ჩემი დასაკრავი უკვე დავუკარი

ჩემი დასაკრავი უკვე დავუკარი

- ამოსულ მზეს მიჰყვებოდა და ჩამავალ მზეს მოჰყვებოდა უკან, - ამბობს მისი მეუღლე,

- თანაც ნასვამი! - ამატებს მეტი სიზუსტისათვის და ეცინება.

ლაპარაკი არ უყვარს, არ გამოსდის, ან რად უნდა ოთარ რამიშვილს, ილაპარაკოს, როცა ყველაფერი იმღერა და სათქმელიც ამითი თქვა. ჩვეულებრივი კაცი არასოდეს ყოფილა. ავადმყოფობაც კი არ შეუძლია ჩვეულებრივად.

75 წლისა გახდა და ფილარმონიაში კონცერტი გამართა. სცენაზე მოუვიდა ინფარქტი... პალატაში იწვა, როცა ექთანს დაურეკეს და ვიღაცის გათხოვება ახარეს. მანაც იკითხა თურმე, - ვის გაჰყვაო.

- ვის გაჰყვა და ფიდელ კასტროს! - გამოეპასუხა ავადმყოფი ოთარი, რომელიც გონზე მოსულიც კი არავის ეგონა. ასეთია: არაპროგნოზირებადი და რთული, ნიჭიერი და ენამოსწრებული (ზოგჯერ უცენზუროდაც), კეთილი და უანგარო.

ჩემი გარიჟრაჟი

ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი, ყველას ვუყვარდი. ბაღში დავდიოდი. მეცხრე საავადმყოფოს წინ იყო ის ბაღი... ბაღის დროინდელი მეგობრები თუ მყავს? მე ვაკის პარკის დროინდელი მეგობრები მყავს!

ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ზემო ბარცხნაში მყავდა ბებია და ბაბუა. ცელქი ვიყავი ძალიან და ბაბუაჩემი ათანასე ყველას ეუბნებოდა, - ნახეთ თქვენ, აგი რა კაცი დადგესო! მაგარი კაცი იყო ბაბუა. თურქეთში წავიდა, იქ მოიყვანა ცოლი, მაგრამ მალე დაქვრივდა და დაბრუნდა შინ. აიშენა წაბლის სახლი და ბებია შეირთო. ის სახლი დღესაც დგას, ჩავდივართ ხოლმე.

ერთი ამბავი მახსენდება მხიარულად: კოლმეურნეობაში უნდა გემუშავა და შრომადღეები ჩაგეწერა. ბებია და ბაბუა არ იყვნენ კარგად და მათ ნაცვლად მე წავედი. რისი მომუშავე ვიყავი! მივედი. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო ბიძინა ცინცაძე, ჩემი ახლო მეგობრის მამა. მომცა ერთი ვედრო სასუქი - წადი, ყველა ხის ძირში დაყარეო... რა ათრევდა იმხელა ვედროს. ავდექი, მოვეფარე თვალს და ერთი ხის ძირში დავცალე მთელი ვედრო. თავმჯდომარემ რომ ნახა ჩემი ნამუშევარი, გაგიჟდა, ყური ამიწია, გამიწყრა. წამოვედი ნაწყენი და მივაძახე: - მე ქე გამივლის აი შენი დარტყმული, მარა მაი ხე რო გახმება, ეს ქე ვიცი-მეთქი.

ჩემი გაფუჭებული თუ მახსოვს რამე? კი, ბატონო: ტელეფონი, შტეფსელი, რა ვიცი, რა აღარ! გაკეთებული საქმე რა მახსოვს? ხეები დამირგავს, მიწისთვის მომივლია... ვბარავდი, ვთოხნიდი. მიწა ძალიან მიყვარდა, ახლა შემძულდა... მალე უნდა წავიდე მიწაში და იმიტომ.

ჩემი დილა

10 წლიდან ვუკრავ გიტარაზე. საერთოდ, ჩემი ოჯახი მუსიკალური იყო, მამა შვიდსიმიან გიტარაზე უკრავდა... დედაჩემი და ჩემი და მღეროდნენ. მაგრამ ჩემს გატაცებას მაინც ერთ ფაქტს ვუკავშირებ...

