"В связи с резким обострении обстоновки прошу принять мери стабилизирующие положени“... საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანატოლი ლუკიანოვმა სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე დაამთავრა ჯუმბერ პატიაშვილის ტელეგრამების (უფრო სწორად, „შიფროგრამების“) კითხვა და სამარისებულ სიჩუმეში ტრიბუნიდან უკან - გორბაჩოვისკენ შეტრიალდა თითქოს კითხვის დასასმელად - ახლა რაღა ვთქვაო. გორბაჩოვმაც ხელები გაშალა - ხომ ისედაც ყველაფერი ნათელიაო.
ეს მიზანსცენა, რასაკვირველია, წინასწარ ჰქონდათ გათამაშებული და დადგმული, რათა თავიდან აეცილებინათ პასუხისმგებლობა 9 აპრილის სასაკლაოსათვის.
მათი ძირითადი არგუმენტი სწორედ ჯუმბერ პატიაშვილის „შიფროგრამები“ იყო, რომლითაც საბჭოთა კავშირის კომპარტიის „ცკ“-ს პირველი მდივანი სსრკ ხელმძღვანელობისაგან სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვდა.
თუმცა, თავად ჯუმბერ პატიაშვილის მოტივაცია ამ შემთხვევაში ადვილად ასახსნელია: მას სურდა „დაეშინებინა“ კრემლი საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციით, - თუ არ შეწყდებოდა აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერა და წაქეზება.
დაახლოებით 6-7 აპრილამდე თბილისში გამოსვლების ძირითადი თემა სწორედ „ლიხნის თავყრილობისა“ და “აფსუანური სეპარატიზმის“ დაგმობა იყო. მაგრამ დაახლოებით 7 აპრილის დილიდან (ან 6 აპრილის საღამოდან) „მოძრაობის“ ლიდერთა „ბრძნული“ გადაწყვეტილებით, ლიხნის თავყრილობასთან და აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა ლოზუნგი ერთბაშად მოიხსნა და დარჩა მხოლოდ ერთი დევიზი (ფაქტობრივად): „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“, ანუ ჯუმბერ პატიაშვილმა, მისი უნიათო ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა: მას ეგონა, რომ კრემლში გაგზავნილი საგანგაშო შიფროგრამებით დააშინებდა სსრკ ხელმძღვანელობას და უზრუნველყოფდა მათ მხარდაჭერას აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ მტკიცე ქმედებისათვის. ამით კი სიტუაციას „დაამშვიდებდა“ თბილისში.
რეალურად პირიქით გამოვიდა: სწორედ ეს შიფროგრამები გამოიყენა კრემლმა, რათა მომხდარი ტრაგედია თვით პატიაშვილისთვის გადმოებრალებინა.
იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება თბილისში ჯარის გამოყენების თაობაზე მიიღო პოლიტბიუროს წევრმა, ეგორ ლიგაჩოვმა, რომელმაც „ბუკვალურად“ გაიგო პატიაშვილის შიფროგრამები. თუმცა, აქტიურობდა აგრეთვე საბჭოთა არმიის გენერალიტეტიც, რომელსაც სურდა გორბაჩოვისთვის საკუთარი ძალა დაენახვებინა მას შემდეგ, რაც გერმანელ მფრინავ მათიას რუსტთან დაკავშირებული კომიკური ინციდენტის (თვითმფრინავის დასმა წითელ მოედანზე) შემდეგ, გორბაჩოვმა საბჭოთა არმიას „სილა გააწნა“.
მეორე მხრივ, ისიც უეჭველია, რომ პატიაშვილი მაშინ უკვე მიხვდა მთავარს: იგი ვეღარ მართავდა ვითარებას საქართველოში, „მოძრაობის“ ლიდერებს ის ვერ ერეოდა, ამიტომ კრიტიკული ჟამიც ახლოვდებოდა.
სადღაც 1989 წლის იანვარ-თებერვლისთვის პატიაშვილმა იგრძნო, რომ რაღაც მსგავსი (9 აპრილისა) ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მას შეეძლო აპრილის აქცია დაეშალა „საკუთარი ძალებით“ - თუნდაც 25 ათასი მილიციელის მობილიზებით (დაუმატეთ ამ რიცხვს კომკავშირელი აქტივისტები) მთელს საქართველოში ისე, რომ გარეშე ძალა საერთოდ აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ პატიაშვილს ნამდვილად სურდა, რომ თუ მიტინგი (აქცია, მთლიანად „მოძრაობა“), „დაირბეოდა“, ეს გაეკეთებინა „გარეშე“ „რუსულ“- „კრემლის“ ძალას, რათა ხალხის სიძულვილი მოსკოვისკენ (შევარდნაძისკენ) ყოფილიყო მიმართული და არა მისკენ – ჯუმბერ პატიაშვილისკენ.
უკვე არაერთგზის ითქვა: ჯუმბერ პატიაშვილის დანაშაული 9 აპრილი კი არ არის, არამედ ის, რომ მან დაუშვა 1987-89 წლებში მოვლენების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ისეთი განვითარება, რისი შედეგიც მხოლოდ 9 აპრილი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჯუმბერ პატიაშვილს მისივე უნიჭობის შედეგად საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მართვის ბერკეტები გაუსხლტა ხელიდან და საბოლოოდ სულ ადვილად ჩააბარა ხელისუფლება იმათ, ვინც ყველაფერზე წამსვლელი იყო, ყველაფრისთვის მზად იყო ფორმალური ან თუნდაც არაფორმალური ხელისუფლების მოსაპოვებლად.
ამ ხალხში კიდევ უფრო „დედალმაშო“ გივი გუმბარიძეს არ ვგულისხმობ, რასაკვირველია.
ჯუმბერ პატიაშვილს 1988 წელსვე (როცა გამოჩნდა პირველი ნიშნები 9 აპრილისა) ყველაფერი უნდა ეღონა, ყველაფერზე უნდა წასულიყო, ყველაფერზე ხელი მოეწერა, რათა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ განცხადება, ცხოვრების გამოცოცხლება, შეცვლა, რეფორმირება, აშმორებული კომუნისტური ჭაობიდან გამოსვლა – სავსებით შესაძლებელი იყო (უკვე იმ ვითარებაში) სისხლის ღვრისა და 9 აპრილის გარეშე.
ჯუმბერ პატიაშვილს არ უნდა მიეცა საშუალება (რადაც უნდა დასჯდომოდა, რაც უნდა ყოფილიყო საამისოდ გასაკეთებელი) „მოძრაობის“ ლიდერთათვის საქმე 9 აპრილამდე მიეყვანათ. ვინაიდან (აი ეს გახლავთ ყველაზე მთავარი) – იმ „მოძრაობის“ ლიდერებს, დიახაც უნდოდათ 9 აპრილი! სჭირდებოდათ 9 აპრილი!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოექცეოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესთა სათავეში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში მოვლენები დაახლოებით „ბალტიისპირული“ ან „მოლდავური“ ვარიანტით განვითარდებოდა, რაც უკიდურეს შემთხვევაში არ გამორიცხავდა სისხლის ღვრას, „დასაკარგის-დაკარგვას“, მაგრამ არა ისეთ უპრეცედენტო უბედურებას, რაც საქართველოში დატრიალდა შემდგომ.