რა გზავნილი მიიღო ტრამპმა მისი გარემოცვის უახლოესი წევრის ჩარლი კირკის მკვლელობით

რა გზავნილი მიიღო ტრამპმა მისი გარემოცვის უახლოესი წევრის ჩარლი კირკის მკვლელობით

აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე, „კონსერვატორი“ აქტივისტი ჩარლი კირკი, იუტას უნივერსიტეტის კამპუსში სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. ეს ტრაგიკული შემთხვევა არა მხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაში, არამედ დონალდ ტრამპის გარემოცვაშიც მძიმე სიგნალად აღიქმება.  პრეზიდენტის მარჯვენა ხელის მკვლელობა, შესაძლოა, აშშ-ში პოლიტიკურ დაპირისპირების ახალ მიზეზი გახდეს. 

ვინ იყო ჩარლი კირკი? იგი ამერიკული კონსერვატიზმის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ხმა იყო, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებდა ლიბერალურ იდეოლოგიას, „ვოუკიზმს“ და ამერიკაში ტრადიციული ღირებულებების მიმართ თავდასხმებს. კირკი ასევე მკვეთრად სკეპტიკურად ეკიდებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს და ღიად აცხადებდა, რომ მასში გამარჯვებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და უკრაინელი ოლიგარქები იყვნენ. მისი თქმით, რუსეთთან მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ამერიკის ინტერესებში შედიოდა. ამავე დროს, ის იცავდა ქრისტიანულ ღირებულებებს და „ამერიკული ცხოვრების წესს“.

კირკის სიტყვებით, დასავლეთი ებრძვის ორმაგ საფრთხეს - მარქსიზმისა და ისლამიზმის ერთიანობას, რომელიც კონსერვატიულ ღირებულებებს უპირისპირდება. მისი იდეები ხშირად განხილვის საგანი ხდებოდა, როგორც ამერიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გააკეთა განცხადება მკვლელობაზე. მისი თქმით, სამართალდამცველები მოქმედებენ და, ფაქტობრივად, „ნადირობენ მკვლელზე“: „ვნახოთ, რა გამოვა. იმედი გვაქვს, ჩვენ მის დაკავებას შევძლებთ“, - განაცხადა ტრამპმა. თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს მკვლელობა, შესაძლოა, „კონსერვატორებსა“ და ლიბერალებს შორის დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშანიც გახდეს, რაც ამერიკაში უკიდურესად პოლარიზებულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამ მძიმე დანაშაულს საქართველოშიც მალევე მოჰყვა რეაქციები. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ „ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის“. მისი თქმით, საქართველო, ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, გლოვობს ამ დანაკარგს.

სხვა რეაქციები, განსაკუთრებით ოპოზიციური სპექტრის მხარდამჭერ ლიბერალებს შორის, მკვეთრად განსხვავებული იყო. გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები, ფაქტობრივად, მხარს უჭერდნენ მკვლელს, რასაც მკვეთრი კრიტიკით უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებები, რომლებსაც ახლა ვადევნებთ თვალ-ყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი, თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსები კი for.ge-თან ამბობენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობა შემთხვევითი ეპიზოდი არ არის, არამედ, შედეგია პოლიტიკური სისტემისა, სადაც ლიბერალური იდეოლოგია აგრესიასა და სიძულვილს ნორმად აქცევს.                                                                                                                                                      პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ ის, რაც  ამერიკაში მოხდა, არ არის შემთხვევითი, არც ვინმეს პირადი განზრახვა. ეს იყო რეჟიმის - ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც არ ეპუება მარცხს და ცდილობს დაიბრუნოს მართვის სადავეები.

„იდეოლოგიათა ჯახი დასავლეთში ჩარლი კირკის მკვლელობით არ დასრულდება. „ვოუქიზმი“ ჯერ კიდევ მძლავრობს ამერიკაში და ყვავის ევროპაში. აგრესიულ ლიბერალებს იგივე სისხლისღვრა სურთ საქართველოშიც. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ვერ ერევა დიდი ძალის და კაპიტალის მქონე ლიბერალებს და მოუწევს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა გახდება მეორე ბასტილია. თუმცა, დღეს იმდენად მომძლავრებულია კონსერვატიზმი და იმდენად ჯერ კიდევ ძლიერია ლიბერალიზმი, რომ მათ შორის სისხლიანმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთობა და ძლევამოსილება შეიწიროს.

ზოგადად, ახალ მსოფლიო წესრიგს ყოველთვის მოჰყვება ძალადობრივი დაპირისპირებები. იცვლება პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი შეხედულებები. თუკი გავითვალისწინებთ ლიბერალური დასავლეთის გავლენებს საქართველოში, ბოლო 22 წლის განმავლობაში, ადვილი მისახვედრია, თუ როგორი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. მათი დიდი ფულით ჩაბეტონებული ლიბერალიზმი ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იმედი მაქვს, ამ საფრთხეს გრძნობს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი და შესაბამისად იმოქმედებს“, -აცხადებს ჩიბურდანიძე.

მისივე თმით, ამერიკულ „ვოუქიზმს“, ანუ აგრესიულ ლიბერალიზმს, რომელიც ანადგურებს ევროპას, ვხედავთ საქართველოშიც. ყოველდღიურად ვუყურებთ „ვოუქისტების“ პროვოკაციულ ქმედებებს მელიქიშვილზე, თუ რუსთაველზე.

„ისინი სისხლისღვრისკენ მიდიან, რომელსაც „მშვიდობიანი რევოლუციით“ ფუთავენ. ერთადერთი, ვისაც ამის თავიდან აცილება შეუძლია, არის საზოგადოება. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, მაგრამ მარტო ხელისუფლება ამ ხისტ გლობალურ პროცესებს ვერ მოერევა. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ლიბერალური ფაშიზმის სისასტიკე, რომელიც არავისგან არ არის შორს“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე კი მიიჩნევს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობა შემთხვევითი ეპიზოდი და ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ არის, ეს არის პოლიტიკური სისტემის შედეგი, სადაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ აგრესია და სიძულვილი ნორმად აქცია.

 „დღეს კონსერვატორობა უკვე რისკის ქვეშ ყოფნას ნიშნავს. საკმარისია თქვა, რომ ტრადიციების, ოჯახის, ან რწმენის დაცვა გსურს, რომ ავტომატურად სამიზნედ იქცე. სწორედ ეს არის ის რეალობა, სადაც განსხვავებული აზრი იდევნება და განსხვავებულის ჩახშობა პროგრესის სახელით ინიღბება“, - განაცხადა for.ge-თან საუბრისას, ექსპერტმა.

მისივე თქმით, „დემოკრატები“, რომელთა პოლიტიკაც შუღლს აღვივებს და ტრადიციებს ანგრევს, თანდათან გადაიქცნენ ძალადობის შემგუებელ და ზოგჯერ მასში მონაწილე პარტიად.                                                                                                                                                                 „ეს ტენდენცია მხოლოდ აშშ-ს არ ეხება - ლიბერალური დღის წესრიგი გლობალურად ვრცელდება და ყველგან ერთი და იგივე შედეგი მოაქვს: საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილის ზრდა და კონსერვატიული ღირებულებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩარლი კირკის მკვლელობა სწორედ ამ პროცესების სახე გახდა - ტრაგიკული სიმბოლო იმისა, როგორ კლავს ლიბერალური პოლიტიკა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ თავისუფალ აზრსაც“, -  აღნიშნა ჩიხელიძემ.