პოლიტიკური დებატების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. ამჯერად, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება მან ღიად, შეცდომად შეაფასა. ამ განცხადებამ პოლიტიკურ წრეებში ვარაუდები გააჩინა იმის შესახებ, რომ გახარიამ პოლიტიკური თამაშის ტაქტიკა შეცვალა და ახალ სვლას გეგმავს. მისი ამჟამინდელი განცხადებები, შესაძლოა, საპარლამენტო ტრიბუნაზე დაბრუნების წინაპირობა იყოს, რაც მას ახალი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს.
გახარია აცხადებს, რომ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი დარჩა და ეს დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე: „გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა“, - განაცხადა გახარიამ „TV პირველის“ ეთერში. მისივე თქმით, ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, სადაც არჩევნების ხარისხი აღარ არის მთავარი განმსაზღვრელი, რადგან ქვეყანას გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს.
პარლამენტმა უკვე სცნო პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება. ოპოზიციის ნაწილი ამ ფაქტს და გიორგი გახარიას განცხადებას ღალატად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ თუ გახარიას გუნდი პარლამენტში შევა, „ზუსტად იგივე გზას გაივლის, რასაც „ქართული ოცნება“, ან კიდევ უფრო უარესს. ეს ღალატი არავის ეპატიება“. ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს და გახარიას პარტიის შესვლა ამას ვერ შეცვლის. „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი გახარიას ნებისყოფის არქონაში ადანაშაულებს: „ვერ გაძლო, ნებისყოფა არ ეყო, გაიქცა და ახლა იქიდან დგას და თავისი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს“.
ხელისუფლებაში კი გახარიას განცხადებას მიესალმებიან. თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, მაგრამ შემდეგ იაზრებს და აღიარებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი უფრო მკაცრი ტონი შეარჩია და მოუწოდა იმ 12 ადამიანს, ვინც მანდატს იღებს, დაფიქრდნენ, რადგან „გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი... ადამიანი გაიქცა, უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდევ ყელყელაობს იქიდან“.
მიუხედავად მკვეთრი შეფასებებისა, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ვიხილავთ თუ არა ექს-პრემიერის პარტიას საპარლამენტო ტრიბუნაზე. მათი გადაწყვეტილება მომავალ პოლიტიკურ დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება ლოგიკურია და ის არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებასა და მისი გამოყენების ტაქტიკას ემსახურება. საყვარელიძის აზრით, გახარია მიხვდა, რომ ამჟამინდელ ოპოზიციასთან ერთად მოქმედება მას დააზიანებდა, შესაბამისად, ის ცდილობს, განსხვავებული ნიშა დაიკავოს.
„გახარია ცდილობს, უფრო გონივრულად იმოქმედოს, ვიდრე ეს ოპოზიცია იქცევა. მან კარგად გააანალიზა, რომ ბოიკოტმა და ქუჩის აქციებმა ოპოზიცია კიდევ უფრო დააზიანა. ხედავს, რომ ხელისუფლებას არანაირი დისკომფორტი არ აქვს და, პირიქით, ყველა თემაზე მოუგო. ხელისუფლება მოსახლეობის დარწმუნებას უკეთ ახერხებს, ამიტომ ოპოზიციის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ის ახლა ცდილობს, რომ ბოლომდე არც ოპოზიციას გამოეყოს და არც მათ არ ჩაჰყვეს იმ პოლიტიკურ მახეში, რომელსაც თავად თხრიან. თუკი გახარიას მიზანი მომავალში ხელისუფლებაში მოსვლაა, მან სრულიად ახალი ნიშა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას და წარმოჩინდეს, როგორც რაციონალური და მოაზროვნე ლიდერი. ის იყენებს ოპოზიციის შეცდომებს და აღიარებს, რომ თავადაც შეცდომა დაუშვა. ამაში ცუდი და გასაკიცხი არაფერია“, - ამბობს საყვარელიძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგის კლების ფონზე, გახარიას სურს, მოშიშვლებული პოლიტიკური ველის დაკავება. ამით ის ცდილობს დაკარგული ოპოზიციური ხმების მოზიდვას, რასაც წარმატებით ახერხებს. ამიტომ, ოპოზიციის გაღიზიანება მისკენ არის მიმართული, რადგან ის მათზე ჭკვიანურად მოქმედებს.
„გახარიას აღიარება არის გარკვეული ტაქტიკა იმ ოპოზიციური ამომრჩევლების დასაფიქრებლად, რომლებიც ახლა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე არიან გაბრაზებულები. ამის მიხვდა ოპოზიცია და გახარიას წინააღმდეგ ამიტომაც განეწყვნენ. მას მოღალატეს უწოდებენ და კიდევ უფრო უშვერ სიტყვებს იყენებენ. რაც შეეხება ოპოზიციაში ახლა არსებულ მდგომარეობას, მართლაც წარმოუდგენელი რამ ხდება. ოპოზიციაში ეს დაპირისპირება მათვე აზიანებთ. რევოლუციაზე, ქუჩის აქციებსა და ხელისუფლების დამხობაზე საუბარი, მით უმეტეს, კატასტროფაა. ამიტომ „წარწყმედილებს“ გახარია ბოლომდე არ ჰყვება და ამის გამო გაღიზიანდნენ“, - აცხადებს საყვარელიძე.