„ვისურვებდი, რაღაც ნაწილებში უსიტყვო თანხმობა არ არსებობდეს მმართველ გუნდსა და ახალ პრეზიდენტს შორის“

„ვისურვებდი, რაღაც ნაწილებში უსიტყვო თანხმობა არ არსებობდეს მმართველ გუნდსა და ახალ პრეზიდენტს შორის“

16 დეკემბერს ახალი პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის უფლებამოსილებები და კომპეტენცია კიდევ უფრო მცირდება, ვიდრე ამჟამინდელ პრეზიდენტს აქვს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის უფლება კიდევ უფრო იზღუდება. შეზღუდული უფლებამოსილების მიუხედავად, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მეხუთე პრეზიდენტს განსხვავებულ ინსტიტუციურ გარემოში არ მოუწევს მოქმედება.

for.ge ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა.

16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ახალი კონსტიტუცია ძალაში შედის. შესაბამიდას, ამ კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს მაღალი უფლებამოსილება. როგორი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტი აირჩიეს საქართველოს მოქალაქეებმა?

ვახუშტი მენაბდე: პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ რაიმე დრამატული გადასხვაფერება, რომ მეხუთე პრეზიდენტს აბსოლუტურად სხვა ინსტიტუციურ გარემოში მოუწევს მოქმედება, ვიდრე მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, ეს არ იქნება მართალი. რა თქმა უნდა, ცვილებები შევიდა, მაგრამ კონსტიტუციაში შესული ყოველი ცვლილება არის მნიშვნელოვანი, ბევრ რამეს ცვლის და ბევრნაირად გადააწყობს პოლიტიკურ ლოგიკას, მაგრამ ეს ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის ნაწილში არის ასახული კონსტიტუციაში, არ არის ისეთი, რომ დრამტული სხვაობა მოგვცეს მეოთხე და მეხუთე პირველ პირს შორის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რას ნიშნავს ეს, მაშ როგორი პრეზიდენტი არის? – ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყნის ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობს. ის მხოლოდ სპეციფიურ შემთხვევებში გამოჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე და ამ მომენტის გადასვლისთანავე კვლავ გადის პოლიტიკური ავანსცენიდან.

ამიტომ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, ვფიქრობ, ის არ უნდა იყოს აქტიური ყოველდღიურ პოლიტიკაში. ეს არ არის პრეზიდენტის როლი კონსტიტუციით, უნდა დაელოდოს მომენტებს და იმ მომენტებში თქვას თავისი მაღალი სტატუსის შესაბამისი სიტყვა პრობლემის გადასაჭრელად. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პრეზიდენტის კონსტიტუციურ როლზე, მისი როლი სწორედ ასეთია. ის არ მონაწილეობს ყოველდღიურ პოლიტიკაში, მხოლოდ მაშინ ჩნდება როდესაც კონსტიტუციურად განსაზღვრული პირდაპირ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

შემცირებული კომპეტენციის შესაბამისად, პრეზიდენტს რჩება შეწყალების უფლება, ვეტოს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა, მაგრამ დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს უფლება აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საგარეო ურთიერთობებში, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს ის მთავრობასთან არის შეთანხმებული. ახალი კონსტიტუციით კი პრეზიდენტმა მთავრობასთან საგარეო ურთიერთობებში მოლაპარაკების დაწყების პროცესიც უნდა შეათანხმოს. პრეზიდენტს როლი არ აქვს ამ მიმართულებით?

– პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ რა სტატუსი აქვს პრეზიდენტს. ის არის უმაღლესი მხედართმთავარი, სახელმწიფოს მეთაური და არის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნის მთლიანობისა და ერთიანობის გარანტი. ამ სტატუსიდან ჩვენ უფლებამოსილებას ვერ გამოვართმევთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კონსტიტუცია, როგორ ავსებს უფლებამოსილებით ამ სტატუსს.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი, ისევე როგორც მხედართმთავარი აბსოლუტურად დამოკიდებული არის მთავრობაზე და კერძოდ, პრემიერ–მინისტრზე. თუმცა, ეს იმას არ ნიშვანს, რომ პრეზიდენტს როლი არ აქვს. მაგალითად, ელჩს პრეზიდენტი თავად ვერ დანიშნავს, ან თავისით ვერ ჩაერთვება საერთაშორისო მოლაპარაკებებში, მაგრამ თავის მხრივ ვერც პრემიერ–მინისტრი ვერ დანიშნავს პრეზიდენტის გარეშე ელჩს. პრეზიდენტს შეუძლია გარკვეული შემაკავებლის როლი ითამაშოს. პრეზიდენტის როლიც ეს არის, რომ კიდევ ერთხელ დააფიქროს უმრავლესობა გადაწყვეტილების სისწორეში.

ეს არის იგივე ვეტო, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. იმიტომ, რომ ადვილად დაძლევადია, მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უახლოეს წარსულში ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ვეტომ იმუშავა, როცა სწორად გამოიყენა ბატონმა მარგველაშვილმა, მაგრამ რამდენჯერმე არასწორად გამოიყენა.