ერთხელ, არტოს ბაღში ძაგნიძისა და ჩხიკვაძის კონცერტი იყო. ჩვენ ბილეთის ფული არ გვქონდა, ღობიდან გადავძვერით და ისე მოვკალათდით მოსასმენად. იმ საღამოს მერე მარტო მე კი არა, მთელი უბნის ბიჭებს ერთი ინტერესი გაგვიჩნდა - გიტარა.

თერთმეტი კლასი აბრეშუმის ფაბრიკის ღამის სკოლაში დავამთავრე. თან მუშად ვმუშაობდი ფაბრიკაში, ვახარისხებდი. პირველი ხელფასი მამაჩემს პირწმინდად  ჩავუთვალე. არ გჯერათ? რა ვქნა, ასე კი იყო და!

საესტრადო სასწავლებელში ვაბარებდი, სმენაში ორიანი დამიწერეს. გავბრაზდი, დავბეთქე სუყველა. გამოვედი ქუჩაში, და ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა, ჩემთვის ეთქვათ, სმენა არ გაქვსო! უცნობმა ქალმა გამოიარა. რა დაგემართაო. ვუთხარი. ჩემთან მოდი და მიგიღებ მუსიკალურ ტექნიკუმშიო. ეს იყო ქალბატონი ქსენია ჯიქია. თუკი დღემდე რამეს წარმოვადგენ, მისი მადლიერი ვარ.

17 წლისა გამოვედი კონკურსზე ფილარმონიაში. გოგი ცაბაძე იყო კომისიის თავმჯდომარე. პირველ ადგილზე გავედი. მამაჩემმა ხელკავი გამიკეთა და მითხრა: ოღონდ აქედან ახლა შენს ამხანაგებს არ გაჰყვე საქეიფოდ, შინ წამოდი და პალტოს გიყიდიო. გავყევი. მივედით, დავდე გიტარა და გავიპარე. რა მოხდა მერე, მეგობრებთან გავიპარე, ზოგი ძილში იპარება! ისე, არც ის პალტო მიყიდეს, რომ იცოდეთ.

უმაღლესში ვსწავლობდი, მაგრამ სამი კურსის მერე თავი დავანებე. უცხო ენების ფაკულტეტზე ვიყავი. აბა, მე გერმანულს რას ვისწავლიდი, ჯერ ქართული უნდა მესწავლა! საერთოდ, როგორ მოვეწყვე? - მომაწყვეს!

სევასტოპოლში, საზღვაო ძალებში ვმსახურობდი. ერთი ამბავი უნდა გითხრათ ჯარის დროინდელი: გაგვაფრთხილეს, - ჩიტი არ გადაფრინდესო. მთვრალები ვართ მაგარი. დავინახეთ, თვითმფრინავი ჯდებოდა, და ვესროლეთ! ისე, მე არ მისვრია, ჩემთან ერთად ბალტიისპირელები და აზერბაიჯანელები იყვნენ, იმათი ნასროლი იყო. მე დამაბრალეს. ჩამსვეს სამი წლით. ციმბირში ვიხდიდი სასჯელს. ციხეში როგორ ვიყავი? - კარგად! ხეებს ჭრიდნენ, ცხენებით მოგვქონდა. ვუკრავდი და ვჭამდი.  ორასზე მეტი რუსული სიმღერა ვიცოდი. რომ გამათავისუფლეს, მთელი ბანაკი გისოსებს იყო მომდგარი.

ჩემი შუადღე

ჩემი შუადღეა ყოველთვის 14 საათიდან 16 საათამდე... სხვა შუადღე არ ვიცი მე!

რაც თბილისში გოგოები იყვნენ, ყველა მიყვარდა, მაგრამ შეყვარებული არ მყოლია. ცოლად მოვიყვანე ერთი, მერე მეორე და გულნაზი მესამეა! 41 წელია, ერთად ვართ. ასეთი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს, რას გაუძლო, რომ იცოდეთ.

