მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა

მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა

„ნაციონალური მოძრაობა“ თუ ოპოზიციის შემოკრებას ცდილობს, რათა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციური ხმების მცირე ოდენობაც კი არ გაუშვას ხელიდან, „ქართული ოცნება“ შეძლებისდაგვარად, იმ დაპირებების შესრულებას შეუდგა, რაც ქართველი ამომრჩევლის მოლოდინით, ამ ექვსი წლის მანძილზე უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, ეს მისია მთავრობას აკისრია და მინისტრებიც ხელებდაკაპიწებული შრომობენ. როგორ დასუფასდებათ მცდელობა, რაც შეიძლება მეტი გაიღონ ხალხისთვის და შეუძლებელიც შეძლონ, ერთ თვეში გამოჩნდება, მანამდე კი როგორც ჩანს, სამთავრობო ინიციატივების უხვ მოსავალს უნდა ველოდოთ.

მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა მთავრობის ინიციატივების სიკეთეებით დროულად ვერ სარგებლობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს რეგიონებზე, გამოყოფს დიდ თანხებს, მაგრამ არაეფექტური მართვის გამო ინიციატივები მოსახლეობაზე გვიან აისახება.

„დაწყებული გვქონდა და ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ამ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაეფექტურობაა, რომელიც აფერხებს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ ხალხთან კონკრეტული სიკეთე“, - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონებს ფული საკმარისი აქვთ.

„თუ შეხედავთ სტატისტიკას და გამოყოფილ ბიუჯეტს, სოციალური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ადგილობრივ და ასევე, ცენტრალური სისტემის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია და ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ცვლილებების აუცილებლობა რეგიონული მართვის სისტემაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა.

„ცვლილებები ისედაც გვქონდა გათვალისწინებული და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება ძალიან ნიშვნელოვანი ცვლილებები“, - განაცხადა პრემიერმა, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო და როდის გატარდება, როგორც ჩანს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ერთ თვეში ხელისუფლება სოციალური ფონის მიმართულებითაც გეგმავს ცვლილებებს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება ერთი წლის, არამონეტარული კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.

გარდა ამისა, მთავრობა ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გეგმავს და 5-ჯერ მეტი დახმარების გაწევას პირდება. სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი ფულადი ბენეფიტი იქნება, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი.

ბავშვების რაოდენობა, რომელიც ამ პარამეტრებს აკმაყოფილებს, 143 166-ს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ ლარია.

ჟურნალისტების კითხვაზე, ახლა რატომ განაცხადა ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმა და ხომ არა ეს წინასაარჩევნო პიარ-სვლა, ბახტაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მთავრობა დიდი ხანია მსჯელობს, ბიუჯეტის დაზუსტების პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და მას საარჩევნო პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც დადებით პროგნოზს გვთავაზობს, მისი ვარაუდით, ლარი წლის ბოლოსკენ კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება.

ქობულიას განცხადებით, ეკონომიკა იზრდება, ამიტომ მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს ამ მიმართულებით.

„ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა სექტემბერში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში. ჩვენ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტარტეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვთვლით, ის აბსოლუტურად საღი და მართებულია“, - განაცხადა ქობულიამ.