GORBI-ის პოლიტიკური რეალობა - „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ უპირობო ლიდერია

GORBI-ის პოლიტიკური რეალობა - „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ უპირობო ლიდერია

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტია - „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, უმყარეს პოზიციებს ინარჩუნებს. მმართველი გუნდის განცხადებით, კვლევის შედეგები სრულად ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ოპოზიციის სუსტ მდგომარეობაზე მიუთითებს.

GORBI-ის კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65.9% უჭერს მხარს, რაც აშკარად შთამბეჭდავი მაჩვენებელია. მმართველი გუნდის განცხადებით, პარტიის რეიტინგის მატება განპირობებულია იმ „ფაშიზმის პროვოკაციების მზარდი ინტენსივობით“, რასაც „რადიკალები“ ახორციელებენ, ხოლო საზოგადოებას არ სურს სიტუაციის არევა და დესტაბილიზაცია, რაც ოპოზიციის მთავარი სურვილია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია, მათი შეფასებით, სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის დაკვეთაა.                                                                             

კვლევის შედეგები, ასევე, ნათელს ხდის ოპოზიციის ცალკეული პარტიების სისუსტეებსაც. კერძოდ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიას მხარს 10.7% უჭერს, ხოლო „ლელოს“ - 10.4%. სხვა პარტიების რეიტინგი გაცილებით დაბალია.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიცია „უმძიმეს მდგომარეობაშია“ და ეს საზოგადოების განწყობაა. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, მერისა და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება 64-ვე მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება დედაქალაქს, კობახიძისვე თქმით, მათი მიზანია, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგონ, რაც კვლევის თანახმად, პრაქტიკულად, გარდაუვალია.            

მმართველი გუნდის წევრი, მაია ბითაძე მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებლები ლოგიკურია, რადგან „ლელომ“ და „გახარიას“ პარტიამ ვერც კი შეძლეს 28 ქალაქში მერის კანდიდატურის დაყენება. მისი თქმით, ამ პარტიებს არათუ ამომრჩევლის მობილიზება უჭირთ, არამედ, მარტივ საორგანიზაციო საკითხებსაც კი ვერ აგვარებენ. 

„GORBI-ს კვლევების მიხედვით, აქ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. შესაბამისად, ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ „ ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც გარე, ისე შიდა პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით ახორციელებს, სწორედ ის პროცესია, რაც რეალურად, საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.                                  

არცერთი ოპოზიციური პარტია გამოქვეყნებულ კვლევებს არ ენდობა. ისინი ფიქრობენ, რომ რეიტინგები დამახინჯებულია. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ახლა ქართულ საზოგადოებას წინასწარ ამზადებს იმისთვის, რისი გაკეთებაც მოახლოებულ თვითმმართელობის არჩევნებზე სურთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისევე დაიწერს სასურველ შედეგებს, როგორც ეს კვლევაში გააკეთა.

„გასამმაგდა? ქართველი ხალხი გაგიჟდა, რომ რა მაგარია, თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლიჯეს თბილისი? ამის, ახლა, ვინმეს სჯერა, დედამიწის ზურგზე?

ამ ადამიანების (თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის) პრეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა? ხომ დაუწერა „გორბმა“? მაშინ, რა აქვთ საპრეტენზიო? ეგ არის, მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა. მაშინ, ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? აი, ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100%-ს“, - ამბობს ლევან სანიკიძე.                                                                                                                                                                                                                                                         ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ GORBI-ის კვლევის შედეგები აბსოლუტურად ლოგიკურია და სრულად ასახავს იმ პოლიტიკურ განწყობებს, რაც ქვეყანაში არსებობს. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდა და ოპოზიციის დაბალი მაჩვენებლები მოსახლეობის პასუხია ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე, ქუჩის აქციებსა და დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობებზე.

„ჩვენი მოსახლეობა  ამ რადიკალური და ხმაურიანი რიტორიკით დაიღალა, მათ სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება სურთ, რასაც ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს. ოპოზიციის სისუსტე, რასაც ეს კვლევა ადასტურებს, მათმა ორგანიზაციულმა პრობლემებმაც განაპირობა, რადგან ვერც კი შეძლეს 28 ქალაქში კანდიდატების დაყენება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათ არ გააჩნიათ რეალური რესურსი, რათა ხელისუფლებას კონკურენცია გაუწიონ. „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა ხალხის დაკვეთაა და ეს შედეგი სწორედ ამ პოლიტიკის სისწორეს უსვამს ხაზს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

გვენეტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მზარდი რეიტინგი ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების საპასუხო რეაქციაა. ის ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რადიკალურ ნაბიჯებს დგამს და ქუჩის აქციებით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას. გვენეტაძე ამას „ფაშიზმისა და დესტაბილიზაციის“ მცდელობად აფასებს, რაც, მისი აზრით, საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

„GORBI-ის კვლევის შედეგები ოპოზიციის მძიმე კრიზისის გამოხატულებაა. „გახარიასთვის“ და „ლელოს“ პარტიების ოპოზიციისგან  შედარებით მაღალი რეიტინგის მიუხედავად, ამ პარტიებმა სათანადო ორგანიზაციული მომზადება ვერ გამოავლინეს. ოპოზიციის მიერ არჩეული რადიკალური გზა მათთვის სავალალო შედეგით სრულდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას მშვიდი და სტაბილური გარემო სურს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველჰყო.

მმართველი პარტიის მიერ გატარებული, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, სრულად შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის დაკვეთას. GORBI-ის კვლევა ცხადჰყოფს, რომ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხმაური და დესტრუქცია რეალურად საზოგადოების განწყობას ვერ ასახავს და, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება გარანტირებული აქვს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

 

 

 

 

მარბიელი თუ ასე გაგრძელდა, 3 ოქტომბრისთვის ოცნების რეიტინგი 120% გახდება
1 საათის უკან