„კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებანი თანამედროვე ეპოქაში“ - მეოთხე ნაწილი

„კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებანი თანამედროვე ეპოქაში“ - მეოთხე ნაწილი

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობას ჯერ კიდევ სსრკ-ის არსებობის დროს აღნიშნავდა ჰ.კისინჯერი. აღიქვამდა რა განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს და ვითარებას რეალურად და უნივერსალურად, მას სამართლიანად მიაჩნდა, რომ კომუნისტური რუსეთი გაცილებით ცუდად პასუხობდა წინადადებებს “შერიგებაზე”, “განიარაღებაზე” და “კონვერგენციაზე”, ვიდრე ღია შეჯიბრს, ძალისმიერ დაწოლას და პირდაპირ კონფრონტაციას. 1994 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “დიპლომატია” ის წერს : “გეოპოლიტიკის კანონებით რუსეთს, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ მართავს მას, მყარად უკავია ის ადგილი, რომელსაც ჰელფორდ მაკინდერი ეძახდა გეოპოლიტიკურ “შუაგულ მიწას”- HEARTLAND-ს, და წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ძირითად იმპერიული ტრადიციის მემკვიდრეს”. გეოპოლიტიკური ერთიანი სისტემის არქონის პირობებში, ასეთ სწორ მრავალისმომცველ ანალიზს ის ახერხებს ალბათ არაჩვეულებრივი “გეოპოლიტიკური წარმოსახვის უნარით. ”ტრანსფორმაციონისტები” ერთ რამეში კი ნამდვილად მართლები არიან, რომ მათი შეფასებით ჩვენ ვდგავართ ახალი გლობალური სისტემის ზღურბლზე, რომლის საერთო პარადიგმა ჯერ კიდევ განსასაზღვრია და რომელსაც შეუძლია მოგვიტანოს მთელი რიგი სიუპრიზები და მოულოდნელობები. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გლობალიზაციის მიმდინარეობის კანონზომიერების (პარადიგმის) ერთიანი “სრული” გეოპოლიტიკური თეორიული სისტემის არქონა მკვლევარ-მეცნიერებს უტოვებს მხოლოდ მისი მიმდინარეობის დაკვირვების საშუალებას, ხოლო მათი აზრები და დასკვნები იცვლება ვითარების ცვლილების კვალობაზე. საბოლოოდ, ცხადია მიდიან იმ დასკვნამდე, რომ “კაცობრიობა იმყოფება ტრანსფორმაციის პროცესში და სად მიგვიყვანს ეს პროცესი არავინ იცის”. ანუ გეოპოლიტიკურ ანალიზს აკეთებენ ცალკეულ პარადიგმებზე და მიხვედრებზე, ინდივიდუალურ სტრატეგიულ ხედვებზე და არა კანონზომიერებებზე და სისტემაზე დაყრდნობით. ნიჭიერებისა კომპეტენტურობის მიუხედავად, მათი ანალიზები, გადაწყვეტილებები და დასკვნები დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებად იქნება ქმედითი და ზუსტი, რადგან დასავლეთი დაღმავლობის გზაზეა და მათი სუბიექტური გეოპოლიტიკური თეორიები ნაკლებად პასუხობს ასეთ მოთხოვნებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი შექმნილია და ჩამოყალიბებულია აღმავალი, საბოლოო გამარჯვებაზე ორიენტირებული იმპერიებისათვის. ამასთან, ისინი ვერ ქმნიან მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთიან გლობალურ სურათს. სწორედ ეს არის მიზეზი დასავლეთის გეოპოლიტიკოსების და შესაბამისად, პოლიტიკოსების მიერ XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში დაშვებული მრავალი სტრატეგიული შეცდომისა. სინამდვილეში გეოპოლიტიკური გლობალიზაციის გზა არაერთმნიშვნელოვანი და რთულია. მისი განვითარება და გავრცელება თანდათანობითია და საფეხუროვანი, გამსხვილების მიმართულებით, მაგრამ მაქსიმუმ- დუალიზმამდე. გლობალიზაცია შესაძლებელია სახელმწიფოების და პოლუსების (გაერთიანებების, იმპერიების და კავშირების) დონეზე, შემდეგ, მაქსიმუმ საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციების დონეზე. გეოპოლიტიკის დუალიზმი და საერთოდ, ადამიანისა და საზოგადოების დუალიზმი უკუაგდებს გეოპოლიტიკური გლობალიზმის ერთიან ყოვლისმომცველობას და ლიბერალიზმს, როგორც მონო - იდეოლოგიას. როგორც კი გლობალიზაციის პროცესი “დუალიზმამდე” მივა, თანდათან შეჩერდება და დავა ძირეულ საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციებამდე. ამ პოლარიზაციებს შორის სანაპირო ზოლში იქნება შერეული, ნაკლებად დაკრისტალებული იდეოლოგიები. სავარაუდოდ, აქ დასავლურ ნეოლიბერალიზმს შეეჯახება რამდენიმე აღმოსავლური იდეოლოგია (ევრაზიულ-სოციალიური და სოციალისტური-კონსერვატორული მიმართულებები და მათი მსგავსნი, ძლიერი ტრადიციული და რელიგიური სარჩულით). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალიზაციას იდეოლოგიური სარჩული (ნეოლიბერალიზმი) აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ ის ვერ გასცდება “დუალიზმს”, მისი ურთიერთობა “გლობალიზაცია-2”-თან (ნეოლიბერალიზმის საპირისპირო იდეოლოგიებთან), მოხდება გლობალური ბალანსი-მდგომარეობის სამი წესით, ხოლო “მყარი” ბალანსი-მდგომარეობის დასამყარებლად. აქ არ შეიძლება არ ვისაუბროთ ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ მოდელზე. ჩინელებმა გააცნობიერეს, რომ ერთიანი პოზიტიური იდეოლოგიის შეთავაზება ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირებებითა და კონფლიქტებით, ისტორიული წყენებით გაჯერებულ ევრაზიაში შეუძლებელია, ამიტომ ნეოლიბერალიზმს მათ დაუპირისპირეს არა თავისი იდეოლოგია და პოლიტიკური სისტემის პროპაგანდა, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი და კაცობრიობის ერთიანი ბედის კონცეფცია, რაც ძალზე მიმზიდველია ქვეყნების დიდი ნაწილისათვის, რადგან ჩინეთთან პოლიტიკური და ფინანსური დამოკიდებულების საპირწონედ არ დგას ტრადიციებზე და ღირებულებებზე უარის იძულება.

ცხადია, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა კონვერგენცია ამ ორ ძალას შორის, სადაც დასავლეთს მოუწევს შეთანხმება ჰ.კისინჯერის “ფორმულებით”, ცალკე რუსეთთან და ცალკე ჩინეთთან საკაცობრიო ერთიანი ღირებულებების შეჯერების და ამ ცივილიზაციების თავისთავადობის შენარჩუნების ფარგლებში. არის საყოველთაო-მონოლითური გლობალიზაციის ერთი გზა (მხოლოდ თეორიული და დროებითი) - ისეთი მსოფლიოს (საზოგადოების) ჩამოყალიბება, რომელიც არ არის დუალისტური, ეს არის ღამის რეჟიმის მისტიკური მხარე, რაც გულისხმობს ქალურ საწყისს, მის დროებით მონოლითურობას (შობამდე), რომელიც განსახიერებას პოულობს საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენებში, მონებში, ინდოეთის ყველაზე დაბალ მე-4 კასტაში და რომელის გამოხატულებაა შავი მაგია. ან ფილოსოფოს ჟ. დელეზის “შიზოფრენული ყოფიერების” თემატიკის იდეებზე დაყრდნობით, შემეცნების გახლეჩილ მდგომარეობაში მყოფი გლობალური საზოგადოების მოწყობა. მთელი მსოფლიოს დიდი უმრავლესობის დაყვანა კი აქამდე, თუნდაც დროებით, პრაქტიკულად შეუძლებელია.

