აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სენატორ სტივ კოენის განცხადება, რომ სენატმა „მეგობარი აქტი“ არ მიიღო და არც მიიღებს, ქართული ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და პოლიტიკური დისკუსიის ეპიცენტრში მოექცა. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პროცედურული შეფერხებაა და აქტს კვლავ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, მმართველ გუნდში კი უკვე „სუფთა ფურცლიდან“ აშშ-სთან ურთიერთობების დაწყების მზაობაზე საუბრობენ. ამ ფონზე, მმართველი გუნდისთვის ეს განცხადება მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შესაძლოა, აშშ-თან დაძაბული ურთიერთობები გადაიტვირთოს.
სენატორმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაზე ღიად განაცხადა, რომ „მეგობარი აქტი“ სენატმა არ მიიღო და, სავარაუდოდ, არც მიიღებს. მისი თქმით, მიუხედავად ორპარტიული მხარდაჭერისა, რომელიც „თითქმის გაუგონარია“, აქტის „ჩაკვლა“ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა შეძლო.
ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე მოწმეებად წარდგენილი ექსპრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვრცლად საუბრობდნენ, რასაც მმართველი გუნდი „სამშობლოს ღალატად“ აფასებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „მეგობარი აქტს“ „მტრული აქტი“ უწოდა და მისი ჩავარდნა „ძალიან კარგ ამბად“ შეაფასა.
„სინამდვილეში, „მეგობარი აქტი“ იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა და ეს ძალიან კარგია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ამის იმედს ვიტოვებთ. დანარჩენი, დამოკიდებულია თვითონ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ანალიტიკოსმა და
„ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცედურები და მისი დაბლოკვის მიზეზები განმარტა. მისი თქმით, ამ საკითხის სენატში განხილვას აუცილებლად „ერთპიროვნული თანხმობა“ სჭირდება, ხოლო თუ ერთი სენატორიც კი წინააღმდეგობას დააფიქსირებს, განხილვა „იყინება“. მისი თქმით, აქტის ჩამშლელი, „რესპუბლიკელი“ სენატორი, მარკვეინ მალინი (ოკლაჰომა) აღმოჩნდა.
„ასე რომ, ამ ეტაპზე, შეგვიძლია, მადლიერებით მოვიხსენიოთ „რესპუბლიკელი“ სენატორი მარკვეინ მალინი, მისი სწორი და პრინციპული პოზიციის გამო“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
„გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა კი აღნიშნა, რომ კომისიის მოსმენები იყო მცდელობა, გადაეფარათ „მეგობარი აქტის“ გაჩერება. მისი თქმით, ეს აქტი საქართველოში „ქართული ოცნების“ დამხობის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული.
„იქ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი რომ იყვნენ, კარგად მიუთითებს იმაზე, რომ გარტყმაში არ არიან ჯო უილსონი და მისი კოლეგები, ამ ქვეყანაში რა ხდება, ვის უნდა მოუსმინო, თუ მართლა გაინტერესებს, რამე გაიგო“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „მეგობარი აქტის“ ძალაში შესვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და საუბარია მხოლოდ პროცედურულ შეფერხებაზე.
„ერთი ან ორი იყო მოწინააღმდეგე. იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად რომ ყოფილიყო მიღებული, რომელთან ერთადაც „მეგობარი აქტი“ გამოვიდა, მის მიღებას კრიტიკული უმრავლესობა დაუჭერდა მხარს. შესაბამისად, გამოძებნილი იქნება ტექნიკური საშუალებები, რომ „მეგობარი აქტი“ მიღებული იყოს“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლევან სანიკიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ეს უსამშობლოები უკვე მართლა დასაცინები არიან და მათზე სერიოზული მსჯელობაც კი აღარ შეიძლება“. აბაშიძის განცხადებით, „სერგო ორჯონიკიძეები“ ვიხილეთ ჰელსინკის კომისიაზე და საცოდაობა ისაა, რომ ე.წ. „მეგობარმა აქტმა“ ვერ გაამართლა.
„თინა ტაივანჩიკი, პარიზელი სალომე ხანუმი, კაპიტანი გიგაური და სხვა მათნაირი საცოდავები, ე.წ. „დამბეზღებლებად“ მივიდნენ ჰელსინკის კომისიაზე და ათასი სისულელე ილაპარაკეს. საკუთარ ქვეყანას პირდაპირ ეთერში უღალატეს. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დღემდე თავი პრეზიდენტი ჰგონია, შესაძლოა, რომელიმე ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც კი დატოვონ. „მეგობარი აქტი“ ჩავარდა, რადგან ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჯანსაღი აზროვნება და დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს, განსაკუთრებით, კონსერვატორ „რესპუბლიკელებში“.
თავად რომ გააუქმეს, ეს ყველაზე კარგია და ფაქტია, რომ უკვე ამ აქტთან დაკავშირებით, ჩვენს ოპოზიციას ვერანაირი მანიპულაციის საშუალება ვეღარ ექნება. ლევან სანიკიძისა და სხვა სასოწარკვეთილი ოპოზიციონერების განცხადება, თითქოს, ამ აქტის მიღება უბრალოდ გადაიდო, სისულელეა. ეს არის ის რეალობა, რომ ეს აქტი ტრამპის მაგიდამდეც კი აღარ მივა. თუ ამ ე.წ. „მეგობრულ-მტრულ აქტს“ სენატი დაამტკიცებდა, ის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს უნდა მიწოდებოდა, რათა ხელი მოეწერა ან არ მოეწერა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, როგორც „რესპუბლიკელებში“, ასევე „დემოკრატებშიც“ არიან ანალიტიკოსები, რომლებიც ზუსტად აანალიზებენ, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ აქტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების მხრივ.
„საღმა აზრმა იმძლავრა და, ჯერჯერობით, ეს იმედის მომცემი სიგნალია. როგორც ჩვენი ხელისუფლება ამბობს, არსებობს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა და „მეგობარი აქტის“ ჩავარდნა, სწორედ ამ რეალობას აჩენს. ის, რაც ხიდაშელმა და ზურაბიშვილმა ისაუბრეს, ბოდვაა, მით უმეტეს, ჩინეთთან დაკავშირებით. გადავხედოთ ევროკავშირისა და ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთთან. თურმე, პატარა ქვეყანამ რომ ანაკლიაში პორტი ააშენოს, ეს ამერიკისთვის დამაზიანებელი პოლიტიკა ყოფილა. არადა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს დასავლეთს ჩინეთთან“, - ამბობს აბაშიძე.