სურსათის სწრაფი გაძვირება ხელფასების ზრდის დადებით შედეგს სრულად ანეიტრალებს

სურსათის სწრაფი გაძვირება ხელფასების ზრდის დადებით შედეგს სრულად ანეიტრალებს

ქვეყანაში ხელფასის მოცულობა იზრდება, მაგრამ მოსახლეობის საკმაო ნაწილისთვის ეს შეღავათი სულაც არ არის. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მზარდი ინფლაციაა, კონკრეტულად კი სურსათის სწრაფი გაძვირება. წელს, ამ მხრივ, საკმაოდ არასახარბიულო სიტუაციაა. საბოლოო ჯამში, ადამიანების უდიდესი ნაწილი თვიდან თვემდე მიღებულ შემოსავალს მთლიანად ხარჯავს და დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, მეორე კვარტალში, ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2317.6 ლარამდე გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში საშუალო ხელფასი 212 ლარით არის გაზრდილი.

საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი ასე გამოიყურება: მსხვილი ბიზნესი - 2 466.9 ლარი; საშუალო ბიზნესი - 2 741.8 ლარი; მცირე ბიზნესი - 1 823.3 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% - საშუალოზე, ხოლო 36.7% - მცირე ბიზნესზე.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო თვიური ხელფასიც აშკარად მატებაშია და დასაქმებულთა ოდენობაც, მოსახლეობისთვის მზარდი ინფლაცია პრობლემად იქცა. ამიტომ, მანამდეც და ახლაც, ქართული ოჯახების დიდი ნაწილისთვის თანხის დაზოგვა წარმოუდგენელი რამ არის, რადგან მათი შემოსავალის უდიდესი ნაწილი საკვების შეძენას ხმარდება.

როგორც ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია ამბობს, თუ განვითარებულ ქვეყნებში სურსათზე საერთო ხარჯის მხოლოდ11%-მდე მოდის, საქართველოს პირობებში, აღნიშნული მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა დაბალშემოსავლიანია.

„ინფლაციის პარალელურად, მართალია, რეალური შემოსავალიც იზრდება (ნომინალური უფრო მეტად), მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები პროცენტული ზრდა აქვს და ნელი ტემპი. აქ ჩვენ ვსაუბრობთ 305 დასახელების პროდუქტის ფასების საერთო ზრდაზე, შესაბამისად, რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, მისი სამომხმარებლო კალათაც უფრო შეზღუდულია და მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტებით შემოიფარგლება. ამ კუთხით, ყველაზე მოთხოვნადია სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფი, ამიტომ აქ უფრო მაღალი ინფლაცია გვაქვს ხოლმე.

ადამიანების განცდა, რომ მათი შემოსავალი და კეთილდღეობა ვერ ეწევა ინფლაციას, ლოგიკურია. ჩვენთან პრობლემა კიდევ ის არის, რომ მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში, სურსათის წილი არის 30%-ზე მეტი, ეს მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში 10-11%-ის ფარგლებშია. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბალშემოსავლიანები ვართ. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, წილობრივად უფრო მეტს ხარჯავს სურსათზე, ხოლო რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა და მეტი შემოსავალი აქვს მოსახლეობას, სურსათის ხარჯის წილი მცირდება და უკვე სხვა მიმართულებითაც მეტს ხარჯავს, მაგალითად, გართობაზე, დასვენებაზე და ა.შ. ჩვენი მაჩვენებლები ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს, ცალსახად“, - განაცხადა კომერსანტთან საუბრისას, მაკალათიამ.

ასეთ პირობებში, მოსახლეობა თვიდან თვემდე მიღებულ შემოსავალს მთლიანად ხარჯავს და დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს. დღესდღეობით, სწორედ ესაა შინამეურნეობების მთავარი პრობლემა. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ადასტურებს, რომ საქართველოში დანაზოგის გაკეთება მარტოოდენ მაღალშემოსავლიანი მოსახლებისთვის არის შესაძლებელი, დაბალშემოსავლიანი ადამიანები კი ფულის გადადებას ვერ ახერხებენ.

„საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას თან ახლავს საშუალო თვიური ხელფასის მატება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მოვლენაა, მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად - ხელფასის მქონე ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა დანაზოგის გაკეთება? ჩვენ იქითკენ უნდა წავიდეთ, რომ მეტ-ნაკლებად ყველას შეეძლოს თუნდაც მცირედი დანოზიგის გაკეთება, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ხარჯებისთვის.

დღევანდელ სიტუაციაში, მართალია, საშუალო ხელფასი იზრდება, მაგრამ იგი საზოგადოების შედარებით მცირე ფენაზე ნაწილდება. არსებული ვითარება ყველასათვის არ იძლევა იმის საშუალება, რომ რაღაც შესამჩნევი დანაზოგი გაკეთდეს, მაგრამ მას, ვისაც აქვს მაღალი შემოსავალი (და ეს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილია), ბუნებრივია, თავისუფლად შეუძლია დანაზოგის გაკეთება, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.