მოიგებდა თუ არა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლას დღევანდელი ქართველებით

მოიგებდა თუ არა დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლას დღევანდელი ქართველებით

იმის ერთ-ერთ გამამართლებელ საბუთად, რომ აფხაზებს ქართველებთან ერთად აღარ უნდათ ცხოვრება, ხშირად სახელდება არგუმენტი, რომ ეს აფხაზები ის აფხაზები არ არიან. მეორე მხრივ, თუ ჩვენს დღევანდელობას გადავხედავთ, სავსებით ლოგიკურად იბადება მეორე კითხვა: დღევანდელი ქართველები თუ ვართ ის ქართველები, რომლებმაც იმ აფხაზებთან ერთად, თავის დროზე, მართლაც, გამორჩეული ქვეყანა შექმნეს. ამ არცთუ იოლ კითხვაზე პასუხის გაცემას მამუკა გიორგაძესთან ერთად შევეცდებით.

ვართ ჩვენ დღეს ის ქართველები, რომლებმაც ჩვენი კულტურა და ისტორია შექმნეს?

ამ შეკითხვაში, ალბათ, კონცენტრირდება ჩვენი დღევანდელი რაობა: რა არის საქართველო ჩვენთვის, ვინ ვართ ის ქართველები, რომლებიც დღეს ვცხოვრობთ და გვაქვს თუ არა მისტიკური, სულიერი თუ კულტურული კავშირი იმ ადამიანებთან, რომელთა საცხოვრისი იყო თავის დროზე ეს ტერიტორია. ის, რომ გენეტიკურად ქართველები ვართ, ნამდვილად მჟღავნდება და ამის დასტურია ჩვენი ის უკეთურობები, რომლებიც ჩვენს წინაპრებსაც ჰქონდათ, მაგრამ სულიერებასა და ყოველდღიურობაში ვერ ვგავართ ჩვენს წინაპრებს და, როდესაც საუბარია საქართველოს დღევანდელობასა და პერსპექტივაზე, ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ: თუ ჩვენ მოვწყდებით ჩვენს წინაპრებს, არ დავამყარებთ სულიერ კავშირს ვახტანგ გორგასალთან, ილია ჭავჭავაძესთან, დავით აღმაშენებელთან, გიორგი მთაწმინდელთან თუ შალვა ახალციხელთან, მაშინ აღარ ვიქნებით ის ქართველები, რადგან ეს საქართველო იმ ქართველებმა შექმნეს. დღეს კი, როდესაც გვეუბნებიან, რომ უნდა ავაშენოთ ფსევდოლიბერალური საქართველო, რაღაც გაურკვეველი წარმონაქმნი, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ამ სულიერებაზე, მისტიკურ კავშირებზე. როდესაც ვახტანგ გორგასალი თუ დავით აღმაშენებელი გვიტოვებს მე, შენ და ნებისმიერ ქართველს ანდერძს, თუ გინდათ სიცოცხლე, ეძიეთ ქრისტესთვის სიკვდილიო და ჩვენ უარს ვამბობთ ამაზე, ესე იგი, არ ვართ ის ქართველები...

და შემოგვაქვს ახალი ფორმულა: თუ გინდა სიცოცხლე, ეძიე სკამიო.

დიახ, თუ ამ ფორმით გავაკეთებთ პერიფრაზს და უარს ვამბობთ, რომ ჩვენი სულიერი წინამძღოლი იყოს ის ინსტიტუტი, რომელსაც თავისი სული მიაბარეს ამის მთქმელებმა, ქართული ეკლესია მაქვს მხედველობაში, ჩვენ უარს ვამბობთ ვახტანგ გორგასალზე, უარს ვამბობთ მისტიკურ კავშირზე დავით აღმაშენებელთან, თამართან, შალვა ახალციხელთან თუ ბიძინა ჩოლოყაშვილთან და, ბუნებრივია, ვერ ვიქნებით ის ქართველები. ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვართ, გენეტიკური ნარჩენები იმ ქართველებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე.

