2001 წლის 11 სექტემბერს, მთელი მსოფლიო შეძრა შემზარავმა ტერაქტმა. ნიუ იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის „ტყუპი“ შენობები - 110-სართულიანი კოშკები ჩამოინგრა. ზუსტად 24 წლის წინ, თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა, იგივე „კამიკაძე ტერორისტებმა“ აშშ-ის სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და მთელ მსოფლიოში „ტყუპების“ სახელით ცნობილ, ნიუ-იორკის ცათამბჯენებს შეაჯახეს. ტერაქტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტერორისტების სამიზნე შენობები
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ტერორისტებმა ერთდროულად ოთხი თვითმფრინავი გაიტაცეს. ისინი გიგანტურ, მართვად რაკეტებად გამოიყენეს ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის სიმბოლურ შენობებზე შესაჯახებლად. ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის - „ტყუპების კოშკებს“ შეეჯახა; მეორე დარტყმა პირველიდან 17 წუთის შემდეგ განხორციელდა. შენობები ცეცხლში გაეხვა, ზედა სართულებზე ადამიანები ჩარჩნენ და ქალაქი კვამლმა მოიცვა. ორ საათზე ნაკლებ დროში, ორივე 110-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა.
მესამე თვითმფრინავმა დააზიანა პენტაგონის დასავლეთი მხარე - აშშ-ის სამხედრო შტაბ-ბინის უზარმაზარი შენობა. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ექსპერტების ვარაუდით, მეოთხე თვითმფრინავის სამიზნე აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა იყო.
რამდენი ადამიანი დაიღუპა 11 სექტემბრის თავდასხმებში?
სულ 2.977 ადამიანი დაიღუპა (19 გამტაცებელი არ ითვლება), უმეტესობა ნიუ-იორკში. არცერთი მგზავრი არ გადარჩენილა - ოთხივე თვითმფრინავში, სულ 246 მგზავრი იმყოფებოდა. „ტყუპების კოშკებში“ 2.606 ადამიანი დაიღუპა, პენტაგონში - 125 ადამიანი. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 2 წლის ქრისტინ ლი ჰენსონი იყო, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 82 წლის რობერტ ნორტონი, ორივე მათგანი თვითმფირნავში იმყოფებოდა.
პირველი თვითმფრინავის დარტყმის დროს, კოშკებში 17.400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ჩრდილოეთ კოშკში დარტყმისას, ზედა სართულებზე მყოფი არცერთი ადამიანი არ გადარჩენილა, ხოლო სამხრეთ კოშკის ზედა სართულებიდან 18-მა ადამიანმა მოახერხა გაქცევა. მსხვერპლთა შორის, სხვადასხვა ქვეყნის 77 მოქალაქე იყო. ნიუ-იორკმა 441 მეხანძრე და პოლიციელი დაკარგა. ათასობით ადამიანი კი დაშავდა და კვამლის შედეგად მოიწამლა.
ვინ იყვნენ 9/11-ის თავდამსხმელები?
ცნობილია, რომ აშშ-ზე თავდასხმას ტერორისტული ჯგუფი „ალ-ქაიდა“, ავღანეთიდან გეგმავდა. ორგანიზაციას უსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. ის აშშ-სა და მის მოკავშირეებს მუსლიმურ სამყაროში შექმნილი კონფლიქტების გამო ადანაშაულებდა.
გეგმას ხელმძღვანელობდა ხალიდ შეიხ მუჰამედი. მისი დავალებით, თვითმფრინავები 19-მა ადამიანმა გაიტაცა. ისინი დაყოფილნი იყვნენ სამ გუნდად, თითოეულში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ერთში - ოთხი (იმ თვითმფრინავზე, რომელიც პენსილვანიაში ჩამოვარდა). 15 გამტაცებელი იყო საუდის არაბეთიდან, ორი - არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ერთი - ეგვიპტიდან და ერთი - ლიბანიდან.
როგორ უპასუხა აშშ-მ 9/11-ის ტერაქტს?
თავდასხმებიდან ერთ თვეში, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, ავღანეთში, „ალ-ქაიდას“ გასანადგურებლად და ბინ ლადენის დასაჭერად შეიჭრა. თუმცა, ბინ ლადენის ლიკვიდაცია პაკისტანში, მხოლოდ 2011 წელს მოხდა. ხალიდ შეიხ მუჰამედი კი 2003 წელს, პაკისტანში დააკავეს.
ცნობისთვის, თითქმის 20-წლიანი ომის შემდეგ, 2022 წელს, აშშ-ის ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. ამან გააჩინა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ისლამისტური ქსელი კვლავ დაბრუნდეს.
ვინ არის ხალიდ შეიხ მუჰამედი და რა ბედი ეწია მას?
ქუვეითში დაბადებულმა მუჰამედმა, აშშ-ში ინჟინრობა შეისწავლა, შემდეგ 1980-იან წლებში, ავღანეთში იბრძოდა. 11 სექტემბრის ტერაქტამდე, მას FBI სხვა ტერორისტულ აფეთქებებში მონაწილეობის გამო ეძებდა. 2003 წელს, დაკავების შემდეგ, სამი წელი CIA-ს საიდუმლო ციხეებში გაატარა, სადაც მის მიმართ დაკითხვის სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ. შემდეგ გადაიყვანეს გუანტანამოს ციხეში, სადაც დღემდე იმყოფება.
სამხედრო სასამართლო უკვე ათწლეულზე მეტია მსჯელობს, როგორ შეიძლება გაასამართლონ ის 9/11-ში მონაწილეობის გამო, რადგან მისი წამების გამო, მტკიცებულებები ნაკლებია.
2025 წლის იანვარში, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას და კიდევ ორ ბრალდებულს (ვალიდ ბინ ატაშსა და მუსტაფა ალ-ჰავსავის) მიმართ გამოტანილი განაჩენი - სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობით შეცვლილიყო. თუმცა, მოსმენის წინა დღეს, მთავრობის თხოვნით, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ პროცესი შეაჩერა. ივლისში, სასამართლომ საბოლოოდ უარი თქვა შეთანხმებაზე.
რა მემკვიდრეობა დატოვა 9/11-მა?
11 სექტემბრის შემდეგ, მთელ მსოფლიოში გამკაცრდა ფრენის უსაფრთხოების წესები. აშშ-ში შეიქმნა სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (TSA), რომელიც აეროპორტებსა და თვითმფრინავებში უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.
„ტყუპების“ დანგრევის შემდეგ, ტერიტორიის გაწმენდა რვა თვეზე მეტხანს გაგრძელდა. იქ ახლა, მემორიალი და მუზეუმი დგას.
პენტაგონის აღდგენა ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდა და თანამშრომლები 2002 წლის აგვისტოში დაუბრუნდნენ ოფისებს.
წყარო: https://www.bbc.com/news/articles/c98elnpr0kzo