ალბათ, ბევრისთვის უცნობი იქნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში განთქმული ბრენდის „სიმენსის“ დამფუძნებლები საქართველოში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. სწორედ მათ დააკავშირეს საქართველო სატელეფონო არხებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან. ძმებისთვის საქართველო ახლობელი და საყვარელი ადგილი გახდა და ამიტომაც, დაწერეს მათ არაერთი მოგონება. ამის შესახებ კი ინჟინერს, ყოფილი კავშირგაბმულობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ანდრე კარბელაშვილს საკმაოდ ბევრი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. ჩვენც სწორედ მას ვესტუმრეთ.
-ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ მსოფლიოში გამორჩეული და ცნობილი ბრენდის, „სიმენსის“ ფუძემდებლები – ძმები სიმენსები საქართველოში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ისინი აქ შემთხვევით არ მოხვედრილან. 1860 წელს საქართველოში შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ გაეყვანათ თბილისი-ფოთის სატელეგრაფო ხაზი. კავკასიის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხსენებული საქმის მიმართ დიდ ინტერესს იჩენდა ქართველი პოეტი და კავკასიის ჯარების სარდალი გრიგოლ ორბელიანი. ფირმა „სიმენსთან“ იდება ხელშეკრულება და აღნიშნული ტელეგრაფის ხაზის მშენებლობისთვის საქართველოში ჩამოდის ახალგაზრდა ინჟინერი – კაცი, რომელიც ვალტერ სიმენსი აღმოჩნდა. მან დიდი მონდომებით დაიწყო თბილისი-ფოთის სატელეგრაფო ხაზის მშენებლობა და სატელეგრაფო სადგურების აპარატურის დამონტაჟება. 1860 წელს პირველი დეპეშები გაიცვალა თბილისს, ბორჯომსა და გორს შორის. ამის მერე სატელეფონო კავშირები დამყარდა სხვადასხვა ქალაქებს შორის. 1862 წელს გრიგოლ ორბელიანის ნებართვით, ვალტერ სიმენსთან ერთად, დაიდო კონტრაქტი თბილისსა და სტავროპოლს შორის ტელეგრაფის ხაზის მშენებლობაზე. ერთი წლის მერე კი თბილისსა და სტავროპოლს შორის უკვე დეპეშებიც გაიგზავნა.
თბილისში როდის ჩამოვიდა უფროსი ძმა ვერნერ სიმენსი?
– ვერნერ სიმენსი საქართველოში 1865 წელს ჩამოვიდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ის მრავალი მნიშვნელოვანი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის ავტორი გახლდათ. მან ააგო პირველი ტელეგრაფის ანძები ბელგიაში, რუსეთში, გერმანიაში და ამით საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. 1857 წელს მისი ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიდო წყალქვეშა კაბელი და შეიქმნა პირველი „სატელეგრაფო ხიდი“ ევროპასა და აფრიკას შორის. უფრო მეტიც, წითელ ზღვაზე გავლით, 1860 წელს სიმენსმა წყალქვეშა ტელეგრაფით ევროპა და აზია ერთმანეთთან დააკავშირა. რაც შეეხება 1870 წელს, ამ დროისთვის გერმანელმა მეცნიერმა საექსპლუატაციოდ გადასცა მსოფლიოში გრძელი სახმელეთო სატელეგრაფო ხაზი, ეგრეთ წოდებული, ინდო-ევროპის ტელეგრაფი, რომელიც თბილისზე გადიოდა.
საინტერესოა, როგორი თანამიმდევრობით იყო განლაგებული ტელეგრაფის ხაზი?
– ტელეგრაფის ტრასა ასეთი გახლდათ: ლონდონი-ბერლინი-ვარშავა-ოდესა-თბილისი-თეირანი-ბუშირი-ჯასკი-კარაჩი-კალკუტა. მოგვიანებით ეს ხაზი გაგრძელდა და იაპონიისკენ, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიისკენ, თბილისზე გავლით, ერთმანეთს დეპეშებს უცვლიდა ევროპისა და აზიის ყველა ქვეყანა. თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქალაქი გახდა. ასე იყო 60 წლის განმავლობაში – 1870 წლიდან 1931 წლამდე. ვერნერ სიმენსმა ძმებთან – კარლთან და ვილჰელმთან ერთად 1874 წლიდან ხუთი ტრანსატლანტიკური კაბელი ჩადო ევროპასა და ამერიკას შორის, რითაც სატელეფონო ხაზებით „დასერა“ ჩვენი პლანეტა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და ღირსეულად დაიმსახურა გამოჩენილი პიროვნების სახელი. იცით, ალბათ, რომ დღეს თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს „სიმენსის“ სისტემის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ავტომატური ტელეფონის სადგური, რომლის დახმარებითაც საქართველო სატელეფონო არხებით დაკავშირებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან. ასეთივე სისტემის საქალაქთაშორისო სადგური მუშაობს ქუთაისში. ექსპლუატაციაშია თბილისი-ქუთაისის რადიოსარელეო ხაზი, რომელიც „სიმენსის“ აპარატურითაა აღჭურვილი. ის გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ააგეს.