აქვე უნდა უნდა ითქვას, გლობალისტების მიდრეკილება მონოლითურობის ჩამოყალიბებისკენ ადამიანური ბუნების სწორედ ღამის რეჟიმის მისტიურ-მაგიური საწყისის გამოხატულებაა, რასაც ადასტურებს მათ მიერ მეცნიერების შავი მაგიის ამპლუაში გადაყვანა და პანდემიური თუ სხვა მსგავსი სცენარებით გლობალური ტოტალიტარიზმის დამყარების მცდელობები. “ახალი ნორმალურობისა“ და “დიადი გადატვირთვის“ იდეები სწორედ “შიზოფრენიულ ყოფიერებას“ და საზოგადოებრივი ცნობიერების გახლეჩას იწვევს, ხოლო რადგან ასეთ მდგომარეობას მხოლოდ მონურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შეიძლება შეეგუონ, ფორსირებულად იზღუდება “ადამიანთა უფლებები“ მათივე ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან ნათლად ჩანს, ჩვენი ჰიპოთეზის მართებულობა, რომ სტრატეგიები, რომლებიც დამუშავებულ იქნენ კლასიკური გეოპოლიტიკის ფუძემდებლების მიერ და რომლებიც ასახავდნენ მათი თანამედროვე იმპერიების მოქმედებათა ალგორითმებს, ძირითადად არ იცვლება, რადგანაც არ შეცვლილან გეოპოლიტიკური სუბიექტები, მათი ინტერესები და გეოგრაფიული გარემო. ამავე დროს მსოფლიო დომინირებისთვის ბრძოლას ახლებური ხასიათი მისცა ახალმა, ციფრული განზომილების ათვისებამ, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, გლობალური საბანკო-საფინანსო სისტემის, მედიის და სოციალური ქსელების ჩამოყალიბებამ, თუმცა მათ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებებთან მიმართებაში ცვლადი, იერარქიულად დაქვემდებარებული ადგილი ენიჭებათ.

***

ციფრული ერის გავლენა კლასიკური გეოპოლიტიკის კანონებზე და ტრადიციული აქტორებისა და გლობალიზმის ურთიერთდამოკიდებულება

