"მშვენიერება მაიმუნების ხელში..."

თავის გულში ჩატრიალებული კაცი

არ ვიცი, რამდენი დამიჯერებს, რომ ვთქვა, კახი კავსაძე უთქმელი კაცია-მეთქი. ვინც იცნობს, იცის, სილაღეშიც და გაბრაზებაშიც გვარიანად ხმაურიანია. მაგრამ მაინც... ჩემი აზრით, ყველაზე მეტად უთქმელი და თავის გულში ჩატრიალებული კაცია. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, მასთან, შინ ელ გრეკოს "მაცხოვრის" უბრალო ასლი რომ ვნახე, მაგრამ იმ იაფფასიანი ანაბეჭდიდანაც კი ადამიანურ ტკივილში გამოვლილი და ზეცით განმსჭვალული ადამიანობის განცდა მოდიოდა... სწორედ ამ განცდის გამო ჰქონდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენილი, საკუთარ სულსა და გრძნობაში, ხელოვნებაში გააზრებული ელ გრეკოსეული ექსპრესიული მაცხოვრის სახე. ფრთხილად ვკითხე, ელ გრეკო გიყვართ-მეთქი? ისე მიპასუხა, ერთი ვიწრო სარკმელიც არ გამომიღო საკუთარი თავისკენ:

- მიყვარს.

კიდევ ვცადე... იქნებ ერთი ფრაზით მეტი მაინც დასცდეს-მეთქი. ის კი ჩვეული ომახიანობით იხსენებდა რაღაც ძალიან ძველ ამბავს, წინ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო ეწყო. იცინოდა, ხუმრობდა...

გავჩუმდი.

გაჩუმდა.

და ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს სულ შემთხვევით გახსენებულ მელოდიასავით, სხვა განწყობაზე გადართულმა თქვა: მე ჰოროვიცისტი ვარ (ვლადიმირ ჰოროვიცი - პიანისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი, უკრაინაში დაბადებული ებრაელი, რომელიც ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად). ჩემს ახლობლებში კი ბევრნი არიან რიხტერისტები (სვიატოსლავ რიხტერი - პიანისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი), ხშირად მეკამათებიან, რიხტერი უფრო ღრმააო... კარგი, რა!

ზუსტად ვერ მივხვდი, ელ გრეკოს ხსენებაზე რა ამოუტივტივდა მეხსიერებაში: ჰოროვიცის შესრულებული რახმანინოვი, შოპენი, ბეთჰოვენი, შუმანი... ისე უპასუხა ჩემს ფიქრს, თითქოს ხმამაღლა მეკითხა მისთვის რამე:

- ამას წინათ, რადიოში ორკესტრი უკრავს, რაღაც სხვანაირად უკრავს ჩაიკოვსკის კონცერტს. მეჩქარება, მაგრამ ვერ მოვშორდი, სანამ ბოლომდე არ ჩავიდა. რა გაირკვა: ასრულებდა ინგლისის ფილარმონიის ორკესტრი, დირიჟორი არტურო ტოსკანინი და სოლისტი ჰოროვიცი. წუთში მივხვდი, განსაკუთრებულ შემსრულებელთან მქონდა საქმე...

ტელეფონი რეკავს: - ისევ შეხვედრა? რა ამბავია?! აღარ უნდა ხალხს ამდენი კავსაძე! - ისევ ხმაური, ისევ მიწვევა,  მეგობრები, ლაღი ხუმრობა, ზოგჯერ სიბრაზე და გაცეცხლებაც. ზედაპირზე რომ ჩანს, ის კახი კავსაძეა... ისე კი... ისე, ხომ გითხარით, უთქმელი, თავის გულში ჩატრიალებული კაცია-მეთქი.

და რაკი საუბარს ისე ვიწერდი, რომ უფრო ხმამაღალ ფიქრს ჰგავდა, ვიდრე ინტერვიუს, ფიქრებადვე შემოგთავაზებთ...

