საჯარო ხარჯების შემცირების ფონზე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახლა ცენტრისტულ ალიანსზე ამყარებს იმედებს. საფრანგეთის პრეზიდენტის გზა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, თითქმის შეუძლებელია. ორშაბათს, მისი მთავარი მოკავშირე, პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ გადააყენეს. მას უნდობლობა 364-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მხოლოდ 194-მა დაუჭირა მხარი. მაკრონის ადმინისტრაციამ მაშინვე განაცხადა, რომ „მომდევნო დღეებში“, ახალ პრემიერ-მინისტრს დანიშნავდა. ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფრანგებმა ოთხი პრემიერი გამოიცვალეს და მეხუთეს მოელიან.
სერიოზული ეჭვია, რომ ახალი პრემიერიც ვერ შეძლებს ბაირუს მიერ განხორციელებული მილიარდობით ევროს ბიუჯეტური შემცირებების აღმოფხვრას.
მაკრონი ახლა მკაცრი კრიტიკის ქვეშ არის. 10 სექტემბერს, ეროვნული გაფიცვაა გამოცხადებული, ხოლო 18 სექტემბერს, პროფკავშირების მიერ, მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პრეზიდენტის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის დღეს უფრო არაპოპულარულია, ვიდრე „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტების პიკზე - 2018-2019 წლებში იყო.
მაკრონი ახლა ცდილობს რთული სიტუაციიდან თავის დაღწევას და მოლაპარაკებას აწარმოებს კონსერვატიულ პარტია „რესპუბლიკელებთან“ (Les Républicains), რათა შექმნას კოალიცია და საბოლოოდ მიაღწიოს ბიუჯეტურ შეთანხმებას. პარლამენტში კი, ოპოზიციური პარტიის წარმოადგენლები, კრიზისზე პასუხისმგებლობას მაკრონს აკისრებენ. „ამ კრიზისზე, ფიასკოსა და არასტაბილურობისთვის მხოლოდ ერთი ადამიანია პასუხისმგებელი - პრეზიდენტი,“ - განაცხადა „სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა, ბორის ვალომ.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, პარლამენტში ბევრმა მაკრონის გადადგომაც მოითხოვა. „თუ პრეზიდენტს არ სურს პოლიტიკის შეცვლა, მაშინ პრეზიდენტი უნდა შევცვალოთ“, - თქვა უკიდურესად მემარცხენე პარტია France Unbowed-ის ლიდერმა, მატილდა პანომ.
საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა დეპუტატები გააფრთხილა საფრანგეთის „სასიცოცხლოდ საშიშ“ ვალზე: „თქვენ გაქვთ ძალა, რომ მთავრობა გადააყენოთ, მაგრამ რეალობას ვერ წაშლით“, - თქვა მან.
ოპოზიციური ლიდერები უკვე ახალ სცენარებზე ფიქრობდნენ. „სოციალისტმა“ ვალომ მაკრონს მოუწოდა, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი მათი რიგებიდან. „ჩვენ მზად ვართ, მოდი და წაგვიყვანე“, - განაცხადა მან. ვალომ შემოსავლის სამართლიან გადასახადებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „სოციალისტები“ გააუქმებენ ბაირუს ინიციატივას ორი დასვენების დღის გაუქმების შესახებ.
„რესპუბლიკელთა“ ლიდერმა, ლორან ვოკიემ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი პარტია არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ სოციალისტურ მთავრობას, რომელიც მჭიდროდ იქნება დაკავშირებული რადიკალურ მემარცხენე ძალებთან, რომლებიც შარშან, „ახალი სახალხო ფრონტის“ სახელით, კოალიციაში იყვნენ: „ჩვენ არასოდეს მივიღებთ „ახალი სახალხო ფრონტის“ დამღუპველ პროგრამას“, - თქვა ვოკიემ.
სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ 2026 წლის მარტში, ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი და არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სურს პოპულარობის დაკარგვა. მემარჯვენე ლიდერმა, მარინ ლე პენმაც ეჭვი შეიტანა მაკრონის უნარებში, რომ ის შეძლებს მემარცხენე-მემარჯვენე ალიანსთან ერთად, ბიუჯეტზე შეთანხმებას. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი არჩევნების ჩატარებაა: „პარლამენტის დათხოვნა არჩევანი აღარ იქნება, ეს ვალდებულება გახდება“, - თქვა ლე პენმა.