„ევროპული კურსის მატარებელი ქვეყნისთვის შანხაის სამიტში მონაწილეობა გამორიცხულია“    

„ევროპული კურსის მატარებელი ქვეყნისთვის შანხაის სამიტში მონაწილეობა გამორიცხულია“    

თბილისი არ მიიწვიეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, რადგან მას არ აქვს ფორმალური კავშირები ამ ფორუმთან, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს, ირანს, ინდოეთს, პაკისტანს, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებს. ოფიციალური განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია მთავრობას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ ღონისძიებაში მონაწილეობა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი და მისწრაფება ნატო-სა და ევროკავშირისკენ შეუთავსებელია შანხაის ორგანიზაციის მიზნებთან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მონაწილეობენ ის ქვეყნები, რომლებსაც საერთო გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ.

„ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში“, - განაცხადა კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობაზეა დაფუძნებული, რომელსაც ხელისუფლება „ძალიან უფრთხილდება“.

„აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ცალსახად დასავლეთზეა ორიენტირებული. ოპონენტების მხრიდან ამ საკითხზე გაკეთებული შეფასებები კი, მათი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არ არიან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრები, ორივე ქვეყანას აქვს დამკვირვებლის სტატუსი. ეს სტატუსი მათ საშუალებას აძლევს, დაესწრონ სამიტებს და მონაწილეობა მიიღონ ფორუმის მუშაობაში, რაც მათთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური არხია. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, როგორც დამკვირვებელი ქვეყნების წარმომადგენლები, რეგულარულად ესწრებიან SCO-ს სამიტებს და სხვა მაღალი დონის შეხვედრებს. მათი მონაწილეობა ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც რუსეთი და ირანი არიან, სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს მათ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ კავშირები სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ძალასთან და გააძლიერონ რეგიონული უსაფრთხოება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, და ის პირადად იზრუნებს ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ეს განცხადებები, ერთი მხრივ, საქართველოს პროდასავლური კურსის ერთგულებას უსვამს ხაზს, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამს აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ რადიკალური ქართული ოპოზიცია ილუზიებსა და ფანტაზიებშია, ამიტომ მუდმივად ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაშავებას. შესაბამისად, მყარი არგუმენტებით ხელისუფლება ახერხებს ოპოზიციის ტყუილების გაბათილებას. მისი თქმით, ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ არის.

„ოპოზიცია თავად ვერ ჩამოყალიბდა, რა სურს. ხან უნდათ, რომ საქართველომ ითანამშრომლოს ჩინეთთან, ხან არ სურთ და ამას საგარეო კურსის ცვლილებად აფასებენ. ამას იმას არქმევენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება პუტინის სცენარს თამაშობს. ახლა, თურმე, მათი სურვილი იყო, რომ საქართველოს დელეგაცია შანხაიში ყოფილიყო. ეს ხელისუფლების მხრიდან ძალიან მარტივად იქნა ახსნილი, თუ რატომ არ იმყოფებოდა იქ საქართველოს ხელისუფლება. კონკრეტულად განმარტა პრემიერმაც, თუ რატომ არ იყო საქართველოს ხელისუფლება იმ 26 ლიდერს შორის. ეს ჩვენმა საღად მოაზროვნე საზოგადოებამ გაიგო და მისაღებია. „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში კი, ტოტალური აჯაფსანდალია, რასაც მათ მესიჯბოქსებშიც და სოციალურ ქსელებში გაკეთებულ სტატუსებშიც ვკითხულობთ. ამიტომ, ის ტყუილი, რომელიც ოპოზიციამ შანხაის სამიტთან დაკავშირებით საზოგადოებას შეასაღა, არ გამოუვიდა. ასე რომ, აქ საპანიკო არაფერია და საქართველო ამ სამიტზე არც უნდა ყოფილიყო. უსუსური ოპოზიცია რას და როგორ შეფუთავს ამას, ამის არავის აღარ სჯერა. ამ თემიდანაც არაფერი გამოუვიდათ“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის ამ სამიტზე ყოფნას, აბაშიძე ამბობს, რომ ესეც გასაგებად განიმარტა - ეს ქვეყნები შანხაის სრულფასოვანი თანამშრომლობის წევრები არიან, საქართველო კი - არა. „ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მეზობლები იქ იყვნენ და ჩვენ რატომ არ ვიყავით, მხოლოდ ოპოზიციის უსუსური მცდელობაა, როგორმე, საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში დაკნინებული იყოს“, - აღნიშნავს აბაშიძე.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის იქ ყოფნის მიზეზი განმარტებული იქნა, ისინი შანხაის სრულფასოვანი თანამშრომლობის წევრები არიან. ჩვენ ვიცით, რომ ტვირთბრუნვის კუთხით, ჩინეთს სჭირდება, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი, ასევე - საქართველო. უფრო მეტიც, საქართველო ბევრად მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

ამიტომ, აპელირება იმაზე, თითქოს, ჩვენ დავკარგეთ სტატუსი რეგიონში და ჩინეთსაც აღარ ვჭირდებით, ეს ისევ და ისევ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, რომელიც ოპოზიციას უკვე წლებია ახასიათებს. ყველა მათ ტყუილს საქართველოს ხელისუფლება აბათილებს და ასეც მოიქცა. ჩვენი ქვეყანა არის ევროპული და დასავლური კურსის მატარებელი, შესაბამისად, ამ სამიტზე ჩვენი ყოფნა წარმოუდგენელი იქნებოდა“, - აცხადებს აბაშიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაზი სწორი პოლიტიკური სვლაა. საქართველოს მთავრობა ახერხებს დანის პირზე სიარულს.
11 წუთის უკან