აქვს თუ არა ახლა ოპოზიციას რესურსი და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ახალი საპროტესტო მუხტი ააგოროს და რა გვაჩვენა 29 ნოემბრის მძიმე ღამემ, სადაც მოქალაქეებსა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ოპოზიცია კიდევ ერთ არეულობას 16 დეკემბერს გეგმავდა, ამიტომაც მათ მოვლენებს დაასწრეს და მათი ლუსტრაცია მოახდინეს. იგივე ტაქტიკა გამოიყენეს, როგორც ეს „გამჭვირვალობის კანონის“ შემოტანის შემთხვევაში მოხდა. მათი თქმით, განცდილი ფიასკოს შემდეგ, ოპოზიციამ დაიწყო ევროპარლამენტის დახმარებით ხელისუფლების შანტაჟი და ევროკავშირში გაწევრიანებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე მანიპულაცია. სწორედ ეს იყო 29 ნოემბრის პროცესები, რომელიც რადიკალებს ისევ არ გამოუვიდათ.
„16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ - ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, „რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ გაპროტესტებით ჩაიშალა რადიკალური ოპოზიციის შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც, ყოველი მომდევნო შემოდგომისა და გაზაფხულის არეულობის გეგმები ეშლებათ, პირველ რიგში კი - 16 დეკემბერს დაგეგმილი არეულობის გეგმები.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით სიტუაციას ხელოვნურად თავად ევროპარლამენტი და ის რეზოლუციები ძაბავენ, რომელიც უკვე გაუთავებლად ქვეყნის ხელისუფლების შეურაცხყოფის მეტს არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არჩევნების გაყალბება არ დასტურდება და ამის ოპოზიციამ ვერც ერთი მტკიცებულება ხეირიანი ვერ დადო, დაუშვებელია თავმოყვარე ხელისუფლებამ მსგავსი შინაარსის რეზოლუცია უკვე რეაგირების გარეშე დატოვოს. მეორეც, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთისკენ და შიდა დაპირისპირების გაღვივებაში მიკერძოვებული და ლობიზმზე მომუშავე ევროპარლამენტარები უბიძგებენ.
„ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა მთელი ორი კონტიგენტის მასშტაბით, ამერიკისა და ევროპის, სადაც დაპირისპირება მიდის კონსერვატორებსა და ლიბერალებეს შორის. იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებაშიც. აქ ევროპელების დავალებებს ასრულებს თუ არა ვინმე, რა რეფორმები ტარდება არავის აინტერესებს. აქ არის ერთი მიმართულება, რომ ახლა ევროპარლამენტარები ასწრებენ ტრამპის ხელისუფლების გადაბარების პროცესს. შესაბამისად, ეს როზოლუციაც ამის გამოხმაურებაა. ბოლომდე მიაწვნენ საქართველოს, რათა „ქართული ოცნების“ მოშორება ხელისუფლებიდან მოასწრონ.
ამიტომაც კარგად დაინახეს რაზე გამოდის ხალხი ქუჩაში. ოპოზიციის ჩავარდნილი აქციების შემდეგ, დაიწყეს ქართველების ისევ მოტყუება. თითქოს საქართველოს ხელისუფლება უშლიდეს ევროპაში ინტეგრაციას ხელს. რეალურად კი 2030 წლამდე თავად ევროპა არ აპირებს გაფართოვებას. ეს ტყუილები და ფეიკინფორმაცია ხალხზე მოქმედებს. მეორეც, უკვე ამოუვიდა „ოცნებასაც“ ყელში ამდენი შეურაცხყოფა. შესაძლოა გაეტარებინა ისევ ხელისუფლებას ეს რეზოლუცია, როგორც ადრე ატარებდა, მაგრამ ამას არჩევნებამდე კიდევ ითმენდა. ახლა კი როცა ლეგიტიმაცია ისევ მიიღო მოსახლეობისგან, მასაც აქვს თავმოყვარეობა და რეაგირება ჰქონდა“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამიტომაც ითხოვენ სააკაშვილის გამოშვებას რეზოლუციაში, როგორც ლიბერალიზმისკენ გადახრილ ადამიანს. ამიტომ მათ არ აინტერესებთ საქართველოს რეალურად რა უნდა.
