აგვისტოს ქვემეხები

აგვისტოს ქვემეხები

[რეინ მიულერსონი, Open Democracy ]
2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ-ოსეთში გაჩაღებული სასტიკი კონფლიქტი ერთ წერტილში გაიყინა. რეინ მიულერსონი ამბობს, რომ ომი და ჩიხი რომელშიც დღეს საქართველო და რუსეთი იმყოფებიან, მხოლოდ ამ ორი ქვეყნის საქმე არ არის. რეგიონში პრობლემის მოგვარებისთვის, თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ დიდი დიპლომატიური სიმამაცე უნდა გამოიჩინოს.

1994 წლის ზაფხულში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის ფარგლებში, კავკასიაში ვიმყოფებოდი. სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი-ყარაბახის ირგვლივ სასტიკად დაიძაბა და ისტორიები ურთიერთმტრობასა და მსხვერპლზე ერთმანეთის მიყოლებით ვრცელდებოდა. რეგიონში კონფლიქტების წარმომავლობაზე მეტ-ნაკლებად ობიექტური სურათის შესაქმნელად, რჩევა ჩემს ბაქოელ გიდს ვთხოვე. მეორე დღეს ამ ძალიან განათლებულმა ადამიანმა ვასილი ველიჩკოს წიგნი მომიტანა, სახელწოდებით „კავკასია: რუსული საქმე და ტომთაშორისი საკითხები“ (წიგნი პირველად 1904 წელს გამოქვეყნდა, 1990 წელს კი ის ხელახლა გამოიცა ბაქოში. წიგნის ინგლისური თარგმანი – Kavkaz – დღეს აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი).

რუსი ავტორი რეგიონის ზოგიერთი მთიელი ტომის (დღევანდელი სტანდარტებით) მიმართ უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი. 1990 წლის გამოცემის ბოლო გვერდზე ნათქვამია, რომ წიგნში მკითხველი შეხვდება „ზოგიერთ დაუსაბუთებელ და უსიამოვნო შეფასებას აზერბაიჯანელ ხალხზე“.

მკითხველი წიგნს საკმარისად უნდა გაეცნოს იმისთვის, რომ მასში აღმოაჩინოს სომხების პორტრეტი („კიდევ უფრო ვულგარულები, ვიდრე ებრაელები“) რომელიც ცალსახად ნეგატიურია, მაგრამ ერთ-ერთი კავკასიელი ერის მიმართ, ვასილი ველიჩკო მაინც კეთილგანწყობილია. თავში „ძმები-ქართველები“ ხაზგასმულია რუსების და ქართველების (ორი მართლმადიდებელი ხალხი, რომლებიც გაერთიანდნენ „ნებაყოფლობით, უპირობოდ და სამუდამოდ“) სულიერ და რელიგიურ ნათესაობას.

ეს იმაზე მინიშნებაა, რომ თუკი პირობით შედარებებს გამოვიყენებთ, ურთიერთობა საქართველოს და რუსეთს შორის (პროცესი, რომელიც 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებით დაიწყო) მართლაც ნაკლებად ჰგავდა იძულებით კავშირს, ვიდრე რუსეთის იმპერიის (და რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის) სხვა ე.წ. „ნებაყოფლობითი მიერთებები“. დიახ, საქართველოს რომელიც მუდმივად დიდი სახელმწიფოების (სპარსეთი, ოსმალთა იმპერია და რუსეთი) ჩრდილში იმყოფებოდა, რეალურად არასდროს და არაფერი აურჩევია დამოუკიდებლად. თუკი ამ და ასევე ყველა მომდევნო ისტორიულ პერიოდს თვალს გადავავლებთ, ის, რაც მოგვიანებით რუსეთს და საქართველოს შორის მოხდა, ორმაგად გამაოგნებელია. იმდენად გამაოგნებელი, რომ ვინმეს რომ ჩემთვის რამდენიმე წლის წინ ეკითხა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნა, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო რომლებს შორისააო, ჩემი სიის სათავეში ეს ორი ქვეყანა მოხვდებოდა.

მაგრამ ეს მოხდა და ცივი ურთიერთობების და მტრობის ფონზე გაგრძელდა. მტრობა, რომელიც 2000-იანი წლების შუა გაიზარდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ომში გადაიზარდა, იმის ილუსტრაციაა, თუ რა სწრაფად შეიძლება დაინგრეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და რა რთულია შემდეგ ნდობის და კეთილმეზობლობის აღდგენა.

