თუ ამერიკას გული მოულბა, საქართველოს ბიუჯეტი გადარჩება

თუ ამერიკას გული მოულბა, საქართველოს ბიუჯეტი გადარჩება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სახელმწიფო მინისტრ ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით უკვე მეოთხე დღეა აშშ-ში, ვაშინგტონში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში მობილიზებულია ყველა ის ფიგურა, რომელსაც ძალუძს მოლაპარაკების გამართვა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან საქართველოს 1999 წლის ბიუჯეტის თაობაზე.

ის კი არა, ედუარდ შევარდნაძე სათბობენერგეტიკის მინისტრ თემურ გიორგაძესაც სთავაზობდა ამერიკაში გადაფრენას დელეგაციასთან ერთად, რათა საკუთარი უწყების ინტერესები დაეცვა ვაშინგტონში.

ვაჟა ლორთქიფანიძემ და მიხეილ ჭკუასელმა ოკეანის გაღმა გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე თითქოს სხვათა შორის, მაგრამ მაინც ჟურნალისტების გასაგონად თქვეს მთავრობის სხდომაზე, რომ ისინი არ მიდიან ამერიკაში ფულის ჩამოსატანად, მათი მიზანია „მხოლოდ“ მომავალი წლის ბიუჯეტის შეთანხმება სავალუტო ფონდის ექსპერტებთან და მაღალი რანგის მოღვაწეებთან, რომლებიც საქართველოსათვის კრედიტების გამოყოფის საკითხს წყვეტენ.

გაისად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით, ისააფის ხაზით, 40 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს სავალუტო რეზერვების შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის „დაკავება“ შეუძლებელი გახდება.

ფინანსთა სამინისტროდან სარწმუნო წყაროს ცნობით, ვითარება ამჟამად გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად: ევროკავშირმა სავალუტო ფონდის მოთხოვნით, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს: შეასრულოს სავალუტო ფონდის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ მიიღებს დაპირებულ კრედიტს 16 მილიონი ეკიუს ოდენობით.

ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდს (ვაშინგტონს) შეუძლია უკარნახოს ევროკავშირს პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ევროკავშირი კი, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს.

თუმცა, აქ საქმე ეხება ინტერესთა თანხვედრას, ვინაიდან ევროკავშირს საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი კრედიტები აქვს განთავსებული. ამასობაში კი თანდათან ეფინება ნათელი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

5-6 სექტემბერს თბილისში დატრიალებული „ფინანსური ქარბორბალას“ შემდეგ სავალუტო ფონდი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან შეინარჩუნოს სავალუტო რეზერვი, რომელიც 130 მილიონი დოლარიდან ამჟამად თითქმის 100 მილიონამდე შემცირდა.

არსებობს მხოლოდ ორი გზა სავალუტო რეზერვის შენარჩუნებისა: პირველი ლარის დევალვაციაა.

როგორც ჩანს, ეს მოთხოვნაც ფიგურირებდა სავალუტო ფონდის სასექტემბრო რეკომენდაციებში, მაგრამ ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან თუ ლარის კურსმა „აიშვა“, არც „მოქალაქეთა კავშირს“ და არც პრეზიდენტს, ფაქტობრივად აღარ დარჩებათ არგუმენტი მემარცხენე ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გულდამშვიდებით შეეძლება განახორციელოს „მემარცხენე დოქტრინა“, - გასცეს ემისიური კრედიტები „წარმოების ასაღორძინებლად“, ხოლო გარდაუვალი ინფლაციისათვის თავი იმით იმართლოს, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირის დროს დაიწყო“.

მართლაც, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისათვის (ამომრჩევლისთვის) არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ინფლაცია ემისიური კრედიტების შედეგი იქნება, თუ ეროვნული ვალუტის დევალვაციისა. მით უმეტეს, რომ ვალუტის „განსაზღვრული დევალვაცია“ შეუძლებელია - საკმარისია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი ერთი დოლარიდან 2 ლარის მიჯნამდე აიყვანოს, რომ მეორე დღეს კურსი 10 ლარამდე ავარდება.

სხვათა შორის, უკრაინა და მოლდოვა დაჰყვნენ ეროვნული სავალუტო ფონდის მოთხოვნებს და არ გადახარჯეს სავალუტო რეზერვი, მაგრამ გრივნასა და ლეის კურსი დაამდაბლეს. თუმცა გასათვალისწინებელია, ისევ და ისევ პოლიტიკური სახელისუფლებო სპეციფიკა – საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებში ვალუტის დევალვაცია არ გამოიწვევს ეკონომიკური კურსის ძირეულ შეცვლას.

