ივანიშვილის შერისხულები

ივანიშვილის შერისხულები

ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილმა ყველაზე მეტად „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდრი გააღიზიანა და ყველზე სიტყვაუხვი კომენტარიც გიორგი თარგამაძემ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობა კი პირიქით, საერთოდ გაჩუმდა.

სხვა საკითხია,  მისი განცხადებები ვის მოსწონს და ვის არა, ფაქტია, რომ ამ წერილში საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებია გაჟღერებული, რასაც სათანადო პასუხი სჭირდება. ამიტომაც უცვლელად გთავაზობთ იმ კომენტარებს, რაც ივანიშვილის ღია წერილთან დაკავშირებით გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ წერილზე კომენტარის გაკეთებისგან თავს კატეგორიულად იკავებს.

გოკა გაბაშვილმა უარის მიზეზად ის დაასახალა, რომ წერილი წაკითხული არ მაქვსო. მიხეილ მაჭავარიანს, პავლე კუბლაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, ლაშა თორდიას, ზურაბ მელიქიშვილს არ უთქვამთ, რომ წერილის შინაარსს არ იცნობენ, მაგრამ კომენტარს მაინც არ აკეთებენ. არადა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ივანიშვილის პირველი წერილი გამოქვეყნდა, მაშინ უმრავლესობას კომენტარზე უარი არ უთქვამს.

ერთადერთი მინაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პარტია ერთი რიგითი პარტია იქნებაო და არც რუსული პოლიტიკის გავლენა გამორჩენია.

აკაკი მინაშვილი: პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს არც განცხადება იყო და არც პოლიტიკური მანიფესტი, ძალიან გაურკვეველი წარმოშობის დოკუმენტი იყო. ეს იყო რაღაც პირადი საუბრის მსგავსი, ან ფიქრების წარმოსახვა. საქართველოში 200-მდე პარტია არსებობს და ერთ-ერთი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის პარტიაც.

რაც შეეხება მის ტექტსებს, ბუნებრივია, რაღაც ნაწილები ერთი ერთში ემთხვევა რუსულ პოზიციას. ამასთან დაკავშირებით სხვა ბევრი კითხვაც არსებობს. ის, რომ ჯერჯერობით, არანაირი იდეა, არავითარი მიდგომები და არავითარი პრინციპები აქ არ არის, ეს ცალსახაა.

როგორც ჩანს, ამ ადამიანის ერთადერთი სურვილი არის ის, რომ იყიდოს საქართველო და საქართველო რომ არ იყიდება, ეს დიდი ხანია დადასტურდა და, ალბათ, ამაში თავად უნდა დარწმუნებულიყო.

ცხინვალთან დაკავშირებით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მართლა ეკითხებოდა აზრს

- მე მგონი, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რა არის მართალი და რა არა, მის ამ გაურკვეველ ტექსტში. ძალიან არასერიოზულია ის, რასაც ბატონი ბიძინა აკეთებს ამ ეპისტოლარულ ჟანრში და რამდენიმე დღეა, ეს უკვე დადასტურდა. მას სურს საქართველოს ყიდვა, ქართველი ხალხის ყიდვა და ისტორიამ დაადასტურა, რომ ეს არც ხდება და არც მოხდება არასოდეს.

რუსულ პოზიციას ამ წერილის რომელი ადგილი ემთხვევა?

- რუსულ პოზიციას ემთხვევა თუნდაც მისი გაურკვეველი პოზიცია, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი.

გიორგი თარგამაძე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი: ბატონი ივანიშვილის მიმართ საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდოდა ფიგურა, რომელიც ქართულ ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებაში გამაერთიანებლის, მაკონსოლიდირებელ ფუნქციას შეასრულებდა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების, ამ ხელისუფლების შეცვლის გზაზე.

ძალიან დასანანია პირადად ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, რომ ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს ეს მოლოდინი გაემართლებინა, მან არჩია საკუთარი პოლიტიკური ადგილის დამკვიდრება ქართულ პოლიტიკაში რიგითი, ბინძური ხერხებით მოთამაშე პოლიტიკოსის მეთოდებით, რაც გამოიხატება უბადრუკ ცილისწამებებში, რაც გამოიხატება აბსოლუტურად გაუგებარ და არაადეკვატურ შეფასებებში მთელი რიგი ადამიანებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების. დაპირისპირება, ადამიანების დახარისხება, იარლიყების ასე უპრაგონოდ მიწებება ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის და ეს არის ის, რის გამოც, მათ შორის, ნაცმოძრაობა და მიხეილ სააკაშვილის

ქცევის და ბრძოლის მეთოდები ჩვენ ამდენი წელია, არ მოგვწონს.

