ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგელბს გარეთ, პოლიტიკური წონა დაკარგა. მეტიც, ზურაბიშვილი ოპოზიციურმა პარტიებმაც „გარიყეს“, რადგან მასში დღეს უკვე არა თუ მხარდამჭერს, არამედ პოლიტიკურ კონკურენტს ხედავენ.
ამის ფონზე, ვხედავთ, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს აშშ-ში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ იგი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენი ჯო უილსონი, რომლის ინფორმაციითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო.
„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ხედავს. მისი შეფასებით, დღეს ოპოზიციაში ლიდერობისთვის მიდის ბრძოლა და ლიდერის სკამზე ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს ასე მარტივად არ დასვამენ.
„ოპოზიციამ დაიწყო ცალკე შეკრება, არც ახსენებენ ზურაბიშვილის ფაქტორს, შესაბამისად, მგონია, ოპოზიცია დიდ წინააღმდეგობას არ გასწევს იმაზე, რომ კონკურენტი ფიგურა, რომელსაც მასში ხედავენ, არ გახდეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ორგანული ნაწილი. ამიტომ, ქართულ პერსპექტივას სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობაში ვერ ვხედავ. შეიძლება იყოს სხვა პერსპექტივები, მაგალითად, დასავლეთის მიმართულებით.
ჯერჯერობით, ზურაბიშვილს უკავია დროშა ხელისუფლებასთან ბრძოლისა და დამარცხებისთვის, რაშიც ამერიკელი კონგრესმენიც ეხმარება. თუკი უცხოეთიდან ისევ იქნება პოლიტიკურ დღის წესრიგში ხელისუფლების დამაცხება, ასეთი დროშის ფუნქციაც გაჩნდება და შეიძლება ზურაბიშვილს მორიგი ამოცანები დაუსვან საქართველოში გადასაწყვეტად - მაშინ შემობრუნდება უფრო აქტიურად.
ოპოზიციურ პარტიებში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ლიდერის სკამზე დასვამს ვინმეს - ვხედავთ, რომ სააკაშვილსაც კი აღარ ახსენებენ, რადგან სააკაშვილს თავად მიაჩნია თავი მთელი ოპოზიციის ლიდერად, შესაბამისად, კონკურენცია იწყება ნომერი პირველ ოპოზიციონერობაზე. ჩამოვიდეს ქალი, რომელსაც არსებითად დამსახურება მათ თვალში არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბოლო ფრაგმენტებში ოპოზიციის პოზიციას იზიარებდა, არ მგონია, რომ ადგილი გამოუყონ ოპოზიციის რიგებში. პრეზიდენტი რომ იყო და გასასვლელი ჰქონდა უცხოეთზე, მაშინ იყო რომ რევერანსებს უკეთებდნენ. თუკი აღმოჩნდება, რომ ახლაც აქვს უცხოეთზე გასავლელი, შეიძლება მათი დამოკიდებულება ისევ დაუბრუნდეს ძველ რეჟიმში, მაგრამ როგორც კი ზურაბიშვილის ფიგურას გამოაკლდება საგარეო საყრდენები, მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ამ ფიგურას მნიშვნელობა მიანიჭოს.
პოლიტიკური წონა უნდა ჰქონდეს რამდენიმე მექანიზმით: ისტორიით, ანუ ტრადიცია უნდა არსებობდეს იმისა, რომ ლიდერია ადამიანი, ან გავლენით, ანდა სხვა რესურსით - ვგულისხმობ უცხოეთთან კონტაქტებს, ან ფინანსურ რესურსებს. მეეჭვება ზურაბიშვილს ჩვენი ოპოზიციისთვის საკმარისი ფინანსური რესურსები ჰქონდეს, ვნახოთ, უცხოეთთან კონტაქტებში თუ ის მიმზიდველი აღმოჩნდა, ისევ მოიპატიჟებენ მაგიდასთან, მაგრამ განსაკუთრებული როლის მინიჭებას არ იჩქარებენ“ - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი და კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ. მისივე თქმით, მსგავს ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან.
„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი, ეს არის ოფიციალური მონაცემი, რაც არის გამოქვეყნებული და ინაუგურაციას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებიან. მას ესწრებიან ამომრჩევლები და კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული, როგორც არსებითად ეროვნული დღესასწაული და ღონისძიება. თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მოწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, ეს არის მათი არჩევანი.
იქედან გამომდინარე, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის უცხოელი პოლიტიკოსების ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა კობახიძემ.
ჯერ მაგ გაცნობას რა მნიშვნელობა აქვს და მერე თუ გააცნო, ერთი სურათის გადაღებაც ეთხოვა, ასე რომ არ ეჩალიჩათ.
ჩავიდნენ, იყურყუტეს იმ ყინვაში და ახლა ნაჩალიჩარი სურათების დაიწყებენ მარიაჟობას.
ჯერ სადა ვართ, აწი ნახეთ სხვები რა სურათებს ააფრიალებენ.