ბიძინა ივანიშვილისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა კვლავ დაშანტაჟების მცდელობაა, რომელიც დროსა და პოლიტიკურ მოცემულობაში ერთმანეთს პირდაპირ უკავშირდება - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას. მათი თქმით, შვეიცარიული ბანკი Julius Baer 29 აპრილამდე ბიძინა ივანიშვილთან მშვენივრად თანამშრომლობდა, ხოლო 29 აპრილს ივანიშვილის საჯარო გამოსვლისა და „დიფ სთეითის“ ზრახვების მხილების შემდეგ, ბანკის მხრიდან დაიწყო პრობლემების შექმნა.
როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ვერანაირი შანტაჟით მას საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას ვერ შეაცვლევინებენ.
რაც შეეხება ახალ სასამართლო დავას, ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს, სასამართლოში უჩივის - განცხადება ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ გაავრცელა.
მათი განცხადებით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის საბანკო ტრანზაქციებს Julius Baer აჭიანურებდა, 2024 წლის დეკემბერში კი ივანიშვილს უთხრეს, რომ საბანკო ანგარიშები უნდა დაეხურა.
როგორც ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, Julius Baer-მა „ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა“ ივანიშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშები.
„ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას, ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართულია პოლიტიკურ შანტაჟში.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, - ნათქვამია ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში.
ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, რომელსაც ის „დიფ სთეითს“ და გლობალური ომის პარტიას უკავშირებს
უკვე რამდენიმე წელია, რაც ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ფინანსური დავა აქვს, რომელიც 2023 წელს სინგაპურის სასამართლოში დასრულდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა სარჩელი მოიგო და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ექსპრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა, მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რამაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა.
სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა, იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ის აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა.
ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.
თავის მხრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა გასულ წელს ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო. შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ადგილობრივმა სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამავდროულად, მომდევნო კვირაში შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, UBS-ის, მიერ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. UBS-მა Credit Suisse-ის აქციები 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ შეიძინა.
მიუხედავად ივანიშვილის მოგებული სასამართლო პროცესებისა, 2024 წლის 27 დეკემბერს, მას შემდეგ რაც მას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა, სანქციები მის Credit Suisse-თან დავასაც შეეხო.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან, რომელიც მან ყველა ინსტანციაში მოიგო, ხოლო ფულის დაბრუნება დღემდე არ მომხდარა, უპრეცედენტო და არნახული კანონდარღვევაა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ამხელა გავლენისა და ნდობის მქონე ბანკი სამართლებრივი ჩარჩოდან ასე გავიდეს.
„მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ასეთი სკანდალი ალბათ არავის ახსოვს. ამ ხნის გამოცდილების ადამიანი ვარ და მსოფლიოს მასშტაბით ასეთი არნახული სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა ბანკების მხრიდან არ გამიგია. შვეიცარიული ბანკებისთვის ყოველთვის სულერთი იყო, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ვინ რა პოლიტიკური გავლენისა და გემოვნების მატარებელი იყო. დაუშვებელი იყო ამ ბანკებზე რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური გავლენები ყოფილიყო გადამწყვეტი. ახლა კი, როდესაც ივანიშვილმა გაიმარჯვა სასამართლოში და მაინც შეუქმნეს კუთვნილი ფულის დაბრუნებაზე პრობლემა, ცხადი გახდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავა. ახლა უკვე ეს მეორე შემთხვევაა, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილმა სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა. ეს არის ერთადერთი სწორი მოქმედება, რადგან ამ ძალებს, რომლებიც ბანკების უკან დგანან, საჯაროობის ეშინიათ. მე პირადად წაკითხული მაქვს ივანიშვილის გამოსვლა სასამართლოში, სადაც მოსამართლეებს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ, რომ მისი კუთვნილი ფული უკან არ დაებრუნებინათ. აქაც, ამ ბანკის შემთხვევაშიც, აუცილებელია, რომ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ დაწყებული ეს წარმოუდგენელი კამპანია საჯარო გახადოს“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ჩვენ გვახსოვს, როგორ უარყოფდა ამერიკის ელჩი და საელჩო, რომ ამ დავის უკან ამერიკისა და ბაიდენის ადმინისტრაცია იდგა. ხოლო 2024 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, ჩაიწერა, რომ Credit Suisse-თან მოგებული დავის მიუხედავად, ბანკს მიეცა უფლება, ეს ფული ივანიშვილს არ დაუბრუნოს.
„მაშ რა არის ეს, თუ არა პოლიტიკური მიზეზი და მიზნები? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რომ ივანიშვილი მათი შურისძიების ობიექტი გახდა. ეს არის საზარელი ფაქტი, რადგან დღეს ევროპაში და დასავლეთში ის ყველაფერი ფეხქვეშ ითელება, რის გამოც დასავლეთი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გარანტად ითვლებოდა. ივანიშვილის მიმართ ადგილი აქვს კონკრეტული ძალების მიერ მიზანმიმართულ და ღია შურისძიებას. ეს კი დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის ომის პარალელურად საქართველო არ ჩაერთო ამ სისხლისმღვრელ ომში. არავისთვის აღარ არის დამალული, როგორ სთხოვდნენ ჩვენს ხელისუფლებას ამას და ეს მოწოდებები ღია წყაროებიდანაც ჩანს.
ივანიშვილს არ აპატიეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვა. ჩვენს ქვეყანას ეს პოლიტიკური ძალები აღიქვამენ, როგორც კლიენტ ქვეყანას, რომელიც მათ ყველა პოლიტიკურ დაკვეთას, ხუშტურსა და სურვილს უსიტყვოდ ასრულებდა, თუნდაც ეს საკუთარი სახელმწიფოს ზიანის ფასად ყოფილიყო. ასე მოხდა ზუსტად 2008 წელს, ომის დროს და ასე მოხდა 2022 წელს უკრაინის ომშიც“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უნგრეთის პრემიერსა და მის მეგობრობას ტრამპთან გამოიყენებს სწორედ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის აღსადგენად. ორბანის დახმარებით შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველწყაროდან ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ტრამპის ადმინისტრაციას.
„სამწუხაროდ, სად რა დალაგდება და რას იზამს ტრამპი, რთული სათქმელია. დღეს შეერთებულ შტატებში, შიგნით გუნდშიც კი, ხელჩართული ჩხუბი მიდის. გაწევ-გამოწევას აქვს ადგილი. ახლა პრაქტიკული და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, „ოცნებამ“ უნდა შეძლოს დაუკავშირდეს ტრამპის სიძეს კუშნერს, მის ვაჟიშვილებს, უმცროსსაც და უფროსსაც, სხვებსაც, ვისაც ტრამპი ენდობა. ტრამპს სჯერა პირადი ურთიერთობებისა და ოჯახის წევრების, უახლოესი გარემოცვის. ეყრდნობა სახელმწიფო საქმეებში როგორც ოჯახის წევრებს, ასევე ნათესავებს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ წყაროებს მოძებნის. რა თქმა უნდა, უნგრეთის პრემიერი ორბანი ამის საუკეთესო საშუალებაა. ვნახოთ, ბევრ რამეს დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს მამრაძე.