ამას გარდა, გერმანულ ფირმა „სიმენსის“ ისტორიას შემორჩა დიდი ქართველი ინჟინრის, მიხეილ ყაუხჩიშვილის სახელიც. როგორც შევიტყვე, იგი იტალიაში „სიმენსის“ ფილიალის გენერალური დირექტორი გამხდარა...
– ვერნერ სიმენსის შვილს კარლ-ფრიდრიხს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ მეცნიერთან, მიხეილ ყაუხჩიშვილთან. იცოდა მისი გამჭრიახობის შესახებ – ტექნიკურ-სამეცნიერო პრობლემების გადაჭრის შესანიშნავი უნარი რომ გააჩნდა. გულთბილი საუბრის მერე სიმენსმა შესთავაზა ყაუხჩიშვილს, დაეკავებინა იტალიაში „სიმენსის“ ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობა, რასაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ხსენებული ფირმის საქმიანობის შემდგომი გაფართოების თავკაცობა. მე პირადად ვიცნობდი მიხეილის ძმას, სიმონ ყაუხჩიშვილს, რომელიც გახლდათ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და აკადემიკოსი. იგი 1920-1923 წლებში მივლინებით იმყოფებოდა საბერძნეთსა და გერმანიაში. იმ პერიოდში მე გახლდით ვაკის ავტომატური სატელეფონო სადგურის ინჟინერი. მოხდა ასეთი რამ: კროსს უწოდებენ იმ ადგილს, სადაც ყველა სატელეფონო კაბელი შედის. იქიდან კარგად ჩანს, თუ ვინაა ამ კაბელში ჩართული. შემოწმების დროს ყველა კაბელს ეწერა, რომელი სად მიდიოდა. მხოლოდ ერთი კაბელი მეჩვენა საეჭვოდ – სიმონ ყაუხჩიშვილის კაბელი რაზე იყო შეერთებული, ვერ დავადგინე. დამაინტერესა და შევეკითხე ერთ ადამიანს, ვის უერთდება სიმონ ყაუხჩიშვილის კაბელი-მეთქი. საიდუმლოა, ბატონოო, – მითხრეს. გავბრაზდი და მოვთხოვე სიმართლეში გარკვევა, მან კი ყურში მითხრა, ჩემმა თანამშრომელმა: ბატონო, არსად არა თქვა, მაგრამ ყაუხჩიშვილის ხაზი პირდაპირ „კაგებეში“ მიდისო. ავდექი, შევტრიალდი და გადავჭერი ყაუხჩიშვილის კაბელი. მისი ტელეფონი გამოვთიშე, ამით დავიცავი ის „კაგებეს“ მოსმენებისგან.
თქვენი საქციელი დიდი რისკის ტოლფასი იყო და სავარაუდოდ, დასჯაც გემუქრებოდათ, ალბათ...
– ამის მერე წავედი ქალაქის სამმართველოს უფროსთან თათბირზე. მივედი იქ. მაშინ კოწო წერეთელი იყო ქალაქის სატელეფონო ქსელის უფროსი და მის მდივანს ვუთხარი, რომ თათბირზე მინდოდა დასწრება. მოვახსენე, უბედური შემთხვევა მოხდა და უნდა გიამბოთო-მეთქი. ბუნებრივია, დაინტერესდა. რა უნდა მექნა, მეც ვუამბე, რომ „კაგებეს“ შეუერთებია თავისი ხაზი სიმონ ყაუხჩიშვილის ხაზზე. ეს რომ ვნახე, გაბრაზებულმა გადავჭერი. შეიძლება, სიმონისნაირი პიროვნების შემოწმება? რა უნდა „კაგებეს“ მასთან, რატომ უსმენენ-მეთქი. გაუფართოვდა თვალები ჩემს ზემდგომს. ბიჭო, გაგიჟდი, ეს რა ჩაგიდენია, ახლა რომ დაგვიჭირონ ყველა, მერე რას ფიქრობო? – შემეკითხა. მე ვუთხარი, თუ დასაჭერია, დაგვიჭირონ-მეთქი. არა, ახლა შენთან ერთად წამოვა ინჟინერი და როგორც ჩაჭერი ის ხაზი, ისე აღადგინეთ სასწრაფოდო. ასეც მოვიქეცით. სიმონ ყაუხჩიშვილი ჩამოდის მივლინებიდან და შემომჩივლა, ჩემი ტელეფონი გამორთული იყო, ვერსად ვრეკავდიო. როცა მოვუყევი, რაშიც იყო საქმე, მადლობა მითხრა, გადამკოცნა და დამემშვიდობა.
