ხაბეიშვილი, ზოდელავა და უკრაინის მოქალაქეები - ვისი დავალებით შემოიტანეს ქვეყანაში 2.4 კგ. „ჰექსოგენი“

ხაბეიშვილი, ზოდელავა და უკრაინის მოქალაქეები - ვისი დავალებით შემოიტანეს ქვეყანაში 2.4 კგ. „ჰექსოგენი“

მაშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან და სპეციალური რაზმის ჯგუფებთან ერთად, გადაუდებელ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ამ დრომდე, დეტალები უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სუს-ის იმ სპეცოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულების ავტომანქანაში 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება - „ჰექსოგენი“ აღმოაჩინეს. ამოღებულია 8 მობილური, კომპიუტერი, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სიმბარათები და ნარკოტიკული საშუალება - „კოკაინი“.

უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის - „სარფის“ გავლით, ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერებისა და გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ, საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. საუბარია ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებაზე.

ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ავტომანქანის მძღოლს, უკრაინის ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა გადასცა და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა. გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად - მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად, თუ სხვა.

ამ სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში, სუს-მა ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით, მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული, რაც სასჯელის სახით, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ხაბეიშვილთან ერთად, დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა, დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. სუს-ში განმარტავენ, რომ გააგრძელებენ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში - ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ, 200 000 აშშ დოლარის გადახდას ჰპირდებოდა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარს საჯაროდ, ქრთამის სახით პოლიციის იმ თანამშრომლებსაც გადაუხდიდა, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. მეტიც, ამავე თანხას, ქრთამის სახით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაუხდიდა, წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდ. ხაბეიშვილმა, საჯაროდ ისიც განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად.

რადიკალური ოპოზიციის წევრები პირობას დებენ, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო. დღესაც, ხვალაც, ზეგაც... უნდა იყვნენ ქუჩაში, რომ 4 ოქტომბერს, გაიფორმონ გამარჯვება. „ფედერალისტი“ გიგა ბოკერია ასკვნის, რომ ხაბეიშვილი გამორჩეულად აბსურდული საბაბით დააკავეს, თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე და, შესაბამისად, მისი თქმით, ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს.

„ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ძალის დემონსტრირებით ცდილობს ამის გადაფარვას. საზოგადოების პასუხი პროტესტის გაგრძელება და გაფართოება უნდა იყოს. ივანიშვილი აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ამჯერად, გამორჩეულად აბსურდული საბაბით - ხაბეიშვილი დააკავეს, თვენახევრის წინანდელ განცხადებაზე. ამ განცხადებაში თანხის საკითხს, მათ შორის, მის ზომას თუ არ ჩავთვლით, მზად ვარ, მთლიანად შევუერთდე მის არსებით გზავნილს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ანტიკონსტიტუციურ, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილება, ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ იქნება წახალისებული, ამა თუ იმ ფორმით, ლეგიტიმურად. თუმცა სუს-ის ამ განცხადების სამართლებრივ ჩარჩოში სერიოზულად განხილვა შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი კრიზისშია და ცდილობს ძალის დემონსტრირებას, ამის გადასაფარად“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ასე არ ფიქრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი, რომლის შეფასებით, სწორედ ასე უნდა ემოქმედა წინა მინისტრებსაც და დღეს, ქვეყანაში, სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა. მისი თქმით, ხაბეიშვილი არ არის იმ ტიპის ავტორიტეტი, რომელსაც შეეძლო მაღალი დონის ზიანი მიეყენებინა ამ ხელისუფლებისათვის.

„ხაბეიშვილის ქმედებებიდან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან და, ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფელბაზე, შეიძლება აქტიური კონტაქტები იყო. ალბათ, უნდა ველოდოთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას პროცესების განვითარების კუთხით. ვგულისხმობ იმას, რომ წრე გაიზრდება და არ არის გამორიცხული, რომ ამ ხელისუფლების ყოფილი წევრები და საკამოდ მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. ერთ-ერთ ვერსიად ეს უნდა განვიხილოთ. მაგალითად, როდესაც გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, ეს არაა საკმარისი მტკიცებულება. მეორე მხარეს მოვუსმინოთ - არსებობს სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს აკავებს მტკიცებულების საფუძველზე. მაშინ, აქედან გამომდინარე, ბოკერიამ წარმოადგინოს საპირისპირო მტკიცებულებები, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს გაანეიტრალებს. თუ მას ასეთი მონაცემები აქვს, შეუძლია წარადგინოს მტკიცებულებები და გამოვიდეს, როგორც მოწმე. ამ შემთხვევაში, გარკვეული პერსპექტივა ექნება იმისა, რომ დაიხსნას თავისი მეგობარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები უფრო და უფრო მასშტაბური გახდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილი.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების დაკავებას, ანალიტიკოსის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, მერამდენედ შემოდის საქართველოში უკრაინული ნომრებით ავტოტრანსპორტი, რომელშიც ტერორისტული მიზნებისთვის განკუთვნილი ნივთიერება-მოწყობილობაა მოთავსებული: ნაწილი რუსეთში, ნაწილი - ჩვენთან განსახორციელებელი ტერორისტული აქტების მოსაწყობად. რუსეთში - იმ მიზნით, რომ მოსკოვის საპასუხო ზომების პროვოცირება მოახდინონ თბილისის წინააღმდეგ და ამით სანუკვარ „მეორე ფრონტს“ ჩაუყარონ საფუძველი.

„რომ არა სუს-ის გამართული მუშაობა - გინდ გარედან, გინდ შიგნიდან - აკაცუკები მიაღწევდნენ მათთვის უცხო სამშობლოში ნანატრ სისხლისღვრას და ქაოსს, ძველი შიგევროპული პრინციპიდან გამომდინარე: „ჩვენს შემდეგ, დაე - წარღვნას ჰქონდეს ადგილი“. ამ პრინციპის ერთ-ერთი პოპულარიზატორის და ომის პარტიის „მოდერატორის“, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც არა მგონია შემთხვევითი. დეტალები ჯერ არ ვიცით და შესაძლია ვცდებოდე, მაგრამ სასიკვდილო უკრაინული ჰექსოგენის მიმღებ მხარეში, რატომღაც სწორედ Lee van der Khabe მეგულება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

 

დოი ვფიქრობ ანიტას დაკავება ამ საქმესთანაა კავშირში,ვნახოთ,ვნახოთ....
53 წუთის უკან