ხშირად ამბობენ და რეალურადაც ასეა, რომ ამაზე უარესი პერიოდებიც გვქონია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე უარესები ვართ, ვიდრე შუა საუკუნეებში, ამაზე უარეს დროს ვიყავით?

დღევანდელ ვითარებაზე უარესი პერიოდებიც ყოფილა საქართველოში, მაგრამ განსხვავება არის ხვალინდელ დღეში.

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ, თუკი იმ მართლაც შავბნელი შუა საუკუნეების შემდეგ დაიბადა ილია ჭავჭავაძე და არა მხოლოდ ის, ესე იგი, ყველაფერი არ არის დაკარგული?

აი, სწორედ ეს არის პრობლემა: ამაზე უარესი პერიოდებიც ყოფილა და ამის ნათელი გამოხატულებაა მთელი მეჩვიდმეტე საუკუნე, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელობას. მაშინდელმა მმართველებმა: როსტომ-ხანმა, სიმონ-ხანმა თუ დაუდ-ხანმა, გაირანებულმა და გამუსლიმანებულმა ქართველებმა არა მხოლოდ ნომინალურად შეიცვალეს სარწმუნოება, არამედ დაეჯახნენ ქართული სულიერების საფუძვლებს. სხვათა შორის, მათაც შეარემონტეს ერთი-ორი ტაძარი საქართველოში, მაგრამ, სამაგიეროდ, დაანგრიეს ყველაფერი, რის დანგრევაც შეიძლებოდა, სულიერად გარყვნეს ადამიანები და გარკვეულწილად, აიძულეს ხალხი, საქართველოდან გაქცეულიყვნენ. უბრალოდ იძულების ფორმებია სხვადასხვა: თუ შაჰ-აბასმა წაასხა ქართველები, დღეს ქართველებს აიძულებენ, რომ თვითონ წავიდნენ სამშობლოდან. მსგავსი ქმედება მანამდე არ ჩაუდენიათ არც არაბებს, არც მონღოლებს. მეჩვიდმეტე საუკუნეში დაეჯახნენ საქართველოს სულიერების საფუძვლებს: ვაზის კულტურას, საქართველოსთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ურთიერთობის წესს, მოშალეს სოციალურ ფენებს შორის ურთიერთობის მექანიზმები, ანუ მოხდა ის, რაც დღეს ხდება. ამ მხრივ, მეჩვიდმეტე საუკუნე ძალიან ჰგავს ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავებაც: მაშინ სამყარო, რომელიც გვებრძოდა იყო უდიდესი და უძლიერესი, მაგრამ მაინც ლოკალური, დღეს კი, როდესაც გლობალიზაციაა და ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ სამყარო ძალიან დაპატარავდა, ეს აღარ არის ლოკალური სამყარო; ეს არის ერთიანი, გლობალური სამყარო. მეჩვიდმეტე საუკუნეში ფიზიკურად უარესი პირობები იყო, მაგრამ არსებობდა სხვა სივრცეები, რითაც შეიძლებოდა ირანული სივრცის ჩანაცვლება, დღეს კი გლობალიზაციის პირობებში ალტერნატივა არ არის, ისევ შიგნიდან უნდა შვა ალტერნატივა, რათა გახდე კაცობრიობის პარტნიორი ერი. არის კიდევ ერთი განსხვავებაც: მძიმე პერიოდებში საქართველოს ბედი პიროვნებების მხრებზე გადადიოდა. შემთხვევითი არ არის, რომ მეჩვიდმეტე საუკუნეში 6 000-მა ბერმა ერთ დღეს, აღდგომის ღამეს, დადო თავი გარეჯის მონასტერში; მარაბდის ბრძოლაში დაღუპული 9 000-ვე მეომარი წმიდანადაა შერაცხილი, რაც იშვიათია საქართველოს ისტორიაში; ასეთივე რიგისაა ინდივიდუალური გამოვლინებები: წმიდა ქეთევანი, წმიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი თუ ზეზვა გაფრინდაული. დღეს ასეთი პიროვნებების დეფიციტია და ამიტომაც ხვალინდელი დღისადმი უფრო სკეპტიკურად ვართ განწყობილი. მეფე თეიმურაზი, მიუხედავად იმისა, რომ დედა და შვილები დაუხოცეს, არ ჩამოსულა ცხენიდან. მან ბევრი ბრძოლა წააგო, ბევრჯერ მოუწია მტრისგან გაქცევა, მაგრამ თავისი საქმის გაფიარებას კი არ ცდილობდა, არამედ ბრძოლის დამთავრებისთანავე შლიდა კარავს და ლოცულობდა, ინანიებდა თავის ცოდვებს. უბრალოდ, მაშინ იყვნენ ადამიანები, რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ გადაარჩინა საქართველო.

ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩვენი ისტორია თითქმის პირდაპირ იმეორებს ქრისტიანობის ძირითად მისტერიას: როგორც იესოს მოწამეობრივმა სისხლმა განბანა ადამის ცოდვები, სწორედ ასე გვიმსუბუქებენ ცოდვებს ჩვენი წმიდანები.

დიახ, საქართველოს ისტორია ამას იმეორებს, იმიტომ რომ ის ხალხი ერთგული იყო ვახტანგ გორგასლის ანდერძის: ისინი ეძიებდნენ ქრისტესთვის სიკვდილს და სწორედ ეს არის ქართული გზა. ჩვენთან არ არის და არც შეიძლება, იყოს ჯიჰადის ქამრები. ჩვენთან ასეთი კულტურააგააკეთე საქმე, შემდეგ თავი დაღუნე და ცხვარივით წადი სამხვერპლოზე. ისტორია გვამცნობს: ბიძინა ჩოლოყაშვილი ისეთი ახოვანი იყო, რომ თურქმენები, რომლებიც აწამებდნენ, ვერ სწვდებოდნენ და ის წვივებში გადაამსხვრიეს. ეს მთასავით კაცი, დევგმირი, თავისი ნებით, ცხვარივით წავიდა სამსხვერპლოზე. ის არ უფიქრია, მე აქედან რას მივიღებ, რა მოხდება ამის შემდეგო; ამაზე არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა: იცოდნენ, რომ მათი ბოლო იქნებოდა სიკვდილი.

იცოდნენ ყველაზე მთავარი: თავგანწირვა არ იკარგება.

რა თქმა უნდა. შესაბამისად, დღეს სწორედ ამის გამო ებრძვიან ქართულ ეკლესიას. არადა, თუ ჩვენს წინაპრებთან ეს მისტიკური კავშირი გაწყდა, მაშინ მთავრდება საქართველო. ამ მისტიკური კავშირის პროვაიდერი კი, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ქართული ეკლესიაა. თუ ეს კავშირი გაწყდა, მაშინ საქართველოს ისტორია იქნება წიგნებში წასაკითხი ამბავი, ისევე, როგორც დღეს ვკითხულობთ ჩინეთის, მონღოლეთისა თუ რომის იმპერიის ისტორიებს. სხვათა შორის, დაუდ-ხანისა და სიმონ-ხანის ეპოქა იმითაც ჰგავს დღევანდელობას, რომ ქართველებმა ისინი არ მიიღეს დასომხითის მეფეებიშეარქვეს, რადგან დღევანდელ ქვემო ქართლში ჰქონდათ დასაყრდენი. ქართლის დანარჩენ ნაწილში ვერ მოდიოდნენ, ისეთ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ მოსახლეობისგან. ანუ მაშინ ეს კავშირი არსებობდა და იმიტომაც მოვიდა დღემდე ქვეყანა, მაგრამ, თუ ჩვენ დღეს ეს კავშირი ვერ შევინარჩუნეთ, წინ ძალიან დიდი საფრთხე გველის. ჩვენ მაშინ ვხვდებით ქართველები, როდესაც ეს მისტიკური კავშირი შემოდის ჩვენში.

აქვე ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ჩვენ გენეტიკურად ვართ ის ხალხი, რომლებიც იბრძოდნენ დიდგორის ველზე? რომელთა წაყვანა შეიძლება დიდგორის ველზე?