„ამ დიდ ბრძოლაში, საქართველოს ხელისუფლება ჩაბმული არის კონსერვატიზმის მხარეს. ამიტომაც ჩამოვიდა ორბანი, რომ ჩვენი ქვეყანა ტრადიციების მომხრე ქვეყანაა. ამ ლიბერალებმა ორბანიც გააკრიტიკეს. აქ ევროპა არაევროპაზე არა გვაქვს საუბარი. აქ საქმე გვაქვს კონსერვატიზმთან და ლიბერალიზმთან. ლიბერალიზმი სამწუხაროდ გაგებულია, როგორც თავისუფლება ზნეობისგან, ღირებულებებისგან, ეროვნებისგან თავისუფლება. რელიგიისგან დისტანცირება, აი, ამად გადაიქცა ის გენიალური იდეა, რაც ლიბერალიზმში იყო ჩადებული. აი, ამ ბრძოლის წინა ხაზზეა დღეს საქართველო. კონსერვატიზმის დამცველი ფრაზა გააკეთა კობახიძემ, რადგან მიიღო ეს ბრძოლა და იგნორი აღარ გამოდის. ეს იქნებოდა უკან დახევა და ხელისუფლების პრინციპების ღალატი. ამიტომ ჩაიცვა რკინის ქალამანი და კობახიძეც ამ პოზიციის, აი, ამ ფრთას დაუპირისპირდა. ამიტომაც თქვა: „ზოგიერთი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები“, ვინც ახლა იბრძვის ამ ლიბერალიზმის გადასარჩენად“,-ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გაღვივებას, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გამოყენებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიცია ნებისმიერი შანსის გამოყენებას შეეცდება.
„ოპოზიცია როდესაც ამ რეზოლუციას კარნახობს ევროპარლამენტს, ამით ხომ საქართველოს რუსეთს თავად უტოვებენ. რატომ არა აქვს ამ ხალხს იმის პროტესტი, რომ ოპოზიციამ ქვეყნის მავნებლური საქმე არ უნდა გააკეთოს. სწორედ რუსეთის წინააღმდეგ ტოვებს საქართველოს. ადრე გვერდით ევროპა გვედგა, ახლა ამბობს, რომ შენს გვერდით არა ვართო. ამით ვისი საქმე გაკეთდა? რუსეთის თუ ევროპის? მაშინ გამოდის, რომ ევროპა „ოცნებას“ რუსეთისკენ თავად უბიძგებს, ეხმარება, მათთან უფრო ახლოს მივიდეთ. აბა, სხვა ამ რეზოლუციებში და ოპოზიციის მავნებლობაში რა შეიძლება წავიკითხოთ.
ოპოზიციას არც ერთ ეტაპზე რევოლუციაზე უარი არ უთქვამს. მათ ეს ქვეყანა დასანგრევად და ხალხის დასაპირისპირებლად უნდათ მხოლოდ, რომ მერე როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, სხვაგვარად ვერ მოდიან. ამიტომ, ის, რაც 29 ნოემბერს ხდებოდა რუსთაველზე, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის, იმ ოპოზიციის, რომელიც არ ისვენებს და ქვეყნისთვის მავნებლურ რეზოლუციის შედგენაში იღებს მონაწილეობას. ჩვენი ქვეყნის ასეთი დანგრევა და ხალხის გახლეჩვა რუსეთის გარდა არავის აწყობს. ამიტომ ოპოზიციის მიზანი ვის ინტერესებზე მუშაობს, ფაქტი სახეზეა“,-ამბობს საყვარელიძე.
ერთად ერთი ქვეყანა ვისაც ჩვენთან რევოლუცია და არეულობა არ აწყობს, აზებაიჯანი და თურქეთია, რომლებსაც სისხლიაქვთ გამშრაალი საქართველოს გავლით დაფინანსებული ენჯეოშნიკებით. სწორედ ამის გამო აქვს ამ დრომდე დაკეტილი სახმელეთო საზღვრები აზერბაიჯანს.
„ქვეყნის ასეთი დანგრევა და ხალხის გახლეჩვა რუსეთის გარდა არავის აწყობს" - ჯერა ამის მთქმელს ამ სისულელის?