წარმატებული და ბედნიერი

არ მიკვირს, თუ ვინმეს წარმატებული და ბედნიერი ვგონივარ. ისეთი პროფესია მაქვს, ვჩანვარ, სხვა არაფერი...

თქვენ რას ეძახით წარმატებას? დღესაც იმავეს ვფიქრობ, რასაც ადრე - მსახიობს თუ შეუძლია სიხარული მიანიჭოს საზოგადოებას, ბედნიერებაა. რაც მეტ სიხარულს მიანიჭებ, მით უკეთესი პროფესიონალი დადგები. მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გამიკეთებია. ფილმს რომ ვუყურებ, ვამბობ, ეს რა უბედურებაა-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს თავს სცენაზე ვერ ვუყურებ.

სად არის ბედნიერება? - რთულია, ამაზე გიპასუხოთ. იცით, რას გეტყვით? არ მინახავს ბედნიერი კაცი. მდიდარი რომ ხარ - ბედნიერი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედნიერი ხარ? არ არის ეგრე...

რამდენი ენერგია და ნერვები მიაქვს როლზე მუშაობას! როცა როლს მაძლევენ, პირველი, რაც თავში გამივლის, ეს არის - "არა"! კითხვა: მოვერევი? - ტვინს მტკენს. ვიდრე როლი ჩემი გახდება, ჯოჯოხეთია, რა! ერთხელ, ახალი მოსული ვართ თეატრში, ჩამოვარდა ლაპარაკი შემთხვევითობაზე. ითქვა, ზოგჯერ შემთხვევით მოხვდება კაცი თეატრში და ვეღარ მიდისო. კახი აქ შემთხვევით არის მოხვედრილიო, - თქვა უცებ მიხეილ თუმანიშვილმა, - რა უნდა კახის აქ, შეიძლებოდა ყოფილიყო მშვენიერი ექიმი, ინჟინერიო. გავშრი. ამ დროს ისე მიყვარს თეატრი, გადავარდნილი ვარ შიგ.

ბიჭები მიხვდნენ, გული გამისკდებოდა ტკივილით. შემომხედეს. ვუთხარი: ბატონო მიშა, მე შემთხვევით არ ვარ მოხვედრილი. მთელი ჩემი ჯიში და მოდგმა არტისტები იყვნენ, მომღერლები, შემსრულებლები. ისეთ სახლში დავიბადე, სადაც ცხოვრობდნენ ცეცილია წუწუნავა, ალექსანდრე წუწუნავა, ვასაძე, ხორავა... შემთხვევით თქვენ მოხვდით თეატრში - ჯარიდან, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი შემთხვევითობა-მეთქი. და წავედი.

მას მერე სხვანაირად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა...

მოგება-წაგებაზე

ებრაელს უთქვამს: ღმერთო, პირველი ხელი ჩემს შვილს წააგებინე, მერე გაიგებს მოგების ფასსო. თავიდან არ გამიმართლა, კინოში არ გადამიღეს. ეს ჩამრჩა გულში  და ვიომე...

ვცურავდი. უხერხულად გადმოვხტი მესამე ტრამპლინიდან, ცუდად დავეცი, მძიმე ტრავმიანი ერთი წელი ვიწექი. მაშინაც ვიცოდი, რომ უნდა მებრძოლა და ვიბრძოდი კიდეც!

არტისტობა არასდროს მიფიქრია. უცებ გადავწყვიტე... ვიღაცას ჰგონია, ეს არის ყველაზე მხიარული, უზრუნველყოფილი, სალაღობო პროფესია, არადა, პირიქითაა.

ყველაზე ძლიერი - ბელა...

