წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერის, 2014 წლის შედეგებთან შედარებით, 200 ათას ადამიანით მეტია. მატება იმდენად შთამბეჭდავია, რომ გარკვეული ეჭვიც კი გააჩინა. ბოლო წლებში ემიგრაცია გაიზარდა, სიკვდილიანობამ შობადობას გაასწრო და ასეთი ნახტომი როგორ დაფიქსირდა? დემოგრაფებს ამაზე პასუხი უკვე აქვთ.
მიუხედავად აღწერის პროცესში შექმნილი სირთულეებისა, პაატა შავიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირწმუნება, რომ მათ მოსახლეობის სრულყოფილი აღწერა ჩაატარეს.
„ფაქტობრივად, 100%-იანი მოცვა გვაქვს მთელი მოსახლეობის. შეგვიძლია თავი დავდოთ ჩვენი მონაცემების ხარისხზე და პასუხს ვაგებთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდა აღწერა. ჩვენ გვაქვს მოსახლეობის აღწერის საერთაშორისო მეთოდოლოგიით მიღებული მონაცემი“, - განაცხადა შავიშვილმა და განმარტა, როგორ შეავსეს და მიიღეს მონაცემები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, აღწერაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, აღმწერები პირისპირ ვერ გაესაუბრნენ.
„შესაძლოა, პირისპირ არ წამოვიდეს მოსახლეობა ინტერვიუზე, მაგრამ მეზობლისგან მივიღოთ ყველაზე ძირითადი, ელემენტარული ინფორმაცია - გვარი, სახელი, სქესი, ასაკი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები ასევე დარდება ადმინისტრაციულ წყაროებს და შეუვსებელი წერტილები რაც რჩება, ივსება ადმინისტრაციული წყაროებიდან.
ქვეყანას გააჩნია უამრავი ადმინისტრაციული წყარო, რომელზე წვდომაც სტატისტიკის სამსახურს აქვს და ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ, რომ შევავსოთ და აღწერის მოცვა იყოს ფაქტობრივად 100%-იანი. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. გასულ წელს გვქონდა აუარებელი მონაცემთა წყარო. მაგალითად, სკოლის მოსწავლეთა ბაზა არსებობს, რომელიც რეალურ დროში გაწერილი ბაზაა. არის პენსიონერთა ბაზა, არის სტუდენტთა ბაზა, არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზა და ა.შ.“, - უთხრა პაატა შავიშვილმა „რადიო თავისუფლებას“.
რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობის საგრძნობ მატებას, ამაზე სტატისტიკის მოხელეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.
„200-ათასიანი მატებაა მთლიანად მოსახლეობის, თუმცა დღეს ვერ ვშლით ამ მონაცემს დეტალურად, რადგან ეს მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება. ამ ყველაფერს გავიგებთ მომავალ წელს. მოქალაქეებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე განსაკუთრებით ის მონაცემი, მაგალითად, რამდენია მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი ან რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. ამ და სხვა კითხვებზე პასუხი გვექნება ერთი წლის თავზე“, - თქვა შავიშვილმა.
10 წლის წინ საქართველოში 3 729 635 კაცი ცხოვრობდა. რის ან ვის ხარჯზე მოხდა მოსახლეობის ზრდა? - სვამს კითხვას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და ვარაუდობს, რომ პასუხი დათვლის მეთოდოლოგიაშია.
„საქსტატმა“ გვამცნო, რომ 2024 წლის აღწერის შედეგად საქართველოს მოსახლეობა 3 914 ათასი კაცია. ანუ, ბოლო ათ წელში დაახლოებით, 200 ათასით გავმრავლდით. რიცხვებს თუ გავყვებით, ბოლო ათ წელში დაახლოებით 250 ათასით მეტი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა. შობადობამ ამ ათ წელიწადში მხოლოდ 7400-ით აჯობა სიკვდილიანობას, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რის ან ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა?
პასუხი თითქოს მეთოდოლოგიაშია: „აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა) და მოქალაქეობის არმქონე პირები. თუმცა, ამხელა მატების ახსნა მაინც ძალიან ჭირს“, - დაწერა კეპულაძემ.
ის, რომ მოსახლეობა ემიგრანტების ხარჯზე გაიზარდა, ადასტურებენ დემოგრაფები. ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობრივი ზრდა უცხოელების შემოდინებას უნდა დავუკავშიროთ.
დემოგრაფი ავთო სულაბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია მუსლიმანური სახელმწიფოებიდან მიგრანტთა რაოდენობა.
„პირველ რიგში, ამას სჭირდება კარგი ანალიზი და სხვადასხვა ინფორმაციის შეგოვება, მაგრამ ვარაუდით უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში ბრუნდებიან ჩვენი დაბერებული ემიგრანტი მოქალაქეები და ძალიან მაღალია მუსლიმანური ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტების რაოდენობა. ეს ქვეყნებია: ირანი, თურქეთი, შუა აზიის სახელმწიფოები. ინდოელები საქართველოში სასწავლებლად შემოდიან და ისინი მოსახლეობის ზრდაში არ მონაწილეობენ.
ჩვენს ქვეყანაში ვინც შემოდის და იღებს მოქალაქეობას, მისი მიზანია დასავლეთ ევროპაში საცხოვრებლად წასვლა. არაბული, შუა აზიის ქვეყნებიდან, ირანიდან ძალიან ბევრს სურს ევროპაში წასვლა და იქ დროებით ცხოვრება. ამისთვის კი მათ აირჩიეს საქართველოს გზა. აქ მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ, რათა შემდეგ ამ საბუთით უვიზოდ წავიდნენ დასავლეთ ევროპაში. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მოსახლეობა უცხოელების ხარჯზეა გაზრდილი“, - განაცხადა სულაბერიძემ.
საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ამასთან, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.