„ქაღალდის“ კომპანიები

„ქაღალდის“ კომპანიები

[გიორგი ბექაური]

საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი წარმოება რთული, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის, ექსპერტები ამაზე ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ.  მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობა იზრდება, მაგალითად,  2011 წლის იანვარში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 932 ერთეული შეადგინა, გასული წლის განმავლობაში კი მათი რიცხვი 48 488 იყო.  საერთო ჯამში კი, ასეთი კომპანიების რაოდენობა 300 ათასსაც აჭარბებს.

თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, თუ ქვეყანაში ყოველწლიურად ამდენი ახალი კომპანია იწყებს საქმიანობას, რატომ არის უმუშევრობის დონე მაღალი? ამ კითხვაზე კი ექსპერტებს ცალსახა პასუხი აქვთ - ზოგიერთი კომპანია მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ხოლო რომელიც არსებობს და მუშაობს, ის ეკონომიკის რეალურ სექტორში ამინდის ვერ ქმნის.

სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 932 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 98.2% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 1.8% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.954 დონეზე დაფიქსირდა.

იანვარში 2010 წლის იმავე თვესთან (2 800 ბიზნეს სუბიექტი) შედარებით აშკარა ზრდა (40.4%-ით), ხოლო წინა თვესთან შედარებით კლება დაფიქსირდა (4.6%-ით). მსგავსი კლება უჩვეულოა არაასეზონური ფაქტორის გათვალისწინებით: ბიზნესის რეგისტრაციის ასპექტით იანვარი მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა.

2011 წლის იანვრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 40.5%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 35.3%-ით გაიზარდა.  ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით, შესაბამისად, 0.960 და 0.690 დონეებზე დაფიქსირდა.

ამასთან, თვალშისაცემია გასულ წელს დარეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობა. 2010 წლის განმავლობაში საქართველოში 48 488 კომპანია დარეგისტრირდა.

კომპანიების დარეგისტრირებას „ცოცხალ პროცესს“ უწოდებენ ექსპერტები, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ.

„პრობლემა მარტო ის არაა, რომ ეს მხოლოდ ქაღალდის კომპანიები იქნება. ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ უკვე წლებია აღარ ქვეყნდება ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით დაქირავებულთა და თვითდასაქმებულთა სტაიტისტიკა. ამის გარეშე კი იმის განსაზღვრა, თუ რა ხდება ეკონომიკის რეალურ სექტორში დასაქმებულების თვალსაზრისით ცოტა რთულია“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში დასაქმებულების ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე თვითდასაქმებულების. ამის გამო საქართველოში რეალური სექტორის (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა) წილი სულ უფრო და უფრო მცირდება. თუ 2003 წელს ამ სექტორის წილი, სხვა სექტორებთან მიმართებაში (ფინანსები, ტურიზმი, მმართველობა) 43%-ს შედგენდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 27%-მდე ჩამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას.

არჩვაძის განცხადებით, რეალურ სექტორზე დასაქმებული ადამიანების 2_3 მოდის, ანუ 60-65%. ეს მაჩვენებელი დღგ-ს 27% ქმნის. ხოლო დანარჩენ სექტორში დასაქმებული ადამიანები (35%) ქმნიან დღგ-ს 73%-ს.

ეკონომიკის ექსპერტი ავთანდილ სილაგაძე ამბობს, რომ 90-იანი წლებთან შედარებით საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 10-15-ჯერ გაიზარდა და საერთო ჯამში დღეს 300 ათასსაც აჭარბებს. თუმცა მისივე თქმით, ამ ამ კომპანიების დიდ ნაწილს მცირე საწარმოზე ნაკლები ბრუნვა აქვთ.

„კომპანიების უმეტესობას 100-ათასიანი ბრუნვაც კი არ აქვს, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე. ცხადია, როცა საწარმოს ბრუნვა დაბალი აქვს, მის მიერ შექმნილი პროდუქციის რაოდენობაც არ გაიზრდება. ის, რომ ამდენი კომპანია არსებობს, ერთი მხრივ დადებითი მომენტია, მაგრამ მეორე მხრივ, მას აქვს ერთი დიდი უარყოფითი მხარე - ისინი მცირე საწარმოს კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებენ.

კომპანიებს, საშუალოდ, 9-10 კაცი უნდა ჰყავდეს დასაქმებული.  ეს რომ ასე იყოს, 300 ათას კომპანიაში თითქმის 3 მილიონამდე ადამიანი უნდა იყის დასაქმებული. არადა, ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. სამუშაო ადგილები მასიურად არ შექმნილა შარშანაც, შესაბამისად, უმუშევრობის დონე თითქმის იგივე იქნება, რაც 2009 წელს იყო. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, რომ არაფერი ვთქვათ ევროკავშირზე“, - განაცხადა სილაგაძემ.