რამდენიმე წლის წინათ თბილისში ერთობ პოპულარული იყო ანეკდოტი (უფრო სწორად, ანეკდოტად ქცეული ნამდვილი ამბავი), თუ როგორ დაურეკა თბილისის მერმა, ნიკო ლეკიშვილმა, საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს „მერი ვარ, მერი - ლეკიშვილიო“, ხოლო ხსენებულმა ჩინოსანმა საუბრის შემდეგ თანაშემწეს განცვიფრებით ჰკითხა, „კაცო ლეკიშვილს მერი ჰქვიაო?“
ასეთი უნიკუმების ეპოქა მთავრობაში, როგორც ჩანს, დასრულდა. დღეს უკვე (გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით) თბილისის მერის სახელი და გვარი ყველამ შესანიშნავად იცის.
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ 1996 წლის შემდეგ დედაქალაქში ბევრი რამ შეიცვალა. ამჟამად თბილისი, შეიძლება ითქვას, სულ სხვა ქალაქია. ნიკო ლეკიშვილს პურის რიგებისა და ცენტრალურ პროსპექტებზე დანთებული კოცონების პრობლემა ჰქონდა გადასაწყვეტი, დღეს კი თბილისი ლამის კლასიკური, საფინანსო-ოლიგარქიული ცენტრია, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
მით უმეტეს, დასაფასებელია ნიკო ლეკიშვილის იმდროინდელი მოღვაწეობა, რომელმაც ბევრი რამ სასიკეთოს გაკეთება შეძლო მაშინ, როდესაც თბილისის მერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა არ იყო. ოღონდ, ამისათვის ვანო ზოდელავასაც არ გაემტყუნება – მისი „პოლიტიზაცია“ ობიექტური პროცესია და იმის შედეგია, რომ ქალაქი საბოლოოდ გამოვიდა სამოქალაქო ომის მარაზმიდან და, ზოგიერთი თვალსაზრისით, ცივილიზებულ ქალაქს დაემსგავსა.
თვით ზოდელავა (ეს ადვილად შესამჩნევია) ყოველნაირად ცდილობდა პოლიტიკური ქარიზმა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ამაოდ: არაფერი გამოუვიდა და არც გამოუვიდოდა, ვინაიდან, თბილისი, ყველა თვალსაზრისით, საქართველოს ნახევარია და „ქართულ მეგაპოლისში“ აღმასრულებელი ხელისუფლების თავკაცი, მრავალფეროვანი პოლიტიკური განზრახულობებისა თუ პოლიტიკური ინტრიგების ცენტრში იმყოფება.
დანიშნული მერის არსებობა ქმნის გარკვეულ ბალანსს დაინტერესებულ ძალებსა და ფინანსურ-ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის. სწორედ ამიტომ „ჩავარდა“ ეს საკითხი პარლამენტში – რაკი უკლებლივ ყველა ძალა ეჭვით აკვირდება ერთმანეთს. მაგრამ ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ (რაც სავსებით მოსალოდნელი იყო) თბილისის მერის გადაყენებას ყველა გამარჯვებული პარტია მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალები“ და „ლეიბორისტები“. თანაც, ეს დემარში მიმართულია უკვე არა მერის ზოგადად, რომელიც უეჭველად ყველა შემთხვევაში იქცეოდა საკრებულოს შეტევის ობიექტად, არამედ ვანო ზოდელავას, როგორც მზარდი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ.
სხვა მოტივაცია აქ უბრალოდ არ არსებობს, ვინაიდან თბილისის მერი დღევანდელ პირობებში მხოლოდ ასეთივე „სოციალურ-პოლიტიკური“ ტიპი შეიძლება იყოს.
სხვა საქმეა, რომ ვანიკო ზოდელავას სხვა კოზირებიც აქვს (თბილისელობა, იმავდროულად, კავშირი სამეგრელოსთან, წარმატებული ბიზნესი ახლო წარსულში, გავლენა საქმიან წრეებში, გაუსვრელობა პოლიტიკურ ინტრიგებში და ასე შემდეგ.
სხვა საქმეა, რომ ზოდელავას გადაყენებას თბილისის საკრებულო ვერაფრის დიდებით ვერ შეძლებს. არანაირი იურიდიული, კონსტიტუციური მექანიზმი მერის გადაყენებისთვის არ არსებობს. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, პრეზიდენტის პრეროგატივა.
საკრებულოს შეუძლია „ამოიკნავლოს“ რაღაც ქალაქის მთავრობასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით. თუმცა, აქაც მისი უფლებები შეზღუდულია. ამრიგად, საკრებულოს შეუძლია მხოლდ ფონი შექმნას, ხოლო გადაწყვეტილების მიღება „ოფიციალური თბილისის“ ნების გამოხატულება შეიძლება იყოს.
პრეზიდენტმა ერთხელ უკვე გააფრთხილა ვანიკო ზოდელავა და „უკანასკნელი გაფრთხილება“ მისცა ქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით. სავარაუდოა, რომ თბილისის მერისთვის „ჭეშმარიტების მომენტი“ სადღაც საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგება და არა საკრებულოს მომავალ სხდომაზე.