სავალუტო ფონდის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო. ედუარდ შევარდნაძემ პირდაპირ მიახალა ფონდის ექსპერტებს, რომლებმაც სიტყვა „დევალვაცია“ ახსენეს, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. „ფონდის“ მრავალნაცად და გამობრძმედილ ექსპერტებს, რასაკვირველია, კიდევ ერთი ვარიანტი ჰქონდათ გამზადებული, თუმცა იგი არანაკლებ მძიმეა, ვიდრე დევალვაცია.

მეორე ვარიანტი ითვალისწინებს „გამოწურული“ ბიუჯეტის შედგენას. ე.ი. ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვას და მხოლოდ რეალური შემოსავლების დაფიქსირებას.

ფაქტობრივად, ოღონდ კი დევალვაცია არ დაეშვა (მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში) და ხელისუფლება მზად იყო შეესრულებინა სავალუტო ფონდის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 1995 წლიდან განიხილებოდა სავალუტო ფონდთან დისკუსიებისას: ხორბლისა და ფქვილის დაბეგვრა, რაც უეჭველად გამოიწვევს პურზე ფასების ზრდას, ასევე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აქციზური და საბაჟო გადასახადის შემოღება, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, 400 მილიონი დოლარის ოდენობის თურქმენეთის ვალის ნაწილობრივი გადახდა და ა.შ.

ამ გადაწყვეტილებათა შედეგად შესაძლებელი იქნება 1999 წლის ბიუჯეტის შესრულება და ლარის დევალვაციის თავიდან აცილება. საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი ვალდებულებებიც კი აიღო, რომლებიც ნამდვილად არ შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისა და კულტურის დონეს.

მაგალითად: უნდა დაწესდეს ახალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში. ფაქტობრივად, საგადასახადო დეპარტამენტი ვალდებული იქნება მოსთხოვოს დამატებითი ღირებულების გადასახადი ფერმერს (გლეხს) ისევე, როგორც მეწარმეს (მრეწველს), რაც საქართველოს პირობებში არარეალობაა:

ვინ შეძლებს დაითვალოს რამდენი პომიდორი მოიწია გლეხმა, რამდენი მოიხმარა თვითონ, რამდენი გაიტანა ბაზარზე?!

სამხარეო გუბერნატორმა და გამგებელმა ერთხმად აღნიშნეს: ამ გადასახადს ვერავინ ამოიღებს და სჯობს დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი მიწაზე!

სავალუტო ფონდი ამ საკითხში უმოწყალოა, რაკი ჰოლანდიაში, ავსტრალიაში და ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ფერმერული მეურნეობა სწორედ ასეთი სახით იბეგრება და არ არსებობს ფიქსირებული გადასახადი. ეს საქართველომაც უნდა შეძლოს, - სავალუტო ფონდს სულ არ აინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური სისუსტე, საგადამხდელო კულტურის დაბალი დონე და შესაბამისი ტრადიციის არარსებობა.

მეორე მაგალითი: სავალუტო ფონდი კატეგორიულად მოითხოვს საბაჟოდან შემოტანილი საქონლის დაბეგვრას „სივრცეში“ და არა საზღვარზე. ქართველი მებაჟეები და „საგადასახადოს“ თანამშრომლები მეოთხე წელია მუხლმოდრეკით იხვეწებიან „ზღვრული ფასების“ დაწესებას და საქონლის საზღვარზე დაბეგვრას, მაგრამ სავალუტო ფონდი კვლავ კატეგორიულ უარზეა.

არადა, „ზღვრული ფასები“ იწვევს შემოსავლების ნახტომისებრ ზრდას. თითქოსდა რატომ უნდა იყოს სავალუტო ფონდი ამის წინააღმდეგი, - იგი ხომ დაინტერესებულია, საქართველოს ბიუჯეტი უხვშემოსავლიანი გახდეს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სავალუტო ფონდისთვის უმთავრესია არა მექანიკური, არამედ არსობრივი, თვისებრივი განვითარება იმ ქვეყნისა, რომელსაც კრედიტებით ეხმარება, ანუ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება.

ქართული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა სწორედ ამიტომ ჩაფლავდა: თითქოს, ერთი შეხედვით, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ შესაბამისი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და, რაც მთავარია, საზოგადოების, სოციუმის მენტალიტეტი კვლავ რეგრესულად რჩება. მათი განვითარების გარეშე კი საქართველოს არაფერი ეშველება, რამდენი „თელასიც“ უნდა გაყიდოს ქონების მართვის სამინისტრომ.