ბატონო ანდრე, ძმებ სიმენსების საფლავი ვერის ბაღში იყო, ახლაც იქაა?
– ვალტერ და ოტო სიმენსები თავის დროზე თბილისში გარდაიცვალნენ და აქ, ვერის ბაში, ჭადრაკის სასახლესთან დაასაფლავეს. თუმცა, მერე, მოგვიანებით, გადაასვენეს და სად წაიყვანეს, ეს აღარ ვიცი. პირადად მე, გამოქვეყნებული მაქვს ძმებ სიმენსებზე ბევრი საგაზეთო და მეცნიერული ნაშრომი – მათი საქართველოში მოგზაურობისა და ცხოვრების ამსახველი დეტალები. ვფიქრობ, ჩემი წვლილია ისიც, საქართველოში მათ შესახებ რომ გაიგეს. 1868 წელს ვალტერ სიმენსი თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა, საზეიმო ვახშამზე მიმავალს ცხენმა სასიკვდილო ტრავმა მიაყენა. ამ ტრაგედიის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა ვალტერის უმცროსი ძმა ვერნერ სიმენსი თანმხლებ პირებთან ერთად და მოინახულა ძმის საფლავი. 1998 წლის 25 ოქტომბერს ლადო ასათიანის ქუჩა ¹30 სახლის ფასადზე საქართველოში ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის კონსულის, ფირმა „სიმენსი“ და „ჰალსკეს“ წარმომადგენლის, ინჟინერ ვალტერ სიმენსის მემორიალური დაფის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ჩატარდა, რომელიც მისი გარდაცვალების 130 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ბატონო ანდრე, ძმებ სიმენსებზე იგეგმება ფილმის გადაღებაც. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამის შესახებ?
– ვიცი რომ ფილმის სცენარის ავტორია დათო ტურაშვილი. პროექტის ავტორები კი, ჩემთან ერთად გახლავთ მანანა ნიქაბაძე და ნინო შარაბიძე. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ბიუჯეტი 300 000 ევროა. გადასაღებ მოედანს ყველა იმ რეგიონში გაშლიან, სადაც ძმებმა სიმენსებმა იმოგზაურეს. მინდა, აქვე გაცნობოთ, ვერნერ სიმენსის შთაბეჭდილებები, რომლებზეც იგი შემდეგნაირად წერდა: „საქართველოში მოგზაურობას მე მივაკუთვნებ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს. ყოველთვის ვგრძნობდი ფარულ სწრაფვას კავკასიის კულტურის ამ უძველესი კერისადმი, ხოლო ბოდენშტედტის მიერ წარმტაცი კავკასიური ბუნების ბრწყინვალე ასახვამ, ჩემში გამოაღვიძა ზრახვა და სურვილი ამ ადგილების გაცნობისა“. ვერნერ სიმენსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ფრანკფურტში წიგნი გამოვიდა. როგორც ავტორი, ზიგფრიდ ფონ ვეისერი აღნიშნავს, ვერნერ სიმენსმა 1890 წელს, ამჯერად მესამედ და უკანასკნელად, იმოგზაურა თავის საყვარელ კავკასიაში. ჩვენ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ვერნერს ამ თვითმყოფადი მხარისადმი გაუჩნდა განსაკუთრებულად ღრმა სიმპათია.
დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში სიმენსის მუზეუმია, სადაც სათუთად ინახავენ მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი ელექტროტექნიკური ფირმა „სიმენსის“ დამაარსებლის ხსოვნას და ისიც კარგად იციან, რომ ვერნერ სიმენსისთვის საქართველო ძალზე ახლობელი და საყვარელი ქვეყანა იყო.