საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ ვითარება შესაძლოა იმდენად გამწვავდეს, რომ შედეგად სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობა და რევოლუციის მოხდენა, რასაც მათი შეფასებით, დასავლელი ლიდერების გარკვეული განცხადებებიც უწყობს ხელს და მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამის საპასუხოდ, მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების მიზანი არათუ რევოლუცია, არამედ ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისში მომდინარე პროცესები არის სამოქალაქო პუტჩი.
„ამ პროცესს პოლიტიკური მდგენელი აღარ აქვს, პოლიტიკური ნაწილისგან დაცლილია. უკვე სამი დღეა მიმდინარეობს პირდაპირი სამოქალაქო დაპირისპირება, ამას ჰქვია სამოქალაქო პუტჩი, სადაც სამხედრო ნაწილები არ მონაწილეობენ, მაგრამ მონაწილეობს ნახევრად გასამხედროებული ნაწილი ახალგაზრდების, რომლებიც წლების განმავლობაში დატრენინგებული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომელსაც წლების განმავლობაში უტარებდნენ ტრენინგებსა ბაკურიანსა თუ სხვაგან. მიმდინარეობს ის სცენარი, რა სცენარიც გაწერილი იყო არჩევნების წინ“, - თქვა ბიძინა გიორგობიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ისინი არ ითხოვენ რევოლუციას, სურთ ხელახალი არჩევნები, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნება კვლავ არასწორად არ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიან მოთხოვნას - ახალ არჩევნებს.
„რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, მათ შეუძლიათ ძალიან მკაფიო იყვნენ [არჩევნების შედეგების] არაღიარებაში, რასაც ისინი უკვე აკეთებენ, მათ შეუძლიათ მიიღონ ზომები და მათზეა დამოკიდებული აირჩიონ, რომელ ზომებს მიიღებენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს ართმევს უფლებას აირჩიოს დემოკრატიული მთავრობა და მათ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიან მოთხოვნას - ახალ არჩევნებს. ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნება კვლავ არასწორად არ იქნება წარმოდგენილი და მოპარული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რადიკალური ფრთის მიზანია საქართველოში არეულობის მოწყობა და მისი შეფასებით, თუკი პროცესი ასე გაგრძელდება, ქვეყანაში ომი გარდაუვალია:
„ეს არის ხელოვნური დაძაბულობა. იმ ძალებმა, რომლებიც არიან ე.წ. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, დაკარგეს ყველა ბერკეტი, ცდილობენ 20 იანვრამდე საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოხდენას - მათ ამისათვის დაქოქეს ყველა და ყველაფერი.
ეს ადამიანები, რომლებიც ამ პროცესში ჩაებნენ, ხელს უწყობენ ქართველი ერის გენოციდს - საქართველოში სიტუაციის ასე ამოტრიალებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს რუსეთი და აქ დატრიალდება სისხლის ტბები.
მოდის უსაშინლესი ძალა, რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთის ლიბერალ-ფაშისტები. ეს არის დამუშავებული გეგმა - ხალხს ვაფრთხილებ, ყველას სახლთან სულ მალე, ვინც ამ ფაშისტურ ძალებს მხარს უჭერს, ჩაიჩოქებს ომის აქლემი, საქართველო მიწისაგან პირისა აღიგავება. სულ მოკლე ხანში, აქ ომი იქნება - ისე მიდის საქმე, გათენდება ერთი დილა და რუსის ტანკი თავისუფლების მოედანზე იქნება - დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ.
გაუგია ვინმეს 300 ათასი ხმის გაყალბება?! - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს! ოპოზიცია რომ მოსულიყო ხელისუფლებაში, მაშინ ხომ არ იქნებოდა რაიმე გაყალბება?! ანალოგიური სიტუაცია იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს - მისგან ქმნიდნენ მონსტრს, შემდეგ კი რა მივიღეთ ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ ჩვეთან ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს. როგორც პრემიერმა თქვა, პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც „არ მომხდარა ბუნებაში“.
„არის ხოლმე მომენტები, როდესაც შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება უკანაც დაიხიო. მაგალითად, ჩვენ ეს გავაკეთეთ შარშან, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც მიგვაჩნდა, რომ კანონი იყო სწორი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს სწორად ვერ გაიგო, ჰქონდა გულწრფელი პროტესტი, ჩვენ დავიხიეთ უკან და გამოვიწვიეთ ეს კანონი. ასეთი რაღაცები პოლიტიკაში ბუნებრივია შეიძლება მოხდეს. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ახლა ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. პროტესტის საგანია ის, თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია. რაც ბუნებაში არ არსებობს იმას როგორ შეცვლი, აქ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს. ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა. შესაბამისად, ერთადერთი, რაც უნდა მოხდეს არის მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.