ფრანგული დემოკრატია დენთზე - მაკრონი უკონტროლო დაპირისპირების წინაშე      

ფრანგული დემოკრატია დენთზე - მაკრონი უკონტროლო დაპირისპირების წინაშე      

საფრანგეთში პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა იზრდება. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა. ეს გადაწყვეტილება დასავლურ მედიაში ფართო განხილვის საგანი გახდა, რაც მიუთითებს მაკრონის სურვილზე, გააგრძელოს საკამათო ეკონომიკური რეფორმები, მიუხედავად მოსახლეობის მძაფრი პროტესტისა. ასევე, აღსანიშნავია, რომ იმ ფონზე, როცა მაკრონი და მისი ხელისუფლება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას აკრიტიკებენ და საუბრობენ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „დევნის“, სასტიკად არბევს რუსთაველზე მყოფ მომიტინგეებს, პარიზში ათასობით ახალგაზრდას პოლიცია სასტიკად უსწორდება. სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ  მაკრონის ხელისუფლება ჩამოიშალა და დაპირისპირება პიკს აღწევს.

Reuters-ის ინფორმაციით, სებასტიან ლეკორნუს დანიშვნა მაკრონის მხრიდან ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის გაგრძელების მკაფიო სიგნალია. ლეკორნუ, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ცნობილია, როგორც მაკრონის ერთგული მხარდამჭერი. მისი დანიშვნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო ტალღა მძვინვარებს, პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით, მემარცხენე ფლანგის აღშფოთებას იწვევს. ისინი ამას დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფად აფასებენ.

პროტესტები, ლოზუნგით - „ყველაფერი დაბლოკეთ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მომიტინგეები მთავრობის მიერ დაგეგმილ ბიუჯეტის შემცირებას და მაკრონის ბიზნესზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ, რომელიც, მათი აზრით, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება. პროტესტების ფარგლებში, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ შეტაკებებსაც: მომიტინგეებმა ნაგვის ურნები დაწვეს და გზები გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება და ათობით მომიტინგის დაკავება მოჰყვა.

დასავლური მედია, მათ შორის, Reuters, Associated Press და The Guardian, სიტუაციას სკეპტიკურად აფასებს. ისინი აღნიშნავენ, რომ მაკრონს ახლა უწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროკავშირის მომავალზე.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლეკორნუს დანიშვნით, მაკრონი ცდილობს მტკიცე პოზიციის დემონსტრირებას. ეს გულისხმობს, რომ არ აპირებს საკუთარ რეფორმებზე უარის თქმას, მიუხედავად ხალხის უკმაყოფილებისა. ამან კი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და პოლიტიკური არეულობა გამოიწვიოს. ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ მაკრონის ასეთი მიდგომა, შესაძლოა, პოლიტიკურ თვითმკვლელობად იქცეს.

იმავდროულად, დასავლური მედია საუბრობს მაკრონის მთავრობის ჩამოშლის შესაძლო მიზეზებზე, მათ შორის, საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებულ სადავო კანონზე, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. აღნიშნული რეფორმა, ბიზნესების გადასახადების შემცირებასთან ერთად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის სოციალური უთანასწორობის სიმბოლოდ იქცა.

ახალი მთავრობის ფორმირება და მასობრივი პროტესტები იმის ნიშანია, რომ საფრანგეთი პოლიტიკური კრიზისის ღრმა ფაზაშია. სებასტიან ლეკორნუს მთავარ გამოწვევად რჩება არა მხოლოდ ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება, არამედ საზოგადოების მზარდი უკმაყოფილების დაძლევაც. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, მაკრონს ახლა არჩევანის გაკეთება უწევს: ან გააგრძელოს მისი ამჟამინდელი პოლიტიკა და შეტაკებებმა კიდევ უფრო მძაფრი ფორმა მიიღოს, ან მოძებნოს კომპრომისი, რაც, სავარაუდოდ, მის პოლიტიკურ კურსს შეცვლის.                                                                                                                               მედიაპოლიტიკის ექსპერტი, გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის დღევანდელი საფრანგეთის ხელისუფლების არაადეკვატურობის სრული ლუსტრაცია. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აკეთებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, არის იმის მაგალითი, როგორ არ შეიძლება ამხელა ევროპული სახელმწიფოს მართვა.

„პრაქტიკულად, მაკრონმა საფრანგეთი ამ მდგომარეობაში იმ საგარეო პოლიტიკით ჩააყენა, რომელსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით აწარმოებს. ეს არის თვითგანადგურებაზე დამყარებული პოლიტიკა, საფრანგეთიც და გერმანიაც თვითგანადგურებაზე არიან გადასულები. საფრანგეთის ენერგეტიკა და ეკონომიკა, ისევე, როგორც თვითგანვითარების რესურსები, რომლებიც მათ იაფ და კონკურენტულ წარმოებაზე იყო მიბმული, ახლა ზარალდება.

საფრანგეთში უკვე სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ სოციალური დახმარებები 60 მილიარდ ევრომდე უნდა შეამცირონ. ბუნებრივია, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ საზოგადოება, რომელსაც არ უნდა, საფრანგეთი მონაწილეობდეს რუსეთ-უკრაინის ომში, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ აქტიურობას. მოსახლეობას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. მაკრონის პოლიტიკა, ყველა მიმართულებით, ფრანგებისთვის მიუღებელია“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკის შედეგად ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მაკრონის პრეზიდენტობის განმავლობაში, მეშვიდე მთავრობა ჩამოიშალა და ის ამაზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.

„მაკრონი ქვეყანას ვერ მართავს. ის ვერ აყალიბებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ქმედუნარიანი იქნება. ეს ვისი ბრალია? ლოგიკურია, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი მაკრონია. გამოდის, ახალი პრემიერის დანიშვნით, ის არაფრის შეცვლას არ აპირებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მაკრონმა პრემიერ-მინისტრად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დანიშნა, რომელიც იმ კაბინეტის წევრია, რომელსაც ადრე პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ახლა კი მაკრონმა ის მხოლოდ იმიტომ დანიშნა, რომ მისი ახლობელია, ამიტომ ეს არის პირველი ნიშანი საზოგადოებისთვის, რომ საფრანგეთში ისევ არაფერი შეიცვლება. უმრავლესობამ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მარინ ლე პენს მისცა. პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა აიღო, თუმცა ფსევდოლიბერალური პარტიები ერთიანდებიან და ისევ თავიანთი პრეზიდენტი მოჰყავთ, ასე მოხდა მაკრონის შემთხვევაშიც. თუმცა, საფრანგეთი დენთზე ზის. ვიცით ამ ხალხის დამოკიდებულება რევოლუციის მიმართ, ამიტომ სიტუაცია ყოველ წუთს ფეთქებადია“, - ამბობს ახვლედიანი.