რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიის ისტორიაში მათმა ქართველმა დედოფალმა

რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიის ისტორიაში მათმა ქართველმა დედოფალმა

ბიზანტიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველი მეფის, ბაგრატ მეოთხის ასულსმართა-მარიამს, რომელიც მათი დედოფალი გახდა. ისტორიკოსები მის სილამაზეს განსაკუთრებული ეპითეტებით ამკობენ. ბიზანტიელთა ქართველი დედოფალი მხოლოდ სილამაზით არ იყო დაჯილდოებული უფლისგან. ის ჭკვიანი, მიზანდასახული და შორსმჭვრეტელი ქალბატონიც გახლდათ.

თუ როგორ გახდა ბაგრატ მეოთხის ასული ბიზანტიის დედოფალი, მომავალში რატომ იქორწინა მამაკაცზე, რომელმაც მისი მეუღლე ტახტიდან ჩამოაგდო და მონასტერში გაამწესა და რომელი დინასტია მოიყვანა ბიზანტიიის სათავეში ამ ქართველმა მზეთუნახავმა, ამას ჩვენს ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ჯაბა სამუშია გვიამბობს.

- ბიზანტია მეთერთმეტე საუკუნეში უკვე აღარ იყო იმ მასშტაბის იმპერია, როგორიც ერთი საუკუნის წინ, თუმცა, ის ამ პერიოდისთვისაც კვლავ იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს შორის. სწორედ მეთერთმეტე საუკუნის ბიზანტიის ისტორიაში ჩაიწერა ოქროს ასოებით ქართველი დედოფლის სახელი.

ვის გულისხმობთ?

ვგულისხმობ მართა-მარიამს, რომელიც სხვადასხვა დროს ბიზანტიის ორი იმპერატორის მეუღლე გახლდათ. თავისი გარეგნობით ის ატყვევებდა გარშემო მყოფთ.

რა ვიცით მის შესახებ?

მართა-მარიამი საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის ქალიშვილი გახლდათ. დაახლოებით 1056 წელს ჩაიყვანეს პირველად ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვანი ასული ბიზანტიაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბიზანტიის იმდროინდელმა დედოფალმა თეოდორამ მძევალი მოითხოვა საქართველოს მეფისგან. ცნობილია, რომ ქართველ პრინცესას სამშობლოში მართა ერქვა.

როგორ წარიმართა მართას ცხოვრება ბიზანტიაში?

დედოფალი თეოდორა ბიზანტიაში მართას ჩასვლისთანავე გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ მართასა და ქართული დელეგაციის ბიზანტიის სამეფო სასახლეში შებრძანების მთელ პროცესს გიორგი მთაწმინდელი ესწრებოდა, რის შემდეგაც მას წარმოუთქვამს სიტყვები, რომელიც წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. „უწყოდეთ ყოველთა, რამეთუ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდაო”, – უთქვამს მას. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 15 წლის შემდეგ ბიზანტიას ახალი დედოფალი მოევლინებოდა მართა-მარიამის სახით. დედოფლის გარდაცვალებიდან, ძალიან მალე, მეფის პატარა ასული საქართველოში ბრუნდება. წლების შემდეგ, კერძოდ, 1064 წლისთვის, ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ ბაგრატ მეოთხეს ქალიშვილისმართას ხელი სთხოვა სარძლოდ. ქართველი პრინცესა მომავალი იმპერატორისმიხეილ დუკას მეუღლე უნდა გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბიზანტიაში დედოფლად სხვა ქვეყნის მეფის ასულის ჩაყვანის ძალიან მცირე შემთხვევები არსებობდა და, თუ ეს მაინც მოხდებოდა, ბიზანტიელები ცდილობდნენ, საგანგებოდ შეერჩიათ უცხოელი პრინცესები.

როგორც ჩანს, მართამ ყველანაირად დააკმაყოფილა მათი გემოვნება. როდის შედგა ქორწინება?

ქორწინება საკმაოდ გაჯანჯლდა. 1065 წელს შედგა ნიშნობა. მართას ბიზანტიაში, წესისამებრ, მარიამი უწოდეს. ამის შემდეგ, ქართველ დედოფალს ისტორიაში მართა-მარიამის სახელით ვიხსენიებთ. ქორწილი შედარებით გვიან შედგარამდენიმე წლის შემდეგ.

