თბილისში თითქმის უკვე ორი თვეა საპროტესტო აქციები უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის პარალელურად, აქციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც იმართება. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ის შედეგი გამოიღოს, რასაც აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ელოდებიან. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი დასავლეთის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდება და ხელისუფლების ლიდერების დასანქცირება გაგრძელდება, ამან შესაძლოა გარკვეული შედეგი გამოიღოს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული აქციები პერმანენტულობას შეინარჩუნებს, თუმცა, რთულია თქმა, დღეს „ქართული ოცნება“ რამდენად არის მზად გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. მისი შეფასებით, საქართველოში ნერბიერი დათმობა სისუსტედ ფასდება და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წასვლას.
„აქციები გაგრძელდება, რადგან აქციების უწყვეტობა არის ის ერთადერთი კოზირი, რაც ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აქვთ იმისათვის, რომ რაღაცნაირად, პოლიტიკურად თავი გადაირჩინონ. თუ აქციები შეწყდება, მათ აღარაფერი ექნებათ სათქმელი არც დასავლეთისთვის და არც მისი შიდა აუდიტორიისთვის. მაშინ გამოდის, რომ პროტესტის საფუძველიც აღარ არსებობს. იმისთვის, რომ შეინარჩუნონ დასავლეთის მხარდაჭერა, რაც ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია - იმაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე ადგილობრივი ელექტორატის მხარდაჭერა - სწორედ ეს არის აქციების უწყვეტობის შენარჩუნება, რომ დაინახონ, აქ საზოგადოება დგას და აპროტესტებს - ეს მათ წარმოდგენაში იყოს გადათარგმნილი როგორც ქართველი ხალხის პროტესტი.
ვფიქრობ, ამ აქციების პერმანენტულობა შენარჩუნდება. თუმცა, ჯერჯერობით, ამ აქციების მასშტაბი არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის სერიოზულ მოტივატორს, წავიდეს დათმობაზე, მაგრამ თუ აქციების მასშტაბი გაიზარდა, ამას თან დაერთო დამატებითი დამსჯელი ღონისძიებები და სანქციები საქართველოსთან მიმართებაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მაშინ შეიძლება ხელისუფლებას გაუჩნდეს მოტივაცია, რომ იფიქროს გარკვეულ დათმობებზე.
არ მგონია, რომ „ოცნება“ მზად იყოს დანიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან ამისთვის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკური კულტურა, რაც საქართველოში გვაქვს, იმდენად დაუხვეწავია და იმდენად შორს არის იმ პოლიტიკური კულტურის სტანდარტებისგან, რაც დასავლეთის ქვეყნებშია, ჩვენთან ნებისმიერი მცირე დათმობა მეორე მხარის მიერ აღიქმება როგორც ერთი მხარის სისუსტის გამოვლინება და იმის სტიმული, რომ უფრო მეტად მივაწვეთ და ის მეტს დათმობს - ეს იცის ხელისუფლებამაც და ითვალისწინებს მისი ელექტორატის მოსაზრებებს. ამიტომაც ფრთხილობს რაიმე დათმობაზე წასვლას, რომ შემდეგ ეს მისი სისუსტის ნიშნად არ აღიქვან, თუნდაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე აქციები მალე შეწყდება და მსოფლიო მასშტაბით, მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება.
„ეს აქციები არის აქციები აქციებისთვის და მასში მონაწილეობს 1500 ადამიანი - 3.5 მილიონი კაცი 1500 ადამიანის ჭკუაზე ვერ ივლის. ეს აქციები მას შემდეგ შეწყდება, რაც მათი უცხოელი დამფინანსებლები, რომელთა იტერესებშიც შედის აქ სიტუაციუის არევა, შეუწყვეტენ დაფინანსებას ოპოზიციურ პარტიებს. დღევანდელი დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში - მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაიწყოს. საქართველო ნეოკონოლიანიზმისაგან დაიხსნის თავს - ახლა სწორედ ნეოკოლონიალიზმისგან თავის დახსნა მიმდინარეობს“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
აქვე გეტყვით, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 19 იანვარსაც გაიმართა. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ, საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ისმოდა შეძახილები - „გაუმარჯოს საქართველოს“, „გაუმარჯოს ერთიანობას“.
მანამდე კი, აქციის მონაწილეთა ნაწილი შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.