აშშ-ს გეოპოლიტიკური თავისებურებანი-პალეოგრაფიული და

ისტორიული რაკურსი

აშშ-ის იმპერიის, როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტის, შესწავლამ ანუ, აშშ-ის ისტორიის გეოპოლიტიკურმა ანალიზმა კლასიკური გეოპოლიტიკის ახლებური ხედვის საფუძველზე გამოაჩინა, რომ აშშ, როგორც სახელმწიფო, გეოპოლიტიკურად განსაკუთრებულია და გამონაკლისი. მისი გეოგრაფიული მდებარეობა დედამიწაზე გეოპოლიტიკურად უნიკალურია, რაც გამოიხატება იმით, რომ ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს გააჩნია როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ცივილიზაციის ნიშნები (აქ მხედველობაში არა გვაქვს შიდა ნახევარმთვარეს არეალში მოქცეული ქვეყნები, რომლებსაც ორივე მიმართულებით აქვთ მიდრეკილება, მაგალითად, იტალია, ესპანეთი და სხვა; არის სახელმწიფოები, მაგალითად ჩინეთი, რომლის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილი მოქცეულია “შუაგულ მიწაზე”, ხოლო სამხრეთი ნაწილი -“სანაპირო ზონაში”, თუმცა ჩინეთი სახმელეთო იმპერიაა). აშშ-ის იმპერია ორი კლასიკური არსის - ცივილიზაციის ერთდროული მატარებელია. ის არის საზღვაო ცივილიზაციის მატარებელი (მდებარეობს “გარე ანუ კუნძულოვანი ნახევარმთვარეს” ტერიტორიაზე), ამასთან, იმავდროულად, არის სახმელეთო ცივილიზაციის მატარებელი (ანუ მდებარეობს დედამიწის პერიფერიაში) და არის აღმოსავლეთის სახელმწიფო, როგორც ევრაზიის გაგრძელება (აშშ-კანადის ტერიტორია არის ციმბირის ტყეებისა და სტეპების გაგრძელება). შესაბამისად აშშ-ის ტერიტორია პარალელურად არის საზღვაო და სახმელეთო იმპერია. აშშ-მა თავისი ისტორიის პირველი ნაწილი გაიარა, როგორც სახმელეთო იმპერიამ, მეორე ნაწილი კი - როგორც საზღვაო იმპერიამ, რომელიც დღემდე გრძელდება. აშშ ახალგაზრდა სახელმწიფოა. დამოუკიდებელ ქვეყნად მან 1776 წელს გამოაცხადა თავი. XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედიდან XX საუკუნეში პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე (დაახლოებით 135 წელი) არის აშშ-ის სახმელეთო იმპერიის შექმნისა და განვითარების პერიოდი. მისი იმპერიად ჩამოყალიბება მიმდინარეობდა განუწყვეტელი ომების პირობებში: ბრძოლები დიდ ბრიტანეთთან დამოუკიდებლობისათვის, ბრძოლები ადგილობრივ ინდიელ ტომებთან მიწების ათვისების მიზნით (პიონერთა მოძრაობა) ატლანტის ოკეანის სანაპიროდან დასავლეთით წყნარი ოკეანის სანაპირომდე (ძალიან ჰგავს რუსეთის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესს, როდესაც პირველი რუსი “გამკვალავები” მიიწევდნენ ციმბირში აღმოსავლეთისაკენ, წყნარი ოკეანის ნაპირებისაკენ მიწების დაპყრობის მიზნით და გზადაგზა ანადგურებდნენ მრავალ ადგილობრივ სახანოსა და ტომს). აშშ-ის ახალ სახელმწიფოს მოუხდა ომები დიდ ბრიტანეთთან კანადის საზღვრებთან დაკავშირებითაც - კონფლიქტი ორეგონის მიწებისათვის. მექსიკასთან ტეხასისა და კალიფორნიის მიწებისათვის, ესპანეთთან ფლორიდისათვის. ამას დაერთო მძიმე სამოქალაქო ომი, როდესაც აშშ-ის ერთიანი სახელმწიფოს არსებობა საშიშროების წინაშე დადგა. XIX საუკუნე ასევე იყო მიწების შემოერთების პერიოდი, ამჯერად შესყიდვებით, რომელიც იყო ასევე პოლიტიკური კონიუქტურის შედეგი. საფრანგეთისგან ლუიზიანის მიწებისა და რუსეთისგან ალასკის შესყიდვით აშშ-ის იმპერიის ტერიტორია ძირითადად დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა. ეს იყო გზა კლასიკური სახმელეთო იმპერიის ჩამოყალიბებისა. ეს იყო აშშ-ის, როგორც იმპერიის შექმნა-განვითარების, სახმელეთო ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესი. დღემდე აშშ-ის სახელმწიფო და მისი მოსახლეობის ცხოვრების წესი (ფერმერული მეურნეობები, მეჯოგეობა, განსაკუთრებით მისი ტერიტორიის სიღრმეში) მტკიცედ ატარებს სახმელეთო ცივილიზაციის ყველა თვისებას.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ისტორიის პირველი სახმელეთო გეოპოლიტიკური პერიოდი შუა გზაზე შეწყდა და ვერ მიიღო დასრულებული სახე. თუ აშშ-მა, როგორც სახმელეთო სახელმწიფომ, ერთი ოკეანიდან მეორე ოკეანემდე ტერიტორიის “ათვისებით” დაასრულა განედური მიმართულებით ტერიტორიის შემოფარგვლა და მისცა მას ბუნებრივი საზღვრები, ამას ვერ ვიტყვით მერიდიანული მიმართულებაზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულებით აშშ-მ ვერ მიიღო დასრულებული სახე, თუმცა იყო მცდელობა კანადის მიწების შეერთებისა. ამ პროცესს ხელი შეუშალა ერთი მხრივ, დიდი ბრიტანეთის საზღვაო იმპერიამ და, მეორე მხრივ, XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ის საზღვაო იმპერიად გარდაქმნამ. მანამდე კი 1823 წელს იყო მონროს დოქტრინა - სტრატეგიული ინტეგრაცია მთელი ამერიკის ორივე კონტინენტზე, რომელიც, ფაქტობრივად, მერიდიანულ ექსპანსიას წარმოადგენდა, აშშ-ის მსოფლიო იმპერიად გადაქცევის I ეტაპი, რომელმაც 1823 წელს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ურთიერთჩაურევლობის პრინციპის დეკლარაცია მოახდინა და აშშ-ის ძლევამოსილების ზრდა მიმართა სამხრეთ ამერიკისაკენ. ეს პირველი პერიოდი შეიძლება აითვალოს 1776 წლიდან I მსოფლიო ომის დასაწყისამდე. XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ის ისტორია არის მისი საზღვაო იმპერიად გარდაქმნისა და განვითარების პერიოდი, რომლის დროსაც საზღვაო ცივილიზაციის ლიდერობის მთელმა სიმძიმემ თანდათან დაიწყო გადანაცვლება დიდი ბრიტანეთიდან აშშ-კენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ერთპიროვნულად გახდა საზღვაო ცივილიზაციის ლიდერი, შესაბამისად მან გადაიბარა ისტორიული გეოპოლიტიკური მისია. ეს იყო მისი, როგორც იმპერიის, მეორე გამოვლინება. მთელი ეს პროცესი თეორიულად კარგად აისახა და დასაბუთდა ა.მეჰენის და ჰ.მაკინდერის შრომებში, საიდანაც ჩანს, რომ გეოპოლიტიკური დუალიზმის განუწყვეტელი ბრძოლის პროცესში სახმელეთო ცივილიზაციის საპირწონედ დიდ ბრიტანეთს, დასუსტების შემდეგ, ჩაენაცვლა აშშ. მოხდა ფუნქციის გადაცემა ინგლისის იმპერიიდან აშშ-ის იმპერიაზე, რასაც თვითონ აშშ-მაც შეუწყო ხელი, როდესაც საბჭოთა კავშირთან ერთად ყველაფერი გააკეთა დიდი ბრიტანეთის დასასუსტებლად. ლიდერობასთან ერთად აშშ-ს გადაეცა დიდი ბრიტანეთიდან ისრაელის სახელმწიფოს დაარსების და დაცვის ფუნდამენტური ამოცანა ახლო აღმოსავლეთში. ასე ჩამოყალიბდა საერთო ანგლო-ამერიკული (ანგლოსაქსური) გეოპოლიტიკური ტრადიცია, რასაც მოგვიანებით დაერქვა ატლანტიკური, რომლის ორივე მხარეს განლაგდა “საზღვაო ძლევამოსილების” ძირითადი ცენტრები. ამ პროცესს ლ. ლარუში ასე ხსნის: “აშშ თავდაპირველად იყო სახმელეთო “ევრაზიული” სახელმწიფო, რომელიც “ზღვიდან-ზღვამდე” აგებული იყო “კონტინენტური ავტარკიის” პრინციპზე. შემთხვევითი არ არის, რომ ფ.რატცელი და ფ. ლისტი, კონტინენტური პოლიტიკური გეოგრაფიისა და ეკონომიკური ნაციონალიზმის დამფუძნებლები, XIX საუკუნეში შთაგონებული იყვნენ სწორედ ამერიკული გამოცდილებით. ბრიტანული ელიტის ხელმძღვანელობით, ევროპული “საიდუმლო საზოგადოებების” გავლენით წარმატებით განხორციელებული ოპერაციების სერიის შემდეგ აშშ აღმოჩნდა “საზღვაო სახელმწიფოს” პოზიციაში...”

 ადმირალი ა.მეჰენი იყო ის პიროვნება, რომელმაც ძირითადად განსაზღვრა აშშ-ის საზღვაო ბედი. მისი აზრით, აშშ-ის სახელმწიფოებრივი არსი განისაზღვრებოდა “საზღვაო ძლევამოსილებით”. აშშ-ის სამხედრო სტრატეგია მთელი XX საუკუნის მანძილზე აგებული იყო ა.მეჰენის და მისი მიმდევრების იდეებზე. ამ სტრატეგიამ აშშ-ს პირველ მსოფლიო ომში მოუტანა გარკვეული წარმატება, ხოლო მეორე მსოფლიო ომში - დიდი წარმატება. შემდგომშიც აშშ-ისა და დასავლეთის ბლოკის გამარჯვება ცივი ომის დროს მთლიანად ემყარებოდა ა.მეჰენისა და მისი მიმდევრების იდეებს. ის თვლიდა, რომ ამერიკას აქვს “საზღვაო ბედი” და მომავალში სწორედ ამის საფუძველზე უწინასწარმეტყველებდა მას წამყვან საზღვაო ძალად და გლობალურ მსოფლიო იმპერიად გახდომას.

