ირან-ისრაელის კონფლიქტი საქართველოში ინფლაციის დაჩქარების მიზეზად შეიძლება იქცეს. ამაზე უკვე საუბრობენ როგორც იმპორტიორები, ასევე ეკონომისტებიც. საწვავის ფასები უკვე მაღლა დაიძრა, მალე მას აგრარული პროდუქტები „აუბამენ მხარს“. ასეთ ფონზე ეროვნულ ბანკს ახალი თავსატეხი გაუჩნდება და შეიძლება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც მოუწიოს.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე საომარი პროცესები მნიშვნელოვანი იქნება საწვავის გაძვირების მხრივ, რაც პროდუქციის ფასების ცვლილებაზე პირდაპირ აისახება. რაც შეეხება სხვა ტიპის საქონელს, არანაირი დეფიციტი არ გვემუქრება, მაგრამ პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს და სხვა გასად მიეწოდოს მომხმარებელს.
„სამწუხაროდ, საქართველო ყველა მიმართულებით იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ირანი კი არის ქვეყანა, რომლიდანაც სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს, მათი დიდი ნაწილი კონკურენციაში თურქულ პროდუქტთანაც შედის. ცხადია, თუკი გვექნება მოცემულობა, რომ ირანიდან ჩვენს ქვეყანაში იმპორტი შეფერხდება, ეს თავის ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს, რადგან იქიდან საკმაოდ ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს. საზამთროს შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ მის გარდაც ბევრი პროდუქტია, რომელიც ირანიდან შემოდის.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საკითხს, იმის მიუხედავად, რომ ირანს ჩვენს იმპორტში ასეთი როლი აქვს, საფრთხე დიდად მაინც არ არსებობს, რადგან სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს და ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შემოტანა შეგვიძლია. პირველ რიგში, ვგულისხმობ თურქეთს, საიდანაც შემოტანის მასშტაბი გაიზრდება და ასევე გაიზრდება ფასებიც. ირანში საომარი მოქმედებები დიდხანსაც რომ გაგრძელდეს და იქიდან ვეღარაფერი შემოვიტანოთ, პროდუქციის სხვა გზებით მიღების პრობლემა არ გვექნება, მაგრამ ფასები საგრძნობლად გაგვეზრდება.
ყურადღებას უფრო მეტად გავამახვილებდი საწვავის ფასის შესაძლო ზრდაზე, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია. თუკი მასზე ფასი გაიზრდება, ესეც სერიოზულ გავლენას მოახდენს როგორც იმპორტის პროცესში, ასევე შიდა გადაზიდვებისას. ამ ეტაპზე, საერთაშორისო გადაზიდვების ფასები არ შეცვლილა, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რისკები ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა რიჟამაძემ „რადიო პალიტრას“ ეთერში
ახლა საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი საფიქრალი სწორედ ინფლაციის ტემპის მოსალოდნელი დაჩქარებაა, რაც უკვე საგარეო ფაქტორებიდან იქნება გამოწვეული. ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რასაც ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე პერიოდში უნდა მიაქციოს ყურადღება.
„ეკონომიკური რისკები გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მას დაემატა ახალი საფრთხე, რომელიც შესაძლებელია იყოს ომი ახლო აღმოსავლეთში. პრობლემაა მიგრაცია, რომელიც რეგიონიდან მოსალოდნელია. გარკვეული საშიშროება მაინც არსებობს. ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს ფინანსურ სტაბილურობაზე. ვხედავთ, რომ დოლარი თანდათანობით უფასურდება, ლარი ჯერჯერობით სტაბილურია, მაგრამ ვითარება შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. შესაძლებელია ასევე, რომ სავაჭრო ურთიერთობათა ჯაჭვი გაწყდეს. პირდაპირ ვერ ვიტყვით თუ რა მოხდება და რამდენად დიდია რისკები.
ახლა ეროვნულ ბანკს ჯერჯერობით მთავარი მიზანი აქვს, რომ დააკვირდეს ინფლაციას. სებ-მა უნდა გააგრძელოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ზომიერ მხარდაჭერას გულისხმობს ეკონომიკის განვითარებისადმი. რისკების შესარბილებლად საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც უნდა მიექცეს ყურადება. აქაც სიფრთხილეა საჭირო, რათა ეკონომიკური გარემო არ დაზარალდეს“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა.
ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა ინფლაციის პროგნოზი უკვე გაზარდა და ელის, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ფასების ზრდა დაჩქარდება. როგორც „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა, ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ აქამდე ნავარაუდევი 4.1%-ისა, საქართველოში ინფლაცია წლის ბოლომდე დაახლოებით 4.5-4.7%-მდე გაიზრდება.
„ამ მოვლენებამდე [ისრაელ-ირანის კონფლიქტამდე] ჩვენი პროგნოზი იყო, რომ წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 4.1% იქნებოდა. ახლა რაც ხდება, სავარაუდოდ, შეიძლება 4.5-4.7% იყოს წლის ბოლოსთვის. რა თქმა უნდა, არასახარბიელო სცენარები განიხილება. ამასთან, შიდა წელს საქართველოში არაერთ პროდუქტზე ცუდი მოსავალი გველის, რადგან გაზაფხულზე ყინვები იყო. აქედანაც შეიძლება დაახლოებით 0.5 პროცენტულ პუნქტამდე იყოს ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა“, - აღნიშნა ნადარაიამ.
ამიტომაც საქართველოს ეროვნული ბანკის სიფრთხილის რეჟიმზე გადავიდა. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 18 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა და ისევ 8%-ს შეადგენს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს მისი გაზრად მოუწიოს.