აბა, ჰკითხეთ: ჩემზე ამბობს, ეს დილით ნიავს მიჰყვებოდა და ღამით ნიავს მოჰყვებოდაო. ერთ დღეს არ გამიშვა გარეთ - გადი აივანზე, ნახე, რა კარგი ამინდია, გაგრილდები და გამოხვალ ნაბახუსევიდანო. გამიშვა ძალით და მომიკეტა კარი.

ვიყურებოდი ეზოში, თუთის ხე იდგა... მაშინ დავწერე "თუთის ხესთან დაგინახე". ის თუთა დღემდე დგას. "ფუტკარი" როგორ დავწერე? გულნაზიმ მაჩვენა სამუელ მოძღვრიშვილის წიგნში ეგ ლექსი, - ნახე, რა კარგიაო. მეც დავადე მუსიკა... "მარტის თვეა" დავწერე მარტში. 8 მარტს ვიქეიფე, მოვედი და გულნაზიმ მისაყვედურა, ერთი დღეა ქალების და არ შეიძლებოდა, მეც წაგეყვანეო? მთელი თვე თქვენი არ არის-მეთქი? და დავწერე ეს სიმღერა.

რამდენჯერმე კინოში გადაღება შემომთავაზეს. ჯერ დიმა ბათიაშვილი მთხოვდა ფილმში გადაღებას, ვერ წავედი, მერე გია დანელიას "პასპორტში" უნდოდა გადავეღე. სიმღერა კი მივეცი, მაგრამ მე არ წავედი გადასაღებად.  რა მინდოდა კინოში, ისედაც კინო არ არის ეს ცხოვრება?

1971 წელს გავიგე, რომ ლენინგრადში ვიღაც საკონცერტო გიტარებს აკეთებდა. მაგრამ შესაკვეთად ფული არ მქონდა. რა მქონდა გასაყიდი? - არაფერი: ერთი ძაღლი მყავდა. არ მემეტებოდა, მაგრამ რა მექნა, ისევ იმას შეველიე. ცოტა კიდევ დავამატე და გავატანე მფრინავს ლენინგრადში. ასე შეგროვილი ფული ვის ვანდე? სულ არ ვიცნობდი იმ კაცს, მაგრამ კაცი იყო - ადამიანი და უნდობლობა რა საკადრისია! წავიდა და ჩამომიტანა გიტარა, ახლაც მაგაზე ვუკრავ კონცერტებზე.

ჩემი საღამო

წელიწადი და ხუთი თვეა, აღარ ვსვამ. ექიმმა ამიკრძალა. ყოველ დილით 7 საათზე ვდგები და ვუკრავ, ვმეცადინეობ. ისე, ახლა სულ რომ აღარ დავუკრა, არც არაფერი დაშავდება, ჩემი დასაკრავი დავუკარი უკვე.

ისრაელსა და საბერძნეთში ვარ ნამყოფი. ისრაელიდან არ მიშვებდნენ, - დარჩი აქ, ძალიან კარგად იცხოვრებო. არ დავრჩი... საქმე მქონდა თბილისში, ვაკის პარკში ვიყავი გასასვლელი...

ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ დედაზე, 59 წლისა იყო, რომ გარდაიცვალა სიმსივნით. 6 თვეში მამაც მიჰყვა... რაც ძალიან მტკივა, იმაზე ლაპარაკი არ შემიძლია. დედა რომ გარდამეცვალა, მოვიდოდი შინ ჩუმად, შევიდოდი საძინებელში, ჩავაქრობდი სინათლეს, ჩავრთავდი ხმადაბალ მუსიკას, ავიღებდი დედის ფოტოს და ვტიროდი.

ისე, როდემდე უნდა ვისაუბროთ ნეტა? რაღა დამრჩა სათქმელი. რაც სიკეთე გამიკეთებია, ალალი იყოს ყველაზე, სიკეთის სიკეთით დაბრუნებას არასოდეს ველოდი. არც მიბრუნდებოდა.

რომ მკითხო, რა არის ყველაზე ძვირფასიო, გეტყვი, - სიცოცხლე-მეთქი.