პრეზიდენტ მონროს დოქტრინასაც, სტრატეგიულ ინტეგრაციას მთელს ამერიკის კონტინენტზე, იწონებდა და განიხილავდა პირველ ეტაპად მსოფლიო ბატონობის გზაზე. თვლიდა რა “საზღვაო ძლევამოსილებას” ცივილიზაციის განსაკუთრებულ ტიპად, ჯერ კიდევ ჰ.მაკინდერის და გერმანელ კ.შმიტის შეფასებამდე ავტომატურად მივიდა დასკვნამდე, რომ აშშ-ის “საზღვაო ძლევამოსილების” მთავარი საშიშროება არის ევრაზიის კონტინენტური სახელმწიფოები, პირველ რიგში რუსეთი, მეორე რიგში კი გერმანია. ა.მეჰენმა პლანეტარულ დონეზე გადაიტანა “ანაკონდას” პრინციპი. ის თვლიდა, რომ საზღვაო სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანა, კონტინენტურ სახელმწიფოებთან დაპირისპირების შემთხვევაში, იყო საკუთარი სანაპირო სივრცის კონტროლი. შესაბამისად, საჭიროა, შეეცადო ყველა საშუალებით “მოგლიჯო” კონტინენტური მასისაგან მოწინაღმდეგის ზონები. გარდა ამისა, მისი სტრატეგიით, რამდენადაც მონროს დოქტრინა არის სტრატეგიული ინტეგრაცია და ის ხელს უწყობს სახელმწიფოს ძლიერებას, იმდენად არ შეიძლება დაშვება მოწინააღმდეგის ანალოგიური ინტეგრირებული წარმონაქმნის შექმნისა. პირიქით, საჭიროა, მოწინააღმდეგის კონტინენტური მასა დაასუსტო (რუსეთ-გერმანიის კავშირი), მოაღრჩო “ანაკონდის” ყულფით, იმ ანგარიშით, რომ მისი კონტროლის სფეროდან გამოვიდეს სანაპირო ზონა და შესაძლებლობის ფარგლებში გადაუკეტო ზღვის სივრცეში გასასვლელი. ეს სტრატეგია გამოყენებული იქნა I და II მსოფლიო ომებში, განსაკუთრებით ეფექტურად კი ცივი ომის დროს. ეს იყო, ფაქტობრივად, NATO-სი და სხვა სამხედრო ბლოკების ძირითადი სტრატეგიული ხაზი სსრკ-ის შესაკავებლად. “შეკავების” კონცეფცია იგივეა, რაც “ანაკონდის” სტრატეგიული და გეოპოლიტიკური კონცეფცია. უნდა აღინიშნოს რომ ”საზღვაო ძლევამოსილების” ამ სტრატეგიის საპირისპიროა “დიდი სივრცის” პრინციპი, სახმელეთო სახელმწიფოების კონსოლიდაცია და ავტარკიულობის უზრუნველყოფა. აღნიშნული სტრატეგია, ევრაზიის კონტროლი სანაპიროდან, განავითარა ნიკოლას სფაიქმენმა, ამ სტრატეგიის განხორციელების შედეგად, ცივი ომი აშშ-ის (დასავლეთის) გამარჯვებით დამთავრდა. ა. მეჰენის მოძღვრება და ნ.სფაიქმენის თეზისები არის დუალისტური ძალების ჭიდილის ის მხარე, როდესაც ერთ-ერთმა (ამ შემთხვევაში საზღვაო) ძალამ გარკვეული დროით დაჯაბნა მეორე (ამ შემთხვევაში სახმელეთო) ძალა. დუალისტური ძალთა ბალანსირების კატეგორია კი ცნობს მის საპირისპირო შედეგსაც, რაც ასევე არ იქნება მუდმივი. ეს იმიტომ, რომ “სანაპირო ზონაზე” ზემოქმედებს, არა მარტო საზღვაო ძალა, არამედ სახმელეთოც. მიუხედავად ა. მეჰენის დიდი სტრატეგიული ნიჭისა და აშშ-ის მომავლის წინასწარმეტყველური განჭვრეტისა (მრავალი დებულება ჰ.მაკინდერზე უფრო ადრე დამოუკიდებლად გაიაზრა, მაგალითად, სახმელეთო იმპერია რუსეთი, მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე რომ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე იქნებოდა აშშ-ის ძლევამოსილი საზღვაო იმპერიისათვის). ჩვენი აზრით, მას მაინც არ გააჩნდა ჩამოყალიბებული სრული გეოპოლიტიკური ხედვა და შესაბამისად - სტრატეგია, ანუ, მან ვერ შექმნა ერთიანი სისტემური სტრატეგიული ხედვა. აქედან მომდინარეობს მისი სტრატეგიული გააზრების რამდენიმე შეცდომა, არა მარტო დღევანდელი გადასახედიდან, არამედ იმდროისთვისაც კი. მაგალითად:

ა) მისი კატეგორიული დასკვნა აშშ-ს საზღვაო ბედის შესახებ და მისი მხოლოდ ამ მიმართულებით გააზრება, იმ დროს, როდესაც წინ ედო მაგალითი აშშ-ის სახმელეთო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ისტორიის თაობაზე და მისი გამოვლენა მონროს დოქტრინის სახით, მან აღიქვა, როგორც პირველი ეტაპი და საფუძველი აშშ-ის საზღვაო იმპერიის შემდგომი ძლევამოსილებისა.

ბ) როდესაც მან თავის წიგნში “ამერიკის დაინტერესება საზღვაო ძალით”, ჩამოაყალიბა ის პუნქტები, რომელიც მსოფლიო სახელმწიფოდ გადაქცევისთვის უნდა დაეკმაყოფილებინა ამერიკას, ერთ-ერთი პუნქტში მიუთითა, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ გერმანიის საზღვაო პრეტენზიებისთვის. ეს იმ დროისთვის და მომავალშიც აშშ-ის საზღვაო იმპერიისათვის გადაულახავი პრობლემა არ იქნებოდა. იგი დიდი ბრიტანეთის მსოფლიო საზღვაო იმპერიისათვისაც არ იყო საშიში, რაც კარგად იცოდნენ ინგლისელმა სტრატეგებმა და შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მას, ვიდრე გერმანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირს, როგორც სახმელეთო სახელმწიფოებისას, რაც გაცილებით საშიში იყო დიდი ბრიტანეთისათვის და სწორედ ამიტომაც მისი მთელი ძალისხმევა მიმართული იყო ამ კავშირის არდაშვებისაკენ და შესაბამისად, მათ შორის ბუფერული სახელმწიფოების შექმნისაკენ. ჯერ კიდევ 1904 წელს, ჰ.მაკინდერი სტატიაში “ისტორიის გეოგრაფიული ღერძი” აშშ-ს აკუთვნებდა “სახმელეთო სახელმწიფოს”, რომელიც შედიოდა “გარე ნახევარმთვარის” შემადგენლობაში, როგორც ნახევრად კოლონიური სტრატეგიული გაგრძელება საზღვაო ინგლისისა.

