დონალდ ტრამპი ამერიკის 47-ე პრეზიდენტია და მას 20 იანვრის შემდეგ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის. ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება. ამის საფუძველს მთავრობას ამერიკის არჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტებთან თანხვედრა აძლევს. პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკაში ე.წ. „დიფ სთეითის“ დაანონსებულ მარცხს ელის, შიდა პოლიტიკაში კი რადიკალიზმისა და ლიბერალური ფაშიზმის დასრულებას გეგმავს.
უკვე არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დონალდ ტრამპი ამერიკაში პირველ რიგში „დიფ სთეითს“ გამოუცხადებს ბრძოლას. მისი მხარდამჭერებისა და თანაგუნდელების ცნობით, „დიფ სთეითი“ ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან წინააღმდეგობისთვის ძალებს იკრებს. ტრამპი „დიფ სთეითს“ განადგურებით ემუქრება, თუმცა მთავრობის ე.წ. მეოთხე და არაკონსტიტუციური განშტოება ძალაუფლების უბრძოლველად დათმობას არ აპირებს.
„დიფ სთეითი“ ემზადება: ფედერალური თანამშრომლების თითქმის ნახევარი ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევას გეგმავს“ - „არ ემ ჯი რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს „დეილი სიგნალი“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე აზიარებს ილონ მასკიც. იგი წერს, რომ მასობრივი ფედერალური ბიუროკრატია და მთავრობის არაკონსტიტუციური მეოთხე განშტოება ყველაფერს გააკეთებს ამერიკელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ილონ მასკი ასევე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის საბოტაჟის მიზნით ფარული გეგმა მზადდება.
პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს: „ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული - „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში“.
მისივე თქმით, საქართველოს სურს აშშ-თან ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, რეგიონში და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის განმავლობაში.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-თვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ გასული ოთხი წელიწადი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაც, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ ოთხი წლის განმავლობაში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ოთხი მცდელობა. მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად, რთული პროცესები იყო ჩვენს ქვეყანაშიც.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი ოთხი წელიწადი იქნება თვისობრივად განსხვავებული, ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზე. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული - ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ბრძოლა „დიფ სთეითთან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ასევე, ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ტრამპსა და „დიფ სთეიტს“ შორის დაპირისპირება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დავა და ასევე მასზე თავდასხმა სწორედ ამ ძალების მიერ იყო მოწყობილი. ანალიტიკოსი for.ge-სთან აცხადებს, რომ ბაიდენის უკან მდგარი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ე.წ. „დიფ სთეითია“, ტრამპისთვის პრობლემების შექმნას კვლავ შეეცდება.
„ტრამპი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, როგორ განვითარდებოდა ამერიკაში ეს შიდა დაპირისპირება, არავინ იცის. ძალიან დიდი დაძაბულობა იყო და სიტუაცია სამოქალაქო ომის დაპირისპირებამდე შესაძლოა მისულიყო. ამიტომ არავისთვის არ არის უცნობი, რომ „დიფ სთეითი“ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში არსებობს და დიდი გავლენა აქვს. სწორედ მათი დამსახურებაა უკრაინაში ომის დაწყება და ის დიდი სისხლისღვრა, რასაც ახლა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში თვალს ვადევნებთ.
ეს პრობლემა ამერიკაში იმდენად სერიოზულია, რომ ტრამპის მოკვლაც კი სცადეს და დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული, ვინ დაიქირავა ის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მას სრულიად შემთხვევით ააცდინა. ამიტომ ეს საკითხი ამერიკელებსაც ძალიან აწუხებდათ და ჩვენ ვნახეთ, როგორ მიიღეს მერყევ შტატებში საბოლოოდ ტრამპის სასარგებლო გადაწყვეტილება. ტრამპიც და მისი გარემოცვაც არ მალავს, რომ ამ ძალებთან დაპირისპირება მოუწევთ. ამიტომ ყველაფერი სწორედ „დიფ სთეიტთან“ ბრძოლაზე იქნება დამოკიდებული - როგორი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ ეს მოხდება ხვალ და ზეგ. თუმცა, ამის წინააღმდეგ რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ბრძოლას დაიწყებს, ეს უკვე მისი განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს“, - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ უკრაინა-რუსეთის ომი, სადაც ტრამპი კონფლიქტის დაწყებას აბრალებს არა რუსეთს, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციას და მის უკან მდგარ პოლიტიკურ ელიტას, ანუ „დიფ სთეიტს“.
„ტრამპი, ვიცით, რომ ამ ომის დაწყებას სწორედ ბაიდენს და მის ადმინისტრაციას აბრალებს. ის სულაც არ მიიჩნევს, რომ ამ ომის დაწყებაში ბრალი რუსეთს და პუტინს მიუძღვის. ტრამპის აზრით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას პუტინი არაფრით მოითმენდა, ეს კი კარგად იცოდნენ ბაიდენმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ. მიუხედავად ამისა, ამ ნაბიჯზე მაინც წავიდნენ. ტრამპი აცხადებს, რომ აქ ორივე მხარეს რაღაც დათმობაზე წასვლა მოუწევთ. ამიტომ ლაპარაკი აღარ არის იმ ტერიტორიებზე, რომელიც რუსების მიერ არის ოკუპირებული. აქ საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ აკონტროლებს. ამიტომ უკრაინა წამგებიან სიტუაციაში რჩება. ასევე კაცმა არ იცის თავად ნატოს მომავალი რა იქნება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი. ახლა მთავარია ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედგეს. ბევრი რამ ნათელი ამ შეხვედრიდანაც გახდება. ახალი მოცემულობაა ახლა მსოფლიოში და ის რიტორიკა, რაც რუსეთის მიმართ იყო, რადიკალურად შეიცვლება. ეს რიტორიკა კი გავრცელდება ევროპაზეც და მთელ მსოფლიოზეც. კისინჯერის პოლიტიკას მიჰყვება ტრამპი - არ შეიძლება ამერიკა რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებული იყოს. ეს დღის წესრიგი შეიქმნება, რაც „დიფ სთეიტის“ ზრახვებს, მიდგომას და მოქმედებებს შეცვლის. ეს ცვლილება გავრცელდება საქართველოზეც და სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი პრემიერიც. ეს არნახული წნეხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე მოდის, 20 იანვრის შემდეგ და უკრაინის ომის დასრულების კონტურების გამოკვეთის პარალელურად უნდა შესუსტდეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.