აქ პრობლემაა არა ერის და ხალხის, არამედ იმ ადამიანების, ვინც ამ ხალხს წარმართავს. მასალა იგივეა, რადგან საუკუნეები სჭირდება ერის გენეტიკურ დეგრადირებას. თვალი გადავავლოთ, თუნდაც, ბოლო ოცწლიან მონაკვეთს: ის ოცი წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც ტანკს უცვივდებოდნენ მუხლუხოებში, დღეს შეიძლება, „ნაცმოძრაობისწევრები არიან და ქვეყანას ორ შაურად ჰყიდიან. რატომ მოხდა ეს? ისინი ხომ იგივე ადამიანები არიან?! იმიტომ რომ მაშინ მათ არჩევანი არ ჰქონდათ; იმიტომ რომ გარემო იყო ასეთი და იმ ჰეროიკულ გარემოში ყველას უნდოდა, რომ თავისი თავი რიგით ჯარისკაცად მაინც ეხილა და, როდესაც ხედავდნენ, ეროვნული მოძრაობის ლიდერები მზად იყვნენ, თავი გაეწირათ, ჯარისკაციც სწირავდა თავს. ისინი მომიტინგეები კი არ იყვნენ, არამედლაშქრის წევრები. მაგრამ დღეს, როდესაც წარმმართველი ადამიანების, მათი სულიერებისა და ინტელექტის დეფიციტია, დავემსგავსეთ ნახირს, რომელიც საძოვარზეა მიშვებული. ბახტრიონს რომ იღებდა, ის ხალხი მანამდე შეიძლება, თავჩაქინდრული ისხდა და ბევრ უბედურებას ითმენდა, მაგრამ გამოჩნდნენ რა ის ადამიანები, ისინიც აღივსნენ უდიდესი იმედით და ყველამ თავისი საქმე გააკეთა. დღეს პრობლემა სწორედ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფია, თორემ ხალხი მზადაა: როდესაც ყინვაში 300 000 ადამიანი გამოვა, ესე იგი, არ გადაშენებულან ქართველები. ხანში შესული ადამიანებიც კი, რომლებიც დღეს შეიძლება, ქუჩაზეც ვერ გადავიდნენ, მაშინ მზად იყვნენ, მთელი თბილისი მოევლოთ, იმიტომ რომ მათში იმ ჯარისკაცის, მებრძოლის ცნობიერებამ გაიღვიძა. ამიტომ ძალიან მიკვირს იმ პოლიტიკოსების, რომლებიც თავიანთ უკეთურობას ხალხს აბრალებენ: ხუთ ლარად გაიყიდნენო. ხალხი კი არ გაიყიდა ხუთ ლარად, შენ არ ივარგე.

ანუ ისინი გაყიდეს ხუთ ლარად?