ის წერდა: “აშშ ახლახან აღმოსავლეთის სახელმწიფოდ იქცა, იგი ევროპაში ძალთა წონასწორობაზე მოქმედებს არა უშუალოდ, არამედ რუსეთის მეშვეობით”. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ის აშშ-ს თვლიდა დედამიწის პერიფერიაში მდებარე აღმოსავლეთის სახმელეთო სახელმწიფოდ და არ მიიჩნევდა საზღვაო ცივილიზაციად. მხოლოდ შემდეგ მოაქცია მან იგი “გარე ნახევარმთვარეში”. პირველი მსოფლიო ომის დროს აშშ-მა ღიად განაცხადა თავის მსოფლიო ამბიციებზე, როგორც “დემოკრატიის” ციტადელმა და როგორც “საზღვაო ძლევამოსილებამ”. ეს ტენდენცია დაკავშირებული იყო პრეზიდენტ ვ.ვილსონის იდეებთან და პროგრამებთან, რომელიც აცხადებდა, რომ ტრადიციული ამერიკული იზოლაციონალიზმიდან უნდა გასულიყო მსოფლიო არენაზე გლობალურ საზღვაო სახელმწიფოდ და მსოფლიო დემოკრატიის გარანტად. მის საერთაშორისო პოლიტიკას საფუძვლად ედო “იდეალიზმის” ტრადიციები, ანუ აშშ-ს თავისი წარმოდგენის შესაბამისად უნდა აეღო თავის თავზე მსოფლიო მოწყობისა პასუხისმგებლობა პოლიტიკურ დემოკრატიაზე, პარლამენტარიზმზე, თავისუფალ ბაზარზე. ასეთი მიდგომით ამერიკული ღირებულებები ცხადდებოდა უნივერსალურად (საზღვაო ცივილიზაციის გამოვლინება). სახმელეთო ცივილიზაციის გამოვლინება იყო მისი ოპონენტების, ამერიკელი “რეალისტების” პოზიცია, რომლებიც თვლიდნენ, რომ აშშ, პირველ რიგში, ვალდებული იყო მიჰყოლოდა… თავის ნაციონალურ ინტერესებს და შემდეგ მიექცია ყურადღება ღირებულებებზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ორი მიმართულების ერთმანეთში შერწყმა: ა. მეჰენის შეხედულებები ვ.ვილსონის პლანეტარული სტრატეგიის ფონზე შეერწყა ჰ. მაკინდერის ბრიტანულ გეოპოლიტიკას, რაც აისახა ჰ.მაკინდერის 1919 წელს დაწერილ ნაშრომში “დემოკრატიული იდეალები და რეალობა”, სადაც მან ვ.ვილსონის “იდეალიზმი” მოარგო გეოპოლიტიკურ რეალიებს. ასე შეიქმნა თეორიული საფუძვლები “საზღვაო” ცივილიზაციისა, სადაც ჩართული იქნა აშშ. ეს ერთიანი ძალა კი მიმართული იყო “სახმელეთო” ცივილიზაციისაკენ, ხმელეთის გულისაკენ, რომელშიც მან შეიყვანა რუსეთთან ერთად გერმანია, კონტინენტური ჩინეთი და ირანი, როგორც ყველაზე “სახმელეთო” ზონები.

კლასიკური გეოპოლიტიკა და ციფრული ტექნოლოგიები

თანამედროვე კაცობრიობის არსებობა წარმოუდგენელია ინტერნეტისა და თანამგზავრული ტელევიზიების გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მობილური გაჯეტების, უსადენო ინტერნეტის, უამრავი პროგრამებისა და აპების, სერვისების-დაწყებული ინტერნეტ-ბანკინგითა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობით დამთავრებული – დღეს ფაქტობრივად, გლობალური მედიისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილი ადამიანი ერთგვარად დესოციალიზებულია. ის, რაც ცალკეულ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე ვთქვით, ვრცელდება სახელმწიფოებზეც - დღეს ინტერნეტი არამარტო კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ის გადაიქცა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დომინირების ინსტრუმენტად, ხოლო ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიებს ჩამორჩენილი სახელმწიფოები ერთგვარად მარგინალიზებულნი არიან. გულუბრყვილო წარმოდგენა, რომ ინტერნეტი და მასთან დაკავშირებული გლობალური კომუნიკაციები სასიკეთოდ გარდაქმნიდა გეოპოლიტიკურ რეალობას - ილუზორული აღმოჩნდა - პირიქით, მან პროცესებს გლობალური ხასიათი შესძინა, შეიქმნა ინფორმაციული ომის ტექნოლოგიები, რომელთა გამოყენების პირველი მაგალითი იყო ახლო აღმოსავლეთში ე. წ. “არაბული გაზაფხულის“ მოვლენები, რის შედეგადაც რეგიონის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად შეიცვალა. პროპაგანდა, ფსიქოლოგიური ომი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შიდა და გარე კონფლიქტებში. ინფორმაციული საზოგადოების“ გაჩენასთან ერთად მისი მნიშვნელობა საოცრად გაიზარდა. გაზეთებს, რადიოს, ტელევიზიას, რომლებიც ინფორმაციის გადაცემის ტრადიციული საშუალებები იყვნენ, დაემატა ინტერნეტი და თანამგზავრული ტელევიზია, რომელთა საშუალებითაც ხდება მოსახლეობის განუწყვეტელი ინფორმირება. შემომავალი შეტყობინებები დაუყოვნებლივ ანალიზდება, მზადდება, კომენტირდება და ნაწილდება რეალურ დროში, ხდება აღქმების შექმნა და მანიპულირება ამ აღქმებით.

ამ ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპები ნათლად გამოჩნდა ეგვიპტის მაგალითზე, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის 30 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტზე გამოთვლილი, გაიზარდა 4,5-ჯერ - 100 მილიარდიდან 450 მილიარდ დოლარამდე, რაც გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის.

შემცირდა სხვაობა მოსახლეობის მდიდარი და ღარიბი ნაწილის შემოსავლებს შორის: მხოლოდ 23 სახელმწიფოში იყო სოციალური უთანასწორობა უფრო დაბალი ვიდრე ეგვიპტეში და ამ მაჩვენებლის მიხედვით ეგვიპტე მნიშვნელოვნად უსწრებდა ასეთ ქვეყნებს, როგორც აშშ, ჩინეთი ან რუსეთი. რეალური შედეგები იქნა მიღწეული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც დაეცა ინდოეთის, საბერძნეთისა და ჩინეთის დონემდე, ანუ გაცილებით დაბლა, ვიდრე, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ ამავდროულად, ეგვიპტის ეკონომიკური და სოციალური წარმატებების გაშუქება შემცირდა პრესაში მშრალი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების დონემდე, ყურადღება არ ექცეოდა პიარს, რამაც გამოიწვია უკუპროპაგანდისტული ეფექტი. შედეგად, ეგვიპტეში დომინირებდა განწყობილება, რომ ჰ. მუბარაქი არაფერს აკეთებდა ქვეყნისთვის, რომ არამარტო სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა, არამედ მალაიზიამაც კი მნიშვნელოვნად აჯობა მას ეკონომიკური განვითარებით, რომ ეგვიპტემ დაკარგა ლიდერის როლი არაბულ სამყაროსა და აფრიკაში. იმ ფაქტს, რომ ჰ. მუბარაქ და მის გარემოცვა არ ანიჭებდნენ მნიშვნელობას პოლიტიკურ რეკლამას, ასევე უარყოფითი შედეგები მოჰყვა, მათ არ ესმოდათ, რომ დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოს მეთაურის იმიჯი არის საქონელი, რომელიც დიდწილად მოქმედებს მასების აღქმებზე, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალს ენიჭება მნიშვნელობა და უნდა დამუშავდეს, დაწყებული სახის გამომეტყველებიდან და კოსტუმით დამთავრებული.

