დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან საქართველოში რევოლუციური სცენარის გათამაშებას ცდილობენ, რომლის ავანგარდშიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ჩააყენეს. რა როლი აქვს გაწერილი ზურაბიშვილს, რომელსაც პრეზიდენტობის მანდატის სულ რაღაცა ერთ თვეზე ნაკლები აქვს დარჩენილი და ამბობს, რომ მისი მანდატი გრძელდება და ის ათონელის სასახლის დატოვებას არ აპირებს?
„ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს. პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ აპირებს ვალდებულება შეასრულოს იმ ვადამდე, სანამ ახალი, მისივე თქმით, ლეგიტიმური პარლამენტი არ შეიკრიბება.
ამას გარდა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის იქნება პოლიტიკური პროცესის სათავეში, რომელმაც ქვეყანა „ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს“. პრეზიდენტის განმარტებით, მის გარშემო შეიკრიბებიან საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უწოდებს „ღრმა კრიზისს“ და ახლა BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები არ შევლენ პარლამენტში, და რომ ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება:
„მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ხომ არ ფიქრობს, რომ მას ელის დაპატიმრება, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ხალხი იცავს: „მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და ის კიდევ უფრო მოექცევა იზოლაციაში. იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, რომ ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი სრულად წავლენ ხელისუფლებიდან, ისინი დარჩებიან იმ დოზით, რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს მათ მანდატებს პარლამენტში“.
ზურაბიშვილის ამ განცხადებაში კი ფრანგი პოლიტიკოსი, პარტია „პატრიოტების“ ლიდერი, ფლორიან ფილიპი უკრაინის სცენარს ხედავს. მისი თქმით, „დიფ სთეითი“ (DEEP STATE -ჩრდილოვანი სახელმწიფო) საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს.
„დიფ სთეითი“ ფაქტობრივად, ამჟამად ცდილობს საქართველოში მოაწყოს ის, რაც მოაწყო 2014 წელს უკრაინაში ევრომაიდანის სახით. მღელვარების ორგანიზება, ორკესტრირებული დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ახლახან მშვიდად განაცხადა, რომ უარს იტყვის საპრეზიდენტო მანდატის დათმობაზე, ხელისუფლებაში უკანონოდ დარჩება და პარალელი გაავლო უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც, მისი თქმით, ასევე უკანონოდ იმყოფება ხელისუფლებაში გასული წლის მარტიდან.
„ევროპარლამენტმა მიმდინარე კვირაში მხარი დაუჭირა სკანდალურ რეზოლუციას, რომელიც ქართველებისგან „ხელახალი არჩევნების“ ჩატარებას მოითხოვს! „დიფ სთეითი“, რა თქმა უნდა, გაზრდის თავის პროვოკაციებს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე: მას [ტრამპს] მოუწევს ძალიან დიდი დასუფთავება!“ - აღნიშნავს ფრანგი პოლიტიკოსი.
ზურაბიშვილსი ამ გადაწყვეტილებას კი პრემიერი ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს 29 დეკემბერს მოუწევს, გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.
„ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა 29 დეკემბერს მას მოუწევს, გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა წააგო 26 ოქტომბრის არჩევნები. ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები, ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან წააგო ძალიან მძიმედ 26 ოქტომბრის არჩევნები. მალე იწყება მისი უფლებამოსილების მეშვიდე წელი და კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავისი სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ მან არ დატოვოს ათონელის სასახლე და თვითნებურად გაიგრძელოს მანდატი, სიცილის მეტს არაფერს იწვევს. გვენეტაძე ამბობს, რომ კონსტიტუციით არის გაწერილი პრეზიდენტის მანდატიც და ის 29 დეკმებრისთვის უკვე ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება. ამიტომ მას უნდა თუ არა, ამ აზრს უნდა შეეგუოს.
