე.ი. ასეთი გამაერთიანებელი პრეზიდენტის წარმოდგენაც კი, თუ სულაც შეუძლებელი, უაღრესად სათუო ხდება! რატომ? უწინარესად იმიტომ, რომ უსჯულოების სათავე, რომელიც სამართალს გაექცა ქვეყნიდან და როგორც კი დასჭირდა, სამშობლოზეც თვალის დაუხამხამებლად თქვა უარი, კვლავაც ცდილობს დაკარგული ძალაუფლების დაბრუნებას.
მისგან მოდის ლანძღვა-გინების ეს მორევიცა და ძირის გამოთხრის უფსკრულსაც იგი გვიმზადებს.
ეჭვი მაქვს და ამდენი ლანძღვა-გინებისა და ძირის გამოთხრის შემსწრე, დარწმუნებულიცა ვარ: არა თუ ქ-ნი სალომე, თვით წმინდა ილია მართალი საფლავიდან რომ წამოდგეს და ცოცხლად გამოგვეცხადოს, იგიც კი ვერ შეძლებდა უსჯულოებით დაბნეული ბრბოს გაერთიანებასა და უარესიც: სიცოცხლეში რაც მას ლანძღვა-გინება დააკლეს, სწორედ ახლა აუთავებდნენ ეს უკვე „პარტიულად გათახსირებული“ ნაც-პოლიტიკანები, მათ მიერ დაქოქილი ე.წ. ჟურნალისტები თუ მათ ფეხის ხმას აყოლილი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება.
ჩვენ ვნახეთ ნაცების უსჯულოებიდან მომდინარე ძალის ცრუ-სამართალი, მაგრამ ჯერ ვერა - ნამდვილი სამართლის ძალა, რაც მათ შეაჩერებდა!
თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სამშობლოდან სამართალს გაქცეულს, ქართულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირის საკუთარი ნებით გამწყვეტს, ე.ი. მისი მოქალაქეობის უარისმყოფელს, ისევ ვაძლევთ საშუალებას, „რ-2“-ისა თუ სხვა, ჟურნალისტის ცრუ-სახელს ამოფარებულ სულგაყიდულთა მეშვეობით თითქმის უწყვეტად, გამუდმებით გაგვაყრუოს ლანძღვა-გინებით, თავს მოგვახვიოს საკუთარი უსჯულობა და არა მხოლოდ უკანონოდ ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში, არამედ ამინდიც მანვე შექმნას. ხომ ნათელია - დღევანდელი ლანძღვა გინების მოტივიცა და მიზანიც ის არის, რომ სიმართლესა და სჯულზე ხელი აგვაღებინონ და აჰა, იმას მიაღწიეს კიდეც, რომ აგერ პრემიერიც ამოაგდეს ტაქტიდან.
მისგან შექმნილი დღევანდელი კონიუნქტურაც ეს არის - ერთ მხარეს დგანან მისივე პარტიული კანდიდატები და მეორე მხარეს ის სჯული, რამაც უნდა გაგვაერთიანოს.
გაერთიანება თუკი გვიწერია, სიმართლისათვის ამ ლანძღვა-გინებას, როგორც ილია, უშიშრად უნდა დავხვდეთ და სჯულს არ ვუღალატოთ. ხოლო, თუ სჯულს დავიცავთ, სჯულიც დაგვიცავს ჩვენ და არც ეს უტაქტობა და დაბნეულობა, რაც ბახტაძეს დაემართა, აღარ დაგვემართება. ...