რა თქმა უნდა. შენ ვერ დაუმტკიცე ხალხს, რომ ბრძოლაში მიზანს მიაღწევდი. დღეს სხვა საკითხიც დგას: თუ ჩვენ ეკლესიას დედაეკლესიას ვუწოდებთ, ვუწევთ მას შვილობას?! ხშირად ამბობენ, ეკლესიას არ უნდა დაცვაო, მაგრამ ეკლესიას, რაც უნდა დაუშავონ, დასაცავად არ მოგიხმობს. საკუთარი დედა რომ დაშანთო, შვილო, ხელი არ დაიწვაო, გეტყვის, რადგან ეს დედის ბიოლოგიური თვისებაა. რაც უნდა ცუდი გაუკეთო დედაეკლესიას, ის არ ეტყვის სხვას, მოდი, დამიცავი ცუდი შვილისგანო, ანუ არ გამოვა და არ დასწყევლის, იმიტომ რომ ეს დედის თვისებაა. მაგრამ სად არის შვილის პასუხისმგებლობა, როდესაც დედას შეურაცხყოფას აყენებენ?! ჩვენ ვერ შევძელით ვყოფილიყავით ჩვენი დედაეკლესიის შვილები. ჩვენ ვერ შევძელით, ვყოფილიყავით ჩვენი წინაპრების სულიერი შვილები. როგორც კი შევძლებთ, ვიყოთ მათი შვილები, მაშინვე ვხდებით პარტნიორი დავით აღმაშენებლისა თუ შალვა ახალციხელის. ტაძარში თუ არ გაქვს განცდილი შენს გულში შემოსული სიხარული, შენ არ ხარ ქრისტიანი; თუ შენი ცოდვის გამო ცხოვრებაში ერთხელ მაინც თვალზე ცრემლი არ მოგდგომია, თუ თავი არ გიგრძნია ყველაზე უბედურ ადამიანად, ესე იგი, შენ არ გაქვს განცდილი ქრისტიანობა. შესაბამისად, თუ გაქვს განცდილი ეს გრძნობა, შენთანაა 300 არაგველი, 9 000 მარაბდელი მებრძოლი, ყველა ის ქართველი, რომელთაც თავი დაუდიათ საქართველოსთვის და ამ შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალია და იმიტომ კი არა, რომ შენ ხარ ძლიერი, იმიტომ რომ ისინი შენთან არიან და ტანკს ჯოხით კი არა, მუშტებით გალახავ. შეუძლებელია, გამარჯვება არ მოიპოვო. აი, ეს განცდა აკლია დღევანდელ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ლიდერებს.

მარტივი ფორმულაა: „რაც არ იწვის, არ ანათებს“.

ამ ბრძოლის იმიტაციამ მიგვიყვანა იმ უბედურებამდე, რაც დაგვემართა შარშან აგვისტოში; ამ ბრძოლის იმიტაციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს სააკაშვილი უფრო მყარად ზის თავის ტახტზე, ვიდრე ორი წლის წინათ იჯდა. ამ ფსევდობრძოლამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩაკლულიყო ის მუხტი; რომ დღეს გაებედათ დედაეკლესიასთან ბრძოლა, რადგან დაინახეს, რომ პასუხის გამცემი არ ვართ. მართალია, ამას ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ ოპოზიცია იმაშია დამნაშავე, რომ არათუ სწორად ვერ წარმართა საქმე, არამედ, ირიბად თუ პირდაპირ, ხელი შეუწყო ხელისუფლების მომძლავრებას. ამიტომაც ვამბობდით, რომ ჯანსაღი ნაწილი უნდა გაემიჯნოს ფსევდოოპოზიციას; უნდა გავემიჯნოთ ხელისუფლების მიერ შემოგდებულ ერთიანობის იდეას. რატომ უნდა დავდგეთ ყველანი ერთად?! თუ ერთად დავდგებით, ვისაც ერთნაირი ღირებულებები გვაქვს, ვერ გავიმარჯვებთ?! ნაძირალებთან ერთად მოგებული ერთი ბრძოლა მაინც მაჩვენეთ! ნაძირალებთან და ლაჩრებთან ბრძოლის მოგება არ შეიძლება! დოჩანაშვილს აქვს უნიკალური ფრაზა თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში: „უმამაცესი ლაჩრები მომრავლდნენ“. აი, ეს უმამაცესი ლაჩრები არიან დღეს და ამიტომაც მივიღეთ უმამაცესი ლაჩრების ქვეყანა: ტელევიზიიდან ინგრევა ქვეყანა, რეალურად კი არაფერი ხდება.

ახალი აღთქმის მიხედვით, მიწაში დამარხული ტალანტების პატრონს ერთმევა რაც აქვს. ჩვენც ასე მოგვივა?