„არ ვიცი, ახლა, ზურაბიშვილს როგორ წარმოუდგენია ათონელის სასხლეში ყოფნა. იქ გამაგრდება და ეს ბავშვები დაიცავენ, რომლებიც პიროტექნიკით რუსთაველზე დარბიან? ამათ იმედად იგრძელებს მანდატს? მართლა სიცილის მეტს აღარაფერს იწვევს ამ ქალის განცხადებები. მან დაკარგა უკვე მანდატი, რადგან ის ოპოზიციას ემხრობოდა და ხალხმა ამ უბედურებს არც ზურაბიშვილის ხათრით მისცა ხმა. ყაველაშვილი კი იმ სიის ოცეულის წევრი იყო, რომელსაც ხალხის ლეგიტიმცია აქვს. ზურაბიშვილმა კი იმ ხალხის მხარდაჭერაც კი დაკარგა, რომლებმაც 2018 წელს ამ პოსტზე დასვევს.
ამიტომ, არ ვიცი, რა სცენარით ფიქრობს ის მოვლენების განვითარებას. თუ ფიქრობს, რომ ეს გაბრუებული ბავშვები ღამე ათონელის სასახლესთან ცეცხლს დაუნთებენ და ერთი ადგილის გათბობით დაიცავენ, ძალიან ცდება. ეგენი ფულის გარეშე, 12 საათს რომ გადასცდება, ხელსაც არ გაატოკებენ. ამიტომ ისე კოხტად დატოვებს მაგ სასახლეს, როგორც დაუბარებიათ. მაგაზე მაგარ და გავლენიან პრეზიდენტებს გაუჭიმიათ ფეხი, მაგრამ ვერაფერი ვერ გაუკეთებიათ. ნიკა მელია ალამუთის ციხეში იყო გამაგრებული, მაგრამ სპეცრაზმმა ისე კოხტად და ლამაზად გამოიყვანა, ახლა აგერ დაბორიალობს რუსთაველზე და არაფერს აღარ წარმოადგენს. ის ბავშვებიც აღარ უსმენენ, რუსთაველზე რომ დარბიან. დასავლეთმა ზურაბიშვილი დასაკლავი გოჭივით გაიმეტა. ხედავენ, რომ არაფერი ხელჩასაჭიდი არა აქვთ და მისი მეშვეობით უნდათ რაღაცა პროცესების აგორება, რაც არ გამოუვათ“, - ამბობს გვენეტაძე.
რაც შეეხება ზურაბიშვილის შესაძლო დაპატიმრებას და ამით ქვეყანაში დაპირისპირების მუხტის კიდევ უფრო აწევას, გვენეტაძე ამბობს, რომ ამ სიამოვნებას, ვერც ზურაბიშვილი, ვერც ეს განულებული ოპოზიცია და მათი პატრონები ვერ მიიღებენ. პირიქით, ზურაბიშვილს ისე კოხტად გამოიყვანენ, რომ საკუთარი თავის გამასხარავების გარდა არაფერსაც არ გამოიწვევს.
„რა თქმა უნდა, დასაველთმა დაინახა, რომ არც არჩევნების გაყალბების ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ და ამიტომ ლიდერის სახით ზურაბიშვილს წირავენ. ეს როგორი ლიდერიც არის, ქართველ ხალხზე უკეთესად არავინ იცის. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილსაც და მის პატრონებსაც უნდათ, რომ ის დაიჭირონ. ზუსტად ამ პროვოკაციაზე მიდიან. ზურაბიშვილისთვის ახლა დაპატიმრება პოლიტიკური ჟანგბადის მიწოდების ტოლფასია. ამით პოლიტიკური მნიშვნელობის შეძენა უნდათ. კი ბატონო, ეს გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებაში აღშფოთება და ზურაბიშვილის მიმართ სოლიდარობა გამოიწვიონ, თუმცა გულუბრყვილოები არც „ოცნებაში“ არიან. ამიტომ მათი გათამაშებული კარტი ყველასთვის მარტივად გასაშიფრია. ამით ზურაბიშვილი თავს კიდევ ერთხელ გაიმასხარავებს და სოლიდარობას კი არა, ხალხისგან დაცინვას მიიღებს“, - ამბობს გვენეტაძე.