ერთხელ, ორი სეზონი იყო, ირაკლის და ნანუკას ხილი ვერ ვაჭამე. ნანუკა 8 წლის იყო, ირაკლი - 4 წლის. დიდი გაჭირვება იყო. კიდევ კარგი, კინოში მაინც მიღებდნენ... ოჯახში ერთადერთი ბელა იყო ყველაზე მაგარი. სიხარულიც ეგ იყო და იმედის მომცემიც. ყველაზე მეტად მანადგურებდა ის, როცა ძმაკაცს დახმარება სჭირდებოდა და ვერ ვეხმარებოდი. ახლა ყოველთვის მაქვს ფული, რომ შევეწიო ვინმეს. ნეტა ადრეც მქონოდა! რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი. მეუბნებიან, თქვენ გქონდათ გამორჩეული სიყვარულიო... ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს. ჩვენი ყველაფერი ჩანს. ჰოდა, ჩვენი სიყვარულიც ჩანდა...

ისევ ერთადისევ გვერდით...

ბელას ორმოცი მოახლოვდა, ვზივარ შინ. ვფიქრობ, როგორ გავაკეთო-მეთქი. უცებ კარადიდან ისეთი რამ გადმოვარდა, მიწისძვრა უნდა მომხდარიყო, ის რომ თავისით ადგილიდან დაძრულიყო. ხმამაღლა დავუძახე: ვიცი, ბელა აქ ხარ! და კიდევ დამიმტკიცე-მეთქი. მაგიდაზე ჩანგალი იდო და ბრახ - გადატრიალდა!

ჩვენ ისევ ერთად ვართ. ხომ ნახეთ, მეცნიერებაც აქეთ მიდის. ფარაონების ხმებს იჭერენ, პარალელურ განზომილებებზე ლაპარაკობენ....

ერთხელ გია დვალის ლექციას დავესწარი. ვკითხე, - შავი ენერგია რა არის-მეთქი. ამიხსნა. მაინტერესებდა: შავი ცუდია? კარგი სხვა ფერია? შავი არ ანათებს... ფერს შეიცვლის-მეთქი ოდესმე? არა, სულ შავად დარჩებაო... გვეშველება რამე-მეთქი? ეგ ძნელი შეკითხვაა, ვიფიქრებ და იქნებ გიპასუხოთო... ეს კი ხუმრობით მიპასუხა.

ბევრი მიფიქრია, რომ ჩვენ ერთ დიდ სამყაროში ვცხოვრობთ და არ ვიცით ერთმანეთი ისე კარგად, როგორც უნდა ვიცოდეთ. იქნებ იმიტომ, რომ მთელი სიცოცხლე ეწირება მაიმუნობას და ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ...

გუდიაშვილს აქვს ერთი გრაფიკული ნამუშევარი: მაიმუნები ერთ ლამაზ ქალზე უთითებენ - ნახე, ნახე, რა მახინჯიაო. ასეა ცხოვრება. შეიძლება ლამაზი იყო და შენზე თქვან, - ნახე, რა მახინჯიაო, მიზეზი? - როგორც კი წამოყოფ თავს, აწუხებ საზოგადოებას. ტრაგედიაა, აბა, რა! მშვენიერება მაიმუნების ხელში... მაგრამ რაც უნდა ბევრი ტკივილი მოგიტანოს ცხოვრებამ, როგორ სიდუხჭირეშიც უნდა იცხოვრო, რა ხინჯიც უნდა დაგიტოვოს ხელმოკლეობამ, პროფესიის გამო რა ტკივილიც უნდა მოგაყენონ, იმ მშვენიერების დანახვად ღირს ცხოვრება.

ტელეფონმა დარეკა.

- რას შვრები, გამომივლი? მოდი, მოდი... გელოდები, - ჩვეული რიხით უპასუხა კახი კავსაძემ, - ამ კაცს უნდა გავყვე ერთგან, აუცილებელი საქმე აქვს...

სწრაფად წამოდგა. იმ კედლისკენ წავიდა, საიდანაც სევდიანად იმზირებოდა ელ გრეკოს სურათის ასლი... რაღაც ფურცელი მოძებნა, ალბათ, ტელეფონის ნომრიანი. რამდენიმე წუთში გამოუვლიდნენ და ისიც წაჰყვებოდა...

წინ ხმაურიანი დღე იყო... კახი კავსაძეც ხმაურით გაუყვებოდა გზას, ოღონდ სულში გადანახული, ხელშეუხებელი სიჩუმით...