რუსებთან მოლაპარაკებაში აშშ „ქართველებს განზე არ გაწევს“

რუსებთან მოლაპარაკებაში აშშ „ქართველებს განზე არ გაწევს“

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო შვეიცარიული კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. პრემიერი პუტინი კვლავ ადასტურებს რუსეთის სურვილს, გახდეს ვმო-ს წევრი. ვაშინგტონიდან მას პასუხობენ, რომ ამ საქმეში ამერიკელები ქართველებს გვერდზე არ გაწევენ,

„ჩვენ გვსურს გავწევრიანდეთ ვმო-ში. ჩვენ ამ ამოცანას და მიზანს ვისახავთ. მივიჩნევთ, რომ ის მთლიანობაში დადებითად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე“, – აცხადებს ვლადიმირ პუტინი.  

მოსკოვი ვმო-ში გაწევრიანებას წლებია ცდილობს. თუმცა ამისათვის მას ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება. რუსეთმა ყველა ქვეყნის დათანხმება მოახერხა საქართველოს გარდა. თბილისს სანაცვლოდ საკუთარი მოთხოვნები აქვს, რომელსაც კრემლი არ თანხმდება.

კერძოდ, თბილისი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების „საზღვრებთან“ საერთაშორისო მონიტორინგის დაწესებას მოითხოვს. თავის მხრივ, შვეიცარიის წინადადება, რაც „საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ სავაჭრო დერეფნების მონიტორინგს“ გულისხმობდა, თბილისმა გაიზიარა, მაგრამ რუსეთმა კვლავ უარყო. რუსეთის პოზიცია თუ არ შეიცვლება, ქართული მხარე მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის გამართვაში აზრს ვერ ხედავს.

ამ ფონზე, აშშ-ს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება, მიმდინარე წლის ბოლომდე, რეალურად მიაჩნია. ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ რასელი აცხადებს: „დიახ, ეს ჯერ კიდევ რეალურია და ჩვენს მიზნად რჩება“.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რასელს არ აღუნიშნავს, რომ რუსეთმა და საქართველომ დამოუკიდებლად უნდა დაარეგულირონ ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ვმო-ში გაწევრიანების საკითხს უკავშირდება: „ჩვენი პოზიცია ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ შვეიცარიის შუამოვლობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რათა რუსეთმა და საქართველომ იპოვონ ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები“.

ამასთან, აშშ არ იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის საქართველოზე ზეწოლა უნდა განახორციელოს - ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ დანიშნულმა ახალმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მისი კანდიდატურა განიხილებოდა.

ახალი ელჩის თქმით, რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოსთან შეთანხმების მიღწევა, რათა მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მრავალწლიანი მოლაპარაკებების პროცესი დაასრულოს: „ჩვენ ნათლად ვუთხარით რუსეთს, რომ საქართველოს გვერდის ავლით გზა არ არსებობს - ორმა მხარემ აზრთა ყველა სხვადასხვაობა უნდა გადალახოს“.

ამასთან, მაკფოლის შეფასებით, შვეიცარიამ მოსკოვისა და თბილისის დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართლიანი და დაბალანსებული წინადადება მოამზადა, რომელმაც შეიძლება, იმუშაოს: „რუსეთის ოფიციალური პირები პერიოდულად მოსაზრებებს გამოთქვამენ იმ ჭრილში, რომ ჩვენი, ანუ ამერიკელების საქმეა, ქართველები „განზე გავწიოთ“, რათა რუსეთი მსო-ში მოხვდეს. შემიძლია, მტკიცად გითხართ, რომ ჩვენი ხედვები ამაში არ გამოიხატება. რუსეთის ოფიციალურ პირებს ნათლად ვუთხარით, რომ მსო-ში გაწევრიანებისკენ გზა ასე არ გამოიყურება“.

მაკფოლისვე თქმით, აშშ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, თუმცა არ თვლის, რომ ეს რუსეთისთვის საჩუქარი უნდა გახდეს: „ობამას ადმინისტრაცია მხარს უჭერს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, თუმცა ჩვენ რუსეთისთვის საჩუქრების დარიგებით დაკავებული არ ვართ, არამედ საკუთარ ინტერესებს ვიცავთ. მსო-ში გაწევრიანება ამერიკული ბიზნესისთვის მრავალ შესაძლებლობას და დავების გადასაჭრელად კარგ მექანიზმს შექმნის, თუმცა მოსკოვმა არ უნდა დაიწყოს მანიპულირება ისეთი რთული საკითხებით, როგორიც სასურსათო, კერძოდ, ქათმის ხორცთან დაკავშირებული უსაფრთხოებაა.

რუსეთმა, როგორც მსო-ის წევრმა ტარიფები უნდა დაწიოს, პირობების ლიბერალიზაცია უნდა მოახდინოს, რომლითაც ამერიკული საქონელი და მომსახურება რუსულ ბაზარზე იქნება დაშვებული“.

თავად პრემიერმა პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის საქართველოს უარს იყენებს იმის გასამართლებლად, რომ რუსეთი მსოფლიოს ამ მთავარ სავაჭრო კლუბში არ დაუშვას: „მე კითხვა მაქვს: უნდათ თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებს რუსეთის მსო-ში გაწევრიანება თუ არა? არ არის საჭირო საქართველოს საკითხს ამოფარება, თუკი მათ ეს უნდათ, მაშინ ამას ძალიან სწრაფად გააკეთებენ“.

„2008 წელს რუსების სამხედრო ჩარევის შემდეგ საქართველოში, შეერთებული შტატები მოსკოვის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვას შეეცადა, თუმცა ცივი ომის პერიოდის ამ ორ მოწინააღმდეგეს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც 2009 წელს ხელისუფლებაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოვიდა“, – წერს დასავლური მედია.