ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კონფლიქტმა საქართველოში ბიზნესი უკვე დააზარალა

ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კონფლიქტმა საქართველოში ბიზნესი უკვე დააზარალა

მართალია ირანსა და ისრაელს შორის საჰაერო თავდასხმები შეწყდა, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმება ძალიან მყიფეა. შესაბამისად, მსოფლიოში ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ გართულებულია. გარკვეულ პრობლემებს განიცდის საქართველოც. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური გავლენა ჯეერჯერობით დიდი არ არის, ზარალმა უკვე იჩინა თავი.

პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ტურიზმის სექტორსა და გადაზიდვებს შეუქმნა პრობლემა. რისკის ქვეშ დადგა ექსპორტი, რაც დაკავშირებულია იმ საზღვაო თუ საჰაერო მარშრუტებთან, რომელიც ირანს, ისრაელსა და მიმდებარე ქვეყნებზე გადის.

გარკვეულ ზარალზე საუბრობენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. კომპანია რადარის დამფუძნებლის მაია მახათაძის განცხადებით, ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე, 20 ივნისიდან თვის ბოლომდე, მისი სასტუმროს ჯავშნები 30%-ზეა ჩამოსული.

ისრაელთან ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი, შესაბამისად იქედან სტუმრების მიღება სახმელეთო გზით შეუძლებელია. ოქტომბერში, როდესაც ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი მოხდა, დაპირისპირება სახმელეთო იყო, შესაბამისად, ისრაელიდან ტურისტული ნაკადები არ შემცირებულა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო გზა იყოს სუფთა და გამტარუნარიანი. არსებული კონფლიქტის ფონზე კი არც სახმელეთო და არც საჰაერო გზა არ გვრჩება, საიდანაც შეიძლება, რომ ისინი საქართველოში შემოვიდნენ.

ისრაელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის მოქალაქეებიც წელიწადში დაახლოებით 9 თვე მოგზაურობენ საქართველოში. ამჟამად ისრაელიდან მოგზაურობის მომლოდინე ადამიანების მხრიდან შეკვეთების აბსოლუტური გაუქმება დაიწყო“, - თქვა განუცხადა მან ბიზნეს მედიას.

ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა არა მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის, არამედ რეგიონის ქვეყნების ჩახსნაც გამოიწვია. მაგალითად, ირანის შემთხვევაში, მისი მომიჯნავე ქვეყნებიც აღარ აქტიურობენ ტურისტული თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ ომს გადამდები ტალღებიც აქვს - სომხეთისა და თურქეთის შემთხვევაში ტურების გარკვეული ნაწილი გაუქმდა.

ტურიზმის გარდა, შექმნილმა სიტუაციამ ექსპორტსაც შეუქმნა პრობლემა. საქართველოში კომპანია ოკი ლოგისტიკის კომერციული დირექტორის ლევან ჩხატარაშვილის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ამ დროისთვის დიდი მოცულობის ტვირთნაკადი, მათ შორის მოცვის ექსპორტი თელ-ავივის მიმართულებით გაჩერებულია.

ამ ეტაპზე, ირანთან და ისრაელთან ერთად ერაყის ცაც ჩაკეტილია. მოგვიწია ალტერნატიული მარშრუტის შემუშავება, რადგან ერაყის საჰაერო სივრცის გავლით მოფრინავდა თვითმფრინავები. შევეცადეთ, რომ ტარიფები არ გაგვეზარდა და ეს მოვახერხეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ექსპორტს ვითარება ძალიან შეეხო. ისრაელის საჰაერო და სახმელეთო გზაც ჩაკეტილია, შესაბამისად ისრაელამდე ფიზიკურად შეუძლებელია ტვირთის გაგზავნა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისრაელი საჰაერო სივრცეს კეტავს, რადგან წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, დაპირისპირება ხშირია, - განაცხადა ლევან ჩხატარაშვილმა.

ამდენად, მოცვის მწარმოებლები სერიოზული გამოწვევის წინაშე არიან. როგორც აგროლეინის დამფუძნებელმა გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, ექსპორტი არ გაჩერებულა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით ხორციელდება, რაც რეალიზაციის კუთხით დიდ პრობლემას ქმნის.

ძნელად მეგულება დარგი, ვისაც ომის გავლენა არ შეეხო. ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმ კუთხით, რომ მოცვი მალფუჭებადი კულტურაა. ძალიან დიდი ტვირთი გაჩერდა თელ-ავივის და ისრაელის მიმართულებით. პრობლემაა ყველა ბაზარზე, რადგან ერაყისა და ისრაელის საჰაერო სივრცის დაკეტვა ყველას შეეხო, შემცირდა ავიარეისები, ფაქტობრივად, განახევრებულია.

გადაზიდვების ხარჯი მატულობს, ავიაკომპანიებს ძვირი უჯდებათ ფრენა, რაც სავარაუდოდ, ტარიფებზეც მოახდენს გავლენას, გადასახადები ჯერჯერობით შენარჩუნებულია, მაგრამ ველოდებით, რომ ცვლილებები იქნება, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.