არაბულ ქვეყნებში აშკარად გარედან ინსპირირებული ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ დაიწყო ამ ქვეყნების მოსახლეობის მასობრივი ელექტრონულ-საინფორმაციო დაბომბვა მასიური და ეფექტური გზით. ამავე მოდელზეა აგებული პროპაგანდისტული კამპანიები დასავლეთისთვის მიუღებელი სახელმწიფოების ლიდერების წინააღმდეგ. მასმედია (მედია) ქმნის სისხლიანი დიქტატორის იმიჯს, რომელიც მართავს კორუმპირებულ და ნეპოტისტურ რეჟიმს და სასტიკად თრგუნავს საკუთარი ხალხის დემოკრატიის სურვილს. ასეთი რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს და ცდილობს შეიძინოს მასობრივი განადგურების იარაღი, რომლის გამოყენებაზეც ოცნებობს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. პოლიციისა და არმიის მცდელობები, ხელი შეუშალონ სიტუაციის დესტაბილიზაციას (რაც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა) წარმოდგენილია როგორც ომი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მიზნით. რასაც არ უნდა აკეთებდეს ასეთი რეჟიმი სიტუაციის გამოსასწორებლად, მისი რეფორმები ხასიათდება, ან როგორც დაგვიანებული, ან კი მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გატარებული. ამავე დროს, რევოლუციონერები ხასიათდებიან, როგორც "თავისუფლებისთვის მებრძოლები", მათ ექმნებათ დადებითი იმიჯი, მათი დანაშაულებანი იჩქმალება, სულ სხვა სურათს ვხედავთ, როდესაც საქმე ეხება დასავლეთის ერთგული რეჟიმების წინააღმდეგ პროტესტს - აქ მედიაში აქცენტი კეთდება პროტესტის შეზღუდულ ხასიათზე და დაინტერესებული ქვეყნების მმართველების სურვილზე განახორციელონ პოლიტიკური რეფორმები და გააუმჯობესონ სოციალური მდგომარეობა.

პროპაგანდისტულ ომში მთავარი როლი თანამგზავრულ ტელევიზიას ენიჭება, რომელიც სტერეოტიპებს ქმნის და მასობრივ ცნობიერებაში ნერგავს. ამ მხრივ, არაბული გაზაფხულის პირობებში ლიდერობდნენ Al-Jazeera და Al-Arabiya, რომელთა გადაცემები არაბულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც შექმნილი იყო აჯანყებულების მიმართ სიმპათიის გასაჩენად, გახდა ინფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო როგორც არაბული ქვეყნებისთვის, ასევე დასავლური სამყაროსთვის. ტელევიზიის ეფექტურობა წინასწარ არის განსაზღვრული, პირველ რიგში, მისი ფართო გავრცელებით და მეორეც, ვიზუალური დიაპაზონის გავლენით, რომელიც მაყურებელს აჩვენებს „სურათს“ და არ უტოვებს მას დროს მიღებული ინფორმაციის გასაანალიზებლად. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავეთანხმოთ ბამბერგის უნივერსიტეტის პროფესორის ა. იუნგერის აზრს, რომ „თუ სოციალური ქსელები ახდენდნენ ხალხის მობილიზაციას საპროტესტო აქციებისთვის და ქუჩაში გასასვლელად, მაშინ სატელიტური ელექტრონული მედია გახდა ნამდვილი „სტრუქტურები“, რომელმაც „აამოძრავა“ ეს რევოლუციები“.

რაც შეეხება ინტერნეტს, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიმდინარე მოვლენებში, თუმცა ეს როლი არ უნდა იყოს აბსოლუტირებული. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არაბული ქვეყნების მოსახლეობის მსოფლიო ქსელის დაფარვის დონე საკმაოდ დაბალია - ეგვიპტეში მასზე წვდომა აქვს მოსახლეობის 24%-ს პერსონალური კომპიუტერებიდან, ხოლო ლიბიაში - 6%-ს, ხოლო, მაგალითად, აშშ-ში - 81%-ს. ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ინტერნეტის მომხმარებლებში დომინირებენ ახალგაზრდები და პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურული ელიტები, ანუ საზოგადოების ყველაზე სოციალურად აქტიური ნაწილი.

ინტერნეტი ასრულებს ორმაგ ფუნქციას. უპირველეს ყოვლისა, მისი მეშვეობით მოსახლეობა ეცნობება საპროტესტო აქციების ხასიათს და ვითარების განვითარებას, რაც მომიტინგეებს საშუალებას აძლევს, დაუპირისპირდნენ ხელისუფლების პროპაგანდას. მართალია, ეს ხსნის ფართო შესაძლებლობებს ფაქტების ჟონგლირებისთვის. მეორეც, სოციალური ქსელები გამოიყენება ორგანიზაციული მიზნებისთვის, რათა გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის უნდა შეიკრიბონ დემონსტრანტები, როგორი მარშრუტები იქნებიან, უნდა მოემზადონ თუ არა პოლიციასთან შეტაკებისთვის და ა.შ. ადრე, მაგალითად, ისლამური რევოლუციის დროს ირანში მსგავსი ინფორმაცია ტელეფონით გავრცელდა, მაგრამ ინტერნეტმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ინფორმაციის გადაცემა, რაც მათ ფართოდ გავრცელების საშუალებას აძლევდა. ტუნისში, 2011 წლის 19 იანვარს, მემარცხენე აქტივისტებმა სოციალური ქსელების დახმარებით მოახერხეს 35 ათასი მხარდამჭერის შეკრება, ხოლო როდესაც 2012 წლის 25 იანვარს ათიათასობით ადამიანი კაიროს მოედანზე გამოვიდა, მარშის ორგანიზატორები თავადაც გაკვირვებული იყვნენ მათი დიდი რაოდენობით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ინტერნეტ შეტყობინებები სპონტანური არ იყო. ფიზიკა-მათემატიკის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარის ა. დავიდოვის თქმით, რომელეიც აანალიზებდა ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებისას Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ეს ქსელი მაშინ „ახლოს იყო შეკვეთილ (რეგულარულ) ქსელების კლასთან, რომელშიც რამდენიმე მონაწილე ახორციელებდა აქტიურ საინფორმაციო ინტერაქციას", ხოლო ყველაზე პოპულარულ "რევოლუციურ" მიკრობლოგებს აწარმოებდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც შეძლეს ინფორმაციის პროფესიონალურად შერჩევა და დამუშავება მოცემული წესით.

მეორე მხრივ, ძნელად შეიძლება დაეთანხმო მედიის განცხადებებს, რომ არაბულ სამყაროში მოვლენები მთლიანად ინტერნეტის მიერ იყო გენერირებული, რომ ეს იყო Twitter-ის პირველი რევოლუცია. პროპაგანდა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რევოლუციურ ქმედებებში, იგი მოქმედებდა როგორც მათი კატალიზატორი. რევოლუციური ვითარების წარმოშობა არა მხოლოდ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ხდება, საკმარისია გავიხსენოთ რევოლუციების ტალღები, რომლებმაც მოიცვა თითქმის მთელი ევროპა 1789, 1848-1849 0და 1917-1918 წლებში, მაგრამ ჩვენი აზრით, პროპაგანდის თანამედროვე საშუალებები, შერწყმული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და ზემოქმედების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებთან, საშუალებას იძლევიან განხორციელონ მესამე ქვეყნებში ვითარების გამწვავება და მათი მიყვანა კრიტიკულ, რევოლუციურ მდგომარეობამდე, რაც პრინციპულად განასხვავებს დღევანდელ ვითარებას თუნდაც ახლო წარსულში არსებულ მდგომარეობასთან.