რატომ გადაიდო ამდენი ხნით?

ამის მიზეზი იმპერატორ კონსტანტინე დუკას ლოგინად ჩავარდნა იყო. იგი 1067 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ და ტახტი არა მიხეილმა, არამედ სხვა იმპერატორმარომანოზ მეოთხე დიოგენემ დაიკავა. ამ მოვლენამ გადაწია მართა-მარიამის ქორწილი. ჩვენი აზრით, მართა-მარიამი სამშობლოში დაბრუნებასაც კი აპირებდა.

შემდეგ რა ხდება?

– 1071 წელს მიხეილ მეშვიდე დუკამ ბიზანტიის იმპერატორის ტახტი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ უნდა შემდგარიყო მისი ქორწინება მართა-მარიამთან. მათ მალევე, კერძოდ, 1074 წელს, შეეძინათ მომავალი უფლისწულიკონსტანტინე პორფიროგენეტი.

ბიზანტიელები განცვიფრებულნი იყვნენ თავიანთი დოდოფლის სილამაზით. გვაქვს მართა-მარიამის რამდენიმე აღწერილობა. ყველგან ამაღელვებელი სიტყვებია ნათქვამი მის გარეგნობასა და ხასიათზე. ერთ-ერთი ყველაზე სრული აღწერილობა შემონახულია ანა კომნენოსის ნაწარმოებში.

ვინ იყო ანა კომნენოსი?

ანა კომნენოსი იყო ბიზანტიელი ისტორიკოსის, იმპერატორ ალექსი კომნენოსის ქალიშვილი. ის დანიშნული იყო კონსტანტინე დუკაზე, ანუ მართა-მარიამის შვილზე და, ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა დედოფალთან.

რას წერს იგი?

– „მარიამი იყო ლამაზი და ტანადი, როგორც კიპარისი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქნილი ალისფრად. ახლა თვალის ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ?! – ვინ შეძლებს ამის აღწერას! წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები ცისფერი. მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობაყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას.... თითქოს წართმეოდა მას სულიც და გონებაც”. ანა კომნენოსი იმასაც ამატებს, რომ, სეირნობის დროს მართა-მარიამს თუ ვინმე თვალს მოჰკრავდა, შეშდებოდა ამ სილამაზის მნახველი.

როგორ წარიმართა ბიზანტიის ქართველი დედოფლის ცხოვრება?

მართა-მარიამის ცხოვრება ბიზანტიაში საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა. საქმე ისაა, რომ მიხეილ მეშვიდე დუკა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მონარქი, რომელსაც შეეძლო, იმპერია კრიზისიდან გამოეყვანა. ქვეყანაში კიდევ უფრო მძაფრდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება. 1078 წელს ნიკიფორე მესამე ბოტანიატმა მიხეილ მეშვიდე ტახტიდან ჩამოაგდო და ბერად აღკვეცა აიძულა, რის შემდეგაც მართა-მარიამმა საგანგებოდ მოითხოვა პატრიარქისგან, რომ მას ნიკიფორეზე ქორწინების უფლება მიეცა. ვინაიდან მიხეილ დუკა უკვე ბერობაში იყო წასული, დედოფალმა ეს თანხმობა მიიღო.

იმპერატორმა ნიკიფორემ იქორწინა მართა-მარიამზე და, ამრიგად, მარიამი უკვე ახალი იმპერატორის მეუღლე გახდა. მაშინდელ ბიზანტიაში უამრავი ჭორი და ვერსია ტრიალებდა იმის შესახებ, თუ რატომ გადადგა მარიამმა ეს ნაბიჯი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ ნაბიჯით სურდა დედოფალს, საკუთარი შვილისთვის ტახტი შეენარჩუნებინა.

თუ გამართლდა მართა-მარიამის გათვლა?

