ალიევისა და ფაშინიანის მიერ ტრამპის შუამავლობით, თეთრ სახლში სამშვიდობო დეკლარაციის ხელმოწერას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და შეხვედრის შედეგებს პრაქტიკულ და პოპულისტურ ჭრილში განიხალავს.
ექსპერტის თქმით, ტრამპი - ალიევი - ფაშინიანის შეხვედრით საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა. საქართველო იყო და რჩება სამხრეთ კავკასიაში ყველა საერთაშორისო პროექტის ძირითადი რგოლი და ინარჩუნებს მრავალპოლუსიან სამყაროსთან თანამშრომლობის მზაობას და პერსპექტივებს.
„რადგან სამმხვრივი შეხვედრა თეთრ სახლში დასრულებულია, განვიხილოთ მისი შედეგები პრაქტიკულ და პოპულისტურ ჭრილში. რა შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკულად განხორციელებად მხარედ:
დერეფანი, როგორც ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური შესაძლებლობა, „ტრამპის მარშრუტის“ (Trump Route for International Peace and Prosperity, TRIPP) შექმნა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო მარშრუტი ზანგეზურის გავლით (სომხეთი), რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს, 99-წლიანი კონცესიით ამერიკული კონსორციუმის მმართველობის ქვეშ.
ეკონომიკური მოტივაცია და ინტეგრაცია აშშ-სთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების მიმართულებით, რეგიონს ეკონომიკური ზრდის პოტენციალს მატებს და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოტივაციას ქმნის.
რეგიონალური სტაბილურობა და გარკვეულწილად რუსეთის როლის შემცირება სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გასვლა ქმნის წინაპირობას ახალი გეოპოლიტიკური ბალანსისთვის, აშშ-ს როლის გაძლიერებით.
ამავდროულად არ შეიძლება არ გამოვყოთ წმინდა წყლის პოპულისტური და შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის განკუთვნილი შედეგები:
სიმბოლიზმი უფრო მეტად შეიმჩნევა, ვიდრე შინაარსი: პომპეზური ცერემონია თეთრ სახლში (ევროკავშირის ბედის "გოლფ-კლუბში" გადაწყვეტის ფონზე) და დერეფნის „ტრამპის მარშრუტად“ შერაცხვა, (თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩისა არ იყოს) ეს ტრამპის "შოუ-დიპლომატიის" ტიპიური ნაბიჯია, მისი, როგორც მშვიდობისმომტანის, იმიჯის გასაძლიერებლად და ნობელის პრემიისკენ მისწრაფებისთვის.
დაუყოვნებლად გადასაჭრელი პრობლემები არსად არ გამქრალა:
შეთანხმებაში არ არის გადაწყვეტილი ეთნიკური სომხების საკითხი მთიანი ყარაბაღიდან, არ განხილულა ლტოლვილების ბედი, კულტურული მემკვიდრეობა, დაკავებულთა გათავისუფლება ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა ორივე მხრიდან.
სომხეთის მიერ სუვერენიტეტზე კონტროლის დაკარგვის შიში ნამდვილად არაა უსაფუძვლო, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ფორმალურად ინარჩუნებს სუვერენულ ნიშნებს, დერეფნის მართვის ამერიკულ კონსორციუმზე გადაცემა და კერძო სამხედრო კომპანიების შესაძლო ჩართვა, სერიოზულ ეჭვებს იწვევს კრიტიკოსებში და სომხურ ოპოზიციაში ქვეყნის დამოუკიდებლობაზე რეალური კონტროლის შენარჩუნების თვალსაზრისით.
მხარეებს შორის პარტნიორობა ინარჩუნებს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს - სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეთანხმება პირველ რიგში მნიშვნელოვანია, როგორც საგარეო პოლიტიკის დემონსტრირება: „ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს აშშ-სთან“. მაგრამ თუ ადგილზე ამის რეალური განხორციელება არ იქნება, დეკლარაციები დეკლარაციებად დარჩება.
ასე რომ, დადებული ხელშეკრულების მთავარი სარგებელი - ამერიკული გავლენის გაძლიერებასა და კომერციული ტრანზიტის გაფართოების შესაძლებლობაშია. ამავდროულად, შეხვედრის "შოუ-ელემენტები", გამოსვლები და ვიდეოკადრები, უბრალოდ ქმნიან მომგებიან სურათს ყველა მხარისთვის: ტრამპისთვის, როგორც მშვიდობისმყოფელისთვის, ფაშინიანისთვის, როგორც პრაგმატული ლიდერისთვის, ალიევისთვის, როგორც ძლიერი მოთამაშისათვის, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური ბონუსისა და სტრატეგიული სარგებლის მიღება.
ჩვენთვის კი ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში არ შეცვლილა. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სამხრეთ კავკასიაში ყველა საერთაშორისო პროექტის ძირითადი (და არა სათადარიგო) რგოლი, ჩვენ ვინარჩუნებთ მრავალპოლუსიან სამყაროსთან თანამშრომლობის მზაობას და პერსპექტივებს, ჩვენ კბილებით ვიცავთ სუვერენიტეტს, მშვიდობას და სტაბილურობას. თუ ვინმეს ეს ეცოტავება, კიევის და კიშინიოვის მიმართულებით ავიაბილეთები ხელმისაწვდომია,“ - წერს დავით ქართველიშვილი.