რა შემთხვევაში არ იქნება ლარით ვაჭრობა სავალდებულო?

რა შემთხვევაში არ იქნება ლარით ვაჭრობა სავალდებულო?

[ეკა ბაქრაძე]

ბოლო პერიოდში საბანკო მიმართულებით ბევრი საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება, მაგრამ ერთი მათგანი სხვაზე უფრო საყურადღეობა აღმოჩნდა. ეროვნულ ბანკს იმ შემთხვევების განსაზღვრის უფლება ენიჭება, როდესაც ლარის ვაჭრობა სავალდებულო არ იქნება. ხომ არ ნიშნავს, ეს ეროვნული ვალუტის საგადამხდელო ფუნქციის შესუსტებას? ან მიმოქცევაში ლართან ერთად სხვა უცხოური ვალუტის ბრუნვის ლეგალიზებას?

ამჟამად მოქმედი ნორმით, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან-და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა. კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებიც ემატება.

კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებს ჯერეჯრობით არ დაუწყიათ. ამიტომაც ზუსტად არ არის გარკვეული ეროვნული ვალუტის შევიწროება რა დოზით მოხდება.

გარდა ამ ცვლილებებისა, ეროვნულ ბანკს სხვა კუთხითაც უფართოვდება უფლებები. მაგალითად, სებ-ს საფინანსო სექტორისგან რიგი ინფორმაციების, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის, გამოთხოვის უფლება ენიჭება. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების განხორციელების ინფორმაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ახალი მუხლი ემატება.

კანონპროექტის თანახმად, ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების განხორციელების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს მონეტარული, საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკების წარმოებისთვის საჭირო სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგება, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ამას გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია ექსკლუზიურად სტატისტიკური ფუნქციების განსახორციელებლად.

ეროვნული ბანკის უფლებების ზრდის ფონზე, კომერციულ ბანკებს დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. ამჯერად შეზღუდვები ეხება აუდიტის საბჭოს წევრობას. დღევანდელი წესი ასეთია: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსთან იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელშიც შედის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი და წევრი ჩაითვლება დამოუკიდებლად თუ ის არ არის ბანკთან დაკავშირებული პირი. კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აუდიტის კომიტეტი აუცილებლად დამოუკიდებელი წევრებისგან უნდა შედგებოდეს. 

დამოუკიდებელი წევრი კი იქნება პირი, რომელიც არ არის ბანკთან დაკავშირებული და მას ანდა მასთან ნათესაური კავშირის მქონე პირებს, რომლებიც პირველ და მეორე მემკვიდრეთა წრიდან არიან, ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულება არ გააჩნიათ. 

და ბოლოს საბანკო სივრცეში უპროცენტო საბანკო მოსმახურების ფორმა შემოდის. ამას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნულია, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად აუცილებელია საბანკო სივრცეში შემოღებულ იქნას საბანკო საქმიანობის ახალი ფორმა, როგორიცაა უპროცენტო საბანკო მომსახურება. კანონპროექტითვე, უპროცენტო საბანკო მომსახურების განხორციელებამდე და სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოშვებამდე, ბანკი ვალდებული იქნება ეროვნულ ბანკს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა შეუთანხმოს.