ენერგეტიკული ბირჟა ტესტირების რეჟიმს თავს ვერ აღწევს

ენერგეტიკული ბირჟა ტესტირების რეჟიმს თავს ვერ აღწევს

სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ენერგეტიკულ ბირჟაზე სრულყოფილი ვაჭრობა უნდა დაიწყოს. ამ დროს კი რამდენიმე საკვანძო საკითხი გადაუწყვეტელი რჩება. ბიზნესი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. ამიტომ გაურკვეველია ამოქმდდება თუ არა სრულად მრავალგზის გადავადებული და ძლივს სატესტო რეჟიმში მომუშავე ბირჟა.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძ თქმით, კერძო სექტორს დღემდე არ აქვს ინფორმაცია, დაიწყება თუ არა 1-ლი ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე სრულყოფილი ვაჭრობა. ამ საკითხზე კერძო სექტორთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ყოფილა.

მელიქიძის შეფასებით, ბირჟის ნაწილობრივ გახსნიდან ერთი წლის თავზეც, გამოკვეთილია კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც კერძო სექტორს აფერხებს. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ბირჟის უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ნაწილია, რადგან იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებლობა კერძო სექტორს დაეკისრება, ეს კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ერთი, ყველაზე კრიტიკული, უბალანსობის ნაწილია, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი. საუბარია სერიოზულ ხარჯებზე. ეს ხარჯები თუ კერძო სექტორის მხრიდან იქნება ასანაზღაურებელი და ზოგადი მოდელები თუ ამას ითვალისწინებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ ხარჯები სერიოზულად გაეზრდებათ და მიზნები, რომ მოახდინონ თანხის დივერსიფიკაცია და გენერაციის მხრივ განვითარება, უფრო მეტ თანხას წაიღებს. კერძო სექტორს აქვს ძალიან სერიოზული კითხვები ამასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, გამოწვევაა პროგნოზირების ნაწილშიც. მონაცემები მეტეოროლოგიური ცენტრებიდან მოდის, თუ მათგან ინფორმაციის მიღება სრულყოფილად არ მოხდა, უკვე 20-25%-იანი ცდომილებაა, ეს ბევრ პრობლემას ქმნის. დღესაც კი უჭირთ პროგნოზირება, როცა ბაზარი სრულად არ არის გახსნილი. ამიტომ, ამ ვითარების გათვალისწინებით, ბუნებრივია, მთავრობის გადასაწყვეტია რა მოდელით გააგრძელებს ბირჟა მუშაობას. 1-ლი ივლისი ახლოვდება და რჩება უამრავი გამოწვევა, რომელსაც კერძო სექტორი თვლის, რომ სერიოზული პრობლემა იქნება, - განუცხადა ბიზნეს მედიას მელიქიძემ.

ენერგეტიკული ბალანსის მხრივ გამოწვევას ადასტურებს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძეც. როგორც მან ჟურნალისტებს ენერგეტიკული ბირჟის სრულყოფილ ამოქმედებაზე საუბრისას განუცხადა, საჭიროა შესაბამისი საკითხების გადაჭრა და სათანადო ანალიზი.

ბირჟას აქვს თავისი ასე ვთქვათ ბნელი მხარე, კონკრეტულად უბალანსობის საკითხია. ჩვენს ქვეყანაში რთულია, ზუსტი პროგნოზი გააკეთო თუნდაც ჰიდროში რა მოდინება გექნება. უბალანსობა გამოწვევაა და გამოდის, რომ გენერაციის გადასახდელი იქნება და ცოტა ფრთხილად უდგება ყველა ამ საკითხს. ვფიქრობ ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს, დალაგდეს და საბოლოო ჯამში, ბირჟა გასახსნელი იქნება. არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ ეს მოხდეს წელს, ამაზე ფიქრი და გაანალიზებაა საჭირო. მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ, ზოგადად ენერგოკრიზისი როგორი არის ჩვენს რეგიონში,- ამბობს გიორგი მარგებაძე.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. 1-ლი ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია საათობრივი დაბალანსების ვალდებულებაც.