მიწაში დამარხული ტალანტები მოეკითხება იმ ჯანსაღ ნაწილს, რომელსაც ამის მოხმარების შნო ჰქონდა და არ მოიხმარა, მაგრამ ჩვენ ბიბლიიდან უფრო სოდომისა და გომორის იგავი უნდა გავიხსენოთ. იქ არის ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა: იქ რომ პატიოსანი ადამიანები ცხოვრობდნენ, მათ რა ბედი ეწევათო. რომლის პასუხიც ასეთია: მათ ჰქონდათ დრო, ემხილებინათ, მაგრამ ეს დრო ხელიდან გაუშვეს, ისინიც პასუხს აგებენო და ერთადერთი მართალი კაცი გამოიყვანა. დღესაც არიან საქართველოში ასეთი მართალი ადამიანები, ამიტომ უფალი არ სჯის ქვეყანას, მაგრამ იმდენიც არ არიან, რომ ეყონ ქვეყნის აყვავებას. როდესაც მეჩვიდმეტე საუკუნესთან ვავლებთ პარალელებს, სწორედ ასეთი მართალი ადამიანების მადლმა გადაარჩინა საქართველო და, თუ ჩვენ არ შევეცდებით, დავაგროვოთ მადლი, სოდომისა და გომორის ბედი არ აგვცდება. ბუნებრივია, ყველა ადამიანშია კეთილი და ბოროტი თვისებები. მთავარია, რა ნაწილს განვავითარებთ. თუ ეროვნული მოძრაობა ავითარებდა სიკეთის ნაწილს, საქართველოს ეკლესია ავითარებს ჩვენს სულიერებას, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ყველაზე მდაბალი ბიოლოგიური ინსტინქტებით გვაცხოვროს. ამის ნათელი დადასტურებაა ის გადაცემები, რომლებიც ბოლო პერიოდში გადის საქართველოს ტელევიზიებით.

ძალიან უცნაურია, როდესაც ერთი ჩვენი თანამემამულე კარგ ანაზღაურებად ანტიქართულ ფილმში ითამაშებს, მეორეოკუპანტის სახელით იმღერებს, მესამე მეგობრის ცოლებს ეარშიყება, თურმე და ეს ტაშის საკვრელი ამბავია?

რაღაც დოზით თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს, რა ხდება მეზობლის სახლში, რა იმალება კაბის კალთის ქვეშ, მაგრამ ლაპარაკი იმაზეა, როგორ მოერევი შენს ამ ინსტინქტებს. ხელისუფლებამ კი შესთავაზა ხალხს, რომ ასეთი მდაბალი ემოციები განავითაროს საკუთარ თავში და ეს წარმოაჩინოს როგორც ცხოვრებისეული. სინამდვილეში კი ხდება ამ უკეთური აზრების სტიმულირება-პროპაგანდა. ვამბობთ, ცხოვრება ასეთიაო, მაგრამ, ბატონებო, არ არის ცხოვრება ასეთი! ძირითადი აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ ცოდვა გახდეს ჩვეულებრივი რამ, რომ მე ხვალ ცოდვის ჩადენამ დისკომფორტი არ შემიქმნას. თურმე ჩვეულებრივი ადამიანური რამაა მეგობრის ცოლთან არშიყი და უცხო ადამიანთან მრუშობა. ესე იგი, ცოდვის ანულირება ხდება: სამშობლოს გაყიდვა არ არის ცოდვა, ღირებულებებიდან გადახვევა არ არის ცოდვა, მეგობრის ღალატი არ არის ცოდვა, ქალისა და ბავშვის დაჩაგვრა არ არის ცოდვა, ქალისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ არის ცოდვა და ადამიანი ფიქრობს, თუ ეს ჩვეულებრივია, ესე იგი, მე ცოდვას არ ჩავდივარო. ადამიანი ფიქრობს, თუ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებო. თითოეულ ჩვენგანს აქვს ჩადენილი ცოდვა და განიცდის ამას. პრობლემა ის კი არ არის, რომ დაეცი, არამედ ის, რომ ადგომა არ გინდა! ჩვენ ყოველ საღამოს ველოდებით, აბა, იმის ცოლი ვის ქმართან წევს, ის როგორ ლოთობს, ეს როგორ ჩხუბობს და ამ პირობებში ჰეროიკულზე, ამაღლებულზე, ეკლესიის დაცვაზე, თუნდაც, უცნობი ქალის დაცვაზე ვინ შეიწუხებს თავს?! ჩვენ ეს შემთხვევითი გვგონია, მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის, მიზანმიმართულია.