მასობრივი დეზინფორმაცია ტრადიციულად და სამართლიანად განიხილებოდა, როგორც ფსიქოლოგიური ომის მნიშვნელოვანი საშუალება, მაგრამ ახლა ის გახდა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. არაბული გაზაფხულის დროს ახალი ამბების მთელი სპექტრი გაჟღენთილი იყო საოცარი სიცრუით - გამოსვლების ხასიათისა და ადგილზე სიტუაციის განვითარების შესახებ ცნობებიდან დაწყებული, გარკვეული პიროვნების ბედის შესახებ ცნობებით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ ყველა დეზინფორმაციული კამპანია ერთსა და იმავე მოდელზეა აგებული. მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ ცნობები, რომლებიც უმოწყალოდ ითრგუნება რეჟიმის მიერ, ჯერდება განცხადებებით გარკვეულ ქალაქებში „რევოლუციონერების“ ტრიუმფალური შესვლის, სამთავრობო ჯარების ქვედანაყოფების მხარეზე გადასვლის, რეჟიმის დაცემის მოახლოების და სისხლიანი დიქტატორის ქვეყნიდან გაქცევის“. პარალელურად, რეჟიმის მხარდამჭერი მანიფესტაციები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის დემონსტრაციად არის წარმოდგენილი. ადამიანები, რომლებიც არასდროს არსებობდნენ, გამოიგონეს და თითქოს სასტიკად ხოცავენ (მაგალითად, მედიის მიერ გამოგონილი სირიელი ბლოგერი ამინა არაფი, რომელიც ვითომ „გაიტაცა სირიის რეჟიმმა დამასკოში“)

მოვლენების სრულიად დაუსაბუთებელი დრამატიზაცია ვრცელდება ტელევიზიით და ინტერნეტით, მაგალითად, ინფორმაცია და კადრები, რომლებიც გავრცელდა 2011 წლის 21 აგვისტოს ამბოხებულების მიერ ტრიპოლის აღების შესახებ საოცარია - მსოფლიოს აჩვენეს მოზეიმე ხალხი მწვანე მოედანზე, თუმცა ქალაქის ცენტრი, მათ შორის მწვანე მოედანი, 24 აგვისტომდე იყო სამთავრობო შეიარაღებული სახალხო ძალების ხელში. ლიბიაში განვითარებული მოვლენების დასაწყისში დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის ეფექტურობაზე მოწმობს უშიშროების საბჭოს მიერ 1970 და 1973 წლების რეზოლუციების მიღება, როგორც ჩანს, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების საელჩოების მოხსენებების საფუძველზე ტრიპოლში. ალ-ჯაზირა და სხვა ტელეარხებიდან აცხადებდნენ, რომ ლიბიის თვითმფრინავები მშვიდობიან დემონსტრაციებს ესხმოდნენ და ამან გამოიწვია კირენაიკაში 6 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა (სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საჰაერო დარტყმები არ მომხდარა. დემონსტრანტებისა და სამთავრობო ძალებს შორის აღმოსავლეთში შეტაკების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანზე ნაკლები იყო). სიახლეები, რომლებიც ამახინჯებენ რეალურ მდგომარეობას, მიზნად ისახავს მოსახლეობის რწმენის შელახვას სახელმწიფოს მეთაურის პოზიციის სიძლიერის მიმართ, რომელსაც მალე მიატოვებენ მისი უახლოესი თანამოაზრეები. ამის მაგალითად საკმარისია მოვიყვანოთ 2012 წლის აგვისტოში მედიის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადება სირიის არაბთა რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ფარუკ შარაას იორდანიაში გაფრენის შესახებ. საბოლოოდ, დეზინფორმაციას იყენებენ, როგორც სამთავრობო ძალების დემორალიზაციის საშუალებას. ტრიპოლისთვის ბრძოლების დროს ამ მიზანს მიაღწიეს და ეს იქნა მიღწეული მცდარი ცნობების გავრცელებით მუამარ კადაფის ვაჟების - სეიფ ალ-ისლამის, მუჰამედისა და საადის დატყვევებაზე და ალ-აზიზიას ყაზარმების მცველი მესაზღვრეების ჩაბარებაზე.

ამგვარად, არაბული გაზაფხულის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა და მაღალი ეფექტურობა. და, როგორც ჩანს, უკიდურესად სახიფათო შეცდომაა იმის იმედი, რომ „ელექტრონული ცუნამის ზემოქმედებისგან რომელიმე ქვეყანა დაზღვეულია. საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ სჭირდება ამის მტკიცება, რადგან მსგავს ელექტრონულ-საინფორმაციო დაბომბვებს განუწყვეტლივ განიცდის და ერთგვარად ადაპტირდა კიდეც.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებით განსაკუთრებული სიცხადით გამოვლინდა “კემბრიჯ ანალიტიკის“ სკანდალით. საინტერესოა, რომ თურქეთში თავისი დაძაბულობის ხარისხით არნახული 2023 წლის 15 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნაციონალური ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატმა და ოპოზიციური გაერთიანების თავმჯდომარემ ქემალ კილიჩდარ-ოღლუმ თავის ტვიტერზე გააზიარა მესიჯი და ასე მიმართა პრეზიდენტ ერდოღანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ფაჰრედინ ალთუნს: კებრიჯ ანალიტიკას თამაში შენს შესაძლებლობებს აღემატება"... „არჩევნებამდე დარჩა 2 დღე. ნება მომეცით მოგცეთ ბოლო გაფრთხილება. ფაჰრეთინ ალთუნი, სერჰათი და მათი თანაგუნდელები ჩაღათაი და ევრენი; დარკნეტი, რომელსაც ცდილობთ გაუმკლავდეთ, უცხო დაზვერვის ხელში მოხვდება. თქვენ არ შეგიძლიათ კემბრიჯ ანალიტიკასთან თამაში. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა!“

რა არის კემბრიჯ-ანალიტიკა? რა არის კებრიჯ ანალიტიკის სკანდალი? რას ნიშნავს კილიჩდარ-ოღლუს გაფრთხილება?

კემბრიჯ ანალიტიკა არის ბრიტანული კერძო კომპანია, რომელმაც გამოიყენა მონაცემთა მოპოვების ტექნოლოგიები (განსაკუთრებით სოციალური მედიის მონაცემები) ონლაინ საარჩევნო კამპანიებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების შესაქმნელად. იგი გაჩნდა 2013 წელს, როგორც ბრიტანული კომპანიის SCL Group შვილობილი კომანია აშშ-ს პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობის მისაღებად. კომპანია ნაწილობრივ ეკუთვნოდა მეწარმე რობერტ მერსერს. CA იყო დაკავებული ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების შესახებ მონაცემების შეგროვებით, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტების შედგენით და პერსონალიზებული რეკლამის შემუშავებით. ალგორითმები, რომლებიც ემყარება CA-ს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებს, ძირითადად შეიმუშავა კემბრიჯის უნივერსიტეტისა და სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლის ფსიქოლოგმა მიხალ კოსინსკიმ.

2014 წელს კემბრიჯ ანალიტიკის სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა აშშ-ის 44 საარჩევნო კამპანიაში.

2015 წელს CA მონაწილეობდა ტედ კრუზის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში. 2016 წელს, მას შემდეგ რაც კრუზმა საპრეზიდენტო კამპანია დატოვა, CA მონაწილეობდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში.

CA-ს სპეციალისტებმა, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე და კენიის პრეზიდენტის უჰურუ კენიატას არჩევნების დროს კენჭისყრის შედეგზე. რუსეთში სბერბანკმა მიმართა კომპანიის სერვისებს ქულების გასაუმჯობესებლად.

