ზუსტად ოთხი წელია ის კომაში იმყოფება და უცნობია, რამდენს ხანს გაგრძელდება კიდევ მისი ასეთი მდგომარეობა. საუბარია ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონზე, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობა პერიოდულად ვრცელდება მასმედიაში. მაგრამ, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა იმის შანსს იძლევა, რომ ერთ დღეს თვალებს გაახელს და შესაძლებელია, სამუშაოსაც კი დაუბრუნდეს. დღევანდელ რუბრიკაში, სწორედ ამ ებრაელ პოლიტიკოსზე, „არიკ-ბულდოზერად“ წოდებულ არიელ შარონზე გავრცელებული საინტერესო ფაქტების ტრადიციულ ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ.
1. 1999 წელს არიელ შარონი, ისრაელის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა ვიზიტად. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ის პირადული საქმის გამოც ეწვია ჩვენს დედაქალაქს. საქმე ისაა, რომ 1917 წლის რევოლუციამდე, ამჟამად მიხეილ წინამძღვრიშვილის, ყოფილი კლარა ცეტკინის და რევოლუციამდე ყოფილი ელიზავეტინსკაიას ქუჩაზე, 122 ნომერში ცხოვრობდნენ შარონის წინაპრები. არიელის მშობლები, შმუელ (სამუელ) და დვორა (ვერა) შნეეროვები ბელარუსში დაბადებული ებრაელები იყვნენ, რომლებმაც ერთმანეთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გაიცნეს. მამამისი აგრონომობას სწავლობდა, ხოლო დედა სამედიცინოს სტუდენტი იყო. რევოლუციის შემდეგ ისინი შუა აზიაში გადასახლდნენ, იქიდან კი პალესტინის ტერიტორიაზე გადაბარგდნენ, სადაც დასახლება კფარ-მალალაში 1928 წელს დაიბადა კიდეც არიელ შარონი. შარონის ბებია კი თბილისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1945 წელს. სწორედ მისი საფლავის საპოვნელად იყო ჩამოსული არიელი. თბილისის სინაგოგაში მოძიებული ძველი ჩანაწერებისა და თბილისელი ებრაელების დახმარებით არიელ შარონმა, ებრაელების სასაფლაოზე იპოვა ბებიის, სლავა იოსიფოვნა შნეერის საფლავი. მის გვერდით კი შარონისთვის უცნობი, მისი ბიძაშვილის საფლავიც აღმოჩნდა. სხვათა შორის არიელ შარონი, რომელიც თავისუფლად ფლობს რუსულ ენას, შესამჩნევი ქართული აქცენტით საუბრობს.
2. ებრაულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფაქტმა, რომ შესაძლებელი იყო ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი და მეოცე საუკუნის ლეგენდარული რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა ნათესავები ყოფილიყვნენ.
როგორც გამოცემა „მაარივი“ იუწყება, ჩე გევარას დედა, სელია და ლე სერნა სინამდვილეში სონია შეენერმანი იყო, რომელიც 1925 წელს გამოექცა კომუნისტურ რეჟიმს და ბუენოს-აირესში დასახლდა, სადაც ლეგენდარული „ჩეს“ მამას ერნესტო გევარა ლინჩიას გაჰყვა ცოლად. გამოცემა ირწმუნება, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1965 წელს სელია გამოუტყდა შვილს, რომ ის ებრაელი იყო; ბიძამისი, შმუელ შნეერი პალესტინაში ცხოვრობდა, ხოლო ბიძაშვილი არიელი ებრაული ჯარის ოფიცერი გახლდათ. თელ-ავივის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის ეფრაიმ დავიდის თქმით, გევარას და შარონის ნათესაური კავშირის დადგენა შეუძლებელია და ეს ინფორმაცია სრული აბსურდია.
3. 1953 წელს, არიელ შარონმა ჩამოაყალიბა ლეგენდარული 101-ე სპეცრაზმი, რომელიც პალესტინურ დაჯგუფებებთან ბრძოლით იყო ცნობილი. სპეცრაზმის მიერ ჩატარებულ რამდენიმე სპეცოპერაციას შარონი პირადად ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, იგი სათავეში ედგა სადესანტო ნაწილებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ოპერაციებში. შარონის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სპეცოპერაცია. მოკლული ებრაელი ქალის და მისი ორი შვილის საპასუხოდ, 101-ე სპეცრაზმის წევრებმა, შარონის ხელმძღვანელობით, 1953 წლის 14 ოქტომბერს განახორციელეს რეიდი იორდანიის სოფელ კიბიაზე. ააფეთქეს 42 სახლი, სადაც მათი ვარაუდით ბოევიკები იმალებოდნენ. ოპერაციის შედეგად დაიღუპა 62 მშვიდობიანი მცხოვრები, ძირითადად ქალები და ბავშვები. „გაერომ“ სასტიკად დაგმო ეს ოპერაცია, ხოლო შარონმა მოგვიანებით აღიარა, რომ სპეცოპერაციის ადგილი შეცდომით იყო შერჩეული.
