მართალია, ამ ჩვენს სამშობლოში უკვე კარგა ხანია, ცოცავს ხმები, რომ „ვეფხისტყაოსანს“ სასკოლო პროგრამიდან ამოღებას უპირებენ, მაგრამ, ხმები ხმებად რჩება (ძირითად მიზეზად ტექსტის სირთულეს ასახელებენ). ამ საქმის პიონერი (აი, სირთულე რომ შეამჩნია შოთა რუსთაველის ქართულს) თავის დროზე საქართველოს განათლების მინისტრი კახა (ალექსანდრე) ლომაიაა (და მერე რა, რომ თავად, თუმცაღა ქართული განათლების გამორეფორმირება წამოიწყო, სიტყვა „ბავშვის“ მართლწერაშიც კი მოიკოჭლებდა). სწორედ მაშინ გამოგვიტყდა (გამორეფორმირებულობის გარიჟრაჟზე), პირადად მე ძველ ქართული ტექსტები მიძნელდებოდა და სწავლის ხალისს მიკარგავდაო. ოღონდ, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ბ-ნ ლომაიას თავისი მშობლიური მეცამეტე რუსული სკოლის კედლებში, „ვეფხისტყაოსანს“ ვინ ჩივის, ძველი ქართული ლიტერატურის ერთი სტრიქონიც კი, თვალით არ ჰქონდა ნანახი. მისი შემდგომი ერთ-ერთი მინისტრი კი გამოგვიტყდა (რაკი გამოტყდომა გამორთულ დიქტოფონთან შედგა, ვინაობის არგამხელა მომიტევეთ), „ვეფხისტყაოსანი“ მეც მიჭირდაო (იოლი „თხა და გიგოა“, ისიც, გააჩნია, რა შემთხვევაში).
ერთი სიტყვით, ჩვენ არ ვიცით, შეჰბედავენ თუ არა შოთას, მაგრამ ის კი ვიცით, რომ „იუნესკომ“ 2012 წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა. სხვათა შორის, იმიტომაც, რომ საქართველოს პირველ სტამბაში მისი პირველი გამოცემის დაბეჭდვიდან 300 წელი შესრულდა. ასეა თუ ისე, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად და ინგლისურად ითარგმნება (და მერე რა, რომ უკვე ნათარგმნია, პოსტრევოლუციური, როგორც ჩანს, მაინც სხვა იქნება) და ეჭვიც მაქვს, რომ თურქულ სტამბაში დაიბეჭდება.
რაც მთავარია: აბა, მოხერხება არ უნდოდა, რუსთაველის დაბადებიდან 800, პირველი წიგნის დასტამბვიდან კი 300 წლის შემდეგ განვითარებადის სტატუსი დაგემსახურებინა?!