სწორედ აქედან გამომდინარე, მე ისღა დამრჩენია, გამოვთქვა სინანული, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, ასე უცბად, ასე სამარცხვინოდ აორთქლდა და გაქრა.

რაც შეეხება მის კონკრეტულ ცილისწამებასა და ბრალდებებს, ბატონი ივანიშვილის ადგილზე მე ძალიან მოვერიდებოდი ბადრი პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას. რადგან სწორედ ბატონი ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, ტელეიმედის ჩასაძირად და პატარკაციშვილის გასანადგურებლად, მე მხედველობაში მაქვს პოლიტიკური თუ სხვა მეთოდებით, არ ვგულისხმობ მის მკვლელობას ან რაიმე სხვას.

ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პატარკაციშვილის ნებისმიერი ინიციატივა ან გამონათქვამი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ ბიზნესსივრცეში არ ყოფილიყო მხარდაჭერილი.

მე ყველას მინდა, შევახსენო დრო, როდესაც პატარკაციშვილმა ბიზნესფედერაციაში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და ბრალდებები წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, სადაც იყო ჩამონათვალი ყველა იმ პრობლემისა, რომელიც დღეს, თურმე, ბატონი ივანიშვილისთვის გახდა მნიშვნელოვანი და მისთვის გულისამაჩუყებელი.

ეს არის ის ადამიანი, რომელსაც მაშინ არათუ ხმა არ ამოუღია, არამედ გადაწყვიტა, რომ მისთვის მთავარი კონკურენტი – ბადრი პატარკაციშვილი ჩამოეშორებინა. მისი ტელეკომპანია მეცხრე არხი არამხოლოდ გაიყვანა მედია სივრციდან, რომ რამენაირად ტელეიმედთან ერთად ოდნავი ბალანსი  მაინც შეგვექმნა იმ პერიოდისთვის სააკაშვილის ხელისუფლებისა და მედიასივრცის დასაბალანსებლად, არამედ მთელი ეს აპარატურა, მთელი თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით პირადად გადასცა მიხეილ სააკაშვილს და ეროსი კიწმარიშვილს.

ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა მაშინაც და წლების განმავლობაში, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები ამ ქვეყანაში გაძლიერებულიყო. ამიტომაც მე მის ადგილას მოვერიდებოდი ნებისმიერ კონტექსტში პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ხსენებას.

მე დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, სამწუხაროდ მქონდა ამის ეჭვი, რომ ნაცვლად ქვეყნის გამაერთიანებელი ფიგურისა, ადამიანისა, რომლესაც შეეძლო გამაერთიანებლის როლი ეთამაშა ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ, ეროვნულ ცხოვრებაში, ჩვენ ვნახეთ დიდი ფულის მქონე მეწვრილმანე, რომელსაც არანაირი დიადი მიზნების მიღწევა და ოცნებების აღსრულება ამ ქვეყნისთვის არ შეუძლია.

ეს არის ადამიანი, რომელიც 24 საათი, როგორც ვატყობთ, ზის, უყურებს ცალკეულ ტელეგადაცემებს და შემდეგ ამ გადაცემებში ცალკეული ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შეფასებებით, თავისი სუბიექტური დამოკიდებულებებს გამოვლინებით არის დაკავებული.

სწორედ  აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა სინანული იმ მოლოდინის გაცრუებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებას ჰქონდა და მათ შორის მეც.

მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები:  უპირველს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის იმ ღია წერილს მე, პირადად, ნამდვილად ვერ აღვიქვამ როგორც პოლიტიკურ განაცხადს. ეს უფრო არის სურვილების, ოცნებების დემონსტრირება და აკი სტატიის ბოლოს ამბობს კიდეც, ეს არის ოცნების ასრულებაო.

პირდაპირ გეტყვით, ცალკეულ შემთხვევებში ჭორაობასაც ჰგავს. როგორც ჩანს, ზემო იმერეთის სოფელმა ჭორვილამ თავისი გავლენა მოახდინა ამ ჭორაობაზე, მაგრამ ეს მისი საქმეა.

რაც შეეხება თანამშრომლობა-ართანამშრომლობის საკითხს, მინდა, გითხრათ, რომ ახალ მემარჯვენეებს ერთ წელზე მეტია, გაცხადებული გვაქვს, რომ 2012 წელი, ანუ არჩევნების წელი ჩვენთვის დამუკიდებლად მოქმდების წელია და ჩვენ ამ არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ვემზადებით, რაც შეიძლება ერთგვარად საბაბი თუ საფუძველი გახდა ბატონი ივანიშვილისთვის, რომ ჩვენთან ართანამშრომლობის განცხადება ჩვენთვის ტრაგედიას არ წარმოადგენს და ეს მისი არჩევანია.

თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ფავორიტები გამოკვეთა, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში და მე მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ახალ პარტნიორებთან, დაწყებული ვანო მერაბიშვილიდან და დამთავრებული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებით.

მან თქვენთან თანამშრომლობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაგადანაშაულათ

- ეს არის სურვილებისა და ოცნებების მადემონსტრირებელ წერილი და, როგორც ჩანს, ამ ხაზზე მისი ოცნებაც გადის. ხომ გითხარით, რომ ამ წერილს ვერ აღვიქვამ როგორც პოლიტიკურ განაცხადს მეთქი და ახლა სურვილებსა და ოცნებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჭორვილაში არსებობს „ჭორის ვილა“, მიბრძანდით და იქ ილაპარაკეთ.

გია თორთლაძე: როგორც ჩანს, აქცენტი სულ ყიდვა-გაყიდვაზე აქვს აღებული. მე არა ვარ კომერსანტი, არც ბიზნესი არა მაქვს. არც ის არის პოლიტიკოსი და ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან არანაირი შეხება არა გვაქვს. ამიტომაც მართალია, ჩვენ ერთმანეთთან ვერ ვითანამშრომლებთ.

რაც შეეხება მის განცხადებებს, კარგი იქნება, თუ ამ განცხადებას „სიტყვა და საქმეში“ გამოაქვეყნებს, - ან სხვა რომელიმე საიტზე, სადაც ყიდვა-გაყიდვაზეა ლაპარაკი.

აი, იქ უნდა გამოაქვეყნოს და თქვას, ვიყიდი ამ ტელევიზიას, იმ გაზეთს, ამ პოლიტიკოსს, იმ პარტიას და ა.შ. მე აქ ვერანაირი პოლიტიკური განცხადება ვერ ვნახე და ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, ვურჩევ, რომ გასცეს ჩემს კითხვებს პასუხი.

მე ოთხი კითხვა დავსვი და, როგორც ჩანს, უჭირს და ორს დავტოვებ. ეს არის: არის თუ არა საქართველო ოკუპირებული? და უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ნატოში? ორი კითხვის პასუხის გაცემისთანავე პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდება, მაგრამ მისი ზოგადი ხედვა მაინც იქნება გამჟღავნებული. ამ კითხვებს ვსვამ და გასცეს პასუხი.

რომ გასცეს, მერე რას იტყვით?

- რომ გასცემს, ამაზე მერე ვილაპარაკოთ.     

მერაბიშვილისადმი მის დამოკიდებულებას როგორ ხსნით?

- არ ვიცი. ეტყობა, მისი ცოტა ეშინია.

ბოკერიას მიმართ გამოთქმულ შეფასებას, რომ ის ყველაზე ძლიერია, იზიარებთ?

- მე არ ვიცი. მე არაფერს არ ვიზიარებ. ეს მისი საქმეა. ვინც უნდა შეაქოს, მაგრამ ეს განცხადებები ლოგიკაში არ ჯდება და მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო.

პაატა დავითაია: მე მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ახლავე ვიტყვი, რომ მის კასტინგში მონაწილეობა არ მიმიღია. ადამიანის ვინმესთან თანამშრომლობის სურვილი არ არის პოლიტიკა, არამედ აქსიომაა. რაც შეეხება ჩემს ხელისუფლებასთან კავშირს, ვიტყვი, რომ ყოველთვის ვმოქმედებდი სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე და 90-იანი წლებიდან ვიცავდი საქართველოს, მათ შორის  - იარაღით ხელში.

ივანიშვილი თავის წერილში განსაკუთრებულ სიმპათიას ირაკლი ალასანიას მიმართ აფიქსირებს. ამასთან დაკავშირებით, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ „მის პარტიაში არ არიან ის ადამიანები, რომლებიც სამეგობროდ გამოწვდილ ხელზე უარს ამბობენ“, დანარჩენი კი მომავალში გაირკვევაო.  

ზოგადად კი, გიორგი ცაგარეიშვილს სასიამოვნოდ მიაჩნია ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თავისუფალი დემოკრატებისადმი. დეპუტატის განცხადებით, მისმა პარტიამ ორი წლის მანძილზე ღირსეულად გაირა პოლიტიკური გზა და არ უღალატა იმ ღირებულებებს, რის გარშემოც შეიქმნა.