რა აღმოაჩინეს ქვაშვეთის ტაძრის საძირკველში გათხრისას

რა აღმოაჩინეს ქვაშვეთის ტაძრის საძირკველში გათხრისას

2010 წელს სრულდება 100 წელი ქვაშვეთის წმიდა გიორგის ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან. ტაძრის მშენებლობის ისტორიის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული.

როგორც ცნობილიაიმ ადგილზესადაც დღეს ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიაა აღმართულიუწინ სხვა ტაძარი მდებარეობდარას გვიამბობთ ამის შესახებ?

– პირველი ეკლესია, რომელიც დაახლოებით დღევანდელი ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის ადგილზე იდგა, მეექვსე საუკუნეში, ასურელი მამის, დავით გარეჯელის მოღვაწეობის პერიოდში უნდა აგებულიყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1864 წლამდე დღევანდელი ქვაშვეთის ეკლესიის სამხრეთის ფასადის პირდაპირ შემორჩენილი ყოფილა ნახევრად დანგრეული ეკლესია, რომელიც ახალი გალავნის მშენებლობის დროს მთლიანად დაუნგრევიათ. ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო დავით გარეჯელის დროინდელი ეკლესიის ნანგრევები. თანამედროვეთა ცნობით, შემორჩენილი ნანგრევების მიხედვით ეკლესია ოთხკუთხა ფორმის ყოფილა, ჰქონია ორი კარი – სამხრეთით და დასავლეთით, სატრაპეზო მთლიანი ქვისა ყოფილა, იატაკიც ასევე ქვით ყოფილა დაფარული, სამშენებლო მასალად გამოუყენებიათ რიყის ქვა.

როდის გადაწყდა ახალი ეკლესიის მშენებლობა დავით გარეჯელის დროინდელი ტაძრის ადგილას?

– მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებისთვის ქვაშვეთის პირველი ეკლესია მლოცველებს ვეღარ იტევდა. გადაწყდა ახალი, უფრო დიდი ეკლესიის მშენებლობა. ამ ახალი მშენებლობის ინიციატორი იყო ქვაშვეთის წინამძღვარი, დეკანოზი ფილიპე. ახალი ტაძრის მშენებლობა თავს იდო საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილმა ფეოდალმა გივი ამილახვარმა. 1753 წელს ქვაშვეთის მეორე ეკლესიის მშენებლობა დასრულდა. ქვაშვეთის მეორე ტაძარი წარმოადგენდა ჯვრის ფორმის გუმბათიან ნაგებობას და ჰქონდა საკმაოდ დიდი სივრცე. სამშენებლო მასალად გამოყენებული იყო ქართული აგური. სხვადასხვა მიზეზის გამო, ქვაშვეთის მეორე ეკლესია თანდათან იმდენად დაზიანებულა, რომ მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დამდეგისთვის ტაძარში ღვთისმსახურება შეუწყვეტიათ. შემდეგ ეკლესია შეუკეთებიათ და ღვთისმსახურებაც განუახლებიათ, თუმცა, როგორც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე (შემდგომში თბილისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი) აღნიშნავდა: „ერთი დიდი მიწისძვრა იყო საჭირო, რომ ტაძარი მთლად, ერთიანად დანგრეულიყო”.

როდის დაიწყო ქვაშვეთის წმიდა გიორგის თანამედროვე ტაძრის მშენებლობა?

– ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესია, რომლშიც დღეს ღვთისმსახურება მიმდინარეობს, მესამე ეკლესიაა ამ ადგილზე. ტაძრის მშენებლობის იდეა ეკუთვნის დეკანოზ მარკოზ ტყემალაძეს. მართალია, გივი ამილახვრის მიერ აღებული ქვაშვეთის მეორე ეკლესია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვის უკვე სერიოზულად იყო დაზიანებული, მაგრამ, მოქმედი ეკლესიის დანგრევა, თუნდაც ახალი ტაძრის მშენებლობის მიზეზით, ადვილი საქმე არ იყო. ტაძრის დანგრევას დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა გივი ამილახვრის შთამომავალი, გენერალი ივანე ამილახვარი. დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე მოხერხებული ადამიანი აღმოჩნდა, იგი ივანე ამილახვარს ეახლა და განუცხადა: ქვაშვეთის ეკლესია ძლიერ დაზიანებულია, თუ მისი დანგრევის ნებართვას მომცემთ, იმ ადგილზე ავაშენებ ახალ ეკლესიას სამთავისის ეკლესიის გეგმის მიხედვით, რომელიც თქვენი შორეული წინაპრების მიერაა აგებულიო. მარკოზ ტყემალაძემ გენერალს ასევე აცნობა, რომ, თანხმობის შემთხვევაში, ის ახალი ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე გახდებოდა. ივანე ამილახვარი დასთანხმდა.

შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები?

– დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ინიციატივით, ეკლესიის მშენებლობისთვის პროექტის შედგენა დაევალა ხუროთმოძღვარ ლეოპოლდ ბილფელდს. ეს უკანასკნელი წარმოშობით გერმანელი იყო. იგი რუსეთში მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მუშაობდა საქართველოს საეგზარქოსოში – საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორის ხუროთმოძღვრად. ხუროთმოძღვარ ბილფელდს 1901 წლისთვის ქვაშვეთის ტაძრის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე მზად ჰქონდა. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 110 705 მანეთსა და 26 კაპიკს.

ნუთუ ამხელა თანხის მოპოვება იმხანად ასე ადვილი იყო?

– ცხადია, ადვილი არ იყო. მარკოზ ტყემალაძემ მოახერხა საქართველოს ეგზარქოსის ფლაბიანეს დაყოლიება, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა სესხად აეღოთ რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდისგან. თუმცა მოულოდნელად ვითარება შეიცვალა – საქართველოს ეგზარქოსი მთავარეპისკოპოსი ფლაბიანე საქართველოდან გადაიყვანეს, რის გამოც სესხის მიღების საქმე გართულდა. მიუხედავად ამისა, დეკანოზმა მარკოზ ტყემალაძემ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა, მან ისარგებლა თბილისში რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის სამეურნეო ნაწილის დირექტორის – ოსტროუმოვის ჩამოსვლით, რომელიც მარკოზ ტყემალაძეს დახმარებას დაჰპირდა.

თუმცა, მალე იგი ქვაშვეთის ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სიონის ტაძრის დეკანოზად გადაიყვანეს, ქვაშვეთის წინამძღვარი კი გახდა დეკანოზი ესტატე ელიაშვილი (შემდგომში – ეპისკოპოსი ექვთიმე). ხოლო1903 წელს წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი კალისტრატე ცინცაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვაშვეთის ეკლესიის მშენებლობაში. 1901 წელს საქართველოში ჩამოვიდა ახალი ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ალექსი, რომელსაც ქვაშვეთის ტაძრის პროექტი არ მოსწონებია და უბრძანებია მისი გადაკეთება. ეგზარქოს ალექსის პოზიციამ საქმე გააჭიანურა. 1903 წელს ეს უკანასკნელი შეხვდა ქვაშვეთის ეკლესიის სამშენებლო კომიტეტს და პირდაპირ განუცხადა – ქვაშვეთის ეკლესიას რუსული გუმბათი უნდა დაედგასო! ახალი გუმბათის პროექტი რომ წარუდგინა ეგზარქოსმა სამშენებლო კომიტეტს, ივანე ამილახვარს ჰკითხა: „განა ეს არ სჯობს?!” ამილახვარმა უპასუხა: „შეიძლება, ეს ჯობდეს კიდევაც, მაგრამ, ჩვენ ეს გეგმა ავირჩიეთ, როგორც ჩვენს მამა-პაპათაგან გამომუშავებული და გადმოცემული”. განრისხებულმა ეგზარქოსმა ამილახვარს სიტყვა გააწყვეტინა: „თუ თქვენი წინაპრები სისულელეს სჩადიოდნენ, ჩვენ ის არ უნდა გავიმეოროთ!” ივანე ამილახვარი ძალზე აღშფოთებულა, მაგრამ ეგზარქოსს აღარ შეპასუხებია. ეგზარქოსისგან შეურაცხყოფილ ივანე ამილახვარს ლეოპოლდ ბილფელდისთვის უთქვამს: ლეოპოლდ პეტრეს ძევ, შეუნდეთ ჩვენს მეუფეს, (იგულისხმება რუსი ეგზარქოსი, – ავტორი), ის, ალბათ, ჩვენთან შეხვედრამდე ვინმემ გააბრაზაო, თუმცა, საბედნიეროდ, მალე ეგზარქოსი სხვაგან გადაიყვანეს.