მაპატიონ ჩემმა თანამემამულე მამაკაცებმა, მაგრამ, როგორც წესი, ტრანსპორტში მამაკაცების უმეტესობა ადგილს არ უთმობს ქალს, განურჩევლად ასაკისა და ამ ფონზე სავსებით ბუნებრივი მეჩვენა, რომ მათ 2008 წლის აგვისტოში ვერ დაიცვეს ქვეყანა. როდესაც სკამიდან ადგომა გეზარება, მით უმეტეს არ გასწირავ სიცოცხლეს და არ შეაკვდები ომში მოწინააღმდეგეს.

საზოგადოების დემორალიზება ხდება. ვიმეორებ, ეს ცუდი თითოეულ ჩვენგანშია. ლამაზ ქალს რომ დაინახავ, თვალი უნებურად გაგირბის, მაგრამ უნდა მოთოკო ემოციები. შეიძლება, გინდა გარეთ შიშველი სიარული, მაგრამ არ აკეთებ ამას, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი ხარ. თუ მოხუც ადამიანში შენს ბებიას არ წარმოიდგენ, მას ადგილს ვერ დაუთმობ. ნელ-ნელა იმსხვრევა იმ ღირებულებათა სისტემა, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენს იმ წინაპრებთან, რომლებიც ნამდვილად ქართველები იყვნენ. აი, ეს ძაფი უნდათ, გაწყვიტონ მეომრობაში, ყოველდღიურ ყოფით საქმიანობაში, რელიგიაში, კულტურაში, პოლიტიკაში. როდესაც ამბობენ, მართლმადიდებლობა არ უნდა იყოს წარმმართველი ჩვენი ცხოვრების სულიერი ასპექტებისაო, მაშინ, მაპატიეთ და როგორ შევინივთო მე თამარ მეფე?! როგორ შევინივთო კლარჯეთელი მამები? რესტავრატორებად და არქიტექტორებად გავასაღო?! დღეს რომ ცოცხალი ვარ და ქართველი ვარ, ეს ხომ იქ, უდაბნოში დაყუდებული ბერების დამსახურებაა?! მაშინ ვინ არის აბო თბილელი?! ვინ არიან ასურელი მამები?! შუშანიკ დედოფალი?! როგორ შემოდიან ჩემთან კავშირში ეს ადამიანები?! თუ ეკლესიის წარმმართველობა არ იქნა შენარჩუნებული, მე ვერ გავუგებ ჩემს წინაპრებს, მე ვერ გავუგებ ჩემს თანამედროვე ბერებს, რომლებიც კომუნისტების დროს ბეთანიაში ცხოვრობდნენ და ბეთანია შემოგვინახეს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი წინაპარი უკეთურიც გვყავდა და ჩვენც გამოგვერევა ასეთი, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ ვცოდავ და შევეცდები ეს აღარ გავიმეორო. ამის სანაცვლოდ კი ყოველდღიურად მელაპარაკებიან ჩემი ინსტინქტების ზეობაზე. ეს ყველაფერი მიმართულია ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლისკენ, არადა, ჩვენ ვართ გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი ქართველები. მათ კი უნდათ, აი, ეს ერთიანი მოაზრება დავკარგოთ. ერთიანი მოსაზრების დაკარგვამ კი გამოიწვია სლავი ერის დაშლა უამრავ ნაწილად. თუ წარსულს დაკარგავ, ილია ჭავჭავაძემ გვითხრა, ბოგანო იქნებიო და სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ მაღალ იდეალებს მოკლებული ადამიანების ერთობა არის უსახური მასა, რომელიც სამართავად იოლია. მაღალზნეობრივი ადამიანების მართვა შეუძლებელია, ამიტომ ამოცანა მარტივია: მოდი, ამ ხალხს ჯერ მაღალი ღირებულებები, მაღალი ზნეობა მოვაცილოთ, დავიყვანოთ უმდაბლესი ადამიანური ინსტინქტების გამოვლინებამდე და შემდეგ მათი მართვა ადვილია.

5 ლარიც არ დაგეხარჯება.

აღარ დაგეხარჯება.