ზაფხულში, როდესაც მოულოდნელად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მორიგი საკადრო კარუსელი დაატრიალა, შსს-ს 8-წლიანი უცვლელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა (როგორც შემდგომ გაირკვა, სულ რამდენიმე თვით), ხოლო მისი ადგილი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაიკავა.
თუმცა შს მინისტრად გადასული ბაჩო ახალაიას თავდაცვის ყოფილ მინისტრად მოხსენიება არასწორი იქნებოდა, რადგან თავდაცვის სამინისტროსაც (განსაკუთრებით კი გაერთიანებულ შტაბს) ისევ ის მართავდა არაოფიციალურად, მით უმეტეს, რომ მისი ძმა დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ალბათ, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის გასაიდუმლოებული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ ბაჩო ახალაიამ მიიღო, - კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში სტრუქტურულად შემავალი ორი სპეცდანიშნულების დანაყოფი თავდაცვიდან შს სამინისტროს გადაეცა.
ლაპარაკია მუხროვანსა და ორხევში განთავსებულ სპეცდანიშნულების დანაყოფებზე, რომლებშიც, თითოეულში, არანაკლებ 700-800 კაცი მსახურობდა.
მაშინ როდესაც ყოფილი ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ყოველ ნაბიჯზე გაჰკიოდა, რუსეთი დღე-დღეზე განაახლებს საქართველოში სამხედრო აგრესიას და მოსკოვმა საგანგებოდ დაამთხვია ფართომასშტაბიანი სწავლება "კავკაზ-2012"-ის ჩატარება ქართულ არჩევნებსო, აბსოლუტურად ალოგიკური ჩანდა თავდაცვიდან შს სამინისტროში ორი სპეცდანიშნულების დანაყოფის გადასროლა.
თუმცა, ეს ალოგიკური მაშინ იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი მართლაც ელოდა რუსულ სამხედრო აგრესიას, სინამდვილეში კი რუსულ ტანკებზე მეტად იმ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს უფრთხოდა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ შეიძლებოდა დაწყებულიყო.
2007 წლის 7 ნოემბრის და მით უმეტეს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებით, მოსალოდნელი იყო 100-200 ათასი კაცის გამოსვლა თბილისის ქუჩებში, რომელთა დასარბევად (როგორც ზემოხსენებულ დღეებში მოხდა) შს სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ბევრად მეტი სპეცრაზმელი დასჭირდებოდა.
შეიძლება სწორედ ესეც იყო ერთ-ერთი (თუ არა მთავარი) მიზეზი იმისა, რომ შს მინისტრის პოსტზე მერაბიშვილი შეცვალა ახალაიამ, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა. სპეცრაზმელებში ხმა დადიოდა, თითქოს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა სასტიკად დარბევის გამო მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ძალიან გაუწყრა თავის ხელქვეითებს და განსაკუთრებულად "თავგამოჩენილების" მკაცრად დასჯასაც კი აპირებდაო.
ნაკლებად "ჰუმანურ" ახალაიას მერაბიშვილისთანა "სისუსტე" ნამდვილად არ გამოუმჟღავნებია და შს სამინისტროში გადასვლისთანავე სპეცრაზმების დაჩქარებული ტემპით მომზადება განაგრძო ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე.
შს სამინისტროს განკარგულებაში იყო სოდ-ის, კუდ-ის, თბილისის სამმართველოს, პატრულის, დაცვის პოლიციის, სხვა რეგიონების სპეცრაზმები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (რომელიც შს სამინისტროს სისტემაში შემავალი გასამხედროებული სტრუქტურული ქვედანაყოფია) თბილისის (ორი დანაყოფი), გორისა და ზუგდიდის სამმართველოები.
მუხროვანისა და ორხევის სპეცდანიშნულების დანაყოფების თავდაცვიდან შს სამინისტროში გადაყვანით ახალაიამ გააძლიერა მრავალრიცხოვანი მიტინგების დარბევის პოტენციალი, მით უმეტეს, რომ ამ დანაყოფებს სპეცმომზადება ჰქონდათ გავლილი. თუმცა სპეცმომზადება, ძირითადად, მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკის განადგურებაში გამოიხატებოდა და არა ხელკეტების ტრიალში.
ეს გარემოება ძალაუნებურად აჩენს ეჭვს, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად გამოსული მრავალრიცხოვანი მომიტინგეების დასარბევად პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდი შეიძლება უკვე არა მარტო ხელკეტების, რეზინისა და პლასტიკური ტყვიების, წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა თუ აკუსტიკური მოწყობილობების, არამედ უფრო საშიში საშუალებების - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც კი გეგმავდა.
სხვა საქმეა, მართლაც დაუშენდნენ თუ არა მოსახლეობას ნამდვილ ტყვიებს თავად სპეცრაზმელები და შეასრულებდნენ თუ არა შს მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მისი ზემდგომი კონკრეტული პირების შესაძლო დანაშაულებრივ ბრძანებას. იმედი ვიქონიოთ, რომ არა, თუმცა მათ, ვისაც რუსთაველის პროსპექტზე ძირს დაგდებულ მომიტინგეთა სასტიკი ცემის ვიდეოფირები უნახავს, ეჭვი აუცილებლად გაუჩნდებოდა (ზოგიერთი სპეცრაზმელის თქმით, 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევაში სოდ-ისა და თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით "ისახელეს თავი").
ის საშინელება, რაც ემუქრებოდა საქართველოს, საბედნიეროდ, არ მოხდა. არ მოხდა, ალბათ, იმ მიზეზით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერმა ოფიციალურმა ვაშინგტონმა არჩევნების დამთავრებისთანავე აიძულა სააკაშვილის გუნდი, ეღიარებინა დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში.
იმ რამდენიმეათასიან უცხოელ დამკვირვებელთა არმიაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ოპერატიულად აწვდიდნენ ინფორმაციას ამერიკულ მხარეს იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვებდა რეალურად საპარლამენტო არჩევნებში. ამის შემდეგ საარჩევნო ხმების ტოტალურ გაყალბებას სააკაშვილის ხელისუფლება ვეღარ შეძლებდა, თუმცა ამის მცდელობა იყო, მათ შორის - ხაშურში, როდესაც შს სამინისტროს ერთ-ერთმა სპეცრაზმმა უბნებიდან საარჩევნო ბიულეტენები გაიტაცა.
მუხროვანისა და ორხევის ბატალიონები შს სამინისტროდან ისევ თავდაცვის უწყებაში დააბრუნეს და იმედია, საბრძოლო მომზადებას ისევ გარეშე მტრის მოსაგერიებლად გააგრძელებენ.