ომის ფესვები
აგვისტოს ქვემეხები დიდი ხნის გუგუნის შედეგი იყო. ასეთი სიტუაციის ჩამოყალიბებაში, რომელიც უბედურებით დასრულდა, საკუთარი წვლილი ყველამ შეიტანა: საქართველოს პირველი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქედმაღლურმა, უგუნურმა და დანაშაულებრივმა პასუხმა სახელმწიფოს ეთნიკურ უმცირესობების (დიდწილად აფხაზების და ოსების) თვითგამორკვევის შესახებ მოწოდებებზე, ამ უმცირესობების ლიდერების ანგარებიანმა მისწრაფებებმა, რუსეთის ეგოისტურმა და არაკომპეტენტურმა ჩარევამ, ასევე კონფლიქტის თითოეული მხარის ხელისუფლების სერიოზულმა არაადეკვატურობამ.

საქართველოს და რუსეთს შორის მტრული ატმოსფერო თბილისის 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაძლიერდა, ხოლო 2007-2008 წლებში შესაძლო ომზე გაფრთხილებები ისმოდა ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული საინფორმაციო სააგენტოების ცნობებში, მათ შორის OpenDemocracy-შიც (იხ. მაგალითად Donald Rayfield, “Russia vs Georgia: a war of perceptions” [2007 წლის 24 აგვისტო], Robert Parsons, “Georgia, Abkhazia, Russia: the war option” [2008 წლის 13 მაისი] და Thomas de Waal, “The Russia-Georgia tinderbox” [2008 წლის 16 მაისი]. საბოლოოდ, საქმე მტრობიდან შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა, პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოუთმენთლობისა და ექსცენტრიული შეხედულებების გამო.

სააკაშვილი ამ ბრძანებამდე (2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით სარაკეტო შეტევა დაეწყოთ სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე) მიიყვანა, როგორც სწრაფვამ „აღედგინა კონსტიტუციური წესრიგი“ „გამოყოფილ რეგიონებზე“ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე „ყველა აუცილებელი შესაძლებლობის“ გამოყენებით, ასევე მისი რეგიონალური პოლიტიკისადმი ბუშის ადმინისტრაციის (რომელიც რუსეთს ისეთ ქვეყნად განიხილავდა, რომელიც ალყაში უნდა მოექცია) უპირობო მხარდაჭერამ. რუსული მხარის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახლადგამომცხვარი მტრის დასასჯელად მხოლოდ საბაბს ელოდნენ, ეს ნამდვილი საჩუქარი გახდა. ამის გამო გაჩაღებულ საშინელ ხანმოკლე ომში, ყველა მონაწილე საერთაშორისო და განსაკუთარებით ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მოქმედებდა.

დასავლელი ლიდერების და დასავლური საზოგადოების პირველი მისწრაფება კონფლიქტში რუსეთის დადანაშაულება იყო, მაგრამ ბევრი ავტორიტეტული წყარო განსხვავებულ ვარაუდს გამოსთქვამდა. 2008 წლის ნოემბერში Der Spiegel წერდა: „უკვე მაშინ ბრიუსელის ნატო-ს შტაბ-ბინის ოფიცრებისთვის ერთი რამ ნათელი იყო: კონფლიქტი ქართველებმა გააჩაღეს და მათი ქმედებები გაცილებით დეტალურადაა გათვლილი, ვიდრე უბრალო თავდაცვა ან სპონტანური პასუხი რუსეთის პროვოკაციაზე. ნატო-ს ხელმძღვანელობა ვარაუდობდა, რომ დარტყმა რომელიც საქართველომ სამხრეთ-ოსეთის პოზიციებზე მიიტანა დაგეგმილი იყო, რათა მოგვიანებით ყველა შემდგარი ფაქტის წინაშე დაეყენებინათ. სწორედ ამიტომ უდგებოდნენ ქართველები ასე მშვიდად იმ სროლებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ომის დაწყებას უძღოდა წინ. ნატო-ს ოფიცრები კიდევ უფრო ცხადად აცნობიერებდნენ იმას, რომ ეს შეტაკებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაამართლებდა საქართველოს ომისთვის მზადებას“ (იხ. „Did Saakashvili Lie? The West Begins to Doubt Georgian Leader“, Spiegel International, 2008 წლის 15 ნოემბერი).

