რა გზა მოუძებნა ბახტაძემ მოსახლეობის მილიარდიან დავალიანებას

რა გზა მოუძებნა ბახტაძემ მოსახლეობის მილიარდიან დავალიანებას

საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე, გადამწყვეტი ტურის წინ, ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ გაერთიანებული ოპოზიცია სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოგებას ცდილობს. საქმე ეხება ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფი მოალაქეების რეაბილიტაციას - ასეთი კი საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია.

უკვე დაანონსდა, რომ დღეს პრემიერი პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საბანკო ვალდებულებების გამო „შავ სიაში“ მყოფი ადამინების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დიდი ხანია მიდის და ეს ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემაა.

„ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანია მოხვედრილი ამ სიაში და ეს ადამიანები არიან გამოთიშული ამ ეკონომიკური საქმიანობიდან. ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, რომ დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასების ნაწილი შეიძლება ჩამოეჭრას. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გვყავს. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მომზადება მიდის და ორშაბათს პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას“ განაცხადა ქობულიამ.

მისივე განმარტებით, შეიძლება დიდ ნაწილზე გამოცხადდეს ამნისტია განსაზღვრულ დავალიანებებზე.

„როდესაც ასეთ საკითხს ვეხებით, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება. ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ მოდით, ჩვენ ახლა სესხის პროცენტები შევამციროთ და ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რომელიც შეუძლებელია და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ინფორმაციის დაანონსებისთანავე სასაწრაფო პრესკონფერენცია მოიწვია გაერთიანებული ოპოზიცია -„ძალა ერთობაშია“- საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ და საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ, მათი დავალიანებები კი მთავრობამ უნდა შეისყიდოს.

„ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქე არასდროს ყოფილა. ყოველი მეორე ქართველი არის დაკაბალებული ვალებით, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, ან იმ სამი ბანკის მიერ, რომლებიც მევახშეებად არიან გადაქცეული და მშვენივრად გრძნობენ თავს ივანიშვილის მიერ შექმნილ გასაოცარ ეკონომიკაში“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე თვლის, რომ მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი ვალები და ჩაანაცვლოს ეს გაჭირვებული ხალხი ბანკებთან ურთიერთობაში.

„ეს თუ არ გაკეთდა, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, უკიდურესად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. ჩამოგვექცევა ეს ეკონომიკა თავზე და სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ ჩამოქცევას ვერც ბანკები გადაურჩებიან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დედაქალაქის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ამ ინფორმაციამ.

„ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. მეგობრებო! „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტიელებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“ - განაცხადა კახი კალაძემ.

ჭარბვალიანობის პრობლემაზე მუშაობა მართლაც რამდენიმე თვეა დაიწყო. სექტემბრიდან ქართული საზოგადოება დაპირებული ე.წ. შავი სიის გაუქმების მოლოდინშია, თუმცა კონკრეტულად რა გამოსავალს შესთავაზებენ ბანკების „შავ სიაში“ მოხვედრილი საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს დღეს გახმაურდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო „კრედიტ-ინფო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა. იცვლება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი და უქმდება ე.წ. ნეგატიური სტატუსი, ანუ შავი სია აღარ იარსებებს. საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემისას მხოლოდ მომხმარებლის ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნობიან - სტატისტიკით, „კრედიტ ინფოს“ „შავ სიაში“ დაახლობით 650 ათასი მოქალაქეა, რომლებიც ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან.

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაგვპირდა, რომ ამ მიმართულებით შემოდგომაზე საინტერესო წინადადებები იქნებოდა წარმოდგენილი.

დღემდე არსებული ინფორმაციით, „კრედიტ-ინფოში“იქნება ერთი სტანდართული ამონაწერი, რომლის გახსნის შემთხვევაში კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო, ან ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაცია ნახავს თითოეული მომხმარებლის ქცევას წლების განმავლობაში. სპეციალისტების განმარტებით, მსესხებელზე მთლიანი ინფორმაცია უნდა მიიღოს ფინანსურმა ორგანიზაციამ და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას კრედიტის გაცემის შესახებ.

მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა მან ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა და სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია და ა.შ.