4. ცალკე აღნიშვნის ღირსია არიელ შარონის პირადი ცხოვრება, რომელიც სავსეა ტრაგიზმით. 1953 წელს 25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი არიელ შარონი დაქორწინდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ მარგარიტაზე, რომელსაც ზუსტად ერთი კვირა იცნობდა დაქორწინებამდე. 1956 წელს წყვილს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც გური დაარქვეს. 1962 წელს, ავტომობილი, რომელსაც მარგარიტა მართავდა ავარიაში მოჰყვა და შარონის მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. ებრაული ტრადიციის თანახმად, არიელ შარონი ცოლის დასაფლავებიდან ცოტა ხანში, თავისი მეუღლის დაზე, ლილიზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ვაჟიშვილი – ომრი და გილადი შეეძინა. მანამდე კი გენერალ-ლეიტენანტმა შარონმა კიდევ ერთი პირადული ტრაგედია გადაიტანა. 1967 წელს, სახლის ეზოში მოთამაშე პატარა გურის, სნაიპერმა ესროლა და ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. 2002 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ლილი გარდაიცვალა, ხოლო 2006 წლის იანვრიდან თვითონ არიელ შარონი, რომელსაც ჯარში მსახურობის პერიოდში, სისასტიკის გამო „არიკ-ბულდოზერს“ უწოდებდნენ, კომატოზურ მდგომარეობაშია და არავინ იცის, შეძლებს თუ არა ოდესმე გონზე მოსვლას.
5. არიელ შარონი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პრემიერ-მინისტრად მიიჩნევა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა ქონებას ფლობს ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე შარონი, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მისი რანჩო – „სიკამორი“ 400 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული, იგი შარონმა 70-იან წლებში შეიძინა 500 ათას დოლარად. დღეს კი მისი სავარაუდო ფასი 11,3 მილიონი ამერიკული დოლარია. სწორედ ამ რანჩოზე უყვარდა შარონს მნიშვნელოვანი სტუმრების მიღება და იქ იმართებოდა მთავრობის სხდომებიც. რანჩოს გარდა, შარონის საკუთრებაშია ფეშენებელური კერძო სახლი იერუსალიმის ძველი ქალაქის ნაწილში, რომელიც ებრაელი უძრავ-მოძრავი ქონების აგენტების თქმით, თითქმის შეუფასებელია.
6. ცნობილია, რომ არიელ შარონს ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. იგი ღიად აფიქსირებდა იმ ფაქტს, რომ მისი ზომის ჯავშანჟილეტი ბუნებაში არ არსებობდა და მისი პირადი დაცვა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებდა, როდესაც შარონი ქუჩაში გადაადგილდებოდა. შარონი ხუმრობით, ისრაელის მოქალაქეებს იმასაც კი მოუწოდებდა, რომ თავი შეეკავებინათ ტრადიციული ებრაული კარტოფილის „ალადებისა“ და შემწვარი ღვეზელებისგან. მათ ებრაელი დიასახლისები ჰანუკის დღესასწაულისთვის ამზადებენ და შარონს ისინი განსაკუთრებულად უყვარდა.
7. 2005 წელს, მემარჯვენე რადიკალ-იუდეების ჯგუფმა, რომელთაც კაბალისტი იოსეფ დაიანო ხელმღვანელობს, არიელ შარონს კაბალისტური წყევლა დაადო – „პულსა დე-ნურა“. ამით ისინი ცდილობდნენ დაეშინებიათ შარონი, რომ ამ უკანასკნელს უარი ეთქვა პალესტინისგან გამიჯვნის ცალმხრივ გეგმაზე. შარონამდე მსგავსი წყევლა იცხაკ რაბინსა და სადამ ჰუსეინს ჰქონდათ დადებული. ფაქტია, რომ წყევლის შემდეგ შარონი მცირე ხნის განმავლობაში ედგა სათავეში ისრაელს. იგივე სიტუაციაა ჰუსეინთან და რაბინთან დაკავშირებით. რაბინი მოკლეს, ხოლო ჰუსეინს ერაყის სასამართლომ ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯა.
8. ცნობილი ებრაელი ექსტრასენსი და მედიუმი ური გელერი გამოვიდა ინიციატივით, რომ მას შეუძლია გამოიყვანოს კომიდან ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი. მან თავისი მომსახურება შარონის ოჯახის წევრებს შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მასთან თანამშრომლობაზე. გელერი ცნობილია, იმით, რომ 1976 წელს იგი ამერიკელ სამართალდამცველებს ეხმარებოდა მანიაკის სახელად „სემის შვილის“ დაჭერაში, რომელსაც, სხვადასხვა მონაცემებით, 15 ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად. გარდა ამისა, გელერი ირწმუნებოდა, რომ ერაყ-ამერიკის პირველი ომის დროს, იგი თანამშრომლობდა „ცეგრუსთან“, რათა დაედგინა სადამ ჰუსეინის ნამდვილი ადგილსამყოფელი.
9. მიუხედავად იმისა, რომ არიელ შარონი კომაში იმყოფება, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სამარიაში ქალაქს მისი სახელი ეწოდა. ქალაქ არიელის საკრებულომ გადაწყვიტა ამით პატივი მიაგოს არიელ შარონს და მისი შვილის, გილად შარონის თანხმობით, ქალაქს უფროსი შარონის სახელი ეწოდა. ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ქალაქს ცოცხალი ადამიანის სახელი დაერქვა.
10. მანამ არიელ შარონი კომაშია, მისი ფერმიდან, რომელიც სდეროტის რაიონში მდებარეობს, ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს რამდენიმე თავი მსხვილფეხა ცხოველი, კერძოდ, ხარი. ისრაელის პოლიცია ვარაუდობს, რომ გამტაცებლები აპირებენ, ხარების დაკვლას და რესტორნებისთვის ხორცად მიყიდვას. შარონის ფერმას ამჟამად მისი ერთ-ერთი შვილი, გილადი ხელმძღვანელობს და ხარების გარდა ფერმაში კურდღლების გამრავლებაც ხდება. ებრაულ რესტორნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კურდღლის და ხარის ხორცი.