2009 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის (შეიქმნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ინიციატივით) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, მსგავსი დასკვენებია: „ღია საბრძოლო მოქმედებებს სათავე დაუდო ფართომასშტაბიანი ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყებამ ქალაქ ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით ჩატარდა“.

ომის დროს ორივე მხრიდან დაფიქსირდა სასტიკი დარღვევები. ომისგან გაჩენილი ტანჯვა და უბედურება, ასევე ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ ჩიხში შევიდა, პოლიტიკოსებისა და მშვიდობისმყოფელებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

„გადატვირთვის“ დაპირება
ფაქტობრივად ომის დასრულებისთანავე, რუსეთმა რომელიც თავს გამარჯვებულად გრძნობდა, საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, როდესაც 2008 წლის 25 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რა თქმა უნდა, ამაში საკუთარი როლი 2008 წლის თებერვალში შეერთებული შტატების და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების გადაწყვეტილებამ ითამაშა, ეღიარებინათ სერბეთისგან გამოყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კოსოვო, მაგრამ მოსკოვის არჩევანი, გარდა იმისა რომ ის საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა, როგორც მე ამას იმ დღეებში ვწერდი, პოლიტიკურად ბეცი და კონტრ-პროდუქტიული იყო (იხ.“The world after the Russia-Georgia war“, 2008 წლის 5 სექტემბერი).

დამოუკიდებლობის (თუნდაც უკანონოს) აღიარების შეცვლა ძალიან რთულია, ხოლო მათი პატრონის წიაღში დაბრუნება, ვინც დამოუკიდებლობის ხილს გაუგო გემო, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის, ფაქტობრივად შეუძლებელია.

საერთაშორის სასამართლოს აზრით, რომელმაც 2010 წლის 22 ივლისს აღიარა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია „ზოგად საერთაშორისო სამართალს არ არღვევს“, შესაძლოა ოფიციალურად სწორია, შესაძლოა დამამშვიდებელიც, მაგრამ მას შეიძლება ყველაზე „ფეთქებადსაშიში“ შედეგები მოჰყვეს (იხ. ფლრიან ბიბერის სტატია „Kosovo, Serbia and Bosnia: after the ICJ“, 2010 წლის 28 ივლისი). ეგ კი არა, მე რომ გამომეცხადებინა ჩემი ტალინური სახლი პატარა მიწის ნაკვეთით ესტონეთისგან დამოუკიდებლად, მეც კი არ დავარღვევდი ზოგად საერთაშორისო სამართალს, თუმცა რომელიმე მეზობელ სახელმწიფოს ჩემი ბოდვითი დეკლარაცია რომ ეღიარებინა, ის ალბათ დაარღვევდა ზოგად საერთაშორისო სამართალს, რადგან ეს ჩემი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა გახდებოდა.

საერთაშორისო სასამართლოს საკითხის ფორმულირება უნდა შეეცვალა და კონცენტრაცია არ უნდა მოეხდინა კოსოვოს დეკლარაციის კანონიერებაზე, არამედ წესებზე რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მესამე სახელმწიფოების რეაქციას ეხება (რადგან უკვე დანამდვილებით ცნობილია, რომ საერთაშორისო სამართალი გამოყოფის საკითხებისადმი გულგრილია), თუმცა ასეთი წვრილმანები უინტერესოა, როგორც საზოგადოებისთვის ასევე მომავალი დამოუკიდებელი ტერიტორიებისთვის, მაგალითად მთიანი-ყარაბახისთვის, სადაც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება იმედისმომცემ პრეცედენტად განიხილება.

რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიების შესაძლო და რეალური მომავალი სტატუსი არც თუ ცუდად და მრავალმხრივ გაანალიზა OpenDemocracy-ის ბევრმა ავტორმა (იხ. სტატიები: დონალდ რეიფილდი „Georgia, two years on: a future beyond war“, 2010 წლის 5 აგვისტო; ნილ აშერსონი „Abkhazia and the Caucasus: the west’s choice“, 2010 წლის 6 აგვისტო); ალექსანდრე რონდელი „Sakartvelo: a political prospect“, 2010 წლის 11 აგვისტო და ჯორჯ ჰიუიტი „Abkhazia: two years of independence“ 2010 წლის 13 აგვისტო).