საინტერესოა, როგორი მეთოდები იქნა შემუშავებული მონაცემთა შესაგროვებლად - 2008 წელს მიხალ კოსინსკიმ, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტმა და მისმა თანაკლასელებმა შექმნეს MyPersonality აპლიკაცია Facebook-ისთვის. აპლიკაციაში თითოეულ მომხმარებელმა უნდა გაიაროს ონლაინ ტესტი. მომხმარებელის “ინტერესი“ არის საკუთარი “ფსიქოლოგიური პორტრეტის“ მიღება. ადამიანის მოთხოვნილება თვითიდენტიფიკაციისკენ, მისი ერთგვარი ინფანტილიზმი გამოყენებული იქნა აპლიკაციის შემქმნელების მიერ მათ შესახებ პერსონალური მონაცემების მისაღებად. “ახალი ნავთობის მონაცემების შგროვების შემდეგ კოსინსკიმ მისი გადამუავება დაიწყო - მომხმარებლების აქტივობის შესაბამისად, კერძოდ, ლაიკების და რეპოსტების მიხედვით დგინდება ალგორითმები, რომლებიც მათი ქცევის პროგნოზირების საშუალებას იძლეოდა ადგენდა სქესს, ეროვნებას, ასაკს და საცხოვრებელ ადგილს.

2012 წელს მეცნიერმა გააუმჯობესა თავისი მოდელი და დაამტკიცა, რომ სუბიექტის კანის ფერის დასადგენად საჭიროა 68 „ლაიქი“ Facebook-ზე. მალე მის მიერ შემუშავებულმა მოდელმა შესაძლებელი გახადა პიროვნების უკეთ ამოცნობა 10 შესწავლილი „მოწონების“ დახმარებით, რისი მეშვეობითაც იქმნება „ფსიქოლოგიური პორტრეტი“, რომლითაც ვლინდება პიროვნების ხასიათის ყველა თვისება. როდესაც მიხალ კოსინსკიმ გამოაქვეყნა სტატია თავისი მოდელის შესახებ, ამის შემდეგ იწყება მიხალ კოსინსკის თანამშრომლობა ფეისბუკთან, რომელიც ცნობილი სკანდალით დამთავრდა.

ცხადია, ჩვენ აქ განსაკუთრებით გვაინტერესებს ამ სკანდალის ის ასპექტი, რომელიც ე.წ. ბიგ-დატა-სთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გეოპოლიტიკურ ჭრილში განხილვას გულისხმობს. თურქეთის არჩევნების კონტექსტში კემბრიჯ-ანალიტიკის გამოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს შეხედულებას, რომ ციფრული ტექნოლოგიების გეოპოლიტიკურ იარაღად ქცევის პროცესი არათუ არ შეჩერდა, არამედ სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. დღეს ჩვენ ვხედავთ აღნიშნული ტექნოლოგიების აქამდე წარმოუდგენელი მასშტაბით გამოყენებას რუსეთ-უკრაინის ომში, ზოგიერთი მონაცემით, ორი თვის განმავლობაში მხარეების მიერ 5 მილიონამდე ე.წ. ფეიკ-ნიუსი იქნა დამზადებული და გაშვებული ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოებრივი აზრის მოდელირებისათვის. საინტერესოა, რომ უკრაინაში შექმნილია ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრი, რომლის საქმიანობაც სწორედ შესაბამისი კონტენტის შექმნა -გავრცელებით არის დაკავებული, პროპაგანდის ეს ახალი მეთოდები აშკარად უფრო ეფექტური გამოდგა ე.წ. რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც ცდილობს ადაპტირებას ახალ რეალობასთან, თუმცა ამას რთულად ახერხებს.

ედუარდ სნოუდენის და ჯულიან ასანჟის მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა გამოიწვია სერიოზული სკანდალი, განსაკუთრებით ჩინეთსა და აშშ-ს შორის, რომლებმაც ერთმანეთი კიბერშპიონაჟში დაანაშაულეს. ვაშინგტონის ბრალდებებს მოჰყვა ჩინეთის პასუხი, რომელმაც შეახსენა შეერთებული შტატებს “ხუთი თვალის“ სადაზვერვო გაერთიანების შესახებ, რომელშიც შედიან აშშ, კანადა, ავსტრალია, ბრიტანეთი და ახალი ზელანდია და რომელიც ცდილობს უთვალთვალოს ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს ინტერნეტთან. ჩინეთმა ეს ბრალდება განსაკუთრებული სიმწვავით გააჟღერა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2022 19.05 გამოქვეყნებულ დოკუმენტში - “სიმართლე ამერიკის მიერ ჩინეთის აღქმის სიყალბეზე“, სადაც მან აშშ 21 დიდ ტყუილში დაადანაშაულა.

დღეს აშკარად გამოიკვეთა, რომ გეოპოლიტიკური დაპირისპირება საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციებს შორის აისახება და ახალ ფორმებს იძენს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. კერძოდ, კოლექტიური დასავლეთი ცდილობს ინტერნეტის საყოველთაო ხასიათის იდეის გატარებას ერთი “უმნიშვნელო“ ნიუანსით - ის აშშ-ს, როგორც ინტერნეტის გამომგონებლის, კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ამ იდეას ეწინააღმდეგებიან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ სუვერენიტეტი, მათ შორის ინტერნეტ-სივრცეში.

ამ ბრძოლას განსაკუთრებულ სიმწვავეს გლობალური სოციალური ქსელები სძენენ, რომელთა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ასპექტებში გამოყენების უამრავი მაგალითი ვნახეთ, რად ღირს თუნდაც ტრამპის ბლოკირება ფეისბუკისა და ტვიტერის მიერ, ან მათი აშკარად ტენდენციური მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში. სოციალური ქსელების გამოყენებამ პოლიტიკურ ინსტრუმენტად უბიძგა მთელ რიგ ქვეყნებს შემოეღოთ შეზღუდვები საკანონმდებლო დონეზე ან შეექმნათ ალტერნატიული ქსელები, როგორიცაა, მაგალითად, ჩინური WieChat-ი, თუმცა ძალიან ცოტას აქვს ამის დემოგრაფიული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური რესურსი.

უნდა ითქვას, რომ კლასიკური პოლიტოლოგიისა და გეოპოლიტიკისათვის ციფრული ტექნოლოგიებისა და მათი გავლენა პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაზე საკმაოდ რთულად აღსაწერი და გასაგებია, ვინაიდან დარგის სპეციალისტები ბუნებრივი მიზეზების გამო, ვერ მიიღებდნენ სათანადო ტექნიკურ და საინჟინრო, ასევე ინფორმატიკულ განათლებას. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ საჭიროა ტერმინების დაზუსტება და სათანადო ინტერდისციპლინარული სამეცნიერო მუშაობა, რათა საზოგადოებას, ქვეყნის მთავრობას მიეწოდოთ სათანადო ცოდნა ციფრული სივრცის ტექნიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტების შესახებ, რომლის გარეშეც დღევანდელ მსოფლიოში რთულია სწორი პოზიციონირება.

სწორედ ამ მიზნით მოკლედ აღვწერთ საკუთრივ ინტერნეტის წარმოქმნის ისტორიას.

გაგრელება იქნება