მართალია, ლეოპოლდ ბილფელდმა მშენებლობის პროექტი ყველა წესის დაცვით შეადგინა, მაგრამ, მან, როგორც გამოცდილმა ადამიანმა, კარგად იცოდა, რომ თბილისის გუბერნიის შესაბამისი სამსახური პროექტს სხვადასხვა მიზეზით დაიწუნებდა. ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთ ასეთ მიზეზად სახელდებოდა ხოლმე თაღების მდგრადობის არასაიმედოობა. ამიტომ იყო, რომ ბილფელდმა საქმეში ჩართო თბილისის გუბერნიის ტექნიკოსი ინჟინერი – ტრონოვი. თუ ტრონოვი ბილფელდს ქვაშვეთის პროქტის დამტკიცებაში დაეხმარებოდა, თავისი კუთვნილი ჰონორარიდან – 1 060 მანეთიდან, მას 400 მანეთს მისცემდა. ტრონოვი დასთანხმდა და საქმეც დაიძრა. როგორც კი ჰონორარის პირველი ნაწილი – 500 მანეთი აიღო, ბილფელდმა დაპირებული თანხის ნაწილი 200 მანეთი ტრონოვს გადასცა. მაგრამ, მალე ახალმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი: ტრონოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისმა შემცვლელმა ბილფელდს ქრთამი მოსთხოვა. საქმეში ივანე ამილახვარი ჩაერია, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ტრონოვის შემცვლელს, მაგრამ ეს უკანასკნელი მოუცლელობას იმიზეზებდა და საქმეს აჭიანურებდა. ბოლოს, ამილახვარი რუს ინჟინერს დაემუქრა, გუბერნატორთან გიჩივლებო. მუქარამ გაჭრა და სამ დღეში პროექტის საქმე დასრულდა. ქვაშვეთის მესამე ეკლესიის საძირკვლის გათხრა დაიწყეს. საკმაოდ ღრმა საძირკვლის ამოჭრის შემდეგაც, მშენებლები კლდოვან გრუნტამდე ვერ დავიდნენ, ამიტომ მისი გათხრა გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, კლდოვანი გრუნტი მაინც არ გამოჩნდა. საბოლოოდ მშენებლებმა მოამზადეს საკმაოდ ღრმა ქვაბური. გადაწყდა, რომ პროექტი შეეცვალათ და ერთი ეკლესიის ნაცვლად აეშენებინათ ორი: ერთი – ღრმა საძირკვლის ხარჯზე და მეორე – უკვე მის თავზე, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული. ქვაშვეთის მესამე ტაძრის საძირკველში პირველი ქვა 1904 წლის 12 ნოემბერს ჩაიდო.

ლეოპოლდ ბილფელდმა ტაძრის აღმშენებლად მოიწვია თბილისსა და მთლიანად საქართველოში იმ დროს უკვე კარგად ცნობილი იტალიელი ინჟინერი ანჟელო ანდრეოლეტი, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებლობა ჩააბარა თავის ნათესავს – ე.ლ. ანდრეოლეტის. სამშენებლო კომიტეტმა მშენებლობის მეთვალყურედ დანიშნა ქვაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი კალისტრატე ცინცაძე. 1909 წლის გაზაფხულზე ტაძრის ქვედა სართული გადაიხურა. მასში მოეწყო ეკლესია, რომელიც სულიწმიდის სახელზე აკურთხეს 1909 წლის 19 აპრილს. 1945 წელს ეს ეკლესია ხელმეორედ, ამჯერად წმიდა მთავარმოწამე მარინეს სახელზე აკურთხეს.

1910 წელს ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა მთლიანად დასრულდა. ეკლესიის კურთხევა მოხდა 31 ოქტომბერს. ქვაშვეთის ეკლესია აკურთხა საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ, ეპისკოპოსების: გრიგოლის (ვახნინის) და დავითის (კაჭახიძის) მონაწილეობით.

ქვაშვეთის წმიდა გიორგის ტაძარი მეოცე საუკუნის შუა ხანებში მოხატა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქვაშვეთის ეკლესიას ჰქონდა მხოლოდ ერთი შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან. მეოცე საუკუნის მიწურულს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ, ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სოკრატის (ამჟამად ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი) ძალისხმევით, გაიჭრა სამხრეთის კედელი, რუსთაველის პროსპექტის მხრიდან და მოეწყო ქვაშვეთის ტაძარში მთავარი შესასვლელი, მიშენებულ იქნა სტოა, აშენდა სამრეკლო. რამდენიმე წლის წინ ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გიორგი ზვიადაძის (ამჟამად სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი) ძალისხმევით, ტაძრის შიგნით, სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა; გარდა ამისა, მოიხატა სტოა, მთლიანად შეიცვალა რუსთაველის მხრიდან ტაძრის ეზოში შესასვლელი.

ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მშენებლობის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით, 23 ნოემბერს, გიორგობას, ქვაშვეთის ეკლესიაში გაიმართება დიდი საზეიმო წირვა.