აზრთა მრავალფეროვნება იმას ადასტურებს, რომ ამ პრობლემის მოკლევადიანი ან თუნდაც საშუალოვადიანი გადაწყვეტის პოვნაც კი, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებდა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მსგავსი გადაწყვეტა შეიძლება გაჩნდეს საერთაშორისო წესრიგში არსებითი ცვლილებების შემდეგ და არამხოლოდ კავკასიის რეგიონში (იხ. ივან კრასტევის სტატია „Russia and the Georgia war: the great-power trap“, 2008 წლის 19 აგვისტო).

აქ ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე მის საკვანძო პარტნიორებთან და თანამოსაუბრეებთან, რომელთა რიგებშიც შედიან შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო. გასაგებია რომ ასეთი საყოველთაოდ მომრიგებლური გადაწყვეტილება (თუკი ის ბუნებაში შეიძლება საერთოდ არსებობდეს) რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება, მეტიც, ის მხოლოდ მისი დახმარებით შეიძლება შემუშავდეს.

ჩემს სტატიაში, რომელიც OpenDemocracy-ში 2008 წლის შემოდგომაზე გამოვაქვეყნე, მე ვვარაუდობდი რომ ახლახანს დასრულებული ომი (როგორც ეს მოგვიანებით თავად სააკაშვილმაც აღნიშნა) არა იმდენად რუსულ-ქართული იყო, რამდენადაც რუსულ-დასავლური. უფრო ფართო თვალსაზრისით, ეს მართლაც განზოგადებული ომი იყო, სადაც ქართველები და ოსები გეოპოლიტიკური ბრძოლის დაფაზე პაიკები აღმოჩნდნენ.

რუსეთის საკითხების ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ამერიკელი ექსპერტი სტივენ კოენი წერდა: „ვფიქრობ, ჩვენთვის ეს საბედისწერო ნიშანი იყო: 2008 წლის ე.წ. „რუსულ-ქართული“ ომი. მართალია მას „რუსულ-ქართული“ უწოდეს, მაგრამ იგივე წარმატებით მას შეიძლება განზოგადოებული „რუსულ-ამერიკული“ ომიც ვუწოდოთ. ვაშინგტონმა შექმნა სააკაშვილის ქართული რეჟიმი და განაგრძობს მის მხარდაჭერას. ამერიკელი სამხედრო სტრატეგების დახმარებით ვაშინგტონმა ასევე შექმნა ამ რეჟიმის მხარდამჭერი სამხედრო ძალები“ (იხ.US-Russian Relations in an Age of American Triumphalism: An Interview with Stephen F. Cohen”, Journal of International Affairs, 63/2, გაზაფხული-ზაფხული 2010).

ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობების „გადატვირთვა“, რომელიც პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა 2009–2010 წლებში აამოქმედეს ამ კონტექსტში პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას და გონივრულ გადაწყვეტილებებს (მაგალითად, შეიარაღების შემცირებაზე), აუცილებელია დაემატოს უფრო რადიკალური აზროვნება, რომელიც ზუსტად ასახავს თანამედროვე ისტორიის ფაქტებს. გლობალურ ძალთა ბალანსის შეცვლა, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების რისკი, ტერორისტული აქტების და სხვა საერთაშორისო დანაშაულების მუდმივი საფრთხე, ასევე ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემები – შემოქმედებით და მამაც პასუხებს მოითხოვს.

სიმამაცის პლუსები
ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ბევრს დღემდე წარმოუდგენლად მიაჩნია იმაშია, რომ რუსეთი თავად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ეს ვარაუდი ისტორიული მოგონებების და დღევანდელი წინათგრძნობის მსგავსების წყალობით, რუსეთის ბევრი მეზობელი ქვეყნისთვის რეფლექსურად მიუღებელია, მაგრამ იმის გამო რომ ასეთი კურსის მიმდევრობა საკუთარ თავში პოტენციურ სარგებელს მოიცავს, მისგან ბოლომდე უარის თქმა რისკებთანაა დაკავშირებული. ჩარლზ კუპჩანი ამტკიცებს, რომ „რუსეთის გამორიცხვამ ჩრდილო-ატლანტიკური თანამეგობრობიდან შეიძლება თავად ნატო-ს ავნოს. იმადროულად მისი ორგანიზაციაში გაწევრიანება მისი უახლოესი მეზობლების ინტერესებშია, რომელთა ლიდერების წინაშე „რთული ამოცანა დგას, რაც რუსოფობიის დონის შემცირებაში მდგომარეობს, რაც რეგიონის პოლიტიკურ განწყობებს მნიშვნელოვნად კვებავს“ (იხ. ჩარლზ კუპჩანი „NATO’s Final Frontier“, Foreign Affairs, 2010 წლის მაისი/ივნისი).