აქამდე საუბარი იყო მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის მართვის წესების შეცვლაზე, მაგალითად, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს თუ იურიდიულ ორგანიზაციას აღარ მიენიჭება ნეგატიური საკრედიტო სტატუსი; საკრედიტო ორგანიზაციები შეამოწმებენ როგორ იხდიდა მსესხებელი სესხს.

როგორც კრედიტინფოში განმარტავდნენ, არასწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ ე.წ. ნეგატიური სტატუსის გაუქმების შედეგად, საკრედიტო ორგანიზაციები დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინებენ „კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციას ან ინფორმაციას ვადაგადაცილებული სესხების შესახებ.

როგორც კრედიტინფოში განმარტავენ, ცვლილების არსი მდგომარეობს პირის საკრედიტო რეპორტში არსებული ველის გაუქმებაში, რომელშიც ფიზიკური პირის შემთხვევაში სესხზე 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 60 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ფიქსირდება ჩანაწერი „არის ნეგატიური“, ან „იყო ნეგატიური“ (იმის მიხედვით ვადაგადაცილება აქტიურია, თუ უკვე დაფარული). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნეგატიური სტატუსი ენიჭება კონკრეტულ ვადაგადაცილებულ სესხს და არა თავად პირს. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, თუ პირს ისევ დაუფიქსირდება ზემოთ აღნიშნული პერიოდულობის ვადაგადაცილება, მის შესაბამის სესხს აღარ მიენიჭება ნეგატიური სტატუსი, თუმცა სესხთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ვადაგადაცილების დაწყების თარიღი, დარიცხული ჯარიმა და სხვა, პირის საკრედიტო რეპორტში ისევ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ნეგატიური სტატუსის ველის გაუქმების შედეგი იქნება ის, რომ თუ რომელიმე ორგანიზაცია სესხის გაცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ სესხის სტატუსის საფუძველზე, პირის საკრედიტო რეპორტის დეტალური შესწავლის გარეშე, მომავალში მას ამის შესაძლებლობა ვეღარ ექნება და დასჭირდება პირის საკრედიტო რეპორტის სრული ანალიზი.

ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ბანკებიდან და ონლაინ ორგანიზაციებიდან აღებულ თანხას აბსოლუტური უმრავლესობა კვებაში ხარჯავს. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისაკენ მიიმართება.

სპეციალისტების განმარტებით, რეალურად, „შავი სია“ არ გაუქმებულა და შესაბამისად, „კრედიტინფოს“ სიაში არსებულ არც ერთ კლიენტზე არანაირი სახის სესხი არ გაიცემა. უბრალოდ, „შავ სიაში“ მოხვედრილი მოქალაქე 7 წლის ნაცვლად 5 წელი ვერ ითანამშრომლებს საფინანსო ორგანიზაციასთან.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლია ელიავა თვლის, რომ „შავი სიის“ რეალურად გასაუქმებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, - ვიღაცამ უნდა დაფაროს აღებული კრედიტები, მაგრამ თუ სახელმწიფო ამ ვალდებულებას აიღებს საკუთარ თავზე, ეს სხვა, სოციალური უთანასწორობის პრობლემას გააჩენს, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდება.

„თუ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი არ აღიარებენ, რომ მოსახლეობის ნაწილი საქართველოში გადახდისუუნაროა იმ კაბალური პირობების გამო, რომელთაც მათ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი სთავაზობს, ამ ადამიანებს მდგომარეობას ვერაფერი შეუმსუბუქებს. მეტსაც გეტყვით, ასეთი დავალიანებები წარმოეშვათ იმის გამო, რომ თავის დროზე ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა შემუშავებული სპეციალური რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომელთა შესრულებასაც ახლა ცდილობს“,- მიიჩნევს ლია ელიავა.

როგორც ჩანს, პრემიერის ინიციატივა მხოლოდ ამ ნაბიჯებით არ შემოიფარგლება და სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დაპირებული საინტერესო ინიციატივების სამსჯავროზე გამოტანის დღეც დადგა - იმედია, ბევრად უფრო ეფექტური იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე ე.წ. შავი სიის გაუქმებაა. პრინციპში, ამ ინიციატივას გარდა მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისა, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს და ხელისუფლებაზე გულაცრუებული ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურზე სახლში დარჩა საარჩევნო ყუთებთან მიიყვანოს. თუმცა გააჩნია, რამდენად ღირებული იქნება ფსონი, რომელსაც ხელისუფლება ამ ინიციატივის სახით ჩამოდის.