არა, რადგან, მართა-მარიამისა და ნიკიფორეს თანაცხოვრება ერთად დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი ბოტანიატმა ხელთ იგდო ძალაუფლება, მან გადაწყვიტა, სხვა პიროვნება გამოეცხადებინა მემკვიდრედ, რამაც იმპერატორსა და დედოფალს შორის ურთიერთობა დაძაბა. შედეგად, მართა-მარიამი საკუთარი მეუღლის მოწინააღმდეგეთა ბანაკის ლიდერი გახდა, იმ ბანაკისა, რომელმაც ნიკიფორე ბოტანიატი მალე ჩამოაგდო ტახტიდან და ქვეყნის სათავეში მოიყვანა ის დინასტია, რომელმაც ერთი საუკუნის განმავლობაში მართა სახელმწიფო. ეს იყო კომნენოსების დინასტია. მარიამმა ძალიან ჭკვიანურად და ფარულად შეძლო შეთქმულების ორგანიზება. ეს ყველაფერი ასე მოხდა: მართა-მარიამმა, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა ალექსი კომნენოსის ამბიციახელთ ეგდო იმპერატორის ტახტი, იშვილა თავისზე რამდენიმე წლით უმცროსი კომნენოსი, რათა ალექსი კომნენოსის სწრაფვა საიმპერატორო ტახტისკენ სამართლებრივად გამართლებული ყოფილიყო. ამ დროისთვის ეს უკანასკნელი დასავლეთის ჯარების სარდალი გახლდათ, ანუ დიდი დომესტიკოსი იყო. ალექსი უკავშირდება ბიზანტიაში მოღვაწე მეორე ქართველსაცგრიგოლ ბაკურიანისძეს. ამ შეთქმულებას, რომელმაც კომნენოსები ბიზანტიის სათავეში მოიყვანა, თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ ქართველთა 1081 წლის შეთქმულება.

რას გვიამბობთ მეორე ქართველზეგრიგოლ ბაკურიანისძეზე?

გრიგოლ ბაკურიანისძე იყო აღმოსავლეთ ჯარების სარდალი, ანუ სხოლათა დომესტიკოსი. ორი სარდალი შეთანხმდა, რომ ბოტანიატის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. აღსანიშნავია ბაკურიანისძის ფრაზა, რომელიც მან კომნენოსთან შეხვედრისას წარმოთქვა: შენ თუ დღეს არ დაიწყებ მოქმედებას, მე ხვალ თავად ვეახლები იმპერატორს და მოვახსენებ, რომ შენ შეთქმულებას გეგმავო. ისტორიამ ბევრი შეთქმულება იცის, რომელიც კრახით დამთავრებულა, მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში, შეთქმულების დროში გაწელვა გახლდათ და ამასობაში შეთქმულებას ვიღაცა გასცემდა ხოლმე. სწორედ ამას შიშობდა გრიგოლ ბაკურიანისძე და აფრთხილებდა კომნენოსს. ალექსი კომნენოსმა დაუყოვნებლივ ილაშქრა კონსტანტინოპოლზე, ჩამოაგდო ნიკიფორე მესამე ბოტანიატი და თავად გამეფდა.

როგორ გადანაწილდა თანამდებობები, ამ გამარჯვების შემდეგ?

ამის შემდეგ თანამდებობები ასე გადანაწილდა: მართა-მარიამის დამსახურებით, იმპერატორი გახდა ალექსი კომნენოსი, თანაიმპერატორი, – კონსტანტინე დუკა. გამოდის, რომ მართა-მარიამი იყო მოქმედი იმპერატორის დედობილი, ხოლო თანაიმპერატორისდედა. გრიგოლ ბაკურიანისძეს კი ალექსი კომნენოსის თანამდებობა ერგო: იგი გახდა დასავლეთ ჯარების სარდალიდიდი დომესტიკოსი. ის სამხედრო უწყებაში მეორე კაცად ითვლებოდა ბიზანტიის იმპერატორის შემდეგ.

ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ძალიან მალე ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. მასში ჩართული აღმოჩნდა კონსტანტინე დუკა. მართა-მარიამის შვილმა თავისი პრივილეგიები დაკარგა. ამის შემდეგ კონსტანტინე გარდაიცვალა. მართა-მარიამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ის ესწრებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას.

უკანასკნელ პერიოდში, როდოპის მთაზე ჩატარებული არქეოლოგიური, გათხრებისას აღმოჩნდა სამონასტრო კომპლექსი. ბერძენმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საფლავიც, რომელშიც იყო ბეჭედი წარწერითმარია ბოტანიატი”.

ასე წარიმართა სილამაზით ცნობილი ქართველი დედოფლის ცხოვრება საბერძნეთში. დედოფლისა, რომელიც თავისი სილამაზით ატყვევებდა გარშემო მყოფთ და რომლის წინაშეც უძლურნი იყვნენ თვით ბიზანტიის იმპერატორებიც.