ამ თვალსაზრისით, პოზიტიური ნიშანია პოლონეთის და რუსეთის ურთიერთობების დათბობა „მეორე კატინის“, 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტის და სახელმწიფო ელიტის უამრავი წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა. პრეზიდენტ მედვედევის სიტყვები (რომელიც მან 2010 წლის 16 ივლისს რუსეთის ელჩების წინაშე წარმოსთქვა), „პოლონეთთან ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც რთული ისტორიული მემკვიდრეობის გადალახვაზეა მიმართული“ იმაზე მიუთითებს, რომ კატასტროფის შემდეგ ჩამოყალიბებული შემრიგებლური განწყობა დიდხანს შენარჩუნდება (იხ. კშიშტოფ ბობინსკის სტატია „Poland’s second Katyn’: out of the ashes“, 2010 წლის 13 აპრილი).

რუსეთის ნატო-სთან მიერთება შეიძლება დაეხმაროს რუსეთის საშინაო პოლიტიკის მიმართულების ცვლას უკეთესობისკენ და პოზიტიური გავლენა მოახდინოს კრემლის პოლიტიკაზე დასავლეთის და უშუალო მეზობლების მიმართ, რომელთა რიცხვში საქართველოც შედის, რომლის ლტოლვაც ნატო-სკენ ის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, რამაც ომს ბიძგი მისცა. იმავდროულად რუსეთი, რომელიც დასავლეთის ახლო პარტნიორია, გაცილებით სანდო გარანტია იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ვიდრე რუსეთი, რომელიც ეჭვიანი დამკვირვებელია.

მაგრამ თუკი გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი შესაძლებლობა განხორციელდება, საეჭვოა ეს იმით დასრულდეს რომ გამოყოფილი (ან დაკარგული) ტერიტორიები ავტომატურად დაბრუნდება საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ლოკალურმა ინტერესებმა და მისწრაფებებმა, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის საქართველოსგან გამოყოფის სურვილი გაუჩინა, შესაძლოა საერთაშორისო ინტერესებს გადააჭარბოს, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს რომ სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ პოლიტიკურ გარემოებებში, ამ ტერიტორიების კონკრეტული სტატუსი შესაძლოა იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს, ვიდრე ის დღევანდელ მომენტშია. ასეა თუ ისე არსებობს შესაძლებლობა, რომ მასშტაბური ცვლილებები საერთაშორისო წესრიგში, რომლებიც შესაძლოა შემოქმედებითი აზროვნების გავლენით მოხდეს, შეძლებს ამ რთული დავების გადაწყვეტას.

ერთი საუკუნის შემდეგაც კი ვასილ ველიჩკოს, რომლის წიგნიც 1904 წელს გამოქვეყნდა, მისი მიმდევრები ჰყავს, რომელთა გამონათქვამებიც შესაძლოა უფრო ფრთხილია, მაგრამ რომლებიც მასავით იყენებენ ისტორიას (და ამით ბოროტად სარგებლობენ) პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც ფილიპ პულმანის რომანი The Good Man Jesus and The Scoundrel Christ („კარგი ადამიანი იესო და ნაძირალა ქრისტე“) გვასწავლის, თუკი არის ადგილი, სადაც ისტორია ძალიან ხშირად ხდება მსახური ან პატრონი და ძალიან იშვიათად – მასწავლებელი, იქ გზა ეხსნება პოლიტიკას, რომელიც განმსჭვალულია დაპირისპირებით; დისკუსიებს, რომელიც სავსეა ბრალდებებით; მედიას, რომელსაც არ ძალუძს სტერეოტიპების დაძლევა და ხელისუფლებას, რომელიც შიშზე დგას.

კავკასია ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ისტორიას ძალიან ხშირად და ზედმეტად შერჩევით იყენებენ პოლიტიკური ელიტის მიმდინარე ინტერესების გამართლებისთვის. ისინი აკონტროლებენ წარსულს და ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ როგორ საფრთხეს უქმნის ის მომავალს. ამ რეგიონის ხალხები, იმ ქვეყნების ხალხები, რომლებიც ბარიკადის ორივე მხარეს დგანან, დიდი თუ პატარა ხალხები – ყველა მათგანი უკეთესის ღირსია.
[foreignpress.ge]