არეულობა ნეპალში - პრემიერის გადადგომის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა გადაწვეს

არეულობა ნეპალში - პრემიერის გადადგომის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა გადაწვეს

ნეპალის პრემიერ-მინისტრი, კეი პი შარმა ოლი მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყანა მასშტაბურმა არეულობამ მოიცვა. საპროტესტო აქცია დაუმორჩილებლობაში ორშაბათს გადაიზარდა, როდესაც პოლიციასთან შეტაკების შედეგად, 19 მომიტინგე დაიღუპა. სამშაბათს, აქციის მონაწილეებმა, დედაქალაქ კატმანდუში, პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. თუმცა, არეულობა ამით არ დასრულებულა - ქვეყნის მასშტაბით, თავდასხმები განხორციელდა სხვა სამთავრობო შენობებსა და პოლიტიკური ლიდერების სახლებზე.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ კიდევ სამი აქტივისტი დაიღუპა. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არეულობისას, ნეპალის დასავლეთ ოლქებში მდებარე ორ ციხიდან 900 პატიმარი გაიქცა.

ცნობისთვის, პროტესტი სოციალური ქსელების აკრძალვამ გამოიწვია. აკრძალვა ორშაბათს მოიხსნა, მაგრამ იმ დროისთვის აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო.

ნეპალის არმიის უფროსმა, სამშაბათს, საღამოს გაავრცელა განცხადება, სადაც დემონსტრანტები დაადანაშაულა საზოგადოებრივი და კერძო ქონების დაზიანებასა და განადგურებაში. განცხადებაში ითქვა, რომ თუ არეულობა გაგრძელდება, „უსაფრთხოების ყველა სტრუქტურა, მათ შორის ნეპალის არმია, მზად არის სიტუაციის გასანეიტრალებლად“.  მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა, ჯერ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს მას, ან რა მოხდება შემდეგ, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობა ქვეყნიდან გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ლიდერი, მათ შორის მინისტრები, უსაფრთხოების ძალებთან ერთად, თავშესაფარში იმყოფებიან.

აქამდე მომიტინგეებს კონკრეტული მოთხოვნები არ დაუფიქსირებიათ, არც ლიდერები ჰყავთ. პარლამენტის „აღებისას“, ასობით მომიტინგე სიხარულისგან ცეკვავდა. შენობის ფასადზე კი ანტისამთავრობო წარწერები გაჩნდა.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილთა შორის იყო კატმანდუს მცხოვრები, 20 წლის მუნა შრეშთა. როგორც მან BBC-ს განუცხადა, დიდი ხანია, ქვეყანაში კორუფცია სუფევს და დაამატა: „დრო იყო, რომ შეცვლილიყო პრემიერ-მინისტრი და მთლიანად მთავრობა. ვიმედოვნებ, ეს ცვლილება დადებით შედეგებს მოიტანს ჩვენთვის“, - თქვა მან. მისი აზრით, მოქალაქეების გადასახადები ქვეყნის განვითარების საქმეში უნდა იხარჯებოდეს.

გასულ კვირას, ნეპალის ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, რომ სოციალური მედიის 26 პლატფორმა დაბლოკილიყო, მათ შორის, Instagram და Facebook. აღსანიშნავია, რომ  ნეპალში ორივე პლატფორმას მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც მათ გასართობად, სიახლეებისა და ბიზნესისთვის იყენებენ.

მთავრობა კი სოციალური მედიის აკრძალვას ამართლებდა ყალბი ინფორმაციის, სიძულვილის ენისა და ონლაინ-თაღლითობასთან ბრძოლის საჭიროებით. თუმცა, ახალგაზრდობამ ეს ნაბიჯი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა.

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა ორშაბათს, ღამით, სწრაფადვე მოიხსნა, პროტესტი უკვე გაჩერებას აღარ ექვემდებარებოდა და აქციის მონაწილეები პოლიტიკურ ელიტას დაუპირისპირდნენ, რამაც ქვეყანა ქაოსში ჩააგდო.

ერთი მინისტრის თქმით, აკრძალვა მოიხსნა ორშაბათს, ღამით, საგანგებო შეხვედრის შემდეგ, რათა „Gen Z-ის მოთხოვნები“ დაეკმაყოფილებინათ. აკრძალვამდე, სოციალურ მედიაში პოპულარული გახდა nepo kid-ის კამპანია, რომელიც პოლიტიკოსების შვილების ფუფუნებით ცხოვრებასა და კორუფციის ბრალდებებს ამჟღავნებდა.

სამშაბათს პროტესტი კვლავ გაგრძელდა. კატმანდუში, ბრბომ ცეცხლი წაუკიდა მმართველი კოალიციის წევრის, ნეპალის კონგრესის პარტიის შტაბ-ბინას და მისი ლიდერის, შერ ბაჰადურ დეუბას სახლს. ცეცხლი წაუკიდეს ასევე კეი პი ოლის სახლსაც - ეს არის 73 წლის პოლიტიკოსი, რომელიც „კომუნისტური პარტიის“ ლიდერია და ოთხჯერ იყო პრემიერ-მინისტრი.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/c0m4vjwrdwgo.amp