ის, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს აქტიური მონაწილებობა მიიღოს საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ პოლიტიკური მოლაპარაკების დროს მთავრობასთან არის შეთანხმებული, ეს რამდენად დისკომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს პრეზიდენტისთვის და მით უმეტეს ამ პირობებში, როდესაც საქართველო საგარეო მიმართულებით აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი?

– ახლაც იდენტური ჩანაწერია. მთავრობასთან კოორდინაცია სჭირდება პრეზიდენტს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაწილში ყველაზე ნაკლებად უნდა მოველოდოთ აცდენებს. მიუხედავად იმისა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რა შეხედულებები ექნებათ, საგარეო პოლიტიაში მათ შეუძლიათ ერთი ხედვით იმოქმედონ, ისევე როგორც მოქმედ პრეზიდენტს არ ჰქონდა განსხვავებული ხედვები.

მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, რომელსაც საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს აქვს დიდი ძალაუფლება და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ახალი კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, ეს ფუნქციაც იზღუდება. პრეზიდენტი მონაწილეობს საომარი მოქმედებების გამოცხადებაში, მაგრამ მხოლოდ მონაწილეობს და ინიციატივა გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა პრემიერმინისტრს ეკუთვნის. როგორ შეიძლება ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს და რამდენად სწორად შეიძლება იყოს აღქმული ჩვენს შემთხვევაში?

– ამ მიმართულებით ეს არის პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირება, მაგრამ სამართლებრივად პრობლემური ეს არ არის. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ მართავს სამხედრო ძალებს. აქამდე მართავდა პრეზიდენტი, თუმცა, ცხადია, გენერალური შტაბი იღებს მონაწილეობას. ახლა ეს არის პრემიერ–მინისტრის კომპეტენცია, იმ გათვლით, რომ პრემიერ–მინისტრი მშვიდობის დროს ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული სამხედრო ძალებთან. ამიტომ შეიძლება უფრო მეტად ლოგიკურად ჩანდეს, რადგან მშვიდობის პერიოდში სამხედრო ძალებთან არის მჭიდრო ურთიერთობაში, ასევე იყოს საბრძოლო მოქმედებების დროს.

საინტერესო მოდელი გვაქვს, პრეზიდენტის უფლებამოსილებები და კონსტიტუცია კიდევ უფრო არის შემცირებული, ვიდრე ამჟამინდელ პრეზიდენტს, მაგრამ ამის მიუხედავად პრეზიდენტის ინსტიტუტი მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. საქართველოს პოლიტიკურ წყობას თუ გადავხედავთ, რამდენად შეესაბამება და შეითავსებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებებს, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული?

– იცით რა, ძალიან ძნელია ახლა ამაზე იმსჯელო, იმიტომ, რომ ის იყო დეპუტატი, მანამდე იყო ოპოზიციაში. ჩვენ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად სხვა იყო საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ როგორც არჩეული პრეზიდენტის ის ბოლო ინტერვიუები, რაც ჩვენ ვნახეთ, აბსოლუტურად განსხვავებულია. ამიტომ, არავინ იცის, ძალიან ძნელია ამაზე პასუხი დღეს. ალბათ, ერთი წლის თავზე უფრო შესაძლებელი იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ამ კონსტიტუციამ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას პრეზიდენტს და არა მარტო პრეზიდენტს, არამედ სახელმწიფოს. იმიტომ, რომ იგივე ელჩების დანიშვნის ნაწილს თუ გავითავლისწინებთ, მთავრობამ უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია ხელი არ მოაწეროს. ამ ნაწილში რამდენად პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს კონსტიტუცია?

– რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, მას შეუძლია დარწმუნების ეფექტი შექმნას ძალა–უფლების განხორციებისას, ამას აკეთებდა მარგველაშვილი. ვისურვებდი, რაღაც ნაწილებში უსიტყვო თანხმობა არ არსებობდეს მმართველ გუნდსა და ახალ პრეზიდენტს შორის.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მოთხოვნები რამდენად სწორად არის დაყენებული ოპოზიციის მიერ, მაშინ, როცა არ ცნობს არჩევნების შედეგებს?

– ეს მათი გადასაწყვეტია, ეს მათი პოლიტიკური სტრატეგიაა. შესაბამისად, თუ ისინი დაარწმუნებენ ხელისუფლებას, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაშინ იქნება. თუ ვერ მოახერხებენ, მაშინ გააგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას 2020 წლამდე, ანუ - არჩევნებამდე.

ერთია რას ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ პოლიტიკური ვითარება რამდენად არის მომწიფებული ვადამდელი არჩევნებისთვის?

– ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ამაზე ლაპარაკი. ჩვენ გვინახავს ერთ დღეში, ერთ კვირაში და რამდენიმე დღეში შეცვლილა ვითარება, როდესაც მოულოდნელი